„ლელო“ პარლამენტს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის საკუთარ ვარიანტს სთავაზობს

„ლელო“ პარლამენტს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის საკუთარ ვარიანტს სთავაზობს. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, „ლელო“ აღნიშნულთან დაკავშირებით თავის ხედვას წარადგენს.

„ამნისტიის შესახებ" პროექტი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ მოამზადა, რომლის განხილვის პირველი მოსმენა დღეს გაიმართება. კანონპროექტი გულისხმობს, რომ „ამნისტიის შესახებ" პროექტის მიღების შედეგად, ყველა პირს, რომლებიც 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში პატიმრობაში ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სტატუსით იმყოფებოდა და რომლებსაც "პატიმრობის კოდექსით" გარანტირებული ხანმოკლე პაემნის უფლება შეეზღუდათ, პატიმრობაში ყოფნის ერთი დღე ჩაეთვლება სასჯელის მოხდაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობაში ყოფნის 4 დღე: სასჯელის მოხდის 5 დღე.

ამასთან, როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, კოვიდამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა ადამიანზე, თუმცა, გამონაკლისი დანაშაულების მიმართ მეტი სიფრთხილეა საჭირო.

„თუ რამეს უნდა ვიხილავდეთ ახლა წინასაახალწლო დღეებში, ნამდვილად კოვიდამნისტიაა ის თემა. რაც შეეხება ჩვენს ხედვას ამასთან დაკავშირებით, მე შევაჯამებ „ლელოს“ ალტერნატიულ ხედვას თქვენს ხედავასთან. დღეს საკამათო არავისთვის არის, რომ კოვიდით გამოწვეული სიტუაცია არა მხოლოდ პატიმრებისთვის, მაგრამ ყველაზე მეტად მათთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის იყო ძალიან მძიმე. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ეს მძიმე ტვირთი დააკომპენსიროს. „ლელო“ მიემხრობა ფორმულას, რომ ყველა პატიმარს რაღაც მინიმუმი შეეხოს. ის ვერსია, რომელიც თქვენ გაქვთ შემოთავაზებული, ბატონო მიხეილ, ვფიქრობ, საჭიროებს გაზრდას. მე დავაყენებდი საკითხს 5-6 თვის პერიოდზე, თუ გავყვებით ფორმულის ლოგიკას 4=5, იმ პერიოდზე, როდესაც მათ ხანმოკლე პაემნები ჰქონდათ შეზღუდული, როდესაც ხანგრძლივი პაემანიც შეზღუდული აქვთ, ასევე ამანათები, რესოციალიზაციის პროგრამა ვერ მუშაობს, ან შეფერხებით მუშაობს და ვერც მონიტორინგი ხორციელდება, გავალთ 5-6 თვეზე და ეს უნდა გავრცელდეს ყველაზე, რადგან ჩვენ თუ ვსაუბრობთ კოვიდ ამნისტიაზე, აქ გამონაკლისის დაწესება გარკვეუწილად ალბათ ლოგიკას შეასუსტებს.

არსებობს დანაშაულების კატეგორია, სადაც ჩვენ გვმართებს ვიყოთ ფრთხილები. მაგალითად, ოჯახური დანაშაულები, როდესაც პატიმრის სახლში დაბრუნებამ შეიძლება იმ მსხვერპლთან, რომლის მიმართ ჩადინილი დანაშაულის გამო სასჯელს იხდის, მსხვერპლი დააყენოს კონკრეტული, მყისიერი, ძალიან რეალური რისკის წინაშე და განმეორდეს დანაშაული. ვემხრობი, რომ რაღაც შეღავათი, მათ შორის უვადო პატიმრებზეც, გავრცელდეს. დაკომპენსირდეს არა მხოლოდ ხანმოკლე, არამედ ხანგრძლივი პაემნებიც და სხვა უფლებების შეზღუდვაც. რაც შეეხება 2004 წლამდე მსჯავრდებულ პირებს, აქ ჩვენც გვაქვს კითხვები, ხომ არ შეიძლება რეალობის წინაშე დავდგეთ, თუ ძალიან არასწორს გავაკეთებთ. ამიტომ ამ ნაწილში მეტი სიცხადე გვჭირდება.

„ლელო“ მხარს დაუჭერს ყველა პატიმარზე გავრცელდეს რაღაც მინიმუმი, რომლისთვისაც ერთი თვე ძალიან ცოტაა, უნდა ვიფიქროთ მეტზე, ვიტყოდი 5-6 თვის პერიოდზე. რისკების დაზღვევის ვალდებულება გვქონდეს, მაგალითად, ოჯახური ძალადობა, ან არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული. ის, რა მინიმუმიც ყველაზე გავრცელდება, შევამციროთ, მაგრამ რაღაც ყველაზე გავავრცელოთ. რადგან ვსაუბრობთ კოვიდზე, რომელიც ყველას შეეხო, მან არ გამოარჩია ვინ რისთვის ზის ციხეში, მინიმალური ზღვარი ყველაზე მძიმე და რთული დანაშუალებისთვისაც ვიფიქროთ რა შეიძლება იყოს, თუნდაც ერთი თვე, თუმცა, ფართო წრეს შევახოთ 5-6 თვე, არა როგორც ჰუმანისტური მოქმედება სახელმწიფოს მხრიდან, არამედ როგორც სახელმწიფოს მხრიდან მათთვის წართმეული თუ უკიდურესად შეზღუდული უფლებების კომპენსირება.

ამის შემდეგ ასევე შემოგთავზებდით დამატებით კონკრეტული ჯგუფებისთვის, როგორიც არის არასრულწლოვნები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ორსული ქალები, ხანდაზმულობის ასაკს მიღწეული პირები და ასევე ქრონიკული და მძიმე დაავადების მქონე პირები. ჩვენ შემოთავაზებული გვაქვს გარკვეული ფორმულები, მაგრამ ერთ-ერთ დათქმად ჩადებული გვაქვს, თუ პირი არ არის ნასამართლევი, ამ ნაწილში ვფიქრობთ, რომ ჩვენ მივემხრობით იგივე ფორმულას და თუნდა, ნასამართლევი იყოს პირი, მაინც გავრცელდეს მასზე ის შეღავათები, რაც ჩვენი კანონპროექტით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამის საპასუხოდ მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ შესაძლებელია მათი ვერსიების შეჯერება და ერთ, კონკრეტულ კანონპროექტად გატანა.

„შემოთავაზება გვექნება ასეთი: ყველა ის საკითხი, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ამაზე შესაძლებელი იქნება ჩვენი შეჯერებული ვერსიის წარდგენის შემთხვევაში, დისკუსია მეორე მოსმენის ეტაპზე. საჯაროდ შემიძლია ვთქვა, რომ ყველა იმ დისკუსიისთვის არსებითად მზად ვართ, ერთად შევაჯეროთ პოზიცია. ამას დისკუსია სჭირდება და ამის შესაძლებლობას ორივე პროექტი იძლევა. გთავაზობთ, რომ ჩვენი პროექტი წარდგენილი იქნას, როგორც შეჯერებული ვერსია იმისთვის, რომ ორი კენჭისყრა და ორი პარალელური პროცესი არ დაგვჭირდეს. ყველას რომ შეეხოს ეს მიდგომა, გამონაკლისების გამოყენების მიზანშეწონილობა, რაზე გავრცელდეს გამონაკლისი და ა.შ. ამ პათოსით შევუდგებით მეორე მოსმენით მუშაობას და ვფიქრობ, ეს ნორმალური პროცედურაა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ანა ნაცვლიშვილის თქმით კი, ამ საკითხთაან დაკავშირებით სრული მზადყოფნა აქვთ.

„ყოველი დღე დავუთმოთ სამართლიან ბალანსს და მზად ვართ ამისთვის ყველა ფორმატში“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო