ირაკლი ღარიბაშვილი - დავიქირავე ფინანსური ჯგუფი - Rothschild-ი, რომლის ერთ-ერთი ინიციატივაა, საქართველო ეტაპობრივად გარდაიქმნას და პოზიციონირდეს, როგორც აღმოსავლეთის ლუქსემბურგი

ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, უმუშევრობა, მეტი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, მეტი კეთილდღეობა იყოს და ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი საინტერესო ნაბიჯი იყო, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Rothschild-ი დავიქირავე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.

მთავრობის მეთაურის თქმით, Rothschild-ი მსოფლიოში რიგით მეორე და ევროპაში პირველი ფინანსური ჯგუფია, რომლის ინიციატივაა, საქართველო ეტაპობრივად გარდაიქმნას და პოზიციონირდეს, როგორც აღმოსავლეთის ლუქსემბურგი.

„მსოფლიოში რიგით მეორე და ევროპაში პირველი ფინანსური ჯგუფია, მისი ერთ-ერთი ინიციატივაა, საქართველო ეტაპობრივად გარდაიქმნას და პოზიციონირდეს, როგორც აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. Luxemburg of the East - ეს იყო მათი ერთ-ერთი იდეა და შემოთავაზება. ასევე დიდი დაინტერესებაა იმისა, რომ საქართველო გარდაიქმნას, პოზიციონირდეს, როგორც რეგიონული ფინანსური ჰაბი და სტრატეგიული ინვესტორების მოძიებაზეც იქნება მუშაობა და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ახალი ფინანსური რესურსების შემოდინებაზე. ჩვენი საერთო ინტერესი უნდა იყოს ინვესტიციების მოზიდვა და ამ მიმართულებით უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ორმხრივ ფორმატში ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირთან, აზიის ქვეყნებთან. ამიტომ გვჭირდება მეტი მჭიდრო კონტაქტების დამყარება ბიზნესწრეებთან, არსებული კავშირების გამოყენება და გვჭირდება მეტი ინვესტიცია, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი დასაქმება, მეტი კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობისთვის და საქართველოს წარმატებული მაგალითის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია.

ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სათქმელი და ძალიან ბევრი მიღწევით, პროგრესით შეგვიძლია ვიამაყოთ, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც რეგიონშია და ჩვენს ქვეყანაშია, როგორიცაა ოკუპაცია, რომელიც შესაძლოა, იყოს ერთ-ერთ ბარიერი ინვესტორებისთვის, მაგრამ ჩვენი პრაგმატული, გონივრული და პროგნოზირებადი პოლიტიკის გამო, ვფიქრობ, ამ ფსიქოლოგიურ ბარიერსაც დავძლევთ და ინვესტორებსაც დავარწმუნებთ, რომ ინვესტიცია საქართველოში არის დაცული, გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო სფერო, რომლითაც უნდა მოხდეს ინვესტორების დაინტერესება და ა.შ. მეტი სავაჭრო ხელშეკრულება გვჭირდება, მეტი პირდაპირი რეისი წამყვან ეკონომიკებთან, რაც საბოლოო ჯამში პოზიტიურ გავლენას იქონიებს ჩვენს ეკონომიკაზე, სამუშაო ადგილების ზრდასა და მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, მთავრობას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, რომელიც უკავშირდება სამუშაო ადგილების შექმნას, სოციალური პოლიტიკის შეცვლას.

„ჩვენ გვაქვს გეგმები, რომელიც უკავშირდება სოციალური პოლიტიკის შეცვლას, რომელიც კატასტროფული, დამღუპველია, რადგან ჩვენ თაობებს ვკარგავთ უბრალოდ, ადამიანები მივაჩვიეთ უმუშევრობას და რეალურად გავხადეთ მძევლები ამ არასწორი, არაჯანსაღი სოციალური პოლიტიკისა და ეს უნდა შეიცვალოს. ამის თაობაზე მე ღიად უკვე დავიწყე საუბარი. ამ მიზანს უკავშირდება ონლაინ-კაზინოების შეზღუდვაც. მადლობა ჩვენს პარლამენტს, დეპუტატებს, მესამე მოსმენით დაჩქარებული ტემპებით დღეს იქნა ეს მიღებული. ონლაინ-კაზინოებში ჩართული ასობით, ათასობით ადამიანი უნდა გადავიყვანოთ სხვა საქმიანობაზე. თქვენი ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 1,5 მილიარდს ხარჯავდა ისევ გაჭირვებული, ღარიბი ფენა, სოციალურად დაუცველები, რომლებიც უსაქმურობის გამო, იმის გამო, რომ ვერ მუშაობდნენ, იმის გამო, რომ სისტემამ უბრალოდ ისინი დააშინა და ვერ მუშაობდნენ, რადგან თუ მუშაობას დაიწყებდნენ, მოეხსნებოდათ სოციალური დახმარება, ამ მანკიერ წრეში ჩაერთნენ, როგორიცაა ონლაინ-კაზინოები, თამაში, ნარკომანია და ა.შ. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება მედიკამენტების ფასების შემცირება, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და საბოლოო ჯამში, ძალიან მალე სწრაფი ეფექტი გვექნება უახლოეს 1-2 თვეში. ამის შემდეგ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალიან მნიშვნელოვანი მუშაობა. ჩემი დავალებით, ჩვენ უკვე გავაკეთეთ ათწლიანი გეგმები და ეს არ არის მხოლოდ ტრაფარეტული ნათქვამი, ეს არის დეტალური, კონკრეტულად გაწერილი გეგმები, რომელიც არის თითოეული უწყების მხრიდან. ყველა უწყებამ იმუშავა ძალიან ნაყოფიერად. ჩვენ 6 თვის განმავლობაში შევიმუშავეთ თითოეული უწყების მიმართულებით სექტორული განვითარების გრძელვადიანი გეგმები ჩაშლილი ყოველწლიური კონკრეტული ხედვებით. ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს, 2030-ში, მანამდეც, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველწლიურად გვექნება ვაჩვენებთ პროგრესს, მინიმუმ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მთავარი გამოწვევა, მთავარი სირთულე, რისი დაძლევაც წინა მთავრობებმა ვერ შეძლეს, ეს არის ჩვენი ამბიციაც, ეს არის ჩვენი მოტივაცია, ეს უნდა შევძლოთ - უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, უმუშევრობა, მეტი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, მეტი კეთილდღეობა იყოს და ამისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სტაბილურობა და გრძელვადიანი მშვიდობა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში უზრუნველყოფილი და გარანტირებულია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა