პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოების იმ ჯგუფის წარმომადგენლებს მოუსმინეს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის და ამ მიმართულებით არსებული რეგულაციების წინააღმდეგ გამოდიან.
კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განსახილველად ე.წ. მწვანე პასპორტების შემოღებასთან დაკავშირებით “ერი და სახელმწიფოს“ პეტიცია გაიტანა. აღნიშნული პეტიცია პარლამენტში გასული წლის დეკემბერში შევიდა, როცა “მწვანე პასპორტების“ წარდგენის ვალდებულება მოქმედებდა. როგორც პეტიციაზე ხელმომწერები აცხადებენ, აღნიშნულ რეგულაციას მედიცინასთან კავშირი არ აქვს და მიზნად ისახავს ადამიანების დისკრიმინაციას აუცრელობის ნიშნით.
კომიტეტის სხდომაზე მოწვეული იყვნენ - “ერი და სახელმწიფოს“ დირექტორი ზვიად ტომარაძე, ჰომეოპათიის აკადემიის პრეზიდენტი თინა თოფურია, ექიმი-თერაპევტი ნონა აღდგომელაშვილი და “ერი და სახელმწიფოს“ წარმომადგენლები, რომლებმაც მმართველი გუნდი არამხოლოდ ე.წ. კოვიდ პასპორტების გამო გააკრიტიკეს, არამედ პოზიცია მოსახლეობის იძულებითი ვაქცინაციის საწინააღმდეგოდაც დააფიქსირეს.
“ე.წ. მწვანე პასპორტები, რა თქმა უნდა, დისკრიმინაციული იყო. როდესაც ვაქცინაცია დაიწყო, თავდაპირველად ის ისრაელში, ინგლისსა და აშშ-ში ჩატარდა. ზუსტად ამ ქვეყნებში წამოვიდა ე.წ. მეორე ტალღა და წამოვიდა ვაქცინირებულებისგან. ასევე ისრაელისა და ინგლისის კვლევებით დადგინდა, რომ ბუნებრივად გადატანილი დაავადების შემდეგ იმუნიტეტი გაცილებით ძლიერია, ვიდრე ხელოვნურად შექმნილი იმუნიტეტი ანუ ვაქცინირებულების. ძალიან ბევრი ინფორმაცია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ვაქცინაციამ მსოფლიოში ზრდასრულ მოსახლეობას ბევრი პრობლემა მოუტანა. გვაშფოთებს ის სიტუაცია, რომ თანდათან ცდილობენ ვაქცინაციის ასაკის დაბლა ჩამოწევას. ამ გულისტკივილით ვსხედვართ აქ და გვინდა ეს შევაჩეროთ“, - განაცხადა ექიმმა თერაპევტმა ნონა აღდგომელაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.
განხილვის ბოლოს გაიმართა კენჭისყრა და კომიტეტმა პეტიციას მხარი არ დაუჭირა.
ცნობისთვის, საქართველოში “მწვანე პასპორტები“ აღარ მოქმედებს. უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. მწვანე პასპორტების მოთხოვნის ვალდებულება 1-ელ თებერვალს გაუქმდა. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ პეტიციის განხილვისას კომიტეტს არანაირი ვალდებულება არა აქვს, პეტიციის ავტორი ან ავტორთა ჯგუფი სხდომაზე პეტიციის განხილვისას მიიწვიოს.