ნათია მეზვრიშვილი - „ოცნებაში“ ჩირგვებში იმალებიან, არ ჰყოფნით გამბედაობა, რომ გამოვიდნენ და ქვეყანაში არსებულ პრობლემებს თვალი გაუსწორონ - კომენტარს აკეთებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც სააკაშვილი რაღაცას იტყვის ან „დაპოსტავს“

ღირსეული მერიაო იმაზე გვეუბნება, ვინც ოპონენტების მიმართ ყველაზე უღირსი წინასაარჩევნო კამპანია აწარმოა; ასევე იმ პრემიერზე გვეუბნება ღირსეულიო, რომელიც ამაყობდა იმით, რომ უმრავლესობის ნებით უმცირესობები დაჩაგრა; პარლამენტის ინსტიტუტი კი ბოლომდე დააკნინეს , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ერთწლიანი საქმიანობის შეჯამებას გამოეხმაურა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ საქართველოს ავტორიტარიზმისკენ მიაქანებს, დემოკრატიის სახელით.

„განცხადება, რომ მმართველი გუნდი იცავს ეროვნულ ინტერესებს, ეს მაღალფარდოვანი სიტყვები, ტყუილია. „ოცნება“ დღეს საშიშროების შემცველი ყველაზე მეტად იმიტომაა, რომ დემოკრატიის გზაზე ქვეყანას ავტორიტარიზმისკენ მიაქანებს, დემოკრატიის სახელით. მსოფლიო ისტორიებს რომ გადავხედოთ, როგორ მოხდა დემოკრატიის უკუსვლა, ნათელი მაგალითებია კანონის სახელით უკანონობის კეთების და დემოკრატიის სახელით ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმის.

ღირსეული მერიაო, იმაზე გვეუბნება, ვინც ოპონენტების მიმართ ყველაზე უღირსი წინასაარჩევნო კამპანია აწარმოა. ასევე იმ პრემიერზე გვეუბნება ღირსეულიო, რომელიც ამაყობდა იმით, რომ უმრავლესობის ნებით უმცირესობები დაჩაგრა. ასევე ფარსია და მოჩვენებითია გუბერნატორებისთვის მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ზრუნვის დავალება. გუბერნატორების ფუნქცია აბსოლუტურად სხვაა. დეცენტრალიზაციის პირობებში, სადაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტი გყავს, თუ გინდა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე იზრუნო, ნება უნდა იბოძო.

პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარეო - პერსონალიებსაც არ შევეხები. პარლამენტის ინსტიტუტი ბოლომდე დააკნინეს, ერთი წლის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე ორჯერ შეგვეცვალა ისე, რომ ვალდებულად არ ჩაუთვლიათ თავი, რომ პარტიის თავმჯდომარე ან ვინმე პასუხისმგებელი პირი გამოსულიყო და მიზეზებზე ესაუბრა. კრიზისი აღმოვფხვერითო - კრიზისშია ადგილობრივი მუნიციპალიტეტები „ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გამო, რადგან ერთპიროვნულ ძალაუფლებას ვერ ელევიან“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილმა ასევე ისაუბრა თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემების თაობაზე ხელისუფლების გადაწყვეტილებები პოპულისტური და გაუაზრებელია.

„თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება და გააზრებული სტრატეგია ხელისუფლებას არ გააჩნია. სოციალურ საკითხებთან დაკავშირებითაც ხშირად ვხედავთ პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაუაზრებელ, პოპულისტურ გადაწყვეტილებებს - თვითონ ასეთი წარმოდგენა აქვთ, რომ ამ ყველაფერს შესაძლოა მოკლევადიანი პოლიტიკური ეფექტი ჰქონდეს. ასეთია მედიკამენტებთან ან აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები. ეს პოლიტიკური ძალა ამ ყველაფრის ახსნას ცდილობს იმით, რომ სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე აქვს გავლენა და ამ ყველაფერს აკეთებენ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. რეალურად თითოეული ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგა, გაუაზრებელი იყო. არ იყო საჯარო, სააშკარაოდ გამოტანილი ფართო დისკუსიის საგანი“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, შემაშფოთებელია, როგორ უდგება „ქართული ოცნება“ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს“.

„ეს ადამიანები ან იტყუებიან, ან სადღაც ჩირგვებში იმალებიან, დახურულ კარს მიღმა. არ ყოფნით იმის გამბედაობა და კომპეტენცია, რომ გამოვიდნენ და ქვეყანაში არსებულ პრობლემებს თვალი გაუსწორონ. როდის ნახეთ ბოლოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული ადეკვატური განცხადება?! დღის საინფორმაციო მიმოხილვას თვალი რომ ვადევნოთ, ვნახავთ, რომ „ოცნების“ წარმომადგენლები გამოდიან და კომენტარს აკეთებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი რაღაცას იტყვის ან „ფეისბუქზე“ დაპოსტავს“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქმიანობის ერთ წელი შეაჯამა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი დასრულდა. მისივე თქმით, „ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერი, ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, ღირსეული დედაქალაქის მერი და მმართველი გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა