პაატა მანჯგალაძე - ძალიან მავნე და დამაზიანებელია რიტორიკა, რომ ომს აზრი არა აქვს, რუსეთი დიდია, მაინც მოგვერევა და ბაბაია დავუძახოთ - ეს არის მხდალი ადამიანების პოზიცია

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, რაც ახლა საქართველოს მთავრობამ, პირველ რიგში, უნდა გააკეთოს, თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა და ქვეყნის თავდაცვითი შეიარაღებით უზრუნველყოფაა.

როგორც მანჯგალაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, თუ რუსეთი საქართველოს სიღრმეში შემოსვლას გადაწყვეტს, უნდა იცოდეს, რომ მას დიდი ფასის გადახდა მოუწევს.

მისი თქმით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ყველას ნათლად დაანახა, რომ რუსეთი ნამდვილად არის ბოროტების იმპერია და მასთან ენის მოჩლექით საუბარს აზრი არ აქვს.

„რუსეთთან ასეთი ენით საუბარი მხოლოდ მის იმპერიალისტურ ზრახვებს ახალისებს. პასუხი რუსეთის მიმართ დასავლეთისგან უნდა იყოს მტკიცე. იგივე პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოსაც - არ შეიძლება საქართველოს პუტინის კეთილი ნების ანაბარა დატოვება. ჩვენ ე.წ. არგაღიზიანების პოზიცია გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს გამო დასავლეთი რუსეთს არ უნდა დაუპირისპირდეს. ახლა განცხადებების დრო არ არის. ახლა არის მოქმედებების დრო. მოქმედება იმას ნიშნავს, რომ თუკი რუსეთი საქართველოშიც მსგავსი სცენარის განვითარებას და უფრო მეტ სიღრმეში შემოსვლას შეეცდება, იმ ხალხს ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას ვაპირებთ, გვქონდეს ადეკვატური იარაღი. ადეკვატური იარაღი ნიშნავს, რომ გაიზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი იმისთვის, რომ შესაბამისი თავდაცვითი შეიარაღება გვქონდეს.

ახლა რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ პირველ რიგში აუცილებელია თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა - თუ სცენარი იმდაგვარად განვითარდა, რომ დააპირებენ მაგალითად ცენტრალური მაგისტრალის აღებას ან დედაქალაქის ალყაში მოქცევას შეეცდებიან, ჩვენ შესაბამისი იარაღი უნდა გვქონდეს.

ძალიან მავნე და დამაზიანებელია რიტორიკა, რომ ომს აზრი არა აქვს, რუსეთი დიდია, მაინც მოგვერევა და ბაბაია დავუძახოთ - ეს არის მხდალი ადამიანების პოზიცია. საქართველო ასე არ მოსულა. საქართველო მოვიდა ბრძოლით. ჩვენ არავის არ ვემუქრებით. რუსეთთან ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების ფარგლებში.

რუსეთს ომს ვერ მოვუგებთ, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ მათთვის საქართველოში ადვილი გასეირნება არ იქნება და შესაბამისი ფასის გადახდა მოუწევთ", - განაცხადა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა