სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატ ემზარ გაგნიძის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფა სწორად მიაჩნია

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატის, ემზარ გაგნიძის განცხადებით, მას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფა სწორად მიაჩნია.

როგორც გაგნიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მიზანშეუწონლად მიაჩნია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ერთდროულად ამოწმებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონიერებას და ასევე ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებსაც.

„ჩემი აზრით, განხორციელებული გაყოფის საკანონმდებლო რეგულაცია, არსებული სამართლებრივი რეალობიდან გამომდინარე, იყო არსობრივად სწორი. როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2018 წელს შეიქმნა, ამის შემდგომ, 2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან ის საგამოძიებო ფუნქციებით აღიჭურვა. როდესაც ერთი მხრივ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონიერების შემოწმება ხდება, მეორე მხრივ, საგამოძიებო ფუნქციებით აღჭურვა, ამასთან, სამსახური ფარულ საგამოძიებო მოქმედებებსაც აწარმოებს, ვფიქრობ, სამი ძირითადი მიმართულების ერთი ქოლგის ქვეშ ყოფნა იყო მიზანშეუწონელი. სახელმწიფო ინსპექტორი ამ ფართო მასშტაბის მიმართულებებს ერთპიროვნულად კურირებდა, მას კონკრეტულად ჰქონდა განსაზღვრული საკურატორო სფეროები.

როდესაც საგამოძიებო სამსახური აღჭურვილია ფუნქციით, რომ მან უშუალოდ განახორციელოს ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ამავდროულად, ფარული საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონიერებაც ასევე ამ სამსახურის შესწავლის საგანი იყო, შესაძლოა, ყოფილიყო ფუნქციათა კონფლიქტი. ამ უხერხულობის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა სწორედ უზენაესი სასამართლოს კონკრეტული მოსამართლე, რომელიც ამოწმებდა ამავე საგამოძიებო სამსახურის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტექსტში ინფორმაციის კანონიერებას. მე პირადად, პარლამენტის მიერ განმარტებით ბარათში გაჟღერებულ ორ არგუმენტს ვეთანხმები. კერძოდ, იყო ფუნქციათა გადაფარვა, ამის ალბათობა არსებობდა. ის, რომ ორი წლის განმავლობაში რაღაც არ მომხდარა, არ ნიშნავს იმას, რომ ამის წინაშე ხვალ და ზეგ არ დავდგებით. მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორი გაყოფა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც 48 მუხლის ფარგლებში გვიწევს ახალ სამსახურს ოპერირება. ამ 48 მუხლის ფონზე, როდესაც კონკრეტულ დანაყოფს, საგამოძიებო სამსახურს ეყოლება ერთი კონკრეტული ხელმძღვანელი, უშუალოდ მისი კურირების ქვეშ იქნება ამ სამსახურის ერთი კონკრეტული მიმართულება და შესაბამისად, მისი მხრიდან კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით არგუმენტების გაჟღერება, ჩართულობის ხარისხი, კურატორობა და ზედამხედველობის გაწევა იქნება უფრო მეტად ეფექტიანი, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც სამი ერთმანეთზე მნიშვნელოვანი მიმართულების კონტროლი გიწევს“, - განაცხადა გაგნიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს უსმენენ. აღნიშნულ თანამდებობაზე ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურებია წარდგენილი. სპეციალური საგამოძიებო სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად შეიქმნა. ამავე სამსახურის ბაზაზე ჩამოყალიბდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც, რომლის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა უკვე მოუსმინა. მათ პარლამენტი ხმათა უმრავლესობით 6 წლის ვადით აირჩევს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა