სააკაშვილის შემოსვლის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი - გიორგი ნარიმანიძეს სააკაშვილთან შეხება არ ჰქონია - შესაძლებლობა არ გვქონდა, რომ მასალებს გავცნობოდი

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ყველაფერი არ არის სამართლებრივი პროცესი, გაცდენილია სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჩარჩოებს და ეს არის წმინდა პოლიტიკური პროცესი. სახელმწიფო ბრალდება ყველა მოცემულ საქმეზე დასდევს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჩრდილს, მის ლანდს და ცდილობს რაღაც კუთხით შეავიწროოს მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით, - ამის შესახებ დაკავებული ტრაილერის მძღოლის, გიორგი ნარიმანიძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურორის გადაწყვეტილება, რომ საქმეს ჩამოაცილოს ადვოკატი, საბჭოთა პრაქტიკის გაგრძელებაა.

„პროკურატურის მიერ დღეს სატელეფონო შეტყობინებით მოწოდებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროკურატურამ გადაწყვიტა ადვოკატი ჩამოაცილოს საქმეს, არის საბჭოთა პროკურატურის პრაქტიკის გაგრძელება და ცხადია, რომ საქართველოს პროკურატურამ შეითავსა სასამართლოს ფუნქცია იმიტომ, რომ აცილების შუამდგომლობის გადაწყვეტა, ადვოკატის ან ნებისმიერი სხვა პირის აცილების საკითხის გადაწყვეტა არის სასამართლოს პრეროგატივა. გადაწყვეტილება, რომ ადვოკატი ჩამოსცილდეს საქმეს პროკურორის დადგენილების საფუძველზე არის დაუსაბუთებელი როგორც იურიდიულად, ასევე ფაქტობრივად, იმიტომ, რომ არ არსებობს აცილების არც ერთი საფუძველი. აღნიშნულს შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი მიზანი, განხორციელდეს ზეწოლა დაკავებულ პირებზე, მათ შორის უკვე იმ პირებზე, რომლებსაც ბრალი წარედგინათ, მამა-შვილ წოწორიებზე და მათ შორის ბატონ ცომაიაზე, რათა მოპოვებული იქნას მათთვის სასურველი მტკიცებულებები, ჩვენებები, რაც გამოყენებული იქნება, ცხადია, ამ საქმის ფარგლებში, მათივე წინააღმდეგ ან მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ.

მე ვერ გეტყვით, რა იქნება ბრალდების ოფიციალური პოზიცია, თუმცა ამ ეტაპზე მას ედავებიან ბრალის დაფარვას. ჩვენთვის ამ ეტაპზე ხელმიუწვდომელია ბრალდების მასალები და მტკიცებულებები, მათ შორის ბრალის ფორმულირებაც.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ ეს შეიძლება არაზუსტი იყოს. ერთადერთი შეხება, რაც ჰქონდა დაკავებულს, ის იყო, რომ მას პატარა ავტომობილი გადააბარა სხვა ბრალდებულმა, ცომაიამ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას სააკაშვილთან შეხება არ ჰქონია, თუმცა ვიმეორებ, ეს მოსაზრება შეიძლება, არაზუსტი იყოს იმიტომ, რომ ჩვენ არ გვქონია შესაძლებლობა, რომ მასალებს გავცნობოდით”, - განაცხადა ადვოკატმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა