დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ სარჯველაძე და დავით სერგეენკო მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიას გაეცნობიან და ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ

“ქართული ოცნების” დეპუტატები, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ სარჯველაძე და დავით სერგეენკო გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში შევლენ და სამედიცინო განყოფილებაში არსებულ ვითარებას გაეცნობიან.

მმართველი გუნდის წევრები გლდანის ციხეში, სავარაუდოდ, დღეს მივლენ.

არსებული ინფორმაციით, დეპუტატები საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პირადად არ მოინახულებენ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის.

“მთავარია გავეცნოთ მის სამედიცინო ისტორიას, რაც რეალურ წარმოდგენას შეგვიქმნის. ასევე ვნახოთ შესაძლებლობები, რაც საჭიროა ამდაგვარი მსჯავრდებული პაციენტისთვის შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად”, - განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ადგილზე გაესაუბრებიან პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალსაც.

“ექიმების მოსაზრებას პატივს ვცემ, ვითვალისწინებ, თუმცა მისი შესაბამისობა ჯობს, თვალით ვნახოთ. ადგილზე გავესაუბრებით პერსონალს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის პროცესში. ვფიქრობ, ეს მოგვცემს საშუალებას, უფრო მეტად ობიექტური ინფორმაცია დაიდოს”, - განაცხადა ხუნდაძემ.

გარდა ამისა, როგორც ხუნდაძემ განაცხადა, ოპოზიციონერ კოლეგებს გლდანის ციხეში მათთან ერთად შესვლა შესთავაზეს, თუმცა საბოლოო პასუხი არ მიუღიათ.

“ღია ვართ ამ პროცესში. იყო შეთავაზება ოპოზიციონერ კოლეგებთან, რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ. მაგრამ მათი გადასაწყვეტია. თუ ისინი შემოგვიერთდებიან, მზად ვართ, მათთან ერთად შევიდეთ. შევდივართ იმ განწყობით, რომ ჩვენი სტუმრობის მიზანს მაქსიმალურად ჩამოვაცილოთ პოლიტიკური შემადგენელი”, - განაცხადა ხუნდაძემ.

რაც შეეხება სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას, ხუნდაძის შეფასებით, ექიმების კვლევა საინტერესოა.

“სამედიცინო დასკვნაში ყველა იმ შესაძლო თეორიულ რისკზეა საუბარი, რაც ვფიქრობ, უფრო მაღალ მნიშვნელობას იძენს იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი შიმშილობას არ შეწყვეტს. სამოქალაქო სამედიცინო სექტორში გადაყვანის შემთხვევაში მისი აუცილებელი პირობაა, რომ ის შიმშილობას შეწყვეტს. თუ მან შიმშილობა არ შეწყვიტა, მისი მართვა ნებისმიერი შესაძლებლობის კლინიკაში გართულებული იქნება. თუ მან შიმშილობა შეწყვიტა, ამის უფრო მეტი გამოცდილება აქვს სასჯელაღსრულების სისტემას, სადაც ასეთი მოშიმშილე პაციენტები არაერთხელ ყოფილან. ამიტომ, თუ ის შიმშილობას არ შეწყვეტს, რაც არ უნდა ზემაღალი ტექნოლოგიების კლინიკა იქნას შეთავაზებული, შედეგი სასურველი არ იქნება”, - განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა