კახა კალაძე - პოლიტიკოსი ვარ, მაგრამ წითელი ხაზები, ზღვარი არსებობს - ჩართეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიები და ნახეთ, რა ცილისწამებაა, რა ენით საუბრობენ

პოლიტიკოსი ვარ, მესმის, მაგრამ აქაც წითელი ხაზები, ზღვარი არსებობს, რომელიც არ უნდა გადავკვეთოთ - ჩართეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიები და ნახეთ, რა ცილისწამებაა, რა ვიდეოკლიპები და რა ენით საუბრობენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორც შეაფასებს ის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ მას კალაძის და მისი ოჯახის მიმართ არასდროს გაუკეთებია ზიზღის ენის შემცველი კომენტარები.

როგორც კალაძე განმარტავს, თუ ორმაგი სტანდარტები იქნება, ეს ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს.

„მე ხომ ამას არ ვიგონებ? აბსოლუტურად გულწრფელად ვსაუბრობ, ჩართეთ "ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზიები და ნახეთ, რა ცილისწამება, რა ვიდეოკლიპები და რა ენით საუბრობენ, როგორი შეურაცხყოფა, ცილისწამება. დავანებოთ ამ ყველაფერს თავი, პოლიტიკოსი ვარ, მესმის, მაგრამ აქაც წითელი ხაზები, ზღვარი არსებობს, რომელიც არ უნდა გადავკვეთოთ, მაგრამ ჩემს მეუღლეს, დედას, მამას, მცირეწლოვანი ბავშვების ბანერებს წითელი საღებავები შეასხეს, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?! როგორ წარმოგიდგენიათ, მე რომ გამოვიდე და დავიწყო შეურაცხყოფის მიყენება ნიკა მელიას ოჯახის წევრებისთვის, გვარამიასთვის, ან ნებისმიერისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ნორმალურია?! მისაღებია?! მოსწონს საზოგადოებას ასე გაგრძელება?! ზოგადად, თქვენც, ჟურნალისტებიც ამ ყველაფერს რომ ხედავთ, რატომ არ გიჩნდებათ პროტესტის გრძნობა? თუ ჩემს წინააღმდეგ აკეთებენ კარგია, ტაში უნდა დაუკრათ? თუ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, ეს როგორ შეიძლება ხომ? ეს დამოკიდებულება არ ვარგა მეგობრებო. თუ ჩვენ არ გვექნება ერთნაირი მიდგომა და იქნება ორმაგი სტანდარტი, რასაც პარტიული ტელევიზიები აკეთებთ, ძალიან მძიმეა, ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს“, - აღნიშნა კალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს