მამუკა გამყრელიძე - საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე პროცესები სულ უფრო ემსგავსება შუა საუკუნეების ფეოდალურ ომებს

სამწუხაროა, რომ საქართველოში პოლიტიკური კლასის კულტურა კვლავ ძალიან დაბალია და ყველა მორიგ არჩევნებს ვატარებთ უფრო და უფრო მძიმე წინასაარჩევნო გარემოში, რომელიც სავსეა ოპონენტების მიმართ არაეთიკური ბრალდებებით, ეს ძალიან შორს არის იმ სტანდარტისგან, როგორც ტარდება არჩევნები დემოკრატიულ ევროპულ ქვეყნებში, - განაცხადა პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ.

მამუკა გამყრელიძის თქმით, პოლიტიკოსების დიდ ნაწილს არ აქვს გაცნობიერებული, რომ პოლიტიკოსის სტატუსი არა მხოლოდ საჯაროობას ითვალისწინებს, არამედ იმასაც, რომ ასეთი ადამიანები მაგალითი იყვნენ საკუთარი ამომრჩევლისთვის.

„საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე პროცესები სულ უფრო ემსგავსება შუა საუკუნეების ფეოდალურ ომებს, როცა საკუთარი ლიდერის გარშემო შემოკრებილი სხვადასხვა, დიდი თუ პატარა დაჯგუფებები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან დაპირისპირებული, შემდეგ კი, კონიუნქტურის მიხედვით ისე სწრაფად და მარტივად გადაჯგუფდებიან, რომ ვეღარც ასწრებ იმის გარკვევას, ვინ და როდის იყო ერთმანეთის მოწინააღმდეგე თუ თანამებრძოლი.

პოზიციების და პოლიტიკური გემოვნების ასეთი სწრაფი ცვლილების პირობებში, უპრიანი იქნებოდა პოლიტიკოსებს თავი შეეკავებინათ ერთმანეთის ზედმეტად ხისტი, ხანდახან სრულიად უხამსი შეფასებებისაგან. რას არ გაიგონებ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში: “პოლიტიკური ჯართი”, “ქათმის ბარკლის ქურდი”, “მევახშე”, “ბავშვიყლაპია” და ა.შ. უცნაურია, მაგრამ ერთმანეთის შემკობა ასეთი სიტყვებით, ხელს არ უშლის ამ ადამიანებს პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით მორიგ ჯერზე ერთმანეთის გვერდით დგომასა და ამჯერად უკვე აღტაცებული ეპითეტების მიძღვნაში. სამწუხაროდ ბევრს ვერ გაუცნობიერებია, რომ პოლიტიკოსის სტატუსი არა მხოლოდ საჯაროობას ითვალისწინებს, არამედ იმასაც, რომ ასეთი ადამიანი მაგალითია საკუთარი ამომრჩევლისთვის. ქვეყნის ზოგიერთი ლიდერი, არათუ პოლიტიკაში, ქუჩის დონეზეც კი მიუღებელი ვორდინგით საუბრობს. ამით განსაკუთრებით გამოირჩევიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც თითქოს ეჯიბრებიან ერთმანეთს ოპონენტის მიმართ უხამს და ხეპრე ლექსიკაში.

იმედია, ოდესმე ამაღლდება ქართულ პოლიტიკურ ველზე ურთიერთობის კულტურა და საქართველოც დადგება ევროპის მრავალსაუკუნოვანი საპარლამენტო გამოცდილების მქონე ქვეყნების გვერდით, როგორც ცივილიზებული პოლიტიკური კლასის მქონე სახელმწიფო“, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა