უშგულში ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი სვანური კოშკების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში, რატიანების, ჭელიძეებისა და ღვაჩლიანების სამ კოშკს გადაუდებელი რეაბილიტაცია უტარდება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი სამი კოშკი განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობისა და იქიდან გამომდინარე შეირჩა, რომ დაზიანებული სახურავის მიზეზით და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მომავალ ზამთარს მათ აუნაზღაურებელი ზიანი მიადგებოდათ. სამუშაოების ფარგლებში გამოიცვლება კოშკების გადახურვა, რაც მოიცავს ძველი ხის კოჭების ახლით ჩანაცვლებას, იზოლაციის მოწყობას, არსებული ფიქალის ქვის გადამუშავებას და სახურავის მოწყობას.

„სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებენ სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სამინისტროს გადაწყვეტილებით, სრულად დაკომპლექტებულია ადგილობრივი მცხოვრებლებით. სამუშაოების დამკვეთია სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

რაც შეეხება სარეაბილიტაციო კოშკებს, ზაქრო რატიანის შეწყვილებული (ტყუპი) კოშკი (სვანურად მურყვამი) უშგულის თემის ჟიბიანის უბანში დგას და უნდა ეკუთვნოდეს განვითარებული შუა საუკუნეების ბოლო პერიოდსა და გვიან შუა საუკუნეებს. ის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია (მასზე მიდგმულია მაჩუბი). ეს არის ხუთსართულიანი ორი ერთმანეთზე მიდგმული კოშკი, რომელიც თავის დროზე აღდგენის შედეგად გაუერთიანებიათ და შედეგად ბოლო ორი სართული ერთიან სივრცეს ქმნის.

ბესო ჭელიძის კოშკი (სვანურად მურყვამი) დგას უშგულის თემის უბან ჩვიბიანში, თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით და ერთადერთი შემორჩენილი კოშკია ამ უბანში. ის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია (მასზე მიდგმულია მაჩუბი). კოშკი ხუთსართულიანია, რომელშიც ასასვლელი ამჟამად საცხოვრებელი სახლიდანაა. სართულშორისი გადახურვა ქვითკირისაა. ქონგური გადახურულია ფიქალით.

ვიტალი/ვარდენ ღვაჩლიანის კოშკი - სოფ. მურყმელი - დგას უშგულის თემის უბან მურყმელში და განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება. წარმოადგენს კომპლექსის შემადგენელ ნაწილს (მასზე მიშენებულია მაჩუბი). კოშკი ექვსსართულიანია. სართულშორისი გადახურვა ხის კოჭოვანია. პარაპეტი დახურულია ფიქალის ქვით.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 18 ნოემბერს დაიწყო და მიმდინარე წლის 18 დეკემბერს დასრულდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“