მეგის ქარდავამ საგამოძიებო უწყების კითხვებს პასუხი არ გასცა

პატიმრის წამების ეპიზოდზე მოპოვებულ ვიდეომტკიცებულებებზე მეგის ქარდავამ საგამოძიებო უწყების კითხვებს პასუხი არ გასცა. აღნიშნულის შესახებ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა.

როგორც კოტრიკაძე განმარტავს, თუკი მეგის ქარდავას რამესთან დაკავშირებით პრეტენზია აქვს, შეუძლია აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსიროს.

ამასთან, პროკურორმა განმარტა, რომ მოპოვებული ვიდეოკადრების ავთენტურობასთან დაკავშირებით მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული.

"არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა, საგამოძიებო ოთახი დატოვა და მისი პოზიცია ადვოკატმა გადმოგვცა. როგორც ჩანს, ამ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით მას საერთოდ არ სურს საუბარი და პოზიციის დაფიქსირება. თუ რამე საკითხთან დაკავშირებით მას პრეტენზია აქვს, შეუძლია გამოხატოს მისი პოზიცია, თუ შინაარსთან დაკავშირებით რამე პოზიცია ჰქონდა, ბუნებრივია, უნდა ეთქვა", - განაცხადა კოტრიკაძემ.

ადვოკატის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ წამების ამსახველი ვიდეოკადრების ამოღება არაკანონიერად მოხდა, პროკურორი აცხადებს, რომ თუკი, ადვოკატი რამე ნორმების დარღვევას ხედავს, შეუძლია სასამართლოში იდაოს.

„ქართული მხარის მიერ მოპოვებული მასალები არ არის, უკრაინული მხარის მიერაა გადმოგზავნილი. ადვოკატი თუ რამე ნორმების დარღვევას ხედავს, შეუძლია სასამართლოში იდაოს, მართალი გითხრათ, რა უნდა და რა პრეტენზიები აქვს, ვერ ვიგებ. ავთენტურობასთან დაკავშირებით გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია, კონკრეტულად ექსპერტიზამ რა შედეგები დადო, სასამართლო განხილვებამდე წინასწარ არ მინდა მოვლენებს გავასწრო, საქმე კიდევ გამოძიებაშია, შეიძლება კიდევ გარკვეული მტკიცებულებები დაემატოს და ამან საქმე გააფუჭოს, ჯობს სასამართლო განხილვამდე დავიცადოთ", - განაცხადა კოტრიკაძემ.

რაც შეეხება ადვოკატის განცხადებას, რომ მისთვის მასალები ამ დრომდე არ გადაუციათ, პროკურორი პასუხობს, რომ „თუ ის მეგის ქარდავას ინტერესების დაცვას სასამართლოში გააგრძელებს, მტკიცებულებები საქმეზე დართვისას მას გადაეცემა".

ცნობისთვის, მეგის ქარდავა საქართველოში სისხლის სამართლის 11 საქმეზეა ექსტრადირებული, მათგან ნაწილზე ის მსჯავრდებულია, ნაწილზე კი - ბრალდებული. ორი დღის წინ პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრებით ირკვევა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს. აღნიშნულ ეპიზოდზე მეგის ქარდავას საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზე, ალექსანდრე მუხაძე კი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა