„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ - 5 ივლისის საქმეზე ბრალდებულები მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიას სასამართლო სხდომებზეც აგრძელებენ

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებით, 5 ივლისის საქმეზე ბრალდებულები მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიას სასამართლო სხდომებზეც აგრძელებენ.

ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის მასობრივი ძალადობის საქმეზე დაზარალებულ რატი წვერავას ერთ-ერთმა ბრალდებულმა მუქარის შემცველი განცხადებით მიმართა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ძალადობაში მონაწილეებს „არაკაცები” უწოდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ბრალდებულმა დაზარალებულს შემდეგი ფრაზებით მიმართა: „გამომიშვით, მიმიშვით და კიდევ მომეცით 6 წელი“; „ასეთი ხალხის გამო ვზივარ აქ”; „ასეთ ვიგინდარას შემოარტყამ და მერე ვზივარ ციხეში”.

„2021 წლის 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტ რატი წვერავას მიმართ განხორციელებული სასტიკი ძალადობის კადრები საჯაროდაც არის ხელმისაწვდომი. თუმცა აღნიშნულ ეპიზოდში ამ დრომდე მხოლოდ ერთი პირია დაკავებული.

სასამართლო განხილვების დროს დაზარალებული ჟურნალისტების მიმართ არსებული მტრული გარემო ახალი არაა. 11 თებერვალს ერთ-ერთმა ბრალდებულმა შეურაცხყოფა „მთავარი არხის“ ჟურნალისტსაც მიაყენა. სასამართლო მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც DRI-იმ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი დარბევის საქმეებზე გამოაქვეყნა, ორგანიზაციამ დაზარალებულების, ექსპერტებისა და მოწმეების დაკითხვისას სხდომათა დარბაზში არსებულ დამაშინებელ და დაძაბულ გარემოს არაერთხელ გაუსვა ხაზი. აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის საქმეებზე დაცვის მხარის სტრატეგია ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტების მიმართ (სახელისუფლებო და პრორუსული მედიების წარმომადგენლების გარდა) აგრესიულ განწყობებზეა აგებული. დაცვის მხარე მათ პროვოკატორებს უწოდებს და პასუხისმგებლობის დაზარალებულებზე გადატანას ცდილობს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა არაერთხელ განაცხადა, რომ 5 ივლისის მასობრივ ძალადობაზე ხელისუფლების წარმომადგენლების არასათანადო რეაგირებამ და ორგანიზატორების დაუსჯელობამ, შესაძლოა მსგავსი დანაშაულების სამომავლოდ ჩადენა წაახალისოს.

2021 წლის 5 ივლისს თბილისში, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩასაშლელად, ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. პარლამენტთან „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეთა კარვების, ასევე, „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისების დარბევის პარალელურად, ძალადობის შედეგად დაშავდა 53-მდე ჟურნალისტი და მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო „ტვ პირველის“ ოპერატორი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებების შემდგომ, 11 ივლისს გარდაიცვალა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა