ზურაბ ბატიაშვილი პუტინი-ბაიდენის საუბარზე - უკრაინაში წყდება საქართველოს ბედიც, რადგან თუ რუსეთს გაუვიდა უკრაინაში, ეს ნიშნავს, რომ რაღაც  ფორმით შეეცდება საბჭოთა კავშირის აღდგენას

ამ მომენტისთვის საქართველოს საკითხი სამწუხაროდ არ განიხილება, იმიტომ, რომ თუ რაღაც გაწუხებს, პირველ რიგში, შენ უნდა იყო ამის გამტანი საერთაშორისო არენაზე, რადგან საქართველოს ხელისუფლება საჭიროდ არ თვლის, რომ საქართველოს მხრიდან პრობლემა უნდა გაიტანოს საერთაშორისო არენაზე ნომერ პირველ საკითხად, ამ ეტაპზე სხვებიც თავს ზედმეტად არ იწუხებენ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განაუცხადა, როდესაც შეაფასა რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ს პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინის და ჯო ბაიდენის ვიდეოკონფერენციის შინაარსი.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, ამ შეხვედრიდან, პირველ რიგში, ალბათ გავიგეთ ის, რომ დასავლეთი უკრაინის დათმობას არ აპირებს, რაზეც ბაიდენმა პუტინთან შეხვედრაზე ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა. ამავე დროს, ღიად ისაუბრა იმ შესაძლო სანქციებზე, რომელსაც რუსეთს დაუწესებს უკრაინის წინააღმდეგ აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში. ბატიაშვილის თქმით, პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური სანქციები. ის პირდაპირ დაემუქრა მსოფლიო საფინანსო სისტემიდან გათიშვით, რაც რეალურად რუსეთის ეკონომიკის კოლაფსს გამოიწვევდა.

„ამავე დროს, ბაიდენი არ დათანხმდა პუტინის წინადადებას, რომ რაიმე სახის გარანტიები მიეცა, თუნდაც სიტყვიერი, რომ უკრაინა არ გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა თავისი ვერ გაიტანა. პირიქით, დასავლეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი პოზიცია. ზოგადად, დასავლეთი ამ მომენტისთვის არის გამოფხიზლებული, ეს არ არის 2008 წელი, როდესაც საქართველოზე თავდასხმა და ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა. ახლა, დასავლეთი არის გამოფხიზლებული, უფრო მეტად კონსოლიდირებული და ძალიან კარგად ათვითცნობიერებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს“, - აცხადებს ბატიაშვილი.

მისი თქმით, ის რომ საქართველო საერთოდ არ ჩანს დღის წესრიგში ამის მიზეზი არის ის, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე ყურადღებას არ ამახვილებს საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციაზე. ბატიაშვილის განმარტებით, ეს არის ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკის ნაწილი, რის შედეგადაც მთავარ დღის წესრიგში, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებში საქართველო ვერ ხვდება.

„საქართველოს საკითხი ამ მომენტისთვის, სამწუხაროდ, არ განიხილება, იმიტომ, რომ თუ რაღაც გაწუხებს, პირველ რიგში, შენ უნდა იყო ამის გამტანი საერთაშორისო არენაზე. რადგან საქართველოს ხელისუფლება საჭიროდ არ თვლის, რომ საქართველოს მხრიდან ეს უნდა გაიტანოს საერთაშორისო არენაზე ნომერ პირველ საკითხად, ამ ეტაპზე სხვებიც თავს ზედმეტად არ იწუხებენ. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელსაც შეცვლა სჭირდება, იმიტომ რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და იქ მცხოვრები საქართველოს მოქლაქეების ჩაგვრა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება და ამაზე ხმის ამოღება აუცილებლად საჭიროა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ველოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობიდან შესაბამის რეაგირებას, რასაც აკეთებს უკრაინის ხელისუფლება.

სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკოსების დიდ ნაწილს თვალსაწიერი ძალიან მოკლე აქვს და საქართველოს გარეთ ვერ იხედება, მაგრამ რეალობა არის ის, რომ დღეს უკრაინაში წყდება საქართველოს ბედიც, იმიტომ, რომ თუ რუსეთს გაუვიდა უკრაინაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ის რაღაც ფორმით შეეცდება საბჭოთა კავშირის აღდგენას ან ახალი საბჭოთა კავშირის აღდგენას ან სახელს მნიშვნელობა არ აქვს, რას დავარქმევთ. რეალურად ეს იქნება იმპერიის აღდგენის მცდელობა. თუ უკრაინაში გაუვიდა, შემდეგი ნამდვილად საქართველო იქნება და სამწუხაროა ის, რომ საქართველოში იმდენად ვართ ჩაფლული შიდაპოლიტიკურ ამბებში, რომ რაც ჩვენს გარშემო ხდება და გვეხება იმასაც ვეღარ ვაქცევთ ყურადღებას. იმედს ვიქონიებ, რომ ეს რეალობა შეიცვლება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა დახურული ვიდეოზარის ფორმატში ორი საათის განმავლობაში ისაუბრეს. თეთრი სახელის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა გამოთქვა შეერთებული შტატების და ევროპელი მოკავშირეების ღრმა შეშფოთება უკრაინის გარშემო რუსეთის ძალების ესკალაციის გამო და ნათლად განაცხადა, რომ აშშ და მისი პარტნიორები უპასუხებენ ძლიერი ეკონომიკური და სხვა ზომებით სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში.

მათივე ცნობით, ბაიდენმა ასევე „გაიმეორა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდა რუსეთს დეესკალაციისკენ და დიპლომატიისკენ“.

გარდა ამისა თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა და პუტინმა ასევე განიხილეს სტრატეგიული სტაბილურობა და ასევე ისაუბრეს ირანის თაობაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა