გიორგი კაჭარავა - უკრაინის ირგვლივ დაძაბულობა სცდება ამ ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბებს და წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევას, რომელსაც ამა თუ იმ ფორმით სხვა ქვეყნებზე გავრცელების პოტენციალი აქვს

აშშ-რუსეთის, ნატო-რუსეთის, ეუთო-რუსეთის ურთიერთობების პრობლემურ საკითხებზე, უკრაინა-რუსეთს შორის პროცესების განვითარების სავარაუდო სცენარებზე, ასევე იმაზე, რა კორექტივებს შეიტანს ლონდონ-ვარშავა-კიევის უსაფრთხოების ახალი ღერძი ევროპული უსაფრთხოების სისტემაში, „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, 2012-2014 წლებში ყირგიზეთში ეუთო-ს მისიის ინსტიტუციური განვითარების ცენტრის ყოფილ უფროსს, 2014- 2021 წლებში კოსოვოში ეუთო-ს რეგიონული ცენტრის ყოფილ დირექტორს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, ვაშინგტონ-მოსკოვს, ნატო-რუსეთსა და ევროპა-რუსეთს შორის გაურკვეველი ურთიერთობები საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარ თემად რჩება.

მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინის საზღვართან კრიზისი ხელოვნურად შექმნა, ომის დაწყების შანტაჟის ფონზე დასავლეთს თავისი ულტიმატუმი წაუყენა, საკმაო დრო გავიდა. არც ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგაც, რაც კრემლმა თეთრი სახლისგან წერილობითი პასუხი მიიღო უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ამერიკა-ნატო-ევროპის პასუხი რომ მოსკოვს არ მოეწონა, არ დაუმალავს და რამდენიმე დღეში პასუხის პასუხი თავად მიწერა ამერიკელებს. რუსულ წერილზე დასავლეთში ბევრი არც უსაუბრიათ, მაგრამ თუ ამ თემაზე პუტინ-ლავროვის კომენტარებს გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ რუსულ პოზიციებში არანაირი ცვლილებები არ მომხდარა, მაგრამ ფაქტია, რომ რიტორიკა აშკარად შეცვლილია.

ახლა, ვხედავთ, რომ რუსული პოლიტიკის პირველი ეშელონის სტრატეგებისა და კრემლს დაქვემდებარებული პროპაგანდის საშუალებების მთავარი გზავნილი ასეთია - აშშ სურდა რუსეთი ჩაბმულიყო უკრაინასთან ომში, მაგრამ ჩვენ ისეთი სულელები არ ვართ, ამ პროვოკაციას წამოვეგოთო.

რადგან ვაშინგტონ-მოსკოვს, ნატო-რუსეთსა და ევროპა-რუსეთს შორის მოლაპარაკებები უსაფრთხოების საკითხებზე პრაქტიკულად არც დაწყებულა და მათ შედეგებზე საუბარი შეუძლებელია, ჩვენ მხოლოდ იმაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, დღეისათვის რა ვითარებაა.

მას შემდეგ რაც მოსკოვმა ვაშინგტონის წერილს წერილობითვე უპასუხა, თქვენ როგორ შეაფასებდით იმ ვითარებას, რომელიც დღეისათვისაა ჩამოყალიბებული ერთი მხრივ ვაშინგტონ-მოსკოვს, მეორე მხრივ ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის?

- უკრაინის ირგვლივ არსებული ესკალაცია განპირობებულია სავარაუდოდ მოსკოვის თვითდარწმუნებით რომ დღეს არსებული მოცემულობა წარმოადგენს საუკეთესო მომენტს რათა დასავლეთისგან და უპირველეს ყოვლისა აშშ-გან, მიიღოს ე.წ. „უსაფრთხოების გარანტიები“.

აღნიშნული „გარანტიები“ ძირითადად მდგომარეობს ერთის მხრივ ნატოს ალიანსის გაფართოებაზე უარის თქმაში, და მის ახლო სამეზობლოში განლაგებული ქვეყნებზე ექსკლუზიური გავლენის სფეროდ აღიარებაში. აღნიშნული რუსეთის ფედერაციის ოფიციალურმა პირებმა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ჩათვლით, არაერთხელ ღიად გაუჟღერებიათ საერთაშორისო დონეზე.

მაგრამ, გასული წლის დეკემბრის თვეში გამოქვეყნებულმა ორმა დოკუმენტმა, ულტიმატუმის ფორმით კომუნიკაციამ რუსეთის მხრიდან, უბიძგა დასავლურ მოკავშირეებს მკაცრად და სერიოზულად უპასუხონ ამ გამოწვევას. ამ ვითარებამ თავის მხრივ აჩვენა დასავლური სამყაროს ნება სასწრაფოდ უზრუნველყონ უკრაინის თავდაცვითი პოტენციალის ამაღლება და უზრუნველყოფა.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული დოკუმენტების გამოქვეყნებას წინ უძღოდა რუსეთის სამხედრო ძალების უპრეცედენტო კონცენტრაცია უკრაინის საზღვრების მთელს პერიმეტრზე. ეს პროცესი ჯერაც არ დამთავრებულა და ჩვენ მომსწრენი ვართ რუსეთის დამატებითი სამხედრო ძალების გადასროლისა უკრაინის საზღვრებისკენ. ამით ნათლად გამოაშკარავდა, რომ გამყოფი ხაზი რუსეთსა და დასავლეთს შორის დღეს სწორედ უკრაინის საკითხზე გადის.

ამჯერად დასავლური სამყარო და მისი ლიდერი აშშ არ დაუშვებენ უკრაინის, როგორც სახელმწიფოს ფრაგმენტაციას, განსხვავებით 2014 წლისა როდესაც დასავლეთი აშკარად მოუმზადებლად შეხვდა მოვლენებს უკრაინაში, და ვერ მოახდინა სათანადო რეაგირება ყირიმის ანექსიის ფაქტზე

როგორც ცნობილია აშშ-ს და ნატო-ს წერილობით პასუხში, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობას გაეგზავნა გასულ კვირას, პრაქტიკულად უარყოფილია რუსეთის მიერ წამოწეული ძირითადი მოთხოვნები. ასეთ ვითარებაში ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტაკებების ალბათობა აშკარად იზრდება.

ისიც ცხადია, რომ დასავლეთის ზოგიერთმა სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება მოამარაგოს უკრაინა თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო და სხვა შეიარაღებით. ამდაგვარი დახმარება და მისი ინტენსიურობა ცხადყოფს რომ ამჯერად დასავლური სამყარო და მისი ლიდერი აშშ არ დაუშვებენ უკრაინის, როგორც სახელმწიფოს ფრაგმენტაციას, განსხვავებით 2014 წლისა როდესაც დასავლეთი აშკარად მოუმზადებლად შეხვდა მოვლენებს უკრაინაში, და ვერ მოახდინა სათანადო რეაგირება ყირიმის ანექსიის ფაქტზე.

- მიუხედავად იმისა, რომ კრიზისის დასრულებამდე ჯერ შორსაა და არც იმის კონტურები ჩანს, აქტუალური თემაა, 2021 წლის ბოლოს რატომ გადაწყვიტა რუსეთმა ვაშინგტონსა და დასავლეთზე მიეტანა იერიში.

ამის მიზეზად რუსეთის საშინაო პოლიტიკაში არსებული ვითარება, პოლიტელიტაში პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსის დარღვევა სახელდება, თუმცა, გაუგებარი რჩება, სავარაუდოდ, ვის სასარგებლოდ შეიძლება შეცვლილიყო რუსულ პოლიტელიტაში ძალთა ბალანსი.

რატომ გადაწყვიტა რუსეთმა 2021 წლის ბოლოს ვაშინგტონზე და დასავლეთზე იერიშის მიტანა და დასავლეთისათვის ულტიმატუმის წაყენება?

- ამ კითხვაზე არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი. ცხადია, რომ რუსეთი წლების განმავლობაში ძლიერდება დიდწილად მოახდინა თავისი სამხედრო ძალების გადაიარაღება და გათანამედროვება. აგრეთვე დახვეწა ე.წ. ჰიბრიდული ომის ტაქტიკა და სტრატეგია, რომლის ავტორი გახლავთ არმიის გენერალი ვიტალი გერასიმოვი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი.

ასევე საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზე რუსეთი საკმაოდ აქტიურობდა, იგულისხმება სხვადასხვა მისთვის მომგებიანი ბლოკებისა და კავშირების შესაქმნელად და გასაძლიერებლად. ასეთებია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება ჩინეთთან, ირანთან და ასე შემდეგ.

გარდა ამისა, რუსეთმა გადაწყვეტილება მიიღო პირდაპირ სამხედრო ძალების მეშვეობით ჩაერიოს სირიასა და ლიბიაში მიმდინარე კონფლიქტებში. ამით ის დემონსტრაციულად აცხადებდა პრეტენზიას გლობალური სიძლიერის მქონე სახელმწიფოს სტატუსზე.

ამავდროულად მიმდინარეობდა კიბერ სფეროში ძალების მოსინჯვა, საინფორმაციო დივერსიების მოსაწყობად. აგრეთვე მედია სფეროში აქტიური ღონისძიებების ჩასატარებლად, რომელსაც ხშირად პროპაგანდისტულ ომსაც უწოდებენ. ყველაფერმა ამან ერთობლიობაში შექმნა განცდა, რომ რუსეთი, საბჭოთა კავშირის მსგავსად, ბრუნდება მსოფლიო ასპარეზზე, როგორც ძლიერი მოთამაშე.

უდიდესი ბიძგი მიმდინარე პროცესებს მისცა ავღანეთიდან ამერიკული და მოკავშირეების ჯარების გაყვანამ. ამ მოვლენებმა და ტალიბანის ავღანეთში გაბატონებამ, შექმნა განცდა რომ დასავლეთი და მისი ძალა დაკნინებულია.

უდიდესი ბიძგი მიმდინარე პროცესებს მისცა ავღანეთიდან ამერიკული და მოკავშირეების ჯარების გაყვანამ. ამ მოვლენებმა და ტალიბანის ავღანეთში გაბატონებამ, შექმნა განცდა რომ დასავლეთი და მისი ძალა დაკნინებულია

ამიტომ დასავლეთი არ და ვერ შეეჭიდება რუსეთს ამ მოცემულ ეტაპზე ხსენებული ულტიმატუმის მოთხოვნების შესრულებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გათვლა ალბათ იყო იმაზე, რომ ამ ვითარებაში დასავლეთისგან დათმობა სავსებით შესაძლებელია.

აღნიშნულ განცდას ალბათ კიდევ ამყარებდა ის ფაქტორი რომ, რუსეთმა მოახერხა ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა, და ამით მიაბა ევროპული სახელმწიფოები მისი ენერგომატარებლების მიწოდებას.

როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს დასრულდა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს მშენებლობა, რომელიც, მიუხედავად სერტიფიცირების არ ქონის, მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა ევროპის ენერგომომარაგების მომარაგების საკითხში.

ამ გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ, საგრძნობლად შემცირდა რუსეთის გაზის გატარება უკრაინის ტერიტორიაზე არსებული მილსადენებით. ამან თავის მხრივ შექმნა მკვეთრი დეფიციტი ბუნებრივი გაზის ევროპაში, რამაც გააოთხმაგა მისი ფასი ბაზარზე.

უნდა ითქვას რომ მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსეთის მხრიდან არსებული ვითარებისთვის მზადებაში არის უზარმაზარი სავალუტო რეზერვების დაგროვება. აღნიშნული რეზერვები 600 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. ამ ოდენობის რეზერვების ქონა რუსეთისათვის საკმაოდ სერიოზული მარაგია მოსალოდნელი სანქციების დაწესების შემთხვევისთვის, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ეკონომიკურ დაღმასვლას.

რუსეთის მხრიდან არსებული ვითარებისთვის მზადებაში არის უზარმაზარი სავალუტო რეზერვების დაგროვება. აღნიშნული რეზერვები 600 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. ამ ოდენობის რეზერვების ქონა რუსეთისათვის საკმაოდ სერიოზული მარაგია მოსალოდნელი სანქციების დაწესების შემთხვევისთვის, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ეკონომიკურ დაღმასვლას

ასეთ ვითარებაში არსებული რეზერვები უდავოდ მოემსახურება კრიზისული სიტუაციის ზემოქმედების შემსუბუქებას.

- კოლექტიურ დასავლეთი ამერიკის ჩათვლით რუსეთთან მიმართებაში კარგა ხანს იყო ილუზიის ტყვეობაში. მცდარი აღმოჩნდა რუსეთთან მიმართებაში არჩეული დათმობებისა და შეკავების სტრატეგიის პოლიტიკა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მას შემდეგ, რაც კრემლმა დასავლეთს საერთაშორისო ურთიერთობების 10 მთავარი პრინციპი თავზე გადაახია, 2014 წელს გაატარა ყირიმის ანექსია, კრემლის სტრატეგებმა ჩათვალეს, რომ ოპონენტები ისე დასუსტდნენ, რომ ახლა შეეძლო მათზე თავდასხმა. უფრო სწორად უკრაინაში ომის დაწყების შანტაჟით მიეღო ის, რასაც სსრკ-ს დაშლის ოცნებობდა - პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის აღდგენა.

„უკრაინულმა კრიზისმა“ აჩვენა, რომ მიუხედავად ბევრ საკითხებში აზრთა სხვადასხვაობისა, უკრაინის გამო დასავლეთი კრემლს კონსოლიდირებული ერთიანობით დაუპირისპირდა. აშშ-მ, ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა უკრაინას იმ მასშტაბის სამხედრო დახმარება აღმოუჩინეს, რომ რუსეთმა მართლა რომ დაიწყოს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი, ფაქტია, რომ იგი რუსეთისთვის იოლი გასეირნება არ იქნება და რა შედეგით დასრულდება, კიდევ საკითხავია.

ისეთი პირი უჩანს, რომ კრემლის სტრატეგებმა დასავლეთთან მიმართებაში აშკარად გაუთვლელი ნაბიჯები გადადგეს. თქვენი დაკვირვებით რა ვერ გათვალა რუსეთმა?

- ვფიქრობ რომ რუსეთის ხელმძღვანელობა არ ელოდა დასავლეთის ასეთ ერთიანობას არც უკრაინის საკითხზე, ისევე როგორც ნატოს გაფართოებაზე. გარდა ამისა აშკარა სიურპრიზი იყო რუსეთისთვის ამერიკის, ბრიტანეთის და უკრაინის სხვა მეგობრების მხრიდან მყისიერი სამხედრო დახმარების გამოგზავნა.

ამან რეალურად მოკლე დროში და რაც მთავარია ხარისხობრივად შეცვალა უკრაინის სამხედრო ძალების ბრძოლის უნარიანობის დონე. გარდა ამისა, ვფიქრობ „უმკაცრესი სანქციები“ რომელიც დასავლეთმა და აშშ ღიად გააჟღერეს, როგორც ჩანს, აღემატება რუსეთის მოლოდინებს.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ვფიქრობ რომ „გაზის ომის“ ვითარებაში რუსეთი ვერ იფიქრებდა რომ აშშ გამოაგზავნიდა ათეულობით გაზით დატვირთულ ტანკერს, ევროპაში შექმნილი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად და გაზზე გაოთხმაგებული ფასების დასარეგულირებლად.

რაც შეეხება სამხედრო რესურსებს, დასავლეთმა მიმართა უკრაინისკენ გარკვეული რესურსები, რომელიც ადრე „დაკავებული“ იყო ავღანეთში. ეს პირველ რიგში ეხება საჰაერო და სატელიტურ დაზვერვის საშუალებებს. ამის გამო დასავლელ მოკავშირეებს გაცილებით უკეთესად აქვთ აწყობილი ინფორმაციის შეგროვება და მისი შემდგომი ანალიზი რეალურ დროში.

შესაბამისად წმინდა სამხედრო თვალსაზრისით რუსეთმა პრაქტიკულად დაკარგა მოულოდნელი მოქმედების უპირატესობა, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო 2008 წელს საქართველოსთან მიმართებაში, ისევე როგორც 2014 წელს ყირიმსა და დონბასში.

სამხედრო თვალსაზრისით რუსეთმა პრაქტიკულად დაკარგა მოულოდნელი მოქმედების უპირატესობა, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო 2008 წელს საქართველოსთან მიმართებაში, ისევე როგორც 2014 წელს ყირიმსა და დონბასში

ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ საკითხში ალბათ არის ჩინეთი, და მისი პოზიციონირება აღნიშნულ საკითხზე. მოგეხსენებათ რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გაცხადებული ერთ-ერთი უმთავრესი პოლიტიკური ამოცანა იყო ჩინეთის ექსპანსიის შეჩერება.

როგორც ჩანს, ამან შექმნა განწყობა რუსეთის პოლიტიკურ წრეებში, რომ ასეთი დიდი და მასშტაბური ამოცანის წინაშე მდგომი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია გაცილებით უფრო დამთმობი იქნება უკრაინისა და ზოგადად აღმოსავლეთი ევროპის საკითხებთან მიმართებაში.

მეტიც, ბოლო წლების განმავლობაში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რუსეთი ცდილობს ჩინეთთან კავშირის დამყარებას აშშ-ის წინააღმდეგობის გასაწევად. ჩემი აზრით, მოცემულ ვითარებაში მოსკოვმა ბოლომდე ვერ გაითვალა ამერიკა-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების სიღრმე, და ალბათ ისიც, რომ დიდწილად ჩინეთი უყურებს რუსეთს როგორც დაღმავალ ძალას.

მოცემულ ვითარებაში მოსკოვმა ბოლომდე ვერ გაითვალა ამერიკა-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების სიღრმე, და ალბათ ისიც, რომ დიდწილად ჩინეთი უყურებს რუსეთს როგორც დაღმავალ ძალას

გარდა ამისა, შექმნილ ვითარებაში, პეკინს, როგორც ძალზედ პრაგმატულ მოთამაშეს, უნდა აწყობდეს აშშ-ს მხრიდან რესურსებისა და ყურადღების აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან, აღმოსავლეთ ევროპაზე, უკრაინასა და რუსეთზე გადატანა.

ეს მას ობიექტურად აძლევს საშუალებას განიმუხტოს დაძაბულობა, რომელიც ამ ბოლო დროს შეიქმნა ჩინეთსა და აშშ შორის. აგრეთვე ჩინეთს გააჩნია თავისი მზარდი ინტერესები უკრაინაში, და სავარაუდოდ, კონფლიქტის მკვეთრი გაღვივება და მისი ცხელ, საომარ ფაზაში გადასვლა არ უნდა აწყობდეს.

ასევე მხარს ვერ აუვლით წინასწარ გაცხადებულ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ბაიდენის ადმინისტრაციას მომზადებული აქვს სანქციათა პაკეტი, რომლის ამუშავების შემდგომ რუსეთი პრაქტიკულად ამოგდებული იქნება მსოფლიო ეკონომიკური პროცესებიდან.

სანქციები ითვალისწინებს როგორც ინდივიდუალურ პირებს, პრეზიდენტ პუტინის ჩათვლით, აგრეთვე მსხვილ სახელმწიფო კომპანიებს, რომლებიც რუსეთის ეკონომიკის ღერძს წარმოადგენენ.

გარდა ამისა, საერთაშორისო გადარიცხვების სისტემა სვიფთის გათიშვა, ძალიან გააძნელებს და გააძვირებს საერთაშორისო ფინანსურ ტრანზაქციებს რუსეთში მყოფ ბიზნეს სუბიექტებსა და დანარჩენ სამყაროს შორის. პოტენციური სანქციების ასეთი სიმკაცრე აშკარად მოულოდნელი იყო რუსეთისთვის.

- თქვენ როგორ შეაფასებდით არსებობს თუ არა დაძაბულობის სხვა ქვეყნებზე გავრცელების საშიშროება?

- ჩემი აზრით, რუსეთს შეუძლია უკრაინის ფრაგმენტაციის მიღწევა სამხედრო ძალების მეშვეობით. ამავდროულად ისიც ცხადია, რომ ამის საფასური ყოველ დღე იზრდება, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები ძლიერდება, ისევე როგორც მოსახლეობის ნება გაუწიოს წინააღმდეგობა მტერს, ომის შემთხვევაში. ამავდროულად პოლიტიკური საფასური, სანქციების და სხვა მექანიზმების გათვალისწინებით, რუსეთისთვის შეიძლება ნამდვილად მძიმე გამოდგეს.

დღევანდელი დისპოზიციებიდან გამომდინარე, ომის ასაცილებლად, როგორც კომპრომისი, რუსეთს შეუძლია მკაცრად დააყენოს მინსკის შეთანხმებების შესრულების პირობა.

ამაზე მიუთითებს ნორმანდიის ფორმატის ეგიდით გახშირებული შეხვედრების სერიაც. ყველას მოეხსენება რომ აღნიშნული შეთანხმებები ძალზედ არახელსაყრელია უკრაინისთვის და მათი შესრულება, თან რუსული კარნახით და მათი ინტერპრეტაციით უმძიმეს ვითარებაში ჩააგდებს უკრაინის სახელმწიფოს.

იმისათვის რომ აღნიშნული სცენარის განხორციელებისკენ აიძულოს სხვა მხარეები, რუსეთის ფედერაციას აქვს შესაძლებლობა მსოფლიოს სხვა რეგიონებში დაძაბულობის შექმნისა ან გაღვივების.

ასეთი პოტენციური დაძაბულობის ადგილი შეიძლება გახდეს კუბა ან ვენესუელა, ან ორივე ერთდროულად. გარდა ამისა სავსებით რეალურია ბელარუსში დამატებითი სამხედრო ძალების განლაგება და მეტიც მინსკის თანხმობით რუსეთის ბალისტიკური რაკეტების განთავსებაც კი.

ასეთი პოტენციური დაძაბულობის ადგილი შეიძლება გახდეს კუბა ან ვენესუელა, ან ორივე ერთდროულად. გარდა ამისა სავსებით რეალურია ბელარუსში დამატებითი სამხედრო ძალების განლაგება და მეტიც მინსკის თანხმობით რუსეთის ბალისტიკური რაკეტების განთავსებაც კი

არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობს რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფო. მოგეხსენებათ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკამ არა ერთხელ განაცხადა ამის შესახებ. გამომდინარე იქიდან რომ ბელარუსში სათანადო სამხედრო ინფრასტრუქტურა ამგვარი რაკეტების განლაგებისთვის სსრკ-ს დროიდან შენარჩუნებულია, აღნიშნული ძალიან სწრაფად შეიძლება განხორციელდეს.

იმის გათვალისწინებით თუ რა ურთიერთობები ჩამოუყალიბდა ბელარუსის ლიდერს დასავლეთთან და მეორე მხრივ მისი კავშირები რუსეთთან, შეგვიძლია დიდი ალბათობით დავასკვნათ რომ ასეთი სცენარი სავსებით რეალურია.

ეს თავის მხრივ გაამძაფრებს ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის უსაფრთხოების ამაღლების უზრუნველყოფის აუცილებლობას, რამაც ნატოს დამატებითი ძალების და შეიარაღების აღმოსავლეთით გადასროლას განაპირობებს. აშშ-მ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო, რაც ძალიან სახიფათო და დაძაბულ ვითარებას შექმნის ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უშუალო საზღვრებთან.

გარდა ამისა ევროპული კონტინენტის სხვა რეგიონები არ უნდა დაგვავიწყდეს, კერძოდ დასავლეთ ბალკანეთის რეგიონი. აღნიშნულ რეგიონში დესტაბილიზაცია, განსაკუთრებით მტკივნეული იქნება დასავლეთისთვის, არა მარტო გეოგრაფიული სიახლოვით ევროკავშირსა და ნატოს წევრ ქვეყნებთან, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, არამედ იმის გათვალისწინებით თუ რაოდენ დიდი ძალისხმევა და ინვესტიციები, ასევე სამხედრო რესურსი, იქნა გახარჯული ბალკანეთის სტაბილურობის და მისი საომარი ვითარებიდან გამოყვანისთვის.

ეს კერძოდ ეხება ბოსნია და ჰერცეგოვინას, და ასევე კოსოვოს საკითხებს. ბონსია და ჰერცეგოვინაში რუსეთი ცალსახად უჭერს მხარს მილორად დოდიკის ძალისხმევას რესპუბლიკა სერბსკას გამოყოფას, რაც დეიტონის ხელშეკრულების დასამარებას ნიშნავს და ზოგადად ბალკანეთის ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და უსაფრთხოების კონსტრუქციის ნგრევას გამოიწვევს.

ბონსია და ჰერცეგოვინაში რუსეთი ცალსახად უჭერს მხარს მილორად დოდიკის ძალისხმევას რესპუბლიკა სერბსკას გამოყოფას, რაც დეიტონის ხელშეკრულების დასამარებას ნიშნავს და ზოგადად ბალკანეთის ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და უსაფრთხოების კონსტრუქციის ნგრევას გამოიწვევს

რუსეთმა სერბეთისათვის თანამედროვე იარაღის მიწოდებით ეს ქვეყანა რეგიონში რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირედ გახადა. ამან უდავოდ შეუწყო ხელი იმას, რომ სერბეთის შეიარაღებული ძალები რეგიონში აშკარა დომინირებენ.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სერბეთისთვის კოსოვოს საკითხი არ არის დახურული. გარდა ამისა, სერბეთში არსებობს ძლიერი განცდა, რომ ბალკანური ომების შედეგად, ყველაზე მეტად სერბები, როგორც ეთნოსი, და სერბეთი, როგორც სახელმწიფო დაზარალდა. ამიტომ, ამ ქვეყანაში რევანშისტული სენტიმენტები და განწყობები მძაფრად იგრძნობა.

კოსოვოს საკითხთან მიმართებაში, ბოლო წლებში შეიმჩნევა დიდი პრობლემები ბელგრადისა და პრიშტინას შორის მოლაპარაკებათა პროცესში, რაზეც ბრალდებები ხშირად ორივე მხრიდან ისმის. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებებში არსებულ სირთულეებს თან ახლავს აგრეთვე დაძაბულობა როგორც თვით კოსოვოში, ასევე კოსოვო-სერბეთის შორის არსებულ გამყოფ ხაზზე.

განსაკუთრებით ეს ეხება ეთნიკური სერბებით დასახლებულ კოსოვოს ჩრდილოეთს, სადაც ბოლო სერიოზულ დაძაბულობას ადგილი გასული წლის სექტემბერში ჰქონდა. თვით კოსოვოში არსებული პოლიტიკური პროცესებიც არაერთგვაროვნად მიმდინარეობს. აღნიშნული შიდაპოლიტიკურ დაძაბულობაში გამოიხატება.

ყოველივე ეს ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს რუსეთისთვის ბალკანეთში დაძაბულობის კერის შექმნის და გაღვივების ხელის შესაწყობად

გარდა ამისა, დრო და დრო იძაბება კოსოვოს ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან და რაც მთავარია ევროკავშირსა და აშშ-თან, სხვა და სხვა საკითხებთან მიმართებაში. აღნიშნული ძალზედ უარყოფითად მოქმედებს კოსოვოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე დასავლურ მოკავშირეებთან, და ხსენებული დაძაბულობის ამსახველი ფაქტები ხშირად ხდება მედიის ყურადღების ცენტრში.

ყოველივე ეს ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს რუსეთისთვის ბალკანეთში დაძაბულობის კერის შექმნის და გაღვივების ხელის შესაწყობად.

- რადგან ერთი მხრივ ვაშინგტონ-მოსკოვს, ნატო-მოსკოვს, ეუთო-მოსკოვს შორის კრიზისი, ხოლო მეორე მხრივ უკრაინასა და რუსეთს შორის კრიზისი არ დასრულებულა და ჯერ დასრულების პირიც არ უჩანს, ახლა ყველაზე აქტუალური საკითხი ასე გამოიყურება, - სავარაუდოდ, როგორია მხარეების სავაჭრო პოზიციები?

- როგორც გახდა ცნობილი 31 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაუგზავნა ამერიკულ მხარეს წერილობით პასუხი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული პასუხის შინაარსი უცნობია. ეს ნიშნავს რომ არსებობს მოლაპარაკებების და კომპრომისების ვარიანტები და ხედვები, რომლის საფუძველზე მხარეებს შორის მიმდინარეობს მსჯელობა. რამდენად მოხდება მხარეებს შორის დიამეტრულად დაპირისპირებული პოზიციების დაახლოება ამას ახლო მომავალში შევიტყობთ პირდაპირ ან ირიბად, მათი ქმედებებიდან გამომდინარე.

ეს შეიძლება შეეხოს თავდასხმითი სარაკეტო სისტემების განთავსებას პოლონეთის ტერიტორიაზე. აგრეთვე საუბარი შესაძლოა იყოს წვრთნებში მონაწილე სამხედრო პერსონალის რაოდენობების შეზღუდვაზე და გარკვეული სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებაზე. მაგრამ აშკარაა რომ მხარეები საპირისპირო პოზიციებზე რჩებიან ნატოს გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პასუხი აგრეთვე მოიცავს ისეთ პუნქტებს როგორიცაა ატომური იარაღის განლაგებაზე უარის თქმა აღმოსავლეთ ევროპაში. მაგრამ ყველაზე საინტერესო, და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის პუნქტი, რომლის მიხედვით აშშ მოითხოვს რუსეთისგან გაიყვანოს თავისი ჯარები, ყირიმიდან, მოლდოვიდან, დონბასიდან და რაც მთავარია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონიდან, რაც ჩამოთვლილი ტერიტორიების დეოკუპაციას ნიშნავს. გარდა ამისა მხარეები საპირისპირო პოზიციებზე რჩებიან ნატოს გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

ეს შეიძლება შეეხოს თავდასხმითი სარაკეტო სისტემების განთავსებას პოლონეთის ტერიტორიაზე. აგრეთვე საუბარი შესაძლოა იყოს წვრთნებში მონაწილე სამხედრო პერსონალის რაოდენობების შეზღუდვაზე და გარკვეული სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებაზე. მაგრამ აშკარაა რომ მხარეები საპირისპირო პოზიციებზე რჩებიან ნატოს გაფართოების საკითხთან დაკავშირებით

არსებული კონსულტაციები, რომელიც დასავლურ სამყაროში მიმდინარეობს, მეტყველებს პოზიციების კონსოლიდაციის პროცესზე. ყველივე ეს იმაზეც მიუთითებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროცესების მომსწრენი ვართ ჩვენ დღეს.

ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს უკრაინის მიმართ, რა გადაწყვეტის გზები მოიძებნება ამ კრიზისის განსამუხტად და რა შედეგი მოჰყვება აღნიშნულს, განსაზღვრავს ევროპული და ალბათ გლობალური უსაფრთხოების ახალი სისტემის მომავალ კონტურებს.

ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს უკრაინის მიმართ, რა გადაწყვეტის გზები მოიძებნება ამ კრიზისის განსამუხტად და რა შედეგი მოჰყვება აღნიშნულს, განსაზღვრავს ევროპული და ალბათ გლობალური უსაფრთხოების ახალი სისტემის მომავალ კონტურებს

- ამ თემებზე საუბრისას ბევრი კითხვას ასე სვამს - რატომ არ უწესებს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს აშშ რუსეთს? როგორი იქნება ამ კითხვაზე თქვენი სავარაუდო პასუხი?

- როგორც აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სანქციები დაწესდება იმავე წუთს, როდესაც რუსეთის რეგულარული ჯარი გადაკვეთს უკრაინის საზღვარს. არსებობს სხვა მოსაზრებები, კერძოდ რომ უმჯობესია ეხლავე დაუწესდეს სანქციები რუსეთს, რადგან ასეთი ქმედება იქნება აგრესიის პრევენციის მექანიზმის ნაწილი, ისევე როგორც იარაღის მიწოდება უკრაინისთვის.

აღსანიშნავია, საინფორმაციო სივრცეში გაჩნდა ცნობები რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ რა ზეგავლენა ექნება რუსეთის საწინააღმდეგოდ სანქციების შემოღებას გლობალური და კერძოდ ამერიკული ეკონომიკისთვის.

აშშ-ს მთავრობის და ყველაზე მსხვილი ბანკების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გაირკვა რომ ამერიკის საბანკო სისტემა პრაქტიკულად არ იზარალებს რუსეთზე სანქციების დაწესებით. სამაგიეროდ ისიც ცნობილია რომ ზოგი მეტალის ფასი, მაგალითად ნიკელის და ალუმინის, მკვეთრად გაიზრდება. გარდა ამისა, ჩემი აზრით, შესაბამისი კონსულტაციები მიმდინარეობს ევროპის გაზით მომარაგებასთან დაკავშირებით. ამაზე მეტყველებს ყატარის საემიროს დელეგაციის სტუმრობა ვაშინგტონში და ამ საკითხზე ინტენსიური მოლაპარაკებები.

როგორც ჩანს, აშშ-ს ადმინისტრაცია ამ ეტაპზე დაკავებულია პოტენციური სანქციების შემოღებით მსოფლიო ეკონომიკაზე შესაძლო ნეგატიური ზეგავლენის მინიმიზაციით. დამატებით უნდა ითქვას რომ სავარაუდოდ სანქციების დაწესებაზე პაუზით, აშშ აძლევს სიგნალს რუსეთს, რომ დეესკალაციის შემთხვევაში მოლაპარაკებები სხვადასხვა საკითხზე შესაძლებელია.

როგორც ჩანს, აშშ-ადმინისტრაცია ამ ეტაპზე დაკავებულია პოტენციური სანქციების შემოღებით მსოფლიო ეკონომიკაზე შესაძლო ნეგატიური ზეგავლენის მინიმიზაციით. დამატებით უნდა ითქვას რომ სავარაუდოდ სანქციების დაწესებაზე პაუზით, აშშ აძლევს სიგნალს რუსეთს, რომ დეესკალაციის შემთხვევაში მოლაპარაკებები სხვადასხვა საკითხზე შესაძლებელია

ჩემი აზრით, ალბათ ამ ფაქტორებით არის განპირობებული ხსენებული სანქციების არ ამოქმედება მოცემულ ეტაპზე.

- ხშირად გაიგონებთ საუბრებსა თუ მსჯელობებს იმაზე, თუ რატომ აქტიურობს ასე უკრაინის საკითხში დიდი ბრიტანეთი. არადა, ფაქტია, რომ 1994 წლის ბუქარესტის მემორანდუმით ლონდონი, აშშ-სთან ერთად უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტორი იყო.

ამ მემორანდუმით უკრაინამ რუსეთს მის ტერიტორიაზე არსებული ბირთვული ბომბები იმ დათქმით გადასცა, რომ რუსეთს ყირიმზე პრეტენზიები არ ექნებოდა. ყირიმის ანექსია ლონდონმა მისი ღირსების შელახვად მიიჩნია და სრულიად სამართლიანადაც.

ვხედავთ, რომ ლონდონი-ვარშავა-კიევი ევროპული უსაფრთხოების ახალ ღერძს ქმნიან. ეს რომ ასე იქნება კიევში ბრიტანეთის პრემიერ ჯონსონის ვიზიტმაც დაადასტურა. კიევში მალე პოლონეთისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავლენ და ახალი ღერძის საკითხი საბოლოოდ გაფორმდება.

დამკვირვებელთა თქმით, ევროპული უსაფრთხოების ახალი ღერძი ლონდონი-ვარშავა-კიევი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნატო-ს პარალელური სტრუქტურა შეიქმნება, საუბარია იმაზე, რომ იგი უფრო ეფექტური იქნება ამ ეტაპზე უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად.

თუ ლონდონმა-ვარშავამ და კიევმა ევროპული უსაფრთხოების ახალ ღერძი მართლაც შექმნეს, რა კორექტივებს შეიტანს იგი ევროპული უსაფრთხოების აქამდე არსებულ სისტემაში და საერთაშორისო ურთიერთობების აქამდე არსებულ მოდელში?

- საინტერესოა რომ დღევანდელი კრიზისული სიტუაციის ფონზე, ყალიბდება სამმხრივი ალიანსი, რომელიც შესდგება ბრიტანეთისგან, პოლონეთისგან და მოიცავს უკრაინასაც.

რამოდენიმე დღის წინ, ამის თაობაზე განცხადება გააკეთა ბრიტანეთის საგარეო ოფისის მდივანმა ქალბატონმა ლიზ ტრასსმა. მან კერძოდ განაცხადა რომ დიდი ბრიტანეთი მყარად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ახლად ინიციირებული ალიანსის კონტურები გამოიკვეთა გასული წლის ნოემბერში, როდესაც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბატონი ბენ უოლესი ვიზიტით ეწვია უკრაინასა და პოლონეთს.

აღნიშნული სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს მათი ურთიერთობები უსაფრთხოების სფეროში, კერძოდ თავდაცვითი სისტემების განახლების საკითხებთან. ამ თვალსაზრისით ბრიტანეთი აქტიურად არის ჩართული პოლონეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოდერნიზაციის პროცესში, რომელიც თავის მხრივ ითვლება ყველაზე მასშტაბურ პროექტად პოლონეთის შეიარაღებული ძალებში.

უკრაინის შემთხვევაში, ბრიტანეთს აქვს გამოყოფილი სოლიდური საკრედიტო ხაზი ქვერნის სამხედრო ფლოტის მოდერნიზაციისთვის, მისი ახალი გემებით და თანამედროვე თავდაცვის სისტემებით აღჭურვის, აგრეთვე ფლოტის სახმელეთო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის. მოგეხსენებათ თუ რა ზარალი მიადგა უკრაინის სამხედრო ფლოტს ყირიმის ანექსიის შედეგად.

ამიტომ ასეთი დახმარება და თანამშრომლობა ბრიტანეთთან უკრაინისათვის, როგორც საზღვაო ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. აღნიშნული, რა თქმა უნდა, ჯდება ზოგადად შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტშიც.

გარდა ამისა, როგორც თქვენ ბრძანეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდი ბრიტანეთი 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერი მხარეა და აქედან გამომდინარე, აშშ-თან ერთად, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტორი გახლავთ.

არსებული კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის სამმხრივი ალიანსი უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და სამხედრო სტრატეგიულ წონას იძენს, რადგან ამით იკვეთება სამივე ქვეყნის საერთო ინტერესი ევროპული კონტინენტის და გლობალური უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში.

ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის სამმხრივი ალიანსი უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და სამხედრო სტრატეგიულ წონას იძენს, რადგან ამით იკვეთება სამივე ქვეყნის საერთო ინტერესი ევროპული კონტინენტის და გლობალური უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში

ამ ალიანსის კონტურები ჯერ მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესშია და რამდენად ქმედითი და რა სახის თანამშრომლობის მექანიზმები ამუშავდება ამ ალიანსსა და ნატო-ს შორის, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე მიჭირს. ამავდროულად რაღა თქმა უნდა ცხადია, სამმხრივი კავშირი მიზნად ისახავს რუსეთის ზეგავლენის შეკავებას აღმოსავლეთ ევროპაში.

- კიევში ვიზიტისას ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონი განაცხადა - „რუსეთი ცდილობს, გადაწეროს ევროპის უსაფრთხოების რუკა, შექმნას გავლენის ახალი სფეროები, ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, უნდა ვიფიქროთ საქართველოსა და მოლდოვაზე“.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს - „უკრაინულმა კრიზისმა“ აჩვენა, რომ „ცივი ომის“ შემდეგ ევროპაში ჩამოყალიბებულ უსაფრთხოების სისტემას მოდიფიკაცია სჭირდება. მეტიც, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე იდგმება.

მათივე აზრით, საქართველო უნდა იყოს ამ კონფიგურაციის ნაწილი. თბილისს აქტიური კონსულტაციები უნდა ჰქონდეს ლონდონთან, ვარშავასთან, კიევთან, ბალტიის ქვეყნების დედაქალაქებთან. ეს რომ ხელისუფლების საკეთებელია, ფაქტია, მაგრამ, იმის გათვალისწინებით თუ როგორი რეზოლუცია მიიღო პარლამენტმა უკრაინის მხარდასაჭერად, ძნელი წარმოსადგენია რომ ამ მიმართულებით ოფიციალურმა თბილისმა იმოძრაოს...

- დღეს არსებულმა ვითარებამ ცხადყო რომ „ცივი ომის“ შემდგომ ჩამოყალიბებული ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას სხვადასხვა სახელმწიფოები არაერთგვაროვნად აფასებენ და თავიანთი ხედვები გააჩნიათ.

ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, იგულისხმება რუსეთი და მისი რევიზიონისტული პოლიტიკა და კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული აღნიშნული სისტემის შესაცვლელად. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და 2014 წლის ყირიმის ანექსია ამის ყველაზე ნათელ მაგალითებს წარმოადგენს.

მოცემულ ვითარებაში, საქართველოს ხშირი ხსენება ამ პროცესებთან დაკავშირებული დისკუსიების, მოლაპარაკებებისა და მათში მონაწილე აქტორების მხრიდან არის ბუნებრივი აღიარება იმისა, რომ საქართველო არის ამ ვითარების უშუალო მონაწილე და მნიშვნელოვანი ფაქტორი ევროპული უსაფრთხოების სისტემაში.

მოცემულ ვითარებაში, საქართველოს ხშირი ხსენება ამ პროცესებთან დაკავშირებული დისკუსიების, მოლაპარაკებებისა და მათში მონაწილე აქტორების მხრიდან არის ბუნებრივი აღიარება იმისა, რომ საქართველო არის ამ ვითარების უშუალო მონაწილე და მნიშვნელოვანი ფაქტორი ევროპული უსაფრთხოების სისტემაში

ეს კი ნიშნავს რომ რომელი პოლიტიკური ძალაც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, მას მოუწევს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად ყველა მნიშვნელოვან აქტორთან კონსულტაციების, მოლაპარაკებების, სამოკავშირეო თუ სხვა ურთიერთობების მოგვარებაზე საუბარი და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

აღნიშნულ კონტექსტში, აღსანიშნავი იყო გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტი თბილისში, რომლის მიმდინარეობისას მან განცხადება გააკეთა ახალ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატთან (3+3) დაკავშირებით.

განცხადების შინაარსიდან გამომდინარე თავდაცვის მდივნის თქმით სანამ საქართველოსთან ერთად რუსეთი იფიქრებს ახალი რეგიონული ფორმატების რეალიზაციაზე, ჯობია მან (რუსეთმა) შეასრულოს 2008 წლის აგვისტოში დადებული ექვს-პუნქტიანი შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. აღნიშნული განცხადება უდავოდ მრავლის მთქმელია.

იგივე კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ გუშინ დასავლურ პრესაში გაჟონილმა ინფორმაციამ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ კონფლიქტების ზონებიდან, კერძოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გაყვანის მოთხოვნა. ყოველივე ეს მეტყველებს აშშ-ს და ზოგადად დასავლეთის კარგად ჩამოყალიბებულ პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელიც გამოიხატება საქართველოს ეროვნული ინტერესების უპირობო დაცვაში ასეთ ტურბულენტურ საერთაშორისო ვითარებაში.

რასაკვირველია, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები ეხება ბევრ სახელმწიფოს, და მყარი მშვიდობის დასამყარებლად დიდი ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო. ამ ძალისხმევაში საქართველოს უნდა ჰყავდეს ძლიერი მოკავშირეები, რადგან მხოლოდ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში აქვს მომავალი ჩვენნაირ ქვეყანას.

რეგიონული უსაფრთხოების საკითხები ეხება ბევრ სახელმწიფოს, და მყარი მშვიდობის დასამყარებლად დიდი ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო. ამ ძალისხმევაში საქართველოს უნდა ჰყავდეს ძლიერი მოკავშირეები, რადგან მხოლოდ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში აქვს მომავალი ჩვენნაირ ქვეყანას

ასეთი სისტემის კონტურები იმედია ნელ- ნელა ახლო მომავალში საბოლოოდ გამოიკვეთება. ამჟამად მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ჩემის აზრით დადგა დრო როდესაც სახელმწიფოებმა, განსაკუთრებით ჩვენს ტურბულენტურ რეგიონში, უფრო ღიად, თამამად და ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებდნენ თავისი უსაფრთხოებასთან და ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ პოზიციებს.

ამავდროულად იმ გამოწვევებთან დაკავშირებით რის წინაშეც დგას დღეს საქართველო და უკრაინა, ასევე სხვა ქვეყნები. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ ორ ქვეყანას ყველა პოლიტიკური აქტორი ერთ კონტექსტში მოიხსენიებს.

არ უნდა დაგვავიწყდეს 1993 წლის 13 აპრილს ხელმოწერილი უკრაინა საქართველოს შორის „მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ“ ჩარჩო ხელშეკრულება.

უკრაინამ ერთგულად შეასრულა ამ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები რამდენიმეჯერ მძიმე ვითარებებში ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად. ამის დავიწყება შეუძლებლად მიმაჩნია და საქართველომ მკვეთრად უნდა გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

- მიუხედავად ყველაფრისა, დამკვირვებელთა ნაწილი მაინც არ გამორიცხავს, რომ პეკინში ოლიმპიადის დასრულების შემდეგ პუტინი მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ.

დამკვირვებელთა ნაწილი შენიშნავს, რომ თუ რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ადრე თუ გვიან მისი შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება. რამდენად დიდია მოვლენათა განვითარების ამგვარი ალბათობა?

- ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფად ცვალებად სამყაროში. ამიტომ, ყველაფერია მოსალოდნელი. რამდენად გაკეთებადი და რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ესა თუ ის მოვლენა, ამაზე დადასტურებული პასუხის გაცემა ყოველთვის ჭირს.

ამიტომ მოდით ვიმსჯელოთ ფაქტებით. დღეისთვის სხვადასხვა მონაცემებით დაახლოებით 125-170 ათასამდე რუსეთის ჯარისკაცი განლაგებულია უკრაინის საზღვრებთან. ამ დღეებში რუსეთი აპირებს დაახლოებით 30 ათასიანი კონტინგენტის გადასროლას ბელარუსის ტერიტორიაზე წვრთნების ჩასატარებლად. აღნიშნული სამხედრო დაჯგუფება საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენს ნებისმიერი ქვეყნისათვის.

ბელარუსში წვრთნები უნდა ჩატარდეს ორ ეტაპად. პირველი ეტაპის დასრულება დაგეგმილია 10 თებერვლისთვის და ითვალისწინებს საჯარისო შენაერთების გადმოსროლის დასრულებას და სამხედრო ლოგისტიკურ ოპერაციებს.

მეორე ეტაპი კი დასრულდება 20 თებერვლისთვის, რომელიც ითვალისწინებს უშუალოდ სამხედრო წვრთნებს. საინტერესოა აღნიშნული წვრთნების სცენარის მიხედვით რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი საჯარისო შენაერთებმა უნდა მოიგერიონ დასავლეთის მხრიდან მტრული შემოტევა. ასეთი სცენარი შინაარსობრივად მრავლისმთქმელია.

დაძაბულობა უკრაინაში და მის ირგვლივ სცდება უკრაინის ან თუნდაც რეგიონის მასშტაბებს და წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევას, რომელსაც თავის მხრივ აქვს პოტენციალი ამა თუ იმ ფორმით სხვა ქვეყნებზე გავრცელების

მეორე მხრივ აშშ-სა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოების გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებით მყისიერი მომარაგება, და დამატებითი სამხედრო კონტინგენტის აღმოსავლეთ ევროპაში განთავსება მეტყველებს შეიარაღებული კონფლიქტის მაღალ ალბათობაზე.

სხვანაირად რომ დავასკვნათ, ორივე მხრიდან ძალების და შეიარაღების ასეთი მაღალი კონცენტრაცია, რასაც ემატება შესაბამისი რიტორიკა და კონტექსტი, მიუთითებს სერიოზულ დაძაბულობაზე.

დაძაბულობა უკრაინაში და მის ირგვლივ სცდება უკრაინის ან თუნდაც რეგიონის მასშტაბებს და წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევას, რომელსაც თავის მხრივ აქვს პოტენციალი ამა თუ იმ ფორმით სხვა ქვეყნებზე გავრცელების.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა