ნიკოლოზ ხატიაშვილი ამერიკელი სენატორების რობ პორტმანის და ჯინ შაჰინის მიერ წარმოდგენილ 4-პუნქტიან სტრატეგიას აფასებს

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ არარეზიდენტი მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილი სენატორების რობ პორტმანის და ჯინ შაჰინის მიერ წარმოდგენილ 4-პუნქტიან სტრატეგიას აფასებს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილის განცხადებით, გამოქვეყნებულ დოკუმენტში აშშ-ის სენატორების რობ პორტმანის და ჯინ შაჰინის მიერ წარმოდგენილ 4 პუნქტიან სტრატეგიაში, ნათლად არის ასახული ყველა ის საჭირო ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაკავებლად.

მისივე შეფასებით, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აშშ-მ მეტად უნდა გააძლიეროს უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები და მიაწოდოს მათ ისეთი შეიარაღება, რომელიც მოიცავს ანტისაზენიტო, ანტისატანკო, და გემსაწინააღმდეგო სისტემებს, რაც რეალურად შეაკავებს რუსეთს დონბასში სრულმასშტაბიანი შეჭრისგან.

ხატიაშვილის ინფორმაციით, სენატორები მოუწოდებენ აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას, გერმანიის ახალ მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობისკენ, რათა შეჩერდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ -ს ექსპლუატაციაში შესვლა, რაც რეალურად გამოიწვევს რუსეთის გავლენის შემცირებას მთლიანად ევროპაზე.

მისივე თქმით, საყურადღებოა, რომ სენატორები ხაზს უსვამენ მინსკის შეთანხმების მნიშვნელობას და მოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ყველა იმ მცდელობის ჩახშობისკენ, რომელიც მიმართული იქნება მინსკის შეთანხმების გვერდის ავლით, დონბასზე უკრაინის კონტროლის დათმობისკენ. მნიშვნელოვანია, რომ მიმართვაში ხაზგასმულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ისინი აღნიშნავენ, რომ რუსეთი უკრაინაში, როგორც საქართველოში, ცდილობს ოკუპაციის გამართლებას სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერის გზით.

„აშშ-ის პოლიტიკური ელიტა კარგად აცნობიერებს, რომ რუსეთის სტრატეგიული მიზანია საბჭოთა კავშირის მოდელის რეინკარნაცია და აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების პრევენცია, რისთვისაც ის მეზობელ ქვეყნებზე თავისი გავლენის გასაძლიერებლად ყველა ბერკეტს იყენებს. საქართველო და უკრაინა დარჩა უკანასკნელი დასაყრდენი, რომელიც რეგიონში ნატოს ღირებულებების ერთგულია და ყოველდღიურ რეჟიმში ებრძვის ოკუპანტი რუსეთის დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებს. აშშ-მ და ევროპამ უნდა გაზარდოს საქართველოსა და უკრაინის სამხედრო თუ სხვა სახის მხარდაჭერა, და გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც გააძლიერებს მათ როლს შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში და ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინის ნატოში სრულფასოვან წევრობას. ყველა ეს ქმედება რეალურად ხელს შეუშლის რუსეთის ფედერაციას თავისი სტრატეგიული ამოცანების მიღწევაში,“ - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა