„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ არ უნდა დაარეგისტრიროს

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) განცხადებით, თუ პარტიამ - „კონსერვატიული მოძრაობა“ კანონსაწინააღმდეგო, ძალადობის პროპაგანდის, სოციალური, ეროვნული, რელიგიური ან სოციალური შუღლის გამაღვივებელი დებულებები პარტიის მარეგისტრირებელ დოკუმენტებში ასახა, საჯარო რეესტრმა ის არ უნდა დაარეგისტრიროს.

როგორც „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებაშია აღნიშნული, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში განცხადებულ მიზნებს.

„2021 წლის 20 ნოემბერს, „ალტ-ინფოს“ გუნდმა პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა. დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის გენერალურ მდივნად გიორგი ქარდავა, თავმჯდომარედ კი - ზურა მახარაძე აირჩიეს. პოლიტსაბჭოში შევიდნენ ირაკლი მარტინენკო და ირაკლი მორგოშია. პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ძირითადი დამფინანსებელია კონსტანტინე (კოკა) მორგოშია. „ალტ-ინფოს“ პოლიტიკურ ტრანსფორმაციას წინ უძღოდა წინასაარჩევნოდ, 2021 წლის 10 სექტემბერს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც „ალტ-ინფოს“ მთელი საქართველოს მასშტაბით სატელევიზიო მაუწყებლობის განხორციელების უფლება მისცა.

პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები არიან, რომელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დამდგარა. ერთადერთი სანქცია, რომელიც „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ ამ დრომდე გამოიყენეს, კომუნიკაციების კომისიის მიერ მისი სამართალდამრღვევად ცნობა იყო, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ გადაცემებში უხამსობის ტირაჟირებისა და უცენზურო ლექსიკის გამოყენების გამო. თუმცა, კანონდარღვევის გამო „ალტ-ინფო“ არ დაჯარიმებულა.

დამფუძნებლებმა პარტიულ ყრილობაზე ღიად განაცხადეს „კონსერვატიული მოძრაობის“ პრორუსული და ანტიდასავლური საგარეო ვექტორის შესახებ. ზურა მახარაძემ პარტიის მიზნებად საქართველოში „ლიბერალური დიქტატურის“ დასრულება და „ქრისტიანული დემოკრატიის“ შექმნა დაასახელა. საგულისხმოა, რომ „ალტ-ინფოს“ სარედაქციო პოლიტიკა გამოირჩევა ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ძალადობის წამახალისებელი რიტორიკით.

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, . . . რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს”.

მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს ევროპის საბჭოს არაერთ ქვეყანაში, რომლებიც ითვალისწინებენ „თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის“ უზრუნველმყოფ მექანიზმებს. „დემოკრატიის მტრებს არ უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რომ გამოიყენონ დემოკრატიით მინიჭებული უფლებები და თავისუფლებები მისთვის საფრთხის შესაქმნელად.” უფლებების ბოროტად გამოყენებას კრძალავს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ არსებული ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტებიც.

აღნიშნულის გათვალისწინებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში განცხადებულ მიზნებს.

იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ კანონსაწინააღმდეგო, ძალადობის პროპაგანდის, სოციალური, ეროვნული, რელიგიური ან სოციალური შუღლის გამაღვივებელი დებულებები მარეგისტრირებელ დოკუმენტებში ასახა, საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა“ არ უნდა დაარეგისტრიროს“,- ნათქვამია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა