ჰუბერტ ქნირში - ყველა ქვეყნისთვის, ყველა სასამართლოსთვის დიდი გამოცდაა ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა - სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემა არ უნდა მოექცეს პოლიტიკური გავლენის ქვეშ

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შეფასებით, ყველა ქვეყნისთვის, ყველა სასამართლო სისტემისთვის დიდი გამოცდაა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა. აბარებს თუ არა ქართული სახელმწიფო და ქვეყნის სასამართლო სისტემა ამ გამოცდას? რა ხარვეზებს ხედავს დიპლომატი ზოგადად სასამართლო ხელისუფლების მიმართულებით და მიაჩნია თუ არა სწორად არჩევნების დასრულების შემდეგ პოლიტიკური პროცესების კვლავ ქუჩაში გადატანა. ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე გერმანიის ელჩმა „ინტერპრესნიუსს“ უპასუხა.

- დაახლოებით ერთი კვირის წინ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრი არჩევნებსა და მის შემდგომ განვითარებულ პროცესებზე იყო მიმართული, უზენაესი სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე დაინიშნა, იქამდე კი იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაჩქარებული დანიშვნის შემთხვევები. მინდა გკითხოთ, რამდენად შეესაბამება ეს იმ რეფორმებს, რომელიც სასამართლო სისტემის მიმართულებით არის დაგეგმილი?

- ჩემთვის გასაკვირი იყო, თუ რა სწრაფად და არაფორმალურად განხორციელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დანიშვნა. ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გამოთქვა ღიად კრიტიკა. ჩემთვის კიდევ უფრო გასაკვირი იყო მოსამართლეთა კონფერენციის კატეგორიული რეაქცია - ნაცვლად იმისა, რომ საგნობრივ პუნქტებს შეხებოდნენ, იმის და მიუხედავად, რომ ზოგიერთი ფორმულირება მწვავე იყო, მათ დიპლომატებს ფაქტობრივად აუკრძალეს კრიტიკა. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ რეაქციას ყველა მოსამართლე არ ეთანხმებოდა.

- აქვე გკითხავთ, მიუთითებს თუ არა ეს სასამართლოში ე.წ. კლანის არსებობაზე და მისი გაძლიერების მცდელობაზე და აყენებს თუ არა ნდობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ სასამართლოსთან მიმართებით?

- მძიმე ბრალდებაა იმის თქმა, რომ სასამართლო სისტემაში გარკვეული პირები საკუთარ ან რომელიმე ჯგუფის ინტერესებს უფრო მეტად ემსახურებიან, ვიდრე კანონს. ვინც ამას ამბობს, უნდა ჰქონდეს მყარი მტკიცებულებები. მე ეს მტკიცებულებები არ გამაჩნია. სწორედ ასეთი უნდობლობის არსებობის გამო საბჭომ უდიდესი ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ ახალი წევრები გულდასმითი და გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე შეირჩნენ და მან კრიტიკა უნდა აღიქვას როგორც შანსი განმარტებებისთვის და იმ ნდობის გამყარებისთვის, რომელიც მას გააჩნია. მაღალი თანამდებობა, ძალაუფლება და გავლენა იმავე მასშტაბის პასუხისმგებლობას მოითხოვს.

- თქვენ რა კონკრეტულ პრობლემებს ხედავთ სასამართლო სისტემაში და როგორ ფიქრობთ, ადეკვატურად პასუხობს ამ მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები არსებულ გამოწვევებს?

- საქართველოს სასამართლო სისტემაში უკვე ბევრი რეფორმა განხორციელდა და ბოლო წლების მანძილზე ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, თუმცა ის მაგალითი, რომელზეც ახლა ვისაუბრეთ, აჩვენებს, რომ კიდევ არსებობს გაუმჯობესების შესაძლებლობები, განსაკუთრებით სასამართლო სისტემის თვითმმართველობის კუთხით. შეიძლება ყველა მოსამართლემ ჯერ კიდევ ვერ შეიმუშავა ის შინაგანი მიდგომა, რომელიც სჭირდება თითოეულს იმისათვის, რომ თავდაჯერებულად და დამოუკიდებლად ემსახუროს მხოლოდ კანონს. ჩვენ მზად ვართ შემდგომი რეფორმების ხელშეწყობისთვის, თუ ამას გვთხოვენ.

- საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის სასამართლო პროცესები გაიმართა 7 ნოემბრის და ე.წ. პიჯაკების საქმეებთან დაკავშირებით, თუმცა თავად ბრალდებულს არც ერთ სასამართლო პროცესზე არც ფიზიკურად და არც ონლაინ დასწრების საშუალება მიეცა. სასამართლო სისტემის რა სტანდარტზე მიუთითებს ეს ? ეს გვაძლევს იმის საშუალებას, ვთქვათ, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში პოლიტიზებულია?

- ყველა ქვეყნისთვის, ყველა სასამართლო სისტემისთვის დიდი გამოცდაა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა. მოხარული ვარ, რომ ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები მისი საკუთარი ინიციატივით ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ განიხილება. კარგია, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ შემთხვევაში ასევე სასჯელის აღსრულებას აკვირდება და რომ მან ბატონ სააკაშვილს მოუწოდა, კანონის შესაბამისი პროცედურის ინტერესებიდან გამომდინარე შეწყვიტოს შიმშილობა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ სასჯელის მოხდის დროს მსჯავრდებულის და მიმდინარე პროცესების მიმდინარეობისას ბრალდებულის ყველა უფლება დაცული იყოს. სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემა არ უნდა მოექცეს თანმდევი პოლიტიკური გარემოებების გავლენის ქვეშ.

- არა მხოლოდ ქართულმა საზოგადოებამ, მთელმა მსოფლიომ იხილა მიხეილ სააკაშვილის გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მდებარე კლინიკაში გადაყვანის კადრები. თქვენი შეფასებით, რამდენად შესაბამისობაში მოდის ქვეყნის მესამე პრეზიდენტისადმი მსგავსი მოპყრობა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან, მათ შორის, იმ ნორმებთან, რომელიც გვეუბნება, რომ უნდა იყოს დაცული ადამიანის პატივი და ღირსება?

- ადამიანის უფლებებს, რომელიც პატიმარსაც აქვს, განეკუთვნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. უწყებები არ უნდა აჰყვნენ ცდუნებას და არ უნდა დაუშვან გამონაკლისი, მაშინაც კი, როდესაც სასჯელაღსრულების ყველა დეტალი საჯაროდ ხმამაღლა განიხილება, რა დროსაც სიმართლე და ტყუილი ერთმანეთშია არეული.

- გვერდს ვერ ავუვლით სხვა აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებს. საქართველოში არჩევნები დასრულდა და ქვეყანა დაუბრუნდა იმ უწყვეტ ციკლს, რომელიც არჩევნებისა და ქუჩის საპროტესტო აქციების მონაცვლეობას გულისხმობს. როგორ შეაფასებთ პოლიტიკური პროცესების კვლავ ქუჩაში გადატანას ?

- 2016 წლიდან საქართველოში ყოველ წელს იმართებოდა არჩევნები. ახლა იწყება შემდგომი სამი წელი არჩევნების გარეშე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიული პოლიტიკა არ განხორციელდება. ყველა პარტიამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ წარმოაჩენს თავს ამ პერიოდში. ხშირად მესმის, რომ მოქალაქეებს სჭირდებათ ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც მათ რეალურ პრობლემებზე იზრუნებენ.

- ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან გაცხადებულ პრიორიტეტად მიიჩნევა საზოგადოების კეთილდღეობა და მათი ინტერესების საკუთარ პარტიულ თუ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დაყენება. როგორ ფიქრობთ, არსებული პოლიტიკური კრიზისის, თუ გნებავთ, დაძაბულობის ფონზე, რამდენად გათვალისწინებულია ის საჭიროებები, რომლებიც მოსახლეობაში არსებობს სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით და რამდენად ხედავთ, რომ პოლიტიკური სპექტრი საზოგადოების საჭიროებებს საკუთარ პოლიტიკურ მიზნებზე მაღლა აყენებს ?

- დემოკრატია ძალიან რეალისტური იდეაა: პარტიებს უნდა შეეძლოთ საკუთარი მიზნისკენ სწრაფვა, იყვნენ არჩეულნი - სანამ ისინი ამას სწორი საშუალებებით აკეთებენ. თითოეულმა პარტიამ უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ის საუკეთესო კანონებს მიიღებს და ქვეყანას ყველაზე კარგად მართავს. ეს შეჯიბრი საქართველოში ჯერ არ არის სრულად დაწყებული. ვფიქრობ, უკვე გამამხნევებელია ისიც, რომ პრემიერ-მინისტრმა მიზნად დაისახა მედიკამენტებზე ფასების დაწევა. ეს ხომ ძალიან რეალური პრობლემაა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ოპოზიციასაც ნამდვილად ექნება წინადადებები ამასთან დაკავშირებით.

- შთაბეჭდილება იქმნება, რომ პოლიტიკურ პერიპეტიებში, ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი გახდა მეორეხარისხოვანი, როგორიც პანდემიის მართვაა და როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს ვამბობ, ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს გადააჭარბა. რამდენად ეფექტურად იმართება პანდემია, იმ ფონზე, როდესაც ქუჩაში ოპოზიციის თუ მმართველი ძალის რამდენიმეათასიანი აქციები იმართება და ამან ყოველდღიური ხასიათი მიიღო და რამდენად სამართლიანად მიიჩნევთ, რომ ამის შემდეგ გამწვავებულ ვითარებას ჩაკეტვებით უპასუხონ ?

- შემაძრწუნებელია, როდესაც ყოველ დღე - ნება მომეცით დრამატული მეტაფორა გამოვიყენო - ქართველებით სავსე ორი დიდი ავტობუსი საიქიოსკენ მიემართება. ძალიან ბევრი ადამიანი არ აიცრა სხვადასხვა მიზეზის გამო. ჩვენ მზად გვქონდა ვაქცინა საქართველოში ჩამოსატანად, თუმცა ამის საჭიროება აღარ დადგა. ზოგიერთ ქვეყანაში კვლავ შემოიღეს სხვადასხვა სახის „ლოკდაუნი“. ერთი რამ ცხადია: არ შეიძლება კოვიდი ხანგრძლივ მდგომარეობად იქცეს - არც საქართველოში და არც სადმე სხვაგან.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა