მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის რადიაციისა და ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის რადიაციისა და ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ყოველწლიურ შეხვედრაზე ასევე მონაწილეობდნენ ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე და ფონდ “ქართუს” პროექტებისა და ოპერაციების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი. შეხვედრა ჩიკაგოში გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პროტონული თერაპიის საერთაშოროსო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ცნობილი მეცნიერები, რომლებმაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტი განიხილეს და ცენტრის სამეცნიერო-კვლევით პროცესში აქტიური ჩართვისათვის მზაობა გამოთქვეს.

„მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან, როგორებიცაა IBA (Ion Beam Applications S.A.), Carl Zeiss და RaySearch laboratories.

კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე რეგიონში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრი დაფუძნდება.

ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებელი განთავსდება. სამეცნიერო კვლევებისათვის განკუთვნილ ციკლოტრონზე განხორციელდება თანამედროვე კვლევები ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. ხოლო სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა. იგეგმება, რომ საქართველო ჩაერთვება პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში.

IBA-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება 2020 წლის 28 იანვარს შევიდა ძალაში, რაც ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ამაჩქარებლის – Proteus®ONE solution – შეძენასა და გრძელვადიანი ოპერაციული და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფას გულისხმობს. პროექტის ღირებულება 40 მილიონ ევრომდეა. დანადგარები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო - კვლევით და სამედიცინო ცენტრებში განთავსდება. პროტონული თერაპიის კლინიკა პირველ პაციენტებს 2024 წელს მიიღებს და იქნება ერთადერთი რეგიონული მასშტაბით, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით მოხდება.

IBA (Ion Beam Applications S.A.) არის გლობალური სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი საერთაშორისო ლიდერი კომპანია, რომელიც ავითარებს და აწარმოებს პროტონული თერაპიის დანადგარებს ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ და დიაგნოსტირებისათვის. პროტონული თერაპია არის რადიაციული თერაპიის თანამედროვე სწრაფად განვითარებადი ფორმა და ის საუკეთესო სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს სიმსივნის მრავალი სახეობისთვის“, - აღნიშნავენ უწყებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია