ქართული პრესის მიმოხილვა 28.02.2022

გიორგი გობრონიძე - “აშშ-სა და ნატოს არ სურთ ომში ჩართვა, მაგრამ...”

მოლაპარაკების მცდელობა და შანტაჟი ბირთვული იარაღით - რის მიღწევას ცდილობენ რუსები

ვახტანგ კაპანაძე - “რუსეთმა უკრაინის განადგურების სტრატეგია აირჩია...”

გამოიყენებს თუ არა რუსეთი ქართველ ჰაკერთა გააქტიურებას და თბილისში გამართულ აქციებს ახალი პროვოკაციის საბაბად

თორნიკე შარაშენიძე - “რუსების გამჩერებლები მხოლოდ ამერიკელები არიან”

* * *

გიორგი გობრონიძე - “აშშ-სა და ნატოს არ სურთ ომში ჩართვა, მაგრამ...”

“ის, რასაც აკეთებს რუსეთი, აუხსნელია როგორც სამართლის, ისე საერთაშორისო ურთიერთობის ნორმებით. რუსეთის მოქმედებაში რაციონალური საფუძვლის პოვნა ძალიან ძნელია. არც 2008 წელს ჩანდა საქართველოს ნატოში მიღების ნიშანწყალი, თუმცა საქართველოში შემოიჭრა. ხოლო თუ მართლაც სურდა ნატოს გაფართოებისთვის ხელის შეშლა და უკრაინის თავის ორბიტაზე დატოვება, ამის მიღწევა შეეძლო სამხედრო აგრესიის გარეშეც - ეკონომიკური ზეწოლით, აღმოსავლეთ რეგიონში სეპარატისტული მოძრაობების წახალისებით, ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობის შექმნით, ბოლოს და ბოლოს, შეეძლოთ ცივილიზებულად მოქცეულიყვნენ ერთხელ მაინც და უკრაინისთვის კრიზისის მოგვარება განსაზღვრული დათმობების სანაცვლოდ შეეთავაზებინათ”, - აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “აშშ-სა და ნატოს არ სურთ ომში ჩართვა, მაგრამ...” / “რას ვშვრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიაღწევს უკრაინაში წარმატებას და რას გავაკეთებთ მაშინ, თუ უკრაინა გაიმარჯვებს?!” / “დავანებოთ თავი ჩვენი ქვეყნის სისუსტეების დემონსტრირებას. ოპოზიცია დღეს დაკავებულია ტრაგედიის კომერციალიზაციით, მთავრობა კი პოპულიზმით”.

“გავიხსენოთ პუტინის განცხადება უკრაინაში შეჭრამდე, რომ უკრაინა თურმე ყოფილა ხელოვნური წარმონაქმნი, რითაც მან უკრაინული სახელმწიფოს ლეგიტიმურობა კითხვის ქვეშ დააყენა. ამ ნარატივის დამკვიდრებას კრემლი წლებია ცდილობს. ეს თავის დროზევე უნდა ყოფილიყო დასავლური ქვეყნებისთვის განგაშის ნიშანი, რადგან ამით, ფაქტობრივად, ამბობდნენ, რუსეთის იმპერია უნდა დაბრუნდესო. აქედან გამომდინარე, რუსეთის გათვლით, უკრაინის მის ორბიტაზე დამაგრებით ან საერთოდ შეერთებით, დაიწყებდა იმპერიის რეანიმაციას. თუ რუსეთი აიღებს უკრაინას, რუსეთი შექმნის საბჭოთა კავშირს, ან შექმნის ბევრად უარესს - ჩრდილოეთ კორეის მსგავს საბჭოთა კავშირს. მინდა ეს ყველამ კარგად გააცნობიეროს, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვთ ილუზია, რომ საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნება სიკეთეს მოგვიტანს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“როგორც ჩანს, კრემლს იმედი ჰქონდა, რომ უკრაინელი საზოგადოება გაიხლიჩებოდა, აირეოდა; მათ ჰქონდათ 2014 წლის მაგალითი, როდესაც უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილი გადავიდა რუსეთის მხარეს, სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს პირველი შოკის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის დაცვა. როგორც ჩანს, ელოდნენ, რომ უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა სიხარულით შეხვდებოდა, რუსულ ტანკებს ყვავილებით შეეგებებოდა, რაც არ მოხდა. როგორც ვხედავთ, უკრაინაში ძალიან მაღალი ყოფილა სახელმწიფოებრიობის განცდა და სამოქალაქო თვითშეგნება. უკრაინის თითოეული მოქალაქე, ეროვნების მიუხედავად, იბრძვის სამშობლოს გოჯი მიწისთვის. ბლიცკრიგი რუსეთს არ გამოუვიდა. რუსეთი აშკარად შეცდა უკრაინელი საზოგადოების შეფასებაში და პირველი, ვისგანაც მიიღო დიდი წინააღმდეგობა, თანაც არმიაზე არანაკლები, ეს იყო სწორედ უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“უკრაინასთან ომის დაწყებით რუსეთის ფედერაციამ საბოლოოდ მოშალა ის პარადიგმა, რაც გულისხმობს რუსეთის პოლიტიკაში მყარად გამჯდარი სლავური ხალხების ერთიანობის იდეას, რაც იქნება სიგნალი ყველა კულტურულად თუ რელიგიურად ახლომდგომი ერისთვის; სიგნალი იმისა, რომ რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს კულტურული და ცივილიზაციური სიახლოვე. თუ ვამბობთ, რომ რუსეთის ისტორია იწყება კიევის რუსეთით, გამოდის, საკუთარი კულტურის აკვანი უკრაინაში შეჭრით მან მიწასთან გაასწორა, საკუთარ ფესვებს გადაუარა. პრაქტიკულად, საკუთარ იდენტობას მიაყენა დარტყმა. ამ ომს მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მძიმე შედეგები ექნება უშუალოდ მოსკოვისთვის”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი კრიზისი, რასთანაც ევროპასა და მთელ მსოფლიოს უწევს გამკლავება. ეს რომ ასეა, ამის მანიშნებელია თუნდაც გერმანიის კანცლერის გადაწყვეტილება დაეხმაროს უკრაინას შეიარაღებით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია კონფლიქტებში მონაწილეობასა და იარაღის ვინმესთვის მიწოდებას დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა, დღეს კი ეს გადაწყვეტილება მიიღო ზუსტად იმიტომ, რომ 1939-1945 წლების შემდგომ ამაზე მძიმე გამოწვევა ევროპას არ ჰქონია. კრემლი აცხადებდა, რომ სურდა ევროპას გადაეხედა უსაფრთხოების პოლიტიკისთვის და ნატო დაჰბრუნებოდა 1997 წლის პოზიციებს. თუ რუსეთის ფედერაცია ამბობს, რომ მისთვის საფრთხეა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, ამ ინტერვენციით ის თვითონ ცდილობს მიუახლოვდეს ნატოს საზღვრებს და ასევე აიძულებს ნატოს წევრ ქვეყნებს სრულად გადახედონ რუსეთთან ურთიერთობას”, - ამბობს გიორგი გობრონიძე.

“დღეს ნატოს ძალები ევროპის აღმოსავლეთით უპრეცედენტოდ იზრდება. ბოლო წლების განმავლობაში ასეთი ერთიანი არ ყოფილა დასავლეთი. საბოლოოდ რუსეთმა მიაღწია იმას, რომ დასავლური ქვეყნები, რომლებიც ბოლო წლებში ცდილობდნენ თავდაცვის ბიუჯეტების შემცირებას, ამ გადაწყვეტილებას ცვლიან. რაც შეეხება ეკონომიკურ განზომილებას, რუსეთმა მიიღო იმაზე დიდი დარტყმა, ვიდრე შეიძლება მიიღოს ნებისმიერმა ალყაში მოქცეულმა მეომარმა სახელმწიფომ. როდესაც დიპლომატიაში გაჩნდა ასეთი ტერმინები “კატასტროფული და გამანადგურებელი სანქციები”, რუსეთი უნდა დაფიქრებულიყო, მაგრამ ყურად არ იღეს. ჩათვალეს, რომ დასავლეთი ისევ შეშფოთდებოდა და მალევე გადაუვლიდა. დღეს კი ვხედავთ, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები იყინება, სვიფტიდან თიშავენ რუსულ ფინანსურ ორგანიზაციებს, უკვე ლაპარაკობენ არა მარტო “ჩრდილოეთი ნაკადი 2”-ის, არამედ “ჩრდილოეთი ნაკადი 1”-ის გაჩერებაზეც და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი მიიღებს ძალიან დიდ ეკონომიკურ დანაკარგს, რის ფასსაც უპირველესად რუსი ხალხი გადაიხდის. ეს ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის საკუთარი მოსახლეობაც არაფერს ნიშნავს. ეს არის კლასიკური ტირანული რეჟიმი, რომელსაც ხალხი არ აინტერესებს”, - განმარტავს რესპონდენტი.

“გაეროს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც იცავს თავს, აქვს როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური თავდაცვის უფლება. სწორედ კოლექტიური თავდაცვის ნაწილია ის, რომ დღეს უკრაინას უცხო სახელმწიფოები აძლევენ იარაღს, იქ არაერთი სხვა სახელმწიფოდან შედიან მოხალისეები. ვიცით, რომ ისტორიაში პირველად ამოქმედდნენ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები, რაც მიანიშნებს, რომ ნატო შესაძლოა განიხილავს ჰუმანიტარული ინტერვენციით ან სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ეგიდით ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე პროცესში. რა თქმა უნდა, ეს უპირველესად იქნება სამშვიდობო მისია. მართლაც საინტერესოა ბაიდენის განცხადება _ აშშ-სა და ნატოს არ სურთ სამხედრო მოქმედებებში ჩართვა, მაგრამ ამ გზას აშკარად განიხილავენ”, - თვლის ექსპერტი და შეკითხვაზე - “დიდი გამოხმაურება მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფრაზას, მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს თავისი და ომი უკრაინაშიაო... “ - პასუხობს:

“მაინც რა საქმე აქვს პრემიერს, რას აკეთებს ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებისთვის, როგორ პოლიტიკას ატარებს?! ეს განცხადება იყო ყოვლად მიუღებელი, მეტიც, არაეთიკური. მან ეს თქვა არასწორ დროს, არასწორ ადგილსა და არასწორი ფორმით. დიპლომატიაში, საერთაშორისო პოლიტიკაში, ასე არ ლაპარაკობენ. გავიგე, რომ სანქციების მხრივ საქართველოს ბევრი არაფერი შეუძლია, მაგრამ ეს ხომ შეიძლება ნაკლებად ხისტად და ასე არადიპლომატიურად არ თქვა? ჩვენ ვნახეთ ღარიბაშვილის სრული არაკომპეტენტურობა. რას ლაპარაკობს, რატომ ლაპარაკობს, აზრზე არ არის! საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს გაცილებით დიპლომატიური და ადეკვატური განცხადებები გააკეთოს. ჩვენი კონსტიტუციის 52-ე მუხლის თანახმად, შესაძლებელია საგარეო პოლიტიკაში სწორედ პრეზიდენტმა წარმოადგინოს ქვეყანა, რისთვისაც მთავრობის თანხმობაა საჭირო. იმედია, ამას გააკეთებენ და ბრიუსელსა და პარიზში დაგეგმილი ვიზიტებისას პრეზიდენტს პრობლემები არ შეექმნება”...

“რაც შეეხება პოლიტიკას, დღეს საქართველო ძალიან მოწყვლადია რუსული საფრთხეების მიმართ. ჩვენთან საოკუპაციო ძალასთან აფილირებული პოლიტიკური ჯგუფები ახერხებენ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, რაც გაუგონარი რამეა. ვერ ვხვდები, რა არის ჩვენი პოლიტიკა, ვის ვუწოდებთ საქართველოს მტერს და ვის მეგობარს? ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია. ამ დროს არა მარტო მთავრობამ, არამედ მთელმა პოლიტიკურმა კლასმა, მათ შორის ოპოზიციამ, ოკუპაციისგან შექმნეს არა ეროვნული ტრაგედია, არამედ პოლიტიკური ბრენდი, ოკუპაციის თემა გამოიყენეს იაფფასიანი პოლიტიკური პოპულიზმისთვის. საქართველო შეძლებისდაგვარად არის უკრაინის გვერდით. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ევროსაბჭოში რუსეთის წარმომადგენლობის შეჩერებას, ჩვენი საელჩო დღემდე რჩება კიევში. მინდა ვუსურვო გამძლეობა ჩვენს დიპლომატებს, რომლებიც თავიანთი ოჯახებით ომის ეპიცენტრში არიან. ამას დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს როგორც უკრაინის პოლიტიკური ელიტისთვის, ისე ხალხისთვისაც”, - დარწმუნებულია გობრონიძე.

“რაც შეეხება უკრაინის დახმარებას, მინდა მათ, ვისაც აღარ ახსოვთ, შევახსენო, რომ უკრაინელები ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროს იბრძოდნენ ქართველების მხარდამხარ. უკრაინის ვერტმფრენებმა აფხაზეთიდან უამრავი ქართველი გამოიყვანეს, მათ ათასობით სიცოცხლე გადაარჩინეს. 2008 წელს, როდესაც თბილისის დაბომბვის საფრთხე იყო, უკრაინის პრეზიდენტი თბილისში, რუსთაველზე იდგა. იუშჩენკო მაშინ სააკაშვილს კი არა, საქართველოს იცავდა. რა სამხედრო-ჰუმანიტარული დახმარება აღმოგვიჩინა მაშინ უკრაინამ, ეს კიდევ სხვა საკითხია. ამიტომ, სანამ რამეს ვიტყვით, ვიდრე საკუთარ “საქმეებზე” ვილაპარაკებთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ. ეს განსაკუთრებით შეეხება ხელისუფლებას. დღეს უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი ვალია. ამან შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში დაგვაზიანოს, მაგრამ არის რაღაც, რაც არ უნდა ვიკადროთ”, - აღნიშნავს რესპონდენტი.

“აქციები და მხარდაჭერის საჯაროდ გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიყოთ უკრაინის სოლიდარული. საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც რუსეთმა არა მარტო ტერიტორიები წაართვა, არამედ ბოლო 30 წელიწადში სამჯერ მოუწყო ეთნიკური წმენდა. ჩვენ საერთაშორისო დანაშაულის მსხვერპლი ვართ. დღეს საქართველო უპირველესად უნდა ლაპარაკობდეს იმაზე, რომ 2008 წლის ომზე ე.წ. ტალიავინის დოკუმენტი სრული სისულელე და აბსურდია. ახლა მაინც ხომ კარგად დაინახა მსოფლიომ, რომ პროვოკაციას კი არ წამოვეგეთ, ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენცია განხორციელდა. ევროკავშირი და გერმანია ძალიან ცდილობდნენ იმჟამად უსუსური არგუმენტებით საკუთარი კომფორტის ზონაში დარჩენას, თურმე ექსცენტრიკული პრეზიდენტი გვყავდა, რომელმაც ომი დაიწყო. საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენ როგორ დავიწყეთ ომი?!” - აცხადებს რესპონდენტი.

“დავანებოთ თავი ჩვენი ქვეყნის სისუსტეების დემონსტრირებას. ოპოზიცია დღეს დაკავებულია ტრაგედიის კომერციალიზაციით, მთავრობა კი პოპულიზმით. მოვუწოდებ, გააკეთონ საქმე. დასხდნენ ხელისუფლება და ოპოზიცია და საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე კი არა, იმაზე იფიქრონ, როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რომლის შედეგადაც შემცირდება ჩვენი ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება; როგორ უნდა გაიზარდოს თავდაცვითი შესაძლებლობები; რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში რუსული საინფორმაციო პოლიტიკის შესაზღუდად; რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ აღმოჩნდეს ისევ რუსულ ორბიტაზე; რას ვშვრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიაღწევს უკრაინაში წარმატებას და რას გავაკეთებთ მაშინ, თუ უკრაინა გაიმარჯვებს?! ერთხელ მაინც გააკეთო ის საქმე, რაც ქვეყანას სჭირდება. უსაფრთხოების პოლიტიკა რომ არ გააჩნია სახელმწიფოს, ამაზე ილაპარაკონ. პოლიტიკური მასკარადით არის დაკავებული ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. ისე მოახერხეს, რომ უკრაინის კრიზისიც კი ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციისთვის გამოიყენეს, ყოჩაღ!” - დაასკვნის ექსპერტი.

“პროგნოზს რაც შეეხება, ყველა ომი დასაწყისში ე.წ. ომის ნისლით არის მოცული. არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები. არავინ ელოდა, დასავლეთშიც კი, უკრაინის ასეთ მედგარ წინააღმდეგობას. შესაბამისად, რომ დაინახეს, როგორ იბრძვის სახელმწიფო გადარჩენისთვის, უპრეცედენტო მხარდაჭერა დაიწყო. აღარავინ დარჩა მსოფლიოში, ვინც რუსეთს არ აკრიტიკებს. იმასაც კი მოვესწარით, “თალიბანმა” მოუწოდა რუსეთს მშვიდობისკენ. აშშ-მა პუტინს “საპატიო” ადგილი მიუჩინა დესპოტთა სიაში, ბაშარ ასადსა და კიმ ჩენ ინთან... უკრაინა გმირობის საოცარ მაგალითებს გვიჩვენებს, დასავლეთი კი ძალიან მობილიზებულია, რაც ფრთხილი ოპტიმიზმისთვის საფუძველს იძლევა. ვიქონიოთ იმედი, რომ 21-ე საუკუნეში აღარ გამოუვათ იმპერიებს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ხალხის განადგურება”, - დასძენს გიორგი გობრონიძე.

მოლაპარაკების მცდელობა და შანტაჟი ბირთვული იარაღით - რის მიღწევას ცდილობენ რუსები

“მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც ბოლო წუთამდე ჩაშლის ზღვარზე იყო, საბოლოოდ მაინც დაიწყო. მხარეები ბელარუსის ქალაქ გომელთან, უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე შეხვედრის შესახებ შეთანხმდნენ. ამის პარალელურად კი რუსეთი მსოფლიოს ბირთვული იარაღით აშანტაჟებს - კვირას პრეზიდენტმა პუტინმა შეკავების ძალების მორიგეობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლის ბრძანება გასცა. შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს დასავლეთის სანქციებს. ორშაბათიდან ბირჟების ამუშავებასთან ერთად სპეციალისტები ამ სანქციების პირველ და რუსეთისთვის მეტად მტკივნეულ შედეგებს პროგნოზირებენ, რაც შესაძლოა რუბლის კურსის ნახტომისებულ დაცემასა და რუსული ბირჟების ჩამოშლაში გამოიხატოს. ამ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად მოსკოვისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინასთან რაიმე შეთანხმების მიღწევა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოლაპარაკების მცდელობა და შანტაჟი ბირთვული იარაღით - რის მიღწევას ცდილობენ რუსები.

“რუსეთის შეკავების სტრატეგიული ძალები განკუთვნილია რუსეთისა და მისი მოკავშირეების მიმართ აგრესიის შესაკავებლად და აგრესორის განადგურებისთვის, მათ შორის ომში ბირთვული იარაღის გამოყენებით. კვირას პუტინმა სწორედ ამ ძალების საგანგებო მდგომარეობაზე გადაყვანის ბრძანება გასცა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრაზე განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ბელარუსის ლიდერმა და რუსეთის უახლოესმა მოკავშირე ალექსანდრე ლუკაშენკომ ასევე გააკეთა განცხადება შესაძლო ბირთვული ომზე და განაცხადა, რომ დასავლეთი ამისკენ თავად უბიძგებს რუსეთს. უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე მოლაპარაკებისას რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს, უკრაინისას კი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კვირას შუადღისას მედინსკიმ უკრაინული მხარე შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და ულტიმატუმიც წაუყენა - თუ უკრაინელები ადგილობრივი დროით 15:00-მდე არ ჩავიდოდნენ გომელში, მომავალ სისხლის ღვრაზე პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებოდათ. მედინსკი აცხადებს, რომ უკრაინელებმა ამ ვადის გასვლამდე ორიოდე წუთით ადრე შეატყობინეს, რომ შეხვედრაზე თანახმა იყვნენ. მედიის ცნობით, ოფიციალური კიევი მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა გომელში დელეგაციის გაგზავნას, რაც მოსკოვმა მოლაპარაკების გამართვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა მოხსნა, რომლის მიხედვითაც უკრაინულ არმიას წინააღმდეგობა უნდა შეეწყვიტა და იარაღი უნდა დაეყარა. ამის შესახებ “უკრაინსკაია პრავდა” წერს პრეზიდენტ ზელენსკის გარემოცვაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით”, - განაგრძობს გამოცემა.

“კვირას დილით რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოფიციალურ კიევთან ბელარუსში მოლაპარაკების გამართვაზე შეთანხმდნენ და მათი დელეგაცია უკვე ადგილზე იყო, თუმცა უკრაინელები არსად ჩანდნენ. ამის საპასუხოდ კიევში განაცხადეს, რომ ასეთი შეთანხმება არ არსებობდა და რუსების დელეგაციის ბელარუსში ჩასვლა უბრალოდ მოლაპარაკების თემით მანიპულირება იყო. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეთავაზებებზე, რომ მოლაპარაკებები ბელარუსში გამართულიყო, ორი მიზეზით თქვა უარი. პირველი მოლაპარაკებების ლოკაციაა, რადგან ამ ომში ბელარუსი პრაქტიკულად რუსეთის მოკავშირეა. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბოლო მომენტში რუსებმა მოლაპარაკების ახალი წინაპირობა წამოაყენეს - უკრაინის არმიას წინააღმდეგობა უნდა შეეწყვიტა და იარაღი დაეყარა. კიევში აცხადებდნენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებისთვის, ოღონდ ნეიტრალურ ტერიტორიაზე და ყოველგვარი წინაპირობებისა და ულტიმატუმების გარეშე”, - დასძენს გამოცემა.

“ჩვენ ვერ წავალთ ბელარუსში, სადაც უსაფრხოების გარანტიები თითქმის არაა. უკრაინის პოზიცია უცვლელია - ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ ნებისმიერ ნეიტრალურ ადგილზე: ბაქოში, სტამბოლში, ვარშავაში, ვენაში... თქვენ გააგრძელეთ. ჩვენ ვაგრძელებთ მოწვევის პროცესს, რომ რუსეთი დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან მისი სამხედროების სიცოცხლე გადაარჩინოს...”, - განაცხადა ზელენსკის პრესსპიკერმა. ამის შემდეგ გაიმართა სატელეფონო საუბარი ზელენსკისა და მის ბელარუს კოლეგა ლუკაშენკოს შორის და, სავარაუდოდ, უკრაინულმა მხარემ ამის შემდეგ გადაწყვიტა მოლაპარაკებებზე დელეგაციის გაგზავნა. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ, პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა შედგეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, შემდგომი მოლაპარაკებების საგანი კი უამრავი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ - ულტიმატუმებისა და მოთხოვნების გარეშე”, - წერს სტატიის ავტორი.

“პირველი და სასწრაფო ისაა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგეს, რომ ეს ხოცვა-ნგრევა შეწყდეს. მეორე ისაა, რომ უპრინციპულესი საკითხია, რომ რუსეთმა ჯარის გაყვანა დაიწყოს. სხვა თემები უკვე შემდგომი მოლაპარაკების საგანია და უამრავი რამ შეიძლება, იყოს. რუსეთი სულ მინსკის შეთანხმებებზე საუბრობდა. უკრაინამ ამაზე უარი თქვა და აბსოლუტურად სწორი იყო, რადგან თავიდან, როცა ეს შეთანხმება ჩამოყალიბდა, რუსეთმა ტრადიციულად შექმნა დოკუმენტი, რომელიც ფაქტობრივად უკრაინის სუვერენიტეტის რუსეთისთვის დამორჩილებას ნიშნავდა. ამ ხელშეკრულებიდან რუსეთს ის ელემენტები რომ ამოეღო და შეეცვალა, ეს გზა შეიძლებოდა განვითარებულიყო და შემდგომ რაღაც პოზიტივამდე მისულიყვნენ, მაგრამ რუსეთმა ეს არ მოინდომა, რადგან მისი მთავარი მიზანი ის მუხლები იყო და არა სხვა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

“რუსეთი და უკრაინა შეიძლება, შემდგომ ურთიერთობებზე შეთანხმდნენ, ოღონდ ამ ულტიმატუმებისა და მოთხოვნების გარეშე. უკრაინა თავის საგარეო პოლიტიკურ არჩევანს არავითარ შემთხვევაში არ დათმობს. რა თქმა უნდა, ნეიტრალიტეტზე საუბარი ზედმეტია. რუსეთმა ულტიმატუმი უნდა შეწყვიტოს, თავისი ჯარი უნდა გაიყვანოს და მშვიდობიანად უნდა შეეცადოს, რომ უკრაინასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყაროს. ესაა მიზანი, რომელიც მიღწეული უნდა იქნას. ეს რთული არაა, თუმცა რუსეთს ამისათვის ძირითადი პრინციპებიდან უკან დახევა მოუწევს, მაგრამ ეს გარდაუვალია. ამის გარეშე უბრალოდ, მშვიდობა ვერ დამყარდება. რუსეთმა თავის იმპერიულ განზრახვაზე - საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ხელი უნდა აიღოს. ჩვენ გვესმის, რომ ახლანდელი ომი მხოლოდ კიევის აღება-არაღებასა და უკრაინის დაპყრობა-არდაპყრობაზე არაა, ესაა ომი იმაზე, თუ ხვალინდელი ევროპა როგორი იქნება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ხვალინდელი ევროპა მშვიდობიანი და დაწყნარებული ვერ იქნება, თუკი რუსეთი ისეთივე იმპერიალისტური იქნება, როგორიც დღესაა. ამგვარი რუსეთი ადრე თუ გვიან რაღაც უბედურებას მაინც მოაწყობს. მოაწყობს საქართელოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ცენტრალურ აზიაში ან - სადაც გნებავთ. ახლა დადგა მომენტი, როცა მსოფლიომ ასეთი პერსპექტივა, ბოლოს და ბოლოს, უნდა აღკვეთოს. სამწუხაროდ, 1990 წელს დასავლეთმა ეს ეფექტურად ვერ შეძლო, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაშინ რუსეთი დარჩა თავისი ამბიციებით, ატომური ბომბით... უფრო მეტიც, დასავლეთი მიეხმარა კიდეც, რომ უკრაინას, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებს ბირთვული იარაღი ჩაებარებინათ, რუსეთს კი მთელი საბჭოთა ბირთვული არსენალი დარჩა. ამის მერე დაახლოებით 10 წელიწადში მას სულ სხვა ამბიციები გაუჩნდა. მსოფლიომ ამით გაკვეთილი უნდა ისწავლოს, ეს ომი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის მომავლისთვისაა”, - დაასკვნის მენაღარიშვილი და შეკითხვაზე - “რამდენად შეიძლება რუსეთმა დაიხიოს უკან და თავისი მოთხოვნები უკან წაიღოს?” - პასუხობს:

“იძულებული უნდა იყოს. ჯერჯერობით, რა ნაბიჯიც დასავლეთმა გადადგა, რუსეთისთვის დამანგრეველია, ვნახოთ. ის ეკონომიკური სანქციები, რომლებიც შემოიღეს, ფაქტობრივად რუსეთის პერსპექტივას გაანადგურებს, იქ კი საზოგადოება და ხალხია, რომელმაც ხმა უნდა ამოიღოს და საკუთარ ხელისუფლებას უკარნახოს, რომ ჭკუაზე მოეგოს, მსოფლიოს ამის იმედი აქვს”.

ვახტანგ კაპანაძე - “რუსეთმა უკრაინის განადგურების სტრატეგია აირჩია...”

“საომარი მოქმედებების დაწყება პოლიტიკური საკითხია და კიდევ რა უნდა გაეკეთებინა უკრაინას, რომ ეს შეეჩერებინა, არ ვიცი. ამის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა. მაშინ უნდა დანებებოდა. დასავლეთსაც მეტი უნდა მოენდომებინა, რომ ეს არ დაეშვა, მეტად უნდა შეეიარაღებინა უკრაინა, რომ შემაკავებელი ფაქტორი გაეძლიერებინა. სანქციები თავისთავად მკაცრი უნდა იყოს”, - აცხადებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი, სამხედრო ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთმა უკრაინის განადგურების სტრატეგია აირჩია...”

“ვითარება იმიტომ არის ასეთი მძიმე, რომ სამმა დაჯგუფებამ, რომლებიც დაუსრულებელ სწავლებას გადიოდნენ, განახორციელა დაგეგმილი, ოპერატიული ხელოვნების შესაბამისად გაწერილი, თითქმის ქრესტომათიული მოქმედებები მასირებული საავიაციო, სარაკეტო, საარტილერიო და სატანკო დარტყმებით. თუმცა, რუსეთმა ვერ მიაღწია იმას, რაც უნდოდა - რომ რამდენიმე საათში კიევი მათი იქნებოდა და ამ დაბომბვით და ტერიტორიაზე შეჭრით უკრაინას აიძულებდა, კაპიტულაცია გამოეცხადებინა. მთავარი დაცვის მიმართულება იყო დონეცკი-ლუგანსკის მიმართულება. ხარკოვი-ლუგანსკის მიმართულებაზე ვერ მოხერხდა გარღვევა, რის შემდეგაც იგეგმებოდა დასავლეთის დაჯგუფების მეორე ოპერატიული ეშელონის შესვლა, რომელიც უფრო სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედებდა ამოცანის შესასრულებლად. რაკი ეს ვერ მოხერხდა, ღამის განმავლობაში მოხდა გადაჯგუფება და კიევი გახდა დარტყმის მთავარი მიმართულება. გაძლიერდა საჰაერო, სადესანტო, საარტილერიო მოქმედებები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“კიევი სამმილიონიანი ქალაქია, ძალიან დიდი ფართობით და ასეთი ადვილი არ არის მისი აღება, თან ერთია აღება და მეორე - მისი შენარჩუნება. კიევში რომ დიდი წინააღმდეგობა დახვდებოდა რუსეთს, ორი აზრი არ არსებობს. დედაქალაქი რომც აიღონ, მათ ჯერ მოუწევთ იქაურობის გაწმენდა, მერე უნდა დააყენონ საკომენდატო გარნიზონი და თვითონ იქნებიან ვალდებული, მოამარაგონ ქალაქი საკვებით, გაუწიონ სანიტარიული და სამედიცინო მომსახურება. რუსეთის მარიონეტის ხელისუფლებაში მოყვანა არ ნიშნავს, რომ უკრაინა მას გვერდით დაუდგება. არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის დანაკარგიც არ არის მცირე”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ახლა უკრაინას სჭირდება მყისიერი მატერიალური და ტექნიკური დახმარება. ოდესმე ვიღაცას ბანკებში ფული რომ გაეყინება, ამას ვერ დაელოდება ბარიკადებს ამოფარებული უკრაინელი. ჯავშანტექნიკისა თუ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების მიწოდებაზე კარგი ახლა არაფერი იქნება... დასავლეთს შეუძლია არალეტალური იარაღი მიაწოდოს, მაგალითად, ელექტრონული ბრძოლის დანადგარები, სადგურები, სახმელეთო დაზვერვის საშუალებები, საინჟინრო საშუალებები. ეს იქნება დიდი მორალური დახმარება იმ ხალხის, რომელიც ახლა იქ დგას იარაღით ხელში და მეორეც, ეს ისეთი დახმარება იქნება, რომელსაც უკრაინა კარგად გამოიყენებს თავდაცვისთვის”, - მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი.

“ყველაზე ცუდი იქნება, აიძულონ კიევის ხელისუფლება, ხელი მოაწეროს მინსკის შეთანხმებას, რომ არასდროს გაწევრდება ნატოში და, ამავე დროს, წაიღონ დონეცკი-ლუგანსკის მიმართულება. დიდი ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება მარიუპოლის მიმართულებაც წაიღონ. თუ კიევმა კაპიტულაცია გამოაცხადა, არა მგონია, ოდესა აიღონ, შავი ზღვიდან მოკვეთონ უკრაინა და მიიერთონ. მეორე სცენარით შეიძლება კიევის დაკარგვის შემთხვევაში უკრაინამ გააგრძელოს პარტიზანული ბრძოლა. რუსეთს არ აქვს იმდენი ძალა, ყველა ქალაქში თავისი გარნიზონი ჩააყენოს. ნაკლებად მძიმე შედეგად მიმაჩნია, რუსეთმა მოაწეროს ხელი უკრაინასთან შეთანხმებას, თუმცა წაიღოს დონეცკი და ლუგანსკი მთლიანად, ადმინისტრაციული საზღვრის ჩათვლით”, - დაასკვნის ვახტანგ კაპანაძე.

“სამწუხაროდ, რაც მოხდა, ამას უკრაინა ელოდა. რუსეთს შეეძლო მუდმივ დაძაბულობაში ჰყოლოდა უკრაინა, გაეგრძელებინა ეს ვითომ სწავლებები, რასაც აქამდე აკეთებდა, მუდმივი მოლოდინი ყოფილიყო, რომ რუსეთი საომარ მოქმედებებს დაიწყებდა და ასე გადაეღალა მოსახლეობა. როცა ქვეყანა ასეთი დაძაბულია, იქ ინვესტიციები არ ჩაიდება, ეკონომიკა სუსტდება. ასე დასუსტებულ უკრაინაში შეეძლო, ხელისუფლების ცვლილებაც კი გამოეწვია - ამას თვითონ ხალხი გააკეთებდა, მაგრამ რუსეთმა უკრაინის განადგურების სტრატეგია აირჩია. ეს არ არის სრულმასშტაბიანი ომი, ეს არის ფართომასშტაბიანი ომი. სრულმასშტაბიანი ომის დროს არანაირი შეზღუდვა არ არის. მადლობა ღმერთს, ბირთვული იარაღი არ გამოუყენებია და არც მგონია, ეს გააკეთოს, რადგან ეს მსოფლიოზე დარტყმას ნიშნავს”, - დასძენს რექსპონდენტო და შეკითხვაზე - “მსოფლიოს აქვს რაიმე მექანიზმი ამის შესაჩერებლად?” - პასუხობს:

“ნატოს შესაძლებლობები მრავალჯერ აღემატება რუსეთის შესაძლებლობებს, მაგრამ ზელენსკის იმედგაცრუება ეტყობა. მან თქვა, 28 ქვეყნის წარმომადგენლებს მივმართე ნატოში ჩვენი მიღების შესახებ, მაგრამ არაფერს ამბობენ, ჩუმად არიანო. გამორიცხული არ არის, ნეიტრალიტეტის თაობაზე რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება, რათა ომი შეწყდეს, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება”.

გამოიყენებს თუ არა რუსეთი ქართველ ჰაკერთა გააქტიურებას და თბილისში გამართულ აქციებს ახალი პროვოკაციის საბაბად

“გამოიყენებს თუ არა რუსეთი თბილისში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ აქციებსა და რუსულ ინტერნეტ-საიტებზე ქართველი ჰაკერების თავდასხმას საქართველოს წინააღმდეგ ახალი პროვოკაციის საბაბად? ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ რუსეთს ამჟამად საქართველოსთვის არ სცალია, თუმცა გამორიცხული არაა ცხინვალის მარიონეტული ხელისუფლება გარკვეულ პროვოკაციებზე წამოვიდეს და საფრთხე დაემუქროს ცხინვალთან მომიჯნავე ტერიტორიებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გამოიყენებს თუ არა რუსეთი ქართველ ჰაკერთა გააქტიურებას და თბილისში გამართულ აქციებს ახალი პროვოკაციის საბაბად.

“პარასკევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია თბილისში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. ამასთან, რუსეთს საერთაშორისო ჰაკერულმა დაჯგუფება “ანონიმუსმა” კიბერომი გამოუცხადა, რაშიც ქართველი ჰაკერებიც აქტიურად არიან ჩართული. პარალელურად, ოკუპირებულ ცხინვალში, “საქართველოდან მომდინარე პროვოკაციების საფრთხის გამო”, ჯარი ყაზარმულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის ფონზე, 25 თებერვალს დედაქალაქის ქუჩებში საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. აქციის მონაწილეებმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაც მოითხოვეს მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ინტერნეტში რუსეთის პროპაგანდისტული და სამთავრობო საიტების წინააღმდეგ აქტიური მუშაობა დაიწყეს ჰაკერულმა დაჯგუფებებმაც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ ქართველი ჰაკერებიც შეუერთდნენ. ზოგიერთ რუსულ ვებ-გვერდზე გაჩნდა ქართულენოვანი წარწერები და მითითება, რომ მათზე თავდასხმა ქართველმა ჰაკერებმა განახორციელეს. ამ მოვლენათა ფონზე გააქტიურდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება. “პრეზიდენტმა” ანატოლი ბიბილოვმა მოიწვია ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს დაავალა კონტრდაზვერვითი საქმიანობის მობილიზება, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილებასთან ერთად “საზღვრის და საქართველოსთან მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგისთვის აუცილებელი ქმედებების” უზრუნველყოფა და მზადყოფნა “საქართველოს მხრიდან ყველა შესაძლო პროვოკაციაზე რეაგირებისთვის”, - განაგრძობს გამოცემა.

“როგორც ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, გამორიცხული არ არის მცირე პროვოკაციები ოკუპაციის ხაზის გასწვრივ. თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ რუსეთს ახლა არ სცალია საქართველოსთვის და არც ამ ხელისუფლების პირობებში ხედავს რაიმე საფრთხეს ჩვენგან”, - დასძენს გამოცემა.

“არ მგონია ჰაკერული თავდასხმებისა და ხალხის აქციების გამო რაიმე საფრთხე დაინახოს რუსეთმა, ან ამაზე ყურადღების მიქცევა ღირდეს. სიმართლე გითხრათ, დღეს რუსეთს ნამდვილად არ სცალია საქართველოსთვის იმიტომ, რომ ჩვენგან ის არ ელოდება, ამ ხელისუფლების პირობებში, არავითარ პრობლემებს, რაც რამდენჯერმე გააჟღერეს კიდეც. მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომ ის არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოში “ხალხს გონება გაუნათდა”. აქედან გამომდინარე, ნაკლებად არსებობს მოლოდინი, რომ საქართველო რაღაცნაირად მოექცევა რუსეთის ყურადღების ცენტრში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ, ცხინვალის რეგიონი იქნება, თუ სხვა რომელიმე, არ წამოვა პროვოკაციაზე. ეს შეიძლება განსაკუთრებით შეეხოს ცხინვალის მომიჯნავე ტერიტორიებს. ახლა ისინი აღფრთოვანებული არიან პუტინის გადაწყვეტილებებით და ცდილობენ გამოიყენონ არსებული ვითარება. თუ გაუვათ, შესაძლოა პროვოკაციები მოაწყონ, ამიტომ ახლა ყურადღებით უნდა იყოს როგორც ხელისუფლება, ისე თავდაცვის სფერო. დარწმუნებული ვარ, ისინი ინფორმირებულნი არიან”, - დასძენს კაკაჩია.

თორნიკე შარაშენიძე - “რუსების გამჩერებლები მხოლოდ ამერიკელები არიან”

“უპირველესად ქებათა ქება ამერიკულ დაზვერვას, რადგან ძალიან ბევრს არ სჯეროდა, რომ რუსეთი ომს დაიწყებდა, მათ შორის, ძალიან ინფორმირებულ რუსებს. უკრაინაში შეჭრა არ ექვემდებარება რაციონალურ ახსნას, რადგან გაუგებარია, ამით რა მოიგო რუსეთმა. ყველამ ვიცით, რომ უკრაინა ნატოში მაინც ვერ შედიოდა. შეეძლო პროვოკაციები მოეწყო დონბასის ოლქში, რათა მთლიანად დაეკავებინა და ასე მოეხდინა ზეწოლა უკრაინაზე. ამით ხელში ეყოლებოდა უკრაინა. ეს რუსეთს უკან ძალიან ცუდად მოუტრიალდება, ასეთი ომის გაჩაღება ყველაზე ახლოს მდგომ ერთან შედეგების გარეშე არ ჩაივლის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, “ჯიპა”-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსების გამჩერებლები მხოლოდ ამერიკელები არიან”.

“ეს სანქციები ნამდვილად არ არის საკმარისი რუსეთის შესაჩერებლად. ბაიდენმაც თქვა, რომ ეს გრძელ ვადაზეა გათვლილი. უკრაინა კი რამდენ ხანს გაძლებს? ხომ გამოჩნდა, რომ ნატო არ აპირებს რუსეთთან ომს? ორი ვარიანტი იყო - ან ჩაესვათ უკრაინაში, მაგალითად, ერთი ამერიკული ბატალიონი, რომელიც პოლიტიკური განაცხადი იქნებოდა, რადგან, წესით, რუსეთი ამერიკას ომს არ დაუწყებდა. მაგრამ რა მოხდა? მოხდა ის, რომ ჯერ იყო ფსიქოლოგიური ომი, რომელშიც პუტინი იმარჯვებს იმიტომ, რომ პირველი: მას აქვს ყველაფერზე წამსვლელის იმიჯი და მეორე - ამერიკაში უკრაინა მაინც აღიქმება როგორც რუსეთის ტრადიციული გავლენის სფერო და ამიტომ ამერიკის რიგითი ამომრჩეველი რუსეთთან კონფრონტაციას მხარს არ დაუჭერს. როგორც ცნობილია, ბაიდენმა უკრაინიდან ამერიკელი სამხედროები გაიყვანა, ეს კი პუტინმა აღიქვა ისე, რომ ამერიკა უკრაინაში აღარ იყო და რუსეთს თავისუფლად შეეძლო შესვლა. რუსეთს მხოლოდ ამერიკის ეშინია, რადგან რუსების გამჩერებლები მხოლოდ ამერიკელები არიან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე და შეკითხვაზე - “ამერიკის დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ომს იწყებდა და ისიც ცხადი იყო, ამერიკელების გასვლა კრემლისთვის კარტ-ბლანში იქნებოდა - რისი გათვლით მიიღო ამერიკამ ეს გადაწყვეტილება?” - პასუხობს:

“როგორც გითხარით, ეს იმის შედეგია, რომ პუტინმა ფსიქოლოგიურ ომში გაიმარჯვა, რომ უკრაინის გამო ამერიკა რუსეთთან ომს არ დაიწყებს”.

“უკრაინის არმია რუსეთს ჯერჯერობით კარგად უმკლავდება. ვფიქრობ, რომ 45-მილიონიანი და ამხელა ტერიტორიის მქონე ქვეყნის დამორჩილება არ იქნება ადვილი. ორი-სამი დღე იქნება გადამწყვეტი, ამასობაში რუსეთმა კიევი თუ ვერ აიღო, ეს ფსიქოლოგიურად დაეტყობა რუსულ არმიას, მით უმეტეს, რუს მოსახლეობაში ამ ომს რეალურად მხარდაჭერა არა აქვს. საქართველოს რომ შევადაროთ, მაშინ ცხინვალის დაბომბვის თემა გამოიყენეს საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად და ხალხის მხარდაჭერა არ გვქონდა. ახლა ესეც არ არის და ამ ომს ვერაფრით ამართლებენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეგვეხება ჩვენ - ჩვენ რა უნდა ვქნათ, როდესაც დასავლეთი სანქციების იქით ვერ მიდის? რა უნდა ვქნათ, როდესაც ყურის ძირში რუსი სამხედროები დგანან? რაც შეეხება ღარიბაშვილი განცხადებას, ამაზე რა გითხრათ, როგორც ჩანს, პრემიერს ნამეტანი პირდაპირობით მოუვიდა. გეთანხმებით, რომ განცხადების ფორმას გააჩნია და ჯობს, საერთოდ არაფერი თქვან. ხელისუფლების პოლიტიკა იმისკენაა მიმართული, რომ რუსეთს საბაბი არ მისცეს აგრესიისთვის. ეს თუ გადაგვარჩენს, სიმართლე გითხრათ, მე წინააღმდეგი არ ვიქნები, მაგრამ ვნახოთ. სამწუხაროდ, ეს არ არის იმის გარანტია, რომ რუსეთი არ მოგვიტრიალდება. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ რა სანქციებს უნდა მივუერთდეთ? გამოვიდეთ საბავშვო ასაკიდან და რეალურად ვიმსჯელოთ. თუმცა, ცხადია, აზრის ძალიან დელიკატურად გამოხატვაც შეიძლებოდა”, - დასძენს თორნიკე შარაშენიძე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა