ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2022

რითია გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდისა და რეგულაციების შემსუბუქების ტენდენცია

“რუსეთი საკუთარ ხაფანგშია გაბმული და თავი როგორ დააღწიოს, არ იცის, ამიტომ დასავლეთი ყველა ვერსიას სთავაზობს” - ზაქარეიშვილი

ლარის მკვეთრმა გამყარებამ პურის გაძვირება დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნა

* * *

რითია გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდისა და რეგულაციების შემსუბუქების ტენდენცია

“საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ოფიციალური მონაცემები ცხადყოფს, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყნები რეგულაციებს ამსუბუქებენ. ჯანმო აცხადებს, რომ კაცობრიობა ჯერ კიდევ პანდემიის შუაშია, სპეციალისტები კი მანამდე ლეტალობის მაჩვენებლის შემცირებას ელოდნენ. საქართველოში ორი დღეა, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა, 9 თებერვლის მონაცემებით გარდაიცვალა 51 ადამიანი, ხოლო სამშაბათს - 54... ჯანმოს ყოველკვირეულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 19 276 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირაში დაფიქსირებულ შემთხვევებზე 17%-ით ნაკლებია, თუმცა, აღნიშნულ პერიოდში, მსოფლიოში კორონავირუსს 67 953 ადამიანი ემსხვერპლა, რაც წინა კვირასთან შედარებით 7 %-ით მეტია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რითია გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდისა და რეგულაციების შემსუბუქების ტენდენცია / “ადამიანიდან ადამიანზე გადაცემისას ვირუსის ორგანიზმზე დამრთგუნველი მოქმედება იზრდება - სიკვდილიანობის ზრდა სწორედ ამის ბრალია”.

“1 იანვრიდან 6 თებერვლამდე პერიოდში დაინფიცირების ყველაზე მეტი, 1 874 006 ახალი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის საფრანგეთი, 1 738 189 შემთხვევით, მესამე ადგილზეა გერმანია - 1 285 375 შემთხვევა და მათ მოჰყვებიან ბრაზილია და ინდოეთი. ვირუსს ყველაზე მეტი, 14 090, ადამიანი აშშ-ში ემსხვერპლა, მეორე ადგილზეა ინდოეთი, 7 888 გარდაცვლილით, მესამეზე კი რუსეთი, სადაც გარდაცვალების 4 686 შემთხვევა დაფიქსირდა... ჯანმოს კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ბევრ ქვეყანაში “ომიკრონის” გავრცელების პიკს ჯერ კიდევ არ გადაუვლია. ჯანმო-ს ინციდენტების მენეჯერის აბდი მაჰამუდის თქმით, “მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამბობდა, რომ “ომიკრონი” უფრო მსუბუქია, მისი აღმოჩენის შემდეგ ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპა, რაც ტრაგიკულზე მეტია”. მიუხედავად ამ მონაცემებისა ქვეყნები რეგულაციებს ამსუბუქებენ, მაგალითად იტალიამ გარე სივრცეებში პირბადეების ტარების ვალდებულება გააუქმა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს, მაღალია გარდაცვლილთა ყოველდღიური მაჩვენებელი. გარე სივრცეებში პირბადეების ტარების ვალდებულება იხსნება ესპანეთშიც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა 2-პიკიანი მრუდი, ამ შემთხვევაში ინფიცირებულთა რიცხვმა შესაძლოა, 30 000-ზე მეტს მიაღწიოს. “რთულია პროგნოზირება, რამდენად იქნება მომდევნო დღეები დაღმავალი ტალღის მიმანიშნებელი, მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა 2- პიკიანი მრუდი. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მატების მაქსიმალური ნიშნული შესაძლებელია უფრო მაღალი რიცხვი იყოს 30 000 და მეტიც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო 7 დღის განმავლობაში როგორი იქნება ინფიცირების მაჩვენებელი. იმედს ვიტოვებთ, რომ 2 თებერვალს იყო ინფიცირების პიკი და შემდეგი დღეების განმავლობაში თანდათან შემცირდება ეს მაჩვენებელი”, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ყველანაირი ეპიდემიური მონაცემით, ახლა ვირუსის გავრცელების პიკის ფაზაში ვართ. ბოლო ორი დღის ციფრი კი მიუთითებს, რომ ვირუსის გავრცელებამ უკონტროლო ზრდა არ განიცადა, თუმცა როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დადებითობის მაჩვენებელი მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელება გრძელდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ომიკრონთან” დაკავშირებით რისკი არის მისი ძალიან სწრაფი და მასობრივი გავრცელება. აქედან გამომდინარე, ადამიანების გარკვეული პროცენტი - ეს არის 2.7%, ვინც ჰოსპიტალში ხვდება. უდიდესი ნაწილი არის ბინაზე. ჰოსპიტალური საწოლფონდი 8 ათასზე მეტია. დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალიზირებულია 6 ათასამდე პაციენტი. განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა ასაკოვან და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, მით უფრო თუ ისინი ვაქცინირებული არ არიან”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. როგორც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” აღნიშნავს, სიკვდილიანობის ზრდა იმისგანაა გამოწვეული, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით ვირუსი ძლიერდება, გარდაცვლილებში კი ძირითადად აუცრელები არიან. ექიმ-ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას აზრით დაახლოებით 10-12 დღე ისევ ასეთი ეპიდსიტუაცია გვექნება”, - დასძენს გამოცემა.

“მოხდა ზუსტად ის, რაც არ გამკვირვებია, რადგან ადამიანიდან ადამიანზე გადაცემისას ვირუსის ორგანიზმზე დამრთგუნველი მოქმედება იზრდება. სისკვდილიანობის ზრდა სწორედ ამის ბრალია. გარდაცვლილებში ძირითადად აუცრელები არიან, თორემ, რეალურად ვინც გადაიტანა, ან აიცრა ორჯერადად, ან ბუსტერით, კორონავირუსი გადაიტანეს, როგორც ჩვეულებრივი გრიპი. ვირუსი ამდენ ბრძოლაში ალბათ გამოიბრძმედა. ამის გამოა, რომ სიკვდილიანობამ იმატა, მეც რომ ვნახე, რომ ლეტალობა მომატებულია, ძალიან შევშფოთდი. უნდა ვიფიქროთ, რომ ვირუსი ისეთივე დარჩება, როგორიც იყო. მაგალითად, თავიდან ტუბერკულოზი იოლად რჩებოდა, ახლა ამდენი რაღაცა უნდა და შეიძლება ისეთი მულტირეზისტენტული შტამი ჩამოყალიბდეს, რომელსაც არაფერი აღარ შველის და პაციენტი განწირულია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ანუ მიკრობებსაც და განსაკუთრებით ვირუსულ ინფექციებს მუტირება ახასიათებს და როცა გარდაქმნა ახასიათებს, ყოველთვის ცუდზე უნდა ვიფიქროთ და ნებისმიერი ახალი მუტაციის დროს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით თავდაცვას მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს, თორემ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი დღემდე ვერ შექმნეს. შესაძლოა ამ ინფიცირებულებში 51 გარდაცვალება უფრო ნაკლებია, ვიდრე 2 ათასზე 50, მაგრამ ფაქტია, რომ თვითონ ლეტალობამ აშკარად იმატა. იძახეს “ომიკრონი” სუსტი და მსუბუქიაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვირუსი შეიცვალა, ის მუტაციას იმისთვის განიცდის, რომ გადარჩეს. ამიტომაც ის ცდილობს, რომ გადამდებლობა გააძლიეროს და მერე ვირულენტურობა, რომ მტერი ნაკლები ჰყავდეს. რაც ახლა ხდება, მუტირებული ვირუსის შემთხვევაში ჩვეულებრივი ამბავია. გამოსავალი ვაქცინაციაა და ელემენტარული წესების დაცვა, რადგან რასაც ვუყურებ, ნახევარი საქართველო უკვე პირბადის გარეშე დადის”, - დაასკვნის ხმალაძე.

“ომიკრონის” ფართომასტაბიანი გავრცელებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებული არაა, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებში მაინც, მას მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს და აქედან გამომდინარე ჩვენს ქვეყანაში ლეტალური შემთხვევები ჯერ კიდევ მაღალია. დაახლოებით 10-12 დღე ისევ ასეთი ეპიდსიტუაცია გვექნება. შემდეგ ალბათ ნელ-ნელა გაუმჯობესება მოხდება. შეიძლება მკვეთრი გაუმჯობესებაც მოჰყვეს, როგორც სხვა ქვეყანაში. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, უახლოესი 2-3 კვირა მსგავს რეჟიმში მოუწევთ მუშაობა, როგორიც ახლაა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექიმ-ინფექციონისი ალექსანდრე გოგინავა.

“რუსეთი საკუთარ ხაფანგშია გაბმული და თავი როგორ დააღწიოს, არ იცის, ამიტომ დასავლეთი ყველა ვერსიას სთავაზობს” - ზაქარეიშვილი

“ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” ინტერვიუში უკრაინა-რუსეთის ომზე საუბრობს და ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინმა თავი მახეში მოიქცია. ამიტომ ის ახლა გამოსავლის ძიებაშია. ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთი საკმაოდ მძიმე შედეგს მიიღებს, ამიტომ ომს დაიწყებს წაგებულია, არ დაიწყებს და მაინც წაგებული იქნება. ის ქვეყნის შიგნით და მის გარეთ სახეს დაკარგავს, რაც პუტინის დასასრულის დასაწყისი გახდება. ზაქარეიშვილი ასევე საქართველოს შესაძლოა “სამთა კავშირში” გაწევრიანებაზე საუბრობს და ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და უკრაინის გაერთიანების შემთხვევაში, საქართველოს ამ ალიანსში მიწვევა კარგი იქნებოდა, თუმცა ჩვენს ხელისუფლებას ეს არ სურს. ყოფილი სახელმწფო მინისტრი გამორიცხავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლონდონში ამ მიზნით იმყოფებოდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “რუსეთი საკუთარ ხაფანგშია გაბმული და თავი როგორ დააღწიოს, არ იცის, ამიტომ დასავლეთი ყველა ვერსიას სთავაზობს” - ზაქარეიშვილი.

“საქართველოს ხელისუფლება დღეს იმდენად არის დამფრთხალი, რომ არ ველი ამ სამთა კავშირს მიუერთდეს... საქართველოს აეროპორტი ყოველთვის სანდო სარეზერვო აეროპორტად გამოიყენება. ხშირად ყოფილა, როცა გაეროს გენერალური მდივანი საქართველოში დამჯდარა, ან საწვავს იღებენ ან კიდევ სხვა დაუგეგმავი ვიზიტი ხდება ხოლმე. ამიტომაც იყო, რომ პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეხვდა. სამთა კავშირზე სასაუბროდ მას საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა შეხვედროდა, მაგრამ ქულების ჩაწერის მიზნით ზურაბიშვილი შეახვედრეს. ამაში რაიმე სხვა ქვეტექსტს მე პირადად ვერ ვხედავ. ჯერ ერთი, ეს უფრო ევოპული კონცეფციაა, არადა წამყვანები ბრიტანელები ჩანან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“მაინც მგონია საქართველოს ხელისუფლება რუსეთის განწყობებს ანგარიშს უწევს. ჩვენ არ უნდა ვიყოთ 3 + 3-ში, მაგრამ კარგი იქნებოდა ამ სამთა კავშირში ვყოფილიყავით, თუმცა დიდი ენთუზიაზმი არც მათი მხრიდან არ ჩანს... პაპუაშვილი პარლამენტის წევრი და ლიდერია. ამიტომ ის უბრალოდ სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. ასევე გამორიცხულია ოპოზიცია ამაზე ბრიტანეთის ხელისუფლებას ესაუბრებოდეს, ეს პარლამენტის საქმე არაა, ეს ჩვენი მთავრობის საქმეა. საქართველოს ხელისუფლება ახლა ძირითადად იქითკენ არის მიმართული, რომ “არ შემაწუხოთ”. ამიტომ იმაზე რაც უკრაინაში ხდება, პოზა აქვს დაჭერილი, რომ მას არ ეხება. ეს კი მკაფიოდ გამოჩნდა იმაში, როცა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს. ამიტომ მეეჭვება დახურულ კარს მიღმა ამ თემაზე საუბრი ყოფილიყო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“პუტინი ომს წინასწარ არ აცხადებს და ამას ყოველთვის მოულოდნელად აკეთებს. ასე იყო საქართველოსთან მიმართებაში და ყირიმთან დაკავშირებითაც. კი ბატონო, რუსეთის არმიის მნიშვნელოვანი დანაყოფები უკრაინის საზღვართან თავს იყრის, მაგრამ ლოგიკით მან თებერვლის ბოლოს ომი არ უნდა დაიწყოს. როცა თოვლი დნობას იწყებს და მიწა ტალახდება, ასეთ დროს მძიმე ტექნიკას გადაადგილება უჭირს. რუსეთს საჰაერო ძალით რაც არ უნდა წარმატება ჰქონდეს, ჰაერით ომს ვერ მოიგებენ. ეს უბრალოდ დახმარებაა იმისთვის, რომ სახმელეთო გზით ჯარს და ტექნიკას გადაადგილება გაუადვილდეს. ამიტომ ალოგიკურია თებერვალში ომი დაიწყოს. ჩემი აზრით, რუსეთი ივნისის ნატოს სამიტს დაელოდება. რუსეთს ომი ნამდვილად არ აწყობს, მაგრამ თუ დასჭირდა, არც მაგის ეშინია. 2008 წელს ეშინოდა ომის დაწყება არ დაბრალებოდა, ახლა კი ამისიც აღარ ეშინია. უკრაინაში პირიქით, ძალის ჩვენება აწყობს. დასავლეთს ეტყვის მე ხომ გეუბნებოდით, რომ პირობები უკან წაიღეთ და ომი არ იქნება. პუტინი მაქსიმუმის გამოვაჭრებას ცდილობს. ფაქტია, დასავლეთი უკან თავისი პირობების წაღებას არ აპირებს, ამიტომ პუტინსაც ომის საბაბი ექნება”, - მიიჩნევს ყოფილი სახელმწფო მინისტრი.

“ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დემოკრატიას ებრძვის. მისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს პოროშენკო იქნება პრეზიდენტი თუ სხვა ვინმე, მთავარია გავლენა არ დაკარგოს. ამიტომ თუ საქართველოში და უკრაინაში დემოკრატიამ გაიმარჯვა, პუტინი ამ ქვეყნებს კარგავს. პუტინმა შეცდომა დაუშვა, როცა ჩათვალა, რომ დასავლეთი დასუსტდა. ეგონა ბაიდენი მოხუცია და სისულელეებს ლაპარაკობს. გერმანიის კანცლერი მერკელი წავიდა. მაკრონის შებმა შეიძლება და მოდი, ამ ხალხს ომით შევაშინებ. პუტინს ეგონა, რომ უკრაინის და საქართველოს გამო ევროპა რუსეთთან დაპირისპირებაში არ შევიდოდა. აუტკივარ თავს არ აიტკიებდა. რუსეთს ეგონა ევროპას შეაშინებდა, ხელიდან კი უკრაინას და საქართველოს გააგდებინებდა. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. რუსეთი საკუთარ ხაფანგშია გაბმული და თავი როგორ დააღწიოს არ იცის. ამიტომ დასავლეთი ყველა ვერსიას სთავაზობს, რომ როგორღაც პუტინმა ამ ჩიხურ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოს და მსოფლიო ნაკლებად დააზარალოს”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

ლარის მკვეთრმა გამყარებამ პურის გაძვირება დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნა

“ბოლო დროს პურპროდუქტები მუდმივად ძვირდებოდა და არ არსებობდა მექანიზმი, რაც ვითარების მოთოკვას შეძლებდა, თუმცა ლარის კურსის გამყარებამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. უკვე გაჩნდა შანსი იმისა, რომ მოსახლეობამ შვება იგრძნოს და ძირითადი საკვები პროდუქტის გაძვირება შეწყდეს. გაიაფებაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობის შენარჩუნება შესაძლებელია. ბოლო დროს საქართველოს გაძვირებული ხორბლის ყიდვა და შემოტანა უწევდა, რაც თავისთავად წარმოებული პროდუქციის ფასზე აისახებოდა. ახლა, როცა ლარის კურსი 2.95-იან ნიშნულს ჩამოსცდა და პოზიციების გამყარებას ყოველდღიურად ცდილობს, საქართველოს აქვს ხარჯების შემცირების შანსი, რომ მორიგი გაძვირება თავიდან აიცილოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ლარის მკვეთრმა გამყარებამ პურის გაძვირება დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნა / “მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე პურის ფასი არ მოიმატებს”.

“რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, არსებობს თუ არა პურის გაძვირების საფრთხე კიდევ ერთხელ მას შემდეგ, რაც კურსი გამყარდა. როგორც პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე აღნიშნავს, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა საწარმოებზე დადებითად აისახება და ღირებულებაზე აღარ იმოქმედებს. “ლარის გამყარება, რა თქმა უნდა, პურპროდუქტების ღირებულებაზე დადებითად აისახება. მაშინ, როცა გაძვირება დაიწყო, ელექტროენერგიის გადასახადი 0.22 თეთრიდან 0.33 თეთრამდე გაიზარდა. ასევე მოიმატა ბუნებრივი აირის გადასახადმა და იყო კიდევ სხვა ხარჯები, ამასთანავე, შესაფუთი მასალის ფასმაც ზემოთ დაიწყო სვლა. საქართველოს ძვირი ხორბლის გამო გაუჭირდა, ახლა იმპორტირებულ ფქვილს უჭირავს პურის ფასი. ეს ცუდი არ არის, რადგან მეწარმეს როგორც ფასის, ასევე ხარისხის არჩევანის შანსი აქვს. ძალიან ცუდია, რომ ქართული გადამამუშავებელი მრეწველობა ასეთ დღეში ჩავარდა. ეს გამოიწვია ხორბლის რესურსების უქონლობამ”, - განმარტავს დოლიძე, რომლის თქმით, “დადგა იმის დრო, რომ თვითონ ვაწარმოოთ ჩვენი ხორბლის ნახევარი მაინც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“შვიდასი ათასი ტონიდან ნახევრის წარმოება მაინც რომ შევძლოთ, პურპროდუქტების ღირებულებას ძალიან წაადგება და ეს იქნება სიღარიბესთან ბრძოლაც და სასურსათო უსაფრთხოებაც. ფასებს, ჯერჯერობით, არაფერი ემუქრება. ჩემთვის ცნობილი არ არის, პატარა თონეებში რა ხდება და როგორ იქნება, რადგან იქ სულ სხვა ბუღალტერიაა, თუმცა ქარხნულ პურზე შემიძლია ვთქვა, რომ არაფერი შეიცვლება, ფასი 0.90-დან 1.20 ლარის ფარგლებში იმერყევებს... მთელ მსოფლიოში ასე ხდება, მოსავლის აღების წინა პერიოდში ქვეყნები თავისუფლდებიან ძველი რესურსისგან, რასაც ახასიათებს ფასების კლება და ეს ჩვენთვის კარგი იქნება. ამ პერიოდში საბირჟო ფასი მატებისკენ რყევას არ დაიწყებს, ამიტომ მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე პურის ფასი არ მოიმატებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მალხაზ დოლიძე.

“ბოლო პერიოდში მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი ცოტათი იკლებს. იმპორტირებული ხორბლისა და ფქვილის ღირებულება შემცირდა ლარში, რასაც გლობალურ ბაზარზე შედარებითი გაიაფებაც ემატება. აშკარაა, რომ ეს პოზიტიური ნიშნებია. ახლა მნიშვნელოვანია, ქვეყანამ შესაძლებლობა სწორად გამოიყენოს და პურპროდუქტებზე ფასის სტაბილიზაცია მოახერხოს. მიუხედავად იმისა, რომ ლარი მკვეთრი გამყარების გზას დაადგა, ზოგიერთი საწარმოსთვის ეს შვება მაინც არ აღმოჩნდა. ქობულეთში მდებარე ერთ-ერთი საცხობის ხელმძღვანელი “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მის საწარმოს ბუნებრივი აირის გადასახადი გაეზარდა, რის გამოც უჭირს მუშაობა და ფასის შემცირება”, - დასძენს გამოცემა.

“ლარის კურსის გამყარებას ქობულეთელი მეწარმეებისთვის არანაირი შეღავათი არ მიუცია. დეკემბრიდან “სოკარმა” გაუფრთხილებლად გაგვიძვირა გაზი და დეკემბერშივე გადაგვახდევინა მომატებული საფასური. აქ მდებარე 9 მსხვილი საწარმოდან 7 სარგებლობს გაძვირებული ტარიფით და გვიწევს 1.15-ის გადახდა, ხოლო 2 საწარმოს მსგავსი პრობლემა არ შექმნია, მათ აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ისევ ძველი ფასით - 86 თეთრით. ჩვენ არავინ გვეხმარება და როგორც ამბობენ, ეს “სოკარის” თვითნებური გადაწყვეტილებაა. როცა დოლარი 3.40-ზე იყო, მაშინ არ გაუზრდიათ ტარიფი და ახლა, როცა კურსმა გამყარება დაიწყო, გაუფრთხილებლად მოუმატეს და ჩაგვაყენეს არათანაბარ პირობებში. ეს არის პირდაპირი დარტყმა ბიზნესისათვის. ამ ეტაპზე ჩემი საწარმო მუშაობას განაგრძობს, თუმცა რთული იქნება დიდხანს ასე ყოფნა, რადგან ახლაც კბლებით გვიჭირავს პურის თვითღირებულება. ლარის გამყარებას, რა თქმა უნდა, ფასებზე უნდა ემოქმედა, თუმცა ახლა ჩვენთვის ეს შეუძლებელია, რადგან გვაქვს გაზის მაღალი ტარიფი. გამოდის, რომ 2 საწარმო, რომელიც სარგებლობს ბუნებრივი აირის დაბალი ღირებულებით, შეძლებს პროდუქციის წარმოებას და მაღაზიებში დაბალ ფასში შეტანას, რაც სხვა საწარმოებს გაუჭირდებათ და ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება“, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ქობულეთში მომუშავე საწარმოს ხელმძღვანელი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს