დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩის მოადგილეს საულიუს ვალაინისს და ლიეტუვის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
დუშეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის მიზანი სოციალური ზრუნვის მიმართულებით ლიეტუვის გამოცდილების გაზიარება, მუნიციპალური სერვისების განხილვა, საჭიროებების და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა იყო.
უწყების ცნობით, პრეზენტაციის დროს ძირითადი აქცენტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილ სერვისებსა და ლიეტუვაში ამ მიმართულებით მოქმედ ინსტიტუციებზე გაკეთდა.
„სტუმრები ასევე დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე დეინსტიტუციონალიზაციის და დეცენტრალიზაციის რეფორმით, მოქალაქეთა მხრიდან სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობით, პანსიონატების სპეციფიკითა და ფუნქციონირებით.
დელეგაცია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ადგილზე გაეცნო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ შშმ პირთა პანსიონატის 47 ბენეფიციარს, პანსიონატის დირექტორს გიორგი მარტყოფლიშვილს და ადგილობრივ თანამშრომლებს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი დუდაური, ლიეტუვის რესპუბლიკის ეთნიკური უმცირესობების დეპარტამენტის დირექტორი ვიდა მონტვიდაიტე, ნიოლე გენიტეს სახელობის სოციალური ზრუნვის პანსიონატის დირექტორი ვიტაუტას ვიგელისი და პანსიონატის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.