თსუ-ში დღეს აკადემიკოს კორნელი კეკელიძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” თსუ-დან აცნობეს, აკადემიკოს კორნელი კეკელიძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება.
გამოჩენილი ფილოლოგი და ლიტერატურათმცოდნე კორნელი კეკელიძე ქართული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. იგი 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურისა და სიბრძნისმეტყველების; კათედრებს, კურირებდა უნივერსიტეტთან არსებულ სიძველთსაცავს, სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ლიტერატურის ინსტიტუტს. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ხელნაწერების გამოვლენის, შეგროვებისა და აღწერის საქმეში და ამ მხრივ ინტერესი ქართული მწიგნობრობისადმი უცხოელ მეცნიერებსაც გაუღვივა. შეუფასებელია მისი ღვაწლი ტექსტოლოგიაში. მან გამოსცა “აბო თბილელის წამება”, ბასილი ზარზმელის; “სერაფიონ ზარზმელის ცხოვრება”, იოანე ბატონიშვილის “კალმასობა” და სხვა.
კორნელი კეკელიძე ასევე იკვლევდა ქართულ-ბიზანტიურ, ქართულ-სპარსულ ლიტერატურულ ურთერთობებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ხალხური სიტყვიერების ურთიერთმიმართების საკითხებს, აგრეთვე ძველი ქართული დამწერლობის, ქართული კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიას, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა საკითხების შესახებ.