ნათია თურნავა - მსხვილი იაპონური კორპორაციები საქართველოში განახლებადი ენერგეტიკით დაინტერესდნენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ იაპონიის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ-შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ასევე განიხლეს საქართველოს ბაზარზე იაპონური საინვესტიციო აქტივობასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, აგრეთვე მსხვილი იაპონური კომპანიების - Kansai Electric Power-ისა და Itochu Corporation-ის მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლები.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის, განახლებადი ენერგიების კუთხით.

„იაპონურმა მხარემ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის პოტენციალის უკეთ შესწავლის ინტერესი გამოთქვა. აღინიშნა, რომ საქართველო, ევროპა - აზიას შორის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობისა და ლიბერალური ბიზნეს რეგულაციებიდან გამომდინარე, მიმზიდველი საინვესტიციო ბაზარია იაპონური კაპიტალისთვის. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის ორმხრივი საინვესტიციო დაცვის შესახებ შეთანხმების არსებობა, რომელიც 2021 წლის ზაფხულიდან მოქმედებს და დამატებითი სტიმულია იაპონური ინვესტორებისთვის კაპიტალი საქართველოს ეკონომიკისკენ მიმართონ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო მიესალმება საქართველოში იაპონური კომპანიების უფრო მეტად გააქტიურებას.

„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ორმხრივად ხელსაყრელი ნორმატიული ბაზა, რათა უფრო მეტი იაპონელი ინვესტორი დაინტერესდეს საქართველოთი და უფრო მეტი ქართული პროდუქცია შევიდეს იაპონიის ბაზარზე. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კავშირების დაახლოებას, რაც, საბოლოო ჯამში, სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ასევე იაპონიას", - განაცხადა მინისტრმა.

ონლაინ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მხარეებს შორის გაგრძელდება თანამშრომლობა მთელ რიგ სექტორებთან დაკავშირებით. მათ შორის, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა, „მწვანე წყალბადის" წარმოება, ტრანსპორტი და სატრანსპორტო დერეფნის განვითარება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს