იარაღი, საბრძოლო მასალა, რაკეტები და საწვავი თქვენი ჯარებისკენ მოდის, - ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, თავის ვიდეო მიმართვაში უკრაინელი ხალხის მიმართ.
როგორც მიშელი აღნიშნავს, ევროკავშირმა, პარტნიორებთან ერთად, უკრაინის მხარდასაჭერად ომის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო კოალიციის მობილიზება მოახდინა. მიშელის თქმით, ერებისა და ლიდერების მზარდი ტალღა საერთაშორისო სამართლის დასაცავად მზადაა.
“ჩვენ ვახორციელებთ თავდაცვითი სამხედრო ტექნიკის გადაუდებელ მიწოდებას. იარაღი, საბრძოლო მასალა, რაკეტები და საწვავი თქვენი ჯარებისკენ მოდის. ჩვენ ასევე გაწვდით მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს და ჰუმანიტარულ დახმარებას,” - ამბობს მიშელი მიმართვაში.
მისი თქმით, ევროკავშირი მათ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო, უკვე “ძლიერად ურტყამს”.
“ჩვენ, ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად, გადავწყვიტეთ უპრეცედენტო სანქციები დაგვეწესებინა რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.მათ შორის ვლადიმირ პუტინისა და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ. ჩვენ მიზანში გვყავს ოლიგარქებიც, რომლებიც მათ მხარს უჭერენ. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვთიშავთ რუსეთსა და მის ეკონომიკას საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან. ეს სერიოზულად შეაფერხებს რუსეთის უნარს მოქმედებდეს გლობალურად.ჩვენ ასევე ვხურავთ ევროპის საჰაერო სივრცეს რუსული ავიახაზებისთვის. და ჩვენ უფრო შორს წავალთ,” - აცხადებს მიშელი.
მისივე თქმით, რუსეთის ომი სასტიკ ტყუილებს ეფუძნება.
"ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, რუსეთმა სასტიკი, ველური ომი წამოიწყო, რომელიც საზიზღარ ტყუილებს ეფუძნება. და თქვენ - უკრაინელი ხალხი - ხართ ამ უგუნურების უდანაშაულო მსხვერპლი, ამ ტყუილების.
ეს არის კრემლის ომი. პუტინის ომი და არა რუსი ხალხის ომი.
მაიდანიდან მოყოლებული, თქვენ - უკრაინელმა ხალხმა - მამაცი და თავისუფალი არჩევანი გააკეთეთ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. დღეს კი მტკიცედ და გმირულად წევთ წინააღმდეგობას. თქვენ თქვენს მიწას და ღირსებას იცავთ. თქვენს თავისუფლებას და შვილებს. თქვენს მთლიანობას. თქვენს დემოკრატიას.
ეს ასევე მთელი ევროპის ღირსება, თავისუფლება და დემოკრატიაა, რომელიც თავდასხმის ქვეშაა და რომელსაც თქვენ იცავთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ - ევროკავშირში - გვაქვს მორალური და პოლიტიკური მოვალეობა, გავუმკლავდეთ ამ ისტორიულ გამოწვევას.
ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული და დაუყოვნებელი მოქმედებით", - ამბობს მიშელი.
მიშელის თქმით, პასუხს აგებინებენ ომზე პასუხისმგებელ პირებს.
"ჩვენ ამ კონფლიქტის მოგვარებას დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით ვამჯობინებთ, მაგრამ ეჭვი ნურავის შეეპარება, რომ ჩვენ პასუხს ვაგებინებთ მათ, ვინც ამ ომზეა პასუხისმგებელი და ყველას, ვინც არღვევს ომის კანონს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.
მე მუდმივ კონტაქტზე ვარ, შეძლებისდაგვარად, თქვენს მამაც პრეზიდენტთან, ჩემს ძვირფას მეგობარ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მივესალმები მის სიმშვიდეს და გამბედაობას. ის თქვენი სიმშვიდისა და სიმამაცის ანარეკლია.
თქვენი პრეზიდენტი და თქვენ უკრაინელო ხალხო, უკრაინელო ერო - მაღლდებით ამ ისტორიულ მომენტამდე და დღეს მთელი ევროპა ასევე უნდა ამაღლდეს ამ ისტორიულ მომენტამდე.
ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად.
გაუმარჯოს ევროპას! დიდება უკრაინას!", - აცხადებს მიშელი.