ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ „ომიკრონი“ დომინანტური გახდება, შესაძლოა, ვირუსით ინფიცირების რაოდენობამ ყოველდღიურად 12-15 ათასი შეადგინოს

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის შეფასებით, თუ „ომიკრონი“ დომინანტური გახდება, შესაძლოა, ვირუსით ინფიცირების რაოდენობამ ყოველდღიურად 12-15 ათასი შეადგინოს.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და სახიფათო სიტუაცია იქნება.

„თუ დავუშვებთ ინფიცირების 2-3-ჯერ გაზრდას, შესაძლოა, საქართველოში „ომიკრონის“ შემოსვლამ და შემდეგ მისმა დომინანტურად გახდომამ ყოველდღიურად 12-15 ათასი ინფიცირებული გამოიწვიოს. ეს ერთ-ერთი სერიოზული და ალბათ, ყველაზე სახიფათოა, რაც ამ ვარიანტთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას. არის თუ არა „ომიკრონი“ უფრო მძიმე დაავადების განმაპირობებელი, ამის საბოლოო შეფასება არ არსებობს. ძირითადი კვლევები, რომელიც გამოქვეყნებულია სამხრეთ აფრიკაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მიუთითებენ, რომ დაავადების მიმდინარეობა არ არის უფრო მძიმე, ვიდრე „დელტა“. ხასიათდება გაციების მსგავსი სიმპტომატიკით: ყელის ტკივილი, ჩაფხაჭნის შეგრძნება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, შესაძლებელია ხველა, დაბალი ტემპერატურა, ღამით ოფლიანობა. არ ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, არც კუნთების, სახსრების ძლიერი ტკივილი, არც თავის ძლიერი ტკივილი. არ ფიქსირდება ყნოსვისა და გემოს დაკარგვის შეგრძნება“,- განაცხადა ჩხაიძემ.

ის წინასაახალწლო პერიოდში მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და გარეთ გასვლას მოერიდონ. ივანე ჩხაიძის თქმით, ​წინასაახალწლო პერიოდში დახურულ სივრცეში ბევრი ბავშვის შეკრება ყოველთვის რისკთან არის დაკავშირებული.

„კარგი იქნება, თუ წელს მშობლები გაითვალისწინებენ ამ რეალობას და თავს შეიკავებენ დახურულ სივრცეში ახალი წლის აღნიშვნისგან. უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ვიყოთ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად. ეს ნაკლები რისკია ახალი, უცნობი კონტაქტის და ინფექციის გავრცელების. დახურულ სივრცეში სადღესასწაულო ზეიმი მაქსიმალურად შეზღუდული უნდა იყოს“,-განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, შესაძლო საფრთხეებზე რეაგირება აუცილებელია. ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს უკვე მომზადებული აქვს შესაბამისი ღონისძიებათა პაკეტი.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ერთ-ერთი მოსალოდნელი ღონისძიება, რომელიც შეიძლება იყოს განხილული და ჩვენ ამას ალბათ, ხვალ იმუნიზაციის საბჭოზე განვიხილავთ, ეს არის ღონისძიება, რომელიც ვაქცინაციის მეორე დოზასა და „ბუსტერ“ დოზას შორის ვადების შემცირებას დაუკავშირდება. ეს იქნება ერთ-ერთი ადეკვატური პასუხი ამ გამოწვევაზე. იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ“,-განაცხადა ჩხაიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა