ლევან იოსელიანი - თუ ვინმეს ბოიკოტი უნდა, წავიდეს ბოიკოტში, მაგრამ უარი თქვას ყველაფერზე, რაც საპარლამენტო მანდატს მოსდევს

პარტია „მოქალაქეების" წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მას საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი სწორად არ მიაჩნია და „თუ ვინმეს ბოიკოტი უნდა, წავიდეს ბოიკოტში, მაგრამ უარი თქვას ყველაფერზე, რაც საპარლამენტო მანდატს მოსდევს".

მისივე თქმით, ბოიკოტი არაფერს იძლევა.

„ბოიკოტი არ იძლევა არაფერს, გარდა იმისა, რომ ეს ხალხი ჩამოშორებულია საპარლამენტო საქმიანობას, მაგრამ ამავე დროს სარგებლობენ ყველა იმ სიკეთით, რაც პარლამენტის დეპუტატს გააჩნია. ამიტომ, თუ ვინმეს ბოიკოტი უნდა, წავიდეს ბოიკოტში, მაგრამ უარი თქვას ყველაფერზე, რაც საპარლამენტო მანდატს მოსდევს. თუ არის პარლამენტში, მაშინ კეთილი ინებოს და მიიღოს ყველა პროცესში მონაწილეობა. მერწმუნეთ, მეც არ მსიამოვნებს ბევრი რამის კეთება, მაგრამ ჩემი მანდატი მავალდებულებს, რომ ამ პროცესში ვიყო და მაქსიმალურად საჯარო გავხადო ყველაფერი, რაც პარლამენტში ხდება. თუ პარლამენტის წევრის დანიშნულებას არ ასრულებ, მაშინ უნდა წახვიდე და სხვა საქმით დაკავდე",- განაცხადა იოსელიანმა.

რაც შეეხება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, არც ამ შემთხვევაში მიაჩნია ბოიკოტი სწორ გადაწყვეტილებად, რადგან, მისივე შეფასებით, "საბოლოო ჯამში მოსამართლეები მაინც დაიკავებენ პოზიციებს, ოღონდ საზოგადოებას ამ შემთხვევაში მათზე ბევრად უფრო ნაკლები ინფორმაცია ექნება".

„არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლოსთან მიმართებაში რა პროცესები მიმდინარეობს პარლამენტში, ნდობას არ იმსახურებს. არ იმსახურებს ნდობას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წინა ჯერზე ჩვენ ვნახეთ უზენაეს სასამართლოში განწესებული მოსამართლეების კვალიფიკაციაც და მათი დამოკიდებულებაც მოსმენების დროს. თუმცა, ის ხალხი პარლამენტმა მაინც დაამტკიცა უვადოდ. ის კანდიდატები, ვისაც შეიძლებოდა მართლა ჰქონოდა მხარდაჭერა და იმსახურებდნენ ამ პოზიციას, მათზე პარლამენტმა უარი თქვა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ვთვლით, რომ პროცესში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. თუ წარმოადგენენ მოსამართლეობის კანდიდატებს, დავუსვამთ კითხვებს. ჯერ არ შემისწავლია მათი საქმიანობა და ბიოგრაფია, მაგრამ უამრავი კითხვა იქნება მათ მიმართაც. მთავარია, საზოგადოებამ ნახოს ეს ხალხი, ვისაც პარლამენტი უზენაეს სასამართლოში განწესებას უპირებს უვადოდ. მე ამ პროცესს მაქსიმალურად შევუწყობ ხელს და არ მიმაჩნია პროცესის ბოიკოტირება სწორად, რადგან საბოლოო ჯამში ეს ადამიანები მაინც დაიკავებენ პოზიციებს, ოღონდ საზოგადოებას ამ შემთხვევაში მათზე ბევრად უფრო ნაკლები ინფორმაცია ექნება",- განაცხადა იოსელიანმა.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია