ალექსანდრე ბარამიძე - ლონდა თოლორაიამ საქმით დაამტკიცა, რომ შეუძლია დამოუკიდებელი, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება - სწორედ ეს არ აპატიეს

ლონდა თოლორაიამ საქმით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია დამოუკიდებელი, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში მყოფთ ეს შეიძლება ძალიან არ მოეწონოთ. სწორედ ეს არ აპატიეს. სწორედ იმიტომ ანადგურებენ სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტს, რომ პირადად ლონდას გაუსწორონ ანგარიში, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას.

როგორც ბარამიძე აღნიშნავს, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ დასავლელი პარტნიორები.

„იუსტიციის სამინისტროში ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს ინსტიტუტი შექმნილიყო. ცხადია, რომ მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა ე.წ. ძალოვან სტრუქტურებში და „ქართული ოცნების“ ანტილიბერალურ ნაწილში (მაშინ ჯერ არსებობდა ლიბერალური ნაწილიც). ბოლოს მაინც გაიმარჯვა ამ იდეამ. თუმცა, რატომღაც იმ პირობით, რომ ეს ინსტიტუტი პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის ინსტიტუტს შეერთებოდა, რაც არ იყო მთლად სწორი იდეა, მაგრამ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა იმდენად საშური საქმე იყო, რომ ეს უცნაურობა დიდად საქმეს ვერ გააფუჭებდა.

ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ამ ახალ გაერთიანებულ ინსტიტუტს უხელმძღვანელებდა ლონდა თოლორაია - ერთ-ერთი მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალთაგანი, ვისაც კი ვიცნობდი პროკურატურაში.

კიდევ უფრო მოხარული დავრჩი, როდესაც ლონდამ საქმით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია დამოუკიდებელი, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში მყოფთ ეს შეიძლება ძალიან არ მოეწონოთ. სწორედ ეს არ აპატიეს. სწორედ იმიტომ ანადგურებენ ამ ინსტიტუტს, რომ პირადად ლონდას გაუსწორონ ანგარიში. ეს ცხადზე უცხადესია. კი ცდილობენ ახსნან, რომ ორი სხვადასხვა ფუნქცია ერთ ინსტიტუტში არ უნდა იყოსო, ამას ენჯეოებიც ამბობდნენო, მაგრამ აქ სულელი არავინაა. მთავარი ის არის, რომ ახლა ლონდა და მისი აპარატი გაუშვან, თორემ მერე „შეცდომას" აღარ დაუშვებენ და გაყოფილ ინსტიტუტებში ორივეგან ისეთ „სანდო" კადრებს დანიშნავენ, რომელთაგან მხოლოდ უსიტყვო მორჩილებას მიიღებენ. „ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის აკრძალული არაფერია. და რაც ასევე აღსანიშნავია, ამას აკეთებენ ისევ დაჩქარებული წესით - 2-3 დღეში, და ისევ ახალი წლის წინა დღეებში, როდესაც ჩვენი ფიქრები საახალწლო სუფრის ირგვლივ ტრიალებს“, - წერს ალექსანდრე ბარამიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება და ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა, ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს ხვალ წარედგინება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა