ეს არის პირდაპირი ანგარიშსწორება დამოუკიდებელი ინსტიტუტის მისამართით, რომელმაც შეძლო და ამ ძალიან რთულ პოლიტიკურ რეალობაში დაასაბუთა და დაადასტურა მისი მიუკერძოებლობა,- ამის შესახებ „ღია საზოგადოების ფონდის“ ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორმა, სოფო ასათიანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, არგუმენტი იმის თაობაზე, რომ არასამთავრობო სექტორი ითხოვს ინსპექტორის სამსახურის ფუნქციების გამიჯვნას, სიმართლეს არ შეესაბამება.
„არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ჩვენ კითხვის ნიშნები საერთოდ არ გვაქვს, მით უფრო, რომ დღეს თავად ლონდა თოლორაიამ დაადასტურა, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის პირდაპირი ანგარიშსწორება დამოუკიდებელი ინსტიტუტის მისამართით, რომელმაც შეძლო და ამ ძალიან რთულ პოლიტიკურ რეალობაში დაასაბუთა და დაადასტურა მისი მიუკერძოებლობა, იქნებოდა ეს სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმეები, ლექსო ლაშქარავას შემთხვევა თუ მრავალი სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქმე. არგუმენტი იმის თაობაზე, რომ არასამთავრობო სექტორი ითხოვს ამ ფუნქციების გამიჯვნას, არ შეესაბამება სიმართლეს. ასეთი არგუმენტი არსებობდა 2018 წელს, სანამ მექანიზმი შეიქმნებოდა, თუმცა ბოლო წლის მონაცემებით, ჩვენ სპეციალურად ჩავატარეთ კვლევა ეფექტურობასთან დაკავშირებით, როგორ მუშაობს მექანიზმი, საიდანაც ცხადად გამოიკვეთა, რომ არანაირი ინტერესთა კონფლიქტი, ან ხარვეზი მექანიზმის მუშაობაში არ აქვს. ერთადერთი ნაკლი, რასაც არასამთავრობო სექტორი, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ და მოუწოდებენ მთავრობას, ეს არის მეტი ფუნქციების მინიჭება მექანიზმისთვის იმიტომ, რომ რეალურად საგამოძიებო ფუნქცია დღეს ექვემდებარება პროკურატურის მხრიდან კონტროლს, რაც ხელს უშლის ინსპექტორს თავისი ფუნქციების სრულად შესრულებაში“, - განაცხადა სოფო ასათიანმა.