საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის ხომალდ  Mount Whitney -ზე ოფიციალური მიღება გაიმართა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სამეთაურო ხომალდზე - USS Mount Whitney (LCC 20) ოფიციალური მიღება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბათუმში აღნიშნულ ხომალდზე გამართულ მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ირაკლი ღარიბაშვილთან და მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ მაიორი ნიკოლოზ შარაძე დაესწრო. სტუმრებს მე-6 ფლოტის უფროსმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის მოადგილემ - ვიცე-ადმირალმა ეუჯინ ბლექმა, ხომალდ Mount Whitney -ის მეთაურმა - დანიელ პროჩაზკამ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში - კელი დეგნანმა უმასპინძლეს. "ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე. გემის ეკიპაჟმა სტუმრებისთვის საინფორმაციო ტური გამართა, რომელზეც ხომალდის მეთაურისგან Mount Whitney -ის ამოცანების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მოისმინეს. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სამეთაურო ხომალდი - USS Mount Whitney (LCC 20) და საზღვაო ხომალდი - USS Porter (DDG 78) 8 ნოემბერს შემოვიდნენ. ვიზიტი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ურთიერთობას ნატოს მოკავშირეებსა და შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან პარტნიორს - საქართველოს შორის, ასევე, ადასტურებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის წარმატებულ თანამშრომლობას და მიზნად ისახავს საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას, აშშ-ის რეგიონული პარტნიორების სტაბილურობის უზრუნველყოფას, მზადყოფნისა და საზღვაო შესაძლებლობების გაზრდას. ხომალდები - USS Mount Whitney და USS Porter საზღვაო ოპერაციებს ამერიკის მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში ახორციელებენ. მე-6 ფლოტი, რომელიც ბაზირებულია ნეაპოლში, ერთობლივი და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს ახორციელებს. ოპერაციები ტარდება მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა ხელი შეუწყონ ევროპასა და აფრიკაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს