დავით თვალაბეიშვილი - ჩვენი სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის განვითარებას ქვეყანაში

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში კახეთის რეგიონში მდებარე პირველი ენერგოეფექტური საბავშვო ბაღის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

საბავშვო ბაღის შენობა ევროკავშირისა და თელავის მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსებული პროექტის „ბიომასის ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორც მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქებისთვის" ფარგლებში შეკეთდა.

სადემონტრაციო პროექტის პრეზენტაციის გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი. ღონისძიებას დაესწრნენ სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი და „ენერგოეფექტურობის ცენტრი - საქართველოს" დირექტორი გიორგი აბულაშვილი.

მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა პროექტი, რომლის განხორციელებისას გამოყენებული იქნა ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და ენერგიის დაზოგვის ინოვაციური მიდგომები. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სადემონტრაციო პროექტის კიდევ ერთ შემადგენელზე - შენობისას გათბობისთვის გამოყენებული იქნას სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები. „ჯამურად, ამ ღონისძიებათა შედეგად, დაიზოგება 180,000 კვტ.სთ. ელექტროენერგია შენობის დენით მომარაგებაში. საბავშვო ბაღის რეაბილიტირებული შენობა ადასტურებს იმას, რომ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში შესაძლებელია", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის განვითარებას ქვეყანაში. მან ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის უწევს საქართველოში ენერგოეფექტურობის განვითარების მიმართულებით.

„აღსანიშნავია, რომ იყალთოს საბავშვო ბაღის შენობა მთლიანად თბება ენერგიის განახლებადი წყაროს, კერძოდ, წალმის (ვაზის ნასხლავის) გამოყენებით, რომელიც კახეთში უხვად მოიპოვება. სათბობად ბიომასის გამოყენება ამცირებს როგორც სათბურის გაზების გამოფრქვევას, ასევე ხარჯებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა შენობის თბოიზოლაციას, მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობლის, ქსელთან მიერთებული მზის მიკრო ელექტროსადგურისა და ენერგოეფექტური ფანჯრების მონტაჟს, აგრეთვე არსებული ნათურების LED სანათებით ჩანაცვლებას. ჯამში, ენერგოხარჯები 60%-ით შემცირდება. გარდა ამისა, ევროკავშირმა მუნიციპალიტეტს გადასცა ორი ტრაქტორი, ბიომასის შემგროვებელი და გადამამუშავებელი სპეციალური ტექნიკა, რითაც ხელი შეუწყო განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვის შექმნას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა