მამუკა გამყრელიძე - „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიულ მმართველობასთან აღარაფერი აკავშირებს

„ქართული ოცნება” კლასიკურ ავტოკრატიულ რეჟიმად ჩამოყალიბდა. ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, ხისტი დამოკიდებულება სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ, გახშირებული ანგარიშსწორება პოლიტიკურ ოპონენტებზე - ეს არის ავტოკრატიული მმართველობის ნიშნები. სამწუხაროდ, ოპოზიციას არ შესწევს ძალა, წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლების ავტოკრატიულ ნაბიჯებს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მამუკა გამყრელიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიულ მმართველობასთან აღარაფერი აკავშირებს.

„სახეზეა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს კრიზისი და ჩავარდნა ყველა მიმართულებით, როგორც ფედერალურ დონეზე, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებში. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდება ერთპიროვნულად, ყოველგვარი განხილვის და კონსულტაციების გარეშე, ასეთ მმართველობას დემოკრატიასთან არაფერი საერთო არ აქვს.

მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საკითხების განხილვა არ უნდა ხდებოდეს ერთპიროვნულად. ამისი მაგალითია ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, ამ თემის განხილვა არ ყოფილა არც პარლამენტში, არც საერთაშორისო პარტნიორებთან. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სამსახური „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ჩამოყალიბდა, რაც სწორი და სასარგებლო გადაწყვეტილება იყო, თუმცა თავიდანვე ამ აპარატის შექმნა ორი უწყების გაერთიანებით მოხდა შეუთანხმებლად, დაჩქარებული წესით. ის პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, მიუღებელია იმის გამო, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდა „ქართული ოცნების“ მიერ ერთპიროვნულად, თუმცა ამ სამსახურის გაყოფა კომპეტენციების მიხედვით, არ არის ცუდი.

სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი კეთდება ერთი ადამიანის სურვილის მიხედვით. იგივე შეიძლება ითქვას, კადრების შერჩევასთან დაკავშირებით. როდესაც ერთი სრულიად მოუმზადებელი მინისტრი ტოვებს პოსტს და მისი ჩანაცვლება ხდება ადამიანით, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით, მით უფრო ჯანდაცვისთვის ასეთ კრიტიკულ პერიოდში, სრულიად გაუმართლებელია.

ბოლო დროს ძალიან გახშირდა ანგარიშსწორება პოლიტიკურ ოპონენტებზე, მაგალითად, ძალიან სამწუხარო შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროში. ერთპიროვნული, ავტოკრატიული გადაწყვეტილებები, ხისტი დამოკიდებულება სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, მოსამართლეთა დანიშვნის ერთპიროვნული წესი - ეს არის ავტოკრატიული ხელისუფლების ნიშნები, რაც უფრო და უფრო გვაკარგვინებს საერთაშორისო პარტნიორების ნდობას. ამის შესახებ ჩვენ უკვე ბევრჯერ შეგვახსენეს, მათ შორის ნატოს გენერალურმა მდივანმაც განაცხადა, რომ საქართველო პოლიტიკურად არ შეეფერება ნატოს სტანდარტს.

„ქართული ოცნება“ უფრო და უფრო ემსგავსება წინამორბედ ხელისუფლებას, მისი მმართველობის ბოლო პერიოდში. სწორედ მათ ახასიათებდათ ასეთი დამოკიდებულება სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. მეთოდები, რომლითაც დღეს „ქართული ოცნება“ მოქმედებს არაფრით განსხვავდება იმ მეთოდებისგან, რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლო წლებში, შესაბამისად, ეს შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ვითარება, როცა „ქართული ოცნება“ მმართველობის დასასრულის დასაწყისს მიუახლოვდა. დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალი ხელისუფლება აუცილებლად კოალიციური იქნება“, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი