აკაკი მინაშვილი - ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც სწრაფად მიგვიყვანს იქამდე, რომ ქვეყანაში იქნება გარღვევა და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები - პოლიტიკური საბჭო დღეს ამ გეგმებთან დაკავშირებით იმართება

ვისმენთ ყველა მოსაზრებას, ვმუშაობთ ისეთ გეგმაზე, რომელიც სწრაფად მიგვიყვანს იქამდე, რომ ქვეყანაში იქნება გარღვევა და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ამიტომ, პოლიტიკური საბჭო დღეს, სწორედ ამ გეგმებთან დაკავშირებით იმართება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს იმ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა” დღეს, პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღებს.

„პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე რამდენიმე, ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ძალიან მწვავე საკითხია გადასაწყვეტი - ქვეყანა გამოსაყვანია რთული ვითარებიდან. ვხედავთ, რომ წინსვლის და განვითარების პერსპექტივა არ ჩანს ამ ვითარებისა და ამ ხელისუფლების პირობებში. ქვეყანაში არის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური დევნა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაშია. ამიტომ, ჩვენ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, პირველ რიგში, უნდა მოვახდინოთ მეტი ორგანიზება, მეტი თანმიმდევრული ნაბიჯები, იმისათვის, რომ ცვლილებები მოვახდინოთ, რათა ქვეყანას გაუჩნდეს წინსვლის და განვითარების შანსი. პირველ რიგში, ამისათვის საჭიროა დასრულდეს პოლიტიკური დევნა, უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო, დამოუკიდებელი პროკურატურა, სუს-ი უნდა გაუქმდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც არის და ჩატარდეს არჩევნები. ამისათვის მნიშვნელოვანია პარტიული აქტივობა, ჩვენი მოქალაქეების მობილიზაცია.ამ დღეების განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობა” ვაანალიზებთ ყველა იმ გამოცდილებას, რაც გვქონდა შარშან, მათ შორის, იმ ხარვეზებს რაც შეიძლება ყოფილიყო", - აცხადებს მინაშვილი.

ამასთან, როგორც მან განმარტა, პარტიაში ცვლილებები არ იგეგმება.

„ასევე, მინდა, საზოგადოების იმ წევრებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც გუშინ ავრცელებდნენ, რომ თითქოს, ვინმე მიდის „ნაციონალური მოძრაობიდან“ - არა, არავინ მიდის „ნაციონალური მოძრაობიდან”, არავინ ტოვებს რაიმე სახის თანამდებობას. პირიქით, ძალიან მკაფიოა ჩვენი პოზიცია, ვერთიანდებით მეტი შემართებით, მეტი ორგანიზებულობით", - აცხადებს აკაკი მინაშვილი.

მისი თქმით, დღევანდელ ვითარებაში ყველაზე ეფექტურ პოლიტიკურ იარაღად რჩება მანიფესტაციები, აქციები და პროტესტის ფორმები, რომელიც მისივე თქმით, იქნება სხვადასხვაგვარი და მრავალფეროვანი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს