გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის  შიმშილობა პროტესტთან არაა დაკავშირებული,  ეს სპეკულაციაა, რათა მან და მისმა გუნდმა პოლიტიკურ დღის წესრიგზე „იტივტივოს“

“ქართული ოცნების” წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა პროტესტთან არაა დაკავშირებული და ეს სპეკულაციაა, რათა მან და მისმა გუნდმა “პოლიტიკურ დღის წესრიგზე იტივტივოს”.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, არ არსებობს პროფესიული დასკვნა, რომ სააკაშვილს რომელიმე სამედიცინო მომსახურება სჭირდება, რომელსაც მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ მიიღებს.

“დღემდე არ არსებობს ექიმთა პროფესიული დასკვნა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს რომელიმე სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება და ასევე პროფესიული დასკვნა, რომ ასეთი მომსახურება არ არის მე-18 დაწესებულებაში. შესაბამისად, ცხადია, პოლიტიკურ სპეკულაციებს ემსგავსება ის, რომ თითქოს ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობა პროტესტთან არის დაკავშირებული. ეს ასე არ არის. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგზე „იტივტივოს“ სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება მოშიმშილე დეპუტატებს, მაჭარაშვილის განცხადებით, მათ პოლიტიკური რესურსი აღარ აქვთ და შიმშილობას და გზების გადაკეტვას მიმართავენ.

კითხვაზე, “შიმშილობას უფრო მეტი რესურსი სჭირდება, თუ პარლამენტში დებატებს”, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ “შიმშილობა არავითარი საქმე არ არის”.

“სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ ორგანოში დეპუტატები მთავარ ფუნქციად მიიჩნევენ იმას, რომ შიმშილობა დაიწყონ, რათა სხვამ შეწყვიტოს შიმშილობა, ეს პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია. მთავარ პოლიტიკურ ორგანოში, მითუმეტეს, როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია ხარ, მთავარი ფუნქცია ისაა, რომ ხელისუფლებას ოპონირება უნდა გაუწიო და საპარლამენტო ბერკეტები გამოიყენო. მაგრამ ამ მოშიმშილე დეპუტატებისგან რომელს ჰქონდა პოლიტიკური დებატები?!”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 47-ე დღეა. ამასთან, პარლამენტში შიმშილობა გამოაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა. მანამდე პარლამენტში შიმშილობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც უკვე მე-14 დღეა შიმშილობს. გარდა პარლამენტის დეპუტატებისა, შიმშილობა გამოაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის ოფისში შიმშილობს. ყველა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა