მიხეილ მაჭავარიანი - ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის თუ მკვლელობის ამბავს, არ შეიძლება ეს ასოციაცია არ გაგიჩნდეს - ისტორია მეორდება

პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, „საქართველოში შექმნილი მდგომარეობა ტრაგიკულია“.როგორც მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, ქვეყანა 90-იანი წლების ისტორიის განმეორების საფრთხის წინაშე იმყოფება.

„გადავინაცვლოთ 1993 წელს. ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის თუ მკვლელობის ამბავს. ისტორია მეორდება. არ შეიძლება ეს ასოციაციები არ გაგიჩნდეს. ჩვენ გმირად გამოვაცხადეთ გამსახურდია და მართლაც, ის იყო დამოუკიდებელი საქართველოს შემქმნელი, მაგრამ იმ ადამიანს დასდევდნენ და იყო პირდაპირი დავალება, რომ განადგურებულიყო. ეს ისტორიულად დადასტურებული ფაქტია, მათ შორის გამოძიებით.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის, რა დღეშიც დღეს სააკაშვილია, ფაქტობრივად წამებაა. ჩვენ დღეს ვადევნებთ თვალყურს გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკას. ღმერთმა დაიფაროს და სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე რომ დაემუქროს, წარმოუდგენელი პროცესები მოხდება. ზუსტად იგივე საფრთხის წინაშე ვიმყოფებით, რის წინაშეც 90-იან წლებში ვიდექით. „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ ვერაფერი ისწავლა. მგონია, რომ ისტორიაც არ იციან.

განცდა მაქვს, რომ უნდათ მიხეილ სააკაშვილი იმ მდგომარეობამდე მიიყვანონ, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა - წამება, პატიმრების მიერ ხელოვნურად მოწყობილი, ორკესტრირებული თავდასხმა... ისეთი განცდა მაქვს, რომ დღიდან დღემდე „ქართული ოცნება“ იმას კი არ ცდილობს, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს, როგორმე დღე გადააგოროს“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

ამასთან, მან საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლის მიზნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სააკაშვილი ზუსტად იმ იდეით განმსჭვალული ჩამოვიდა, რა იდეაც 2000-იანი წლების დასაწყისში ჰქონდა“.

მიხეილ სააკაშვილს ვიცნობ 95 წლიდან. რა თქმა უნდა, ის არ არის ის სააკაშვილი, რომელიც 2013 წელს წავიდა საქართველოდან. როგორც ჩანს, სააკაშვილი ჩამოვიდა ზუსტად იმ იდეით განმსჭვალული, რა იდეითაც იყო 2 000-იანი წლების დასაწყისში, როცა მას გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს სტაგნაცია, უკუსვლა დაესრულებინა. დღეს მას გადაწყვეტილი აქვს თავი შესწიროს.

დღეს რევოლუციური სცენარი თუ ვინმეს აწყობს, ეს არის „ქართული ოცნება“. მის ინტერესებში შედის მოხდეს დაპირისპირება, რათა აჩვენოს: „მე ძალადობრივ რევოლუციას აღვუდექი“, „მე პარლამენტში შეჭრას აღვუდექი“...

გამოსავალია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ მომავალია ცვლილებებში. ცვლილებებია არჩევნებში“, - აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა.

მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, „ქართული ოცნება“ შეცდომებს უშვებს, რისი მიზანიც „ხელისუფლების შენარჩუნებაა, თანაც ბრიყვული“.

„ადამიანებს არ ესმით, რომ ძალა სიმართლეშია და არა სიმრავლეში. დღეს რომ პარლამენტში უმრავლესობა გაქვს, არ ნიშნავს, რომ მართალი ხარ. მართალი ხარ მაშინ, როცა შენი ქვეყნისთვის იღებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, თუნდაც ხელისუფლების დაკარგვა მოგიწიოს...

დღეს ოპოზიცია იბრძვის, რომ დაანახოს საზოგადოებას, რატომ არ ვარგა ხელისუფლება და ხელისუფლება იბრძვის იმისთვის კი არა, რომ დაანახოს მოსახლეობას, რითი სჯობს ოპოზიციას, იბრძვის, რომ გაანადგუროს, ჩაქოლოს და არა მარტო ოპოზიცია, არამედ ის ადამიანები, ვინც მხარს უჭერს. საბოლოოდ ეს ძალიან ცუდად დასრულდება“, - დასძინა მან.

მიხეილ მაჭავარიანი ოპოზიციური სპექტრის ორგანიზებულ აქციებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავად ოპოზიციაზეა დამოკიდებული, გამოიღებს თუ არა პროტესტი შედეგს.

„ეს დამოკიდებულია ოპოზიციაზე. იმედია, ისინი სწორად დაგეგმავენ მათ დღის წესრიგს, რაც არის არაძალადობრივი აქციები, საპროტესტო ხმის გაგონება. სხვათა შორის, რუსთაველის გამზირზე დავიბადე და გავიზარდე. 53 წლის ვარ და დღეს პირველად ვნახე, რომ 18 ნოემბერს ნაძვის ხეს დგამენ პარლამენტის წინ. ხელისუფლებას რა უნდა ამით? რომ პარლამენტის წინ აქცია არ იყოს? არ ჩაატარებ პარლამენტის წინ და ჩაატარებ სხვა ადგილზე. წარმოიდგინეთ, დღეს კახა კალაძეს და ხელისუფლებას მეტი საქმე არ აქვს, რომ საახალწლოდ მორთოს თბილისი?..

საქართველოს ისტორიაში ყოფილა ხელისუფლება, რომელიც არ იყო ადეკვატური ოპოზიციის მოთხოვნების მიმართ და ეს მძიმედ დაუჯდა ქართულ საზოგადოებას - 90-იან წლებს ვგულისხმობ.

თუ ხელისუფლება ადეკვატურად არ შეხვდა სიტუაციას, ნაბიჯები არ მოიფიქრა და ნაძვის ხის დადგმის ნაცვლად პოზიტიური დღის წესრიგი არ დაანახა ხალხს, ის დაკარგავს მხარდაჭერას“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, მიხეილ მაჭავარიანმა, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დროს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას იკავებდა, არსებული პარლამენტის მუშაობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ძალიან შორსაა იმ პრინციპისგან, რასაც ზურაბ ჟვანია ნერგავდა.

„მე, როცა პარლამენტში ამირჩიეს, საპარლამენტო საქმიანობა ვისწავლე ზურაბ ჟვანიასგან. დღეს ეს პარლამენტი ძალიან შორს არის იმ პრინციპისგან, რასაც ზურაბ ჟვანია ნერგავდა - მთავარი პრინციპი იყო, რომ ოპოზიცია და სახელისუფლებო პარტია პარლამენტში ერთმანეთს ვეკამათებოდით, მაგრამ პარლამენტს გარეთ ერთმანეთს ვექცეოდით ადამიანურად. ჩვენ ძალიან მწვავე კამათი გვქონია, ხელჩართული ბრძოლაც კი ყოფილა, მაგრამ შემდეგ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, ვსხდებოდით და სუფრაზე თუ საპარლამენტო დელეგაციებში ვიხილავდით საკითხებს. დღევანდელი პარლამენტი რა არის? - რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა და ჭკუას ნუ გვასწავლით. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ, 48 %-მა უნდა ვმართოთ მთელი ქვეყანა“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა