ანდრო გოცირიძე - რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასიური შემოსვლა უსაფრთხოების სერიოზული რისკების შემცველია, ადეკვატური ზომების მიღება სახელმწიფოს ვალდებულებაა და ამას რუსოფობიასთან არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს

უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე იმაზე თუ რა ტიპის საფრთხეები აქვს საქართველოს უკრაინაში რუსული აგრესიის გამო და სავარაუდოდ, რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ ქვეყნისათვის ამ ომის გამო გამოწვეული რისკებისა და საფრთხეების თავიდან ასაცილებლად „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტს, წიგნების „კიბერთავდაცვა“ და „ჰიბრიდული ომების ანატომია“-ს თანაავტორს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

- ბატონო ანდრო, რუსული ჯარის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად ვითარება უკრაინაში მძიმეა. პრეზიდენტ პუტინთან საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის სატელეფონო საუბრის შემდეგ პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა - „კიდევ უფრო უარესი ჯერ კიდევ წინაა“.

ვინც კრემლის საგარეო პოლიტიკას კარგა ხანია ადევნებს თვალს და რუსეთის მოქალაქეების იმპერიალისტური მიდრეკილებების ისტორიაში მეტ-ნაკლებად ჩახედულია, მაკრონის ეს განცხადება წესით არავის უნდა გაგკვირვებოდა.

გასულ კვირას ქართულ მედიაში და სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილებოდა და ახლაც გრძელდება იმაზე მსჯელობა, რომ რუსეთიდან საქართველოში მასიურად შემოდიან რუსეთის მოქალაქეები. ამ თემაზე მსჯელობამ ისეთი სახე მიიღო, რომ თქვენთან დაკავშირება გადავწყვიტეთ.

მიუხედავად იმისა, რომ რეალურად არ ვიცით რამდენად გაზრდილია რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი, სოციალურ ქსელში ბევრი წერს, რომ მათი რაოდენობა გაზრდილია როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის საკურორტო ქალაქებსა და სოფლებშიც კი, რომ ამ თემაზე მსჯელობა ნამდვილად ღირს.

ძალიან მინდა ამ თემაზე მსჯელობას რამე კავშირი ჰქონდეს რაიმე სახის ფობიასთან, განსაკუთრებით რუსოფობიასთან, რისი საფუძველი ჩვენში თავად კრემლს აქვს შექმნილი. მიუხედავად ამისა, კითხვას ასე დავსვამ - რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასიურ შემოსვლას რა სერიოზული რისკები აქვს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის?

- რუსეთის პრეზიდენტმა და კრემლის ელიტამ საქართველო „რუსულ ტერიტორიად“ გამოაცხადა, რაც საქართველოში შემოჭრის იდეოლოგიურ საფუძველს ქმნის. ასეთი განვითარების ალბათობას არ გამორიცხავენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და წევრი ქვეყნების ოფიციალური პირები. ასეთი მოცემულობის ფონზე, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასიური შემოსვლა უსაფრთხოების სერიოზული რისკების შემცველია. ადეკვატური ზომების მიღება სახელმწიფოს ვალდებულებაა და ამას რუსოფობიასთან არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს.

ღონისძიებები რუსი ეთნოსის წინააღმდეგ კი არ ტარდება, არამედ მტრულად განწყობილი ქვეყნის მხრიდან გადმოსულ მოქალაქეთა დიდ ნაკადის სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების შესაბამისად დასარეგულირებლად.

ჰიპოთეტურად ამ ნაკადში შესაძლოა ეთნიკურად ქართველი ან გერმანელიც კი იყოს, ამას ჩაგვრასთან და თანაც ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციასთან არ შეიძლება საერთო ჰქონდეს.

მაინც რა რისკები ახლავს ამ პროცესს? საზღვრის დაცვის სამსახურებს დიდი ნაკადების ფილტრაცია უჭირთ და სპეცსამსახურისთვის ჩვეული კონსპირაციის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული ტურისტის, ბიზნესმენის, ლტოლვილის საფარქვეშ დაზვერვის სპეცკონტიგენტის ინფილტრაცია დაინტერესების ქვეყანაში. ეს ნებისმიერი სპეცსამსახურის ჩვეული პრაქტიკაა და მას ომისწინა ეტაპზე რუსეთიც აქტიურად იყენებს.

საზღვრის დაცვის სამსახურებს დიდი ნაკადების ფილტრაცია უჭირთ და სპეცსამსახურისთვის ჩვეული კონსპირაციის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული ტურისტის, ბიზნესმენის, ლტოლვილის საფარქვეშ დაზვერვის სპეცკონტიგენტის ინფილტრაცია დაინტერესების ქვეყანაში. ეს ნებისმიერი სპეცსამსახურის ჩვეული პრაქტიკაა და მას ომისწინა ეტაპზე რუსეთიც აქტიურად იყენებს

ცნობილია, რომ დაზვერვის ფუნქცია მარტო ინფორმაციის მოპოვება არ არის. რუსული სამხედრო დაზვერვის დანაყოფები ან მისი ცალკეული წარმომადგენლები ხშირად ისეთ ამოცანებსაც ასრულებენ, როგორიცაა აქტიური თუ მწვავე ღონისძიებების, დივერსიების განხორციელება, დასახლებულ პუნქტზე კონტროლის დამყარება, საბრძოლო დანაყოფებისათვის გზის ჩვენება და გახსნა.

მრავალჯერ დადასტურებული ფაქტია, რომ კრემლი აქტიურად იყენებს ბაზარს, ეკონომიკას, როგორც ჰიბრიდული ომის ერთ ერთ ბერკეტს და დაინტერესების ქვეყანაზე ზეწოლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.

მრავალჯერ დადასტურებული ფაქტია, რომ კრემლი აქტიურად იყენებს ბაზარს, ეკონომიკას, როგორც ჰიბრიდული ომის ერთ ერთ ბერკეტს და დაინტერესების ქვეყანაზე ზეწოლის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს

ამ პერსპექტივიდან, რუსეთის მოქალაქეთა დიდი ნაკადის შემოდინება გაზრდის მასზე ჩვენი მცირე და მიკრობიზნესის, თვითდასაქმებულთა დამოკიდებულებას. მივიღებთ რუსული ფინანსებისადმი დამოკიდებულების ზრდას, ლოიალობას რუსული პოლიტიკისადმი, რაც, სავარაუდო საომარ პირობებში მოსახლეობის გარკვეული ფენების წინააღმდეგობას და სახელმწიფოს მდგრადობას შეასუსტებს.

მოვლენების არასაომარი განვითარებისას კი რუსულ ფინანსებზე დამოკიდებულებამ შესაძლოა გაზარდოს პრორუსული ძალებისადმი ლოიალობა და პროკრემლისტური ელიტების ჩამოყალიბებას მოემსახუროს.

გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი საკურორტო ზონებისა, ზოგიერთი მათგანი სეპარატისტული რეგიონების ე.წ. მთავრობების დეკლარირებულ სამიზნეს წარმოადგენს.

გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი საკურორტო ზონებისა, ზოგიერთი მათგანი სეპარატისტული რეგიონების ე.წ. მთავრობების დეკლარირებულ სამიზნეს წარმოადგენს

თუ დიდი ქალაქების მოსახლეობის, განსაკუთრებით კი მიკრო და მცირე ბიზნესის დამოკიდებულება რუს ტურისტებზე, სამშენებლო ბიზნესისა და მეღვინეობის, ასევე ფერმერების რუსულ "ნემსზე შესმა", დამოკიდებულების გაჩენა მეტად სახიფათო ბერკეტია კრემლის ხელში, მისთვის სასურველ დროს საქართველოში პოლარიზაციის გასაღრმავებლად და არეულობის გამოსაწვევად.

გარდა აღნიშნულისა, აქამდე ყველა სახელმწიფოსთან ომი რუსეთმა „საკუთარი მოქალაქეების დაცვის“ მიზნით დაიწყო. რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც ქონების შეძენის საშუალებაც მიეცემათ, შესაძლოა "კაზუს ბელის" შექმნის ინსტრუმენტად იქცნენ.

აქამდე ყველა სახელმწიფოსთან ომი რუსეთმა საკუთარი მოქალაქეების დაცვის“ მიზნით დაიწყო. რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც ქონების შეძენის საშუალებაც მიეცემათ, შესაძლოა "კაზუს ბელის" შექმნის ინსტრუმენტად იქცნენ

მართალია, უკრაინაში ომის გასაჩაღებლად კრემლს მიზეზი დიდად არ უძებნია, თუმცა მათი გამოყენება შესაძლო საომარი მოქმედებებისას პროვოკაციების, მასობრივი არეულობების ან კაპიტულანტური ატმოსფეროს შესაქმნელადაც ასევე შესაძლებელია.

- მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, მთელი ცივილიზებული სამყარო დაუპირისპირდა რუსეთს. დასავლეთის ლიდერებს არა ერთხელ უთქვამთ, რომ მათ არ მოსწონთ კრემლის აგრესიულ-ფაშისტური პოლიტიკა მეზობლების მიმართ, მაგრამ თანაუგრძნობენ რუს ხალხს, რომ ასეთი ხელისუფლება ჰყავთ.

კარგად მესმის, რომ მათი რიტორიკა ასეთი უნდა იყოს, მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლის აუკრძალონ რუს სპორტსმენებს სპორტულ შეჯიბრებებზე რუსული დროშით გამოსვლა, უარი უთხრან ისინი ჩართული იყვნენ საერთაშორისო საბანკო სისტემაში და ასე შემდეგ, რაც არ მიიჩნევა მათ დისკრიმინაციად.

ვითარებაში, როცა უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კრემლის ერთ-ერთმა იდეოლოგმა სურკოვმა განაცხადა, რომ „რუსეთი გადადის კონტაქტურ გეოპოლიტიკაზე“. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ე.წ. „კონტაქტური გეოპოლიტიკა“ უკრაინაში იმათთან დიალოგის იმ ვითარებაში წარმოება, როცა უკრაინის სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალები დგანან.

კრემლი ხედავს, რომ ამგვარმა „კონტაქტურმა გეოპოლიტიკამ“ უკრაინაში არ გაამართლა. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ სულაც არა გამორიცხული, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასიური შემოდინების ერთ-ერთი მიზეზი ამჯერად საქართველოში ამგვარი „კონტაქტური გეოპოლიტიკის“ წარმოება იყოს საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებისაგან.

რა თქმა უნდა, რუსეთიდან საქართველოში ჩამომსვლელების ყველა მსურველს კრემლის შესაძლო ამგვარ ჩანაფიქრში მონაწილეობაში ბრალის დადება აბსურდული იქნებოდა, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ თუნდაც პრევენციის მიზნით უნდა გადადგას ქვეყანამ კონკრეტული ნაბიჯები.

ასეთი ნაბიჯი შეიძლება იყოს რუსეთთან სავიზო მიმოსვლის დაწესება. თავის დროზე ასეთი გადაწყვეტილება რომ ოფიციალურმა თბილისმა მიიღო, მაშინ სხვა პოლიტიკური კონტექსტი იყო.

ახლა თუ ვინმეს მოისურვებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მოწვევას, ის იქნება ქვეყნის უსაფრთხოების ორგანოების წინაშე ვალდებული მოწვეულების ქცევასა და შემდგომ ქმედებებზე.

იმ ვითარებაში, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს რუსეთის იზოლაციაში მოქცევას, რამდენად სწორი, გამართლებული და იმავდროულად სრულიად არადისკრიმინაციული იქნებოდა საქართველომ მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთთან სავიზო მიმოსვლის დაწესებაზე?

- სავიზო რეჟიმი შესაძლოა ერთ-ერთი ფორმა იყოს სასაზღვრო უსაფრთხოების ღონისძიებებისა.

თუმცა, თუ კრემლის მუქარის ფონზე, მეზობლები არ გადადგამენ მისი პოლიტიკის ხელისშემშლელ ნაბიჯებს, ეს ფორმა სახელმწიფოს მხრიდან რისკის შემცველად ჩაითვლება. სავსებით შესაძლებელია სხვადასხვა საგანგებო სასაზღვრო რეჟიმის განხორციელება საკარანტინო და ფილტრაციის ღონისძიებებით.

თუ კრემლის მუქარის ფონზე, მეზობლები არ გადადგამენ მისი პოლიტიკის ხელისშემშლელ ნაბიჯებს, ეს ფორმა სახელმწიფოს მხრიდან რისკის შემცველად ჩაითვლება. სავსებით შესაძლებელია სხვადასხვა საგანგებო სასაზღვრო რეჟიმის განხორციელება საკარანტინო და ფილტრაციის ღონისძიებებით

ასევე, მნიშვნელოვანია არასაზღვრისპირა ღონისძიებები - ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის სათანადო ინსტრუქციის შემუშავება რუსული მოქალაქეობის მქონე პირთა და რუსული ბიზნესების მიერ ანგარიშების გახსნის ან ტრანზაქციის განხორციელებისას, ქონების, ბიზნეს-აქტივების შეძენის პროცედურებში უსაფრთხოების კომპონენტის ინტეგრაცია და სხვა სპეციალური ღონისძიებები.

სხვათა შორის, ასეთი შეზღუდვები ვერ იქნება ქსენოფობიურად აღქმული, რადგან ის რომელიმე კონკრეტულ ეროვნებას ან ჯგუფს კი არ ეხება, არამედ იმ სახელმწიფოდან ჩამოსულ ყველა ეროვნების თუ ჯგუფის წარმომადგენელს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ახორციელებს, ამჟამადაც ჩართულია საომარ მოქმედებებში და შემდგომ დეკლარირებულ სამიზნედ საქართველოს ასახელებს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსული სპეცსამსახურების მხრიდან საქართველოს სახელმწიფო თუ ბიზნეს სტრუქტურების პენეტრაციის ხარისხის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული საქართველო სანქციებიდან თავის არიდებისათვის საჭირო მესამე ქვეყნად იქცეს, აქედან გამომდინარე პოლიტიკური თუ ეკონომიკური შედეგებით.

არაა გამორიცხული საქართველო სანქციებიდან თავის არიდებისათვის საჭირო მესამე ქვეყნად იქცეს, აქედან გამომდინარე პოლიტიკური თუ ეკონომიკური შედეგებით

- ვითარებაში, როცა არა ვართ დარწმუნებული რომ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები მართლა პუტინის რეჟიმს გამოექცნენ თუ არა, შესაძლოა ბევრს ომში წასვლა არ უნდა, ზოგი ალბათ დისკომფორტს გამოექცა და კომფორტის ზონას ეძებს.

ზოგს ალბათ ჩვენთან ბიზნესისა და თავისი დანაზოგის გადარჩენა უნდა, ზოგს ალბათ აქ მეგობრები და ნათესავები ჰყავთ, მაგრამ მათი იმ რაოდენობით ქვეყანაში შემოსვლა, რაც ხდება, აშკარად საფრთხის შემცვლელია, თქვენი დაკვირვებით, რატომ არ დგამს ხელისუფლება რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს?

- მთავრობის პოზიცია გასაგებია - ის ცდილობს არ გააღიზიანოს რუსეთი. თუ უკრაინა და მისი სახით კოლექტიური დასავლეთი გაიმარჯვებს, მაშინ რუსეთის მხრიდან საფრთხე მოხსნილი იქნება და საქართველო ავტომატურად გავა ფონს. არ ვიცი,რამდენად რეალისტურია ეს მიდგომა.

პოლიტიკა, სახელმწიფოს ცხოვრება ღირებულებებს უნდა ემყარებოდეს და უკრაინის მხარდასაჭერად პარლამენტის წინ შეკრებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობამ აჩვენა, რომ დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ღირებულებებს მთავრობისაგან განსხვავებულად აღიქვამს.

გარდა ამისა, რა პროგნოზი აქვს მთავრობას? რა მოხდება მაშინ, თუკი რუსეთი უკრაინას დაამარცხებს? არსებობს კი იმის გარანტია, რომ რუსეთი საქართველოსთან სამხედრო გზით მიზნის მიღწევას არ გადაწყვეტს?

რა პროგნოზი აქვს მთავრობას? რა მოხდება მაშინ, თუკი რუსეთი უკრაინას დაამარცხებს? არსებობს კი იმის გარანტია, რომ რუსეთი საქართველოსთან სამხედრო გზით მიზნის მიღწევას არ გადაწყვეტს?

თუკი კრემლის ულტიმატუმს მივიღებთ, ეს დიდხანს ან სამუდამოდ დაგვაშორებს დასავლური ინტეგრაციისაგან, რომელიც ჩვენი ორგანული მიმართულებაა და არა მხოლოდ უსაფრთხოების ქოლგა.

თუ ამგვარ ულტიმატუმს არ მივიღებთ და რუსეთი საქართველოში შემოიჭრება, როგორ განახორციელებს ტერიტორიულ თავდაცვას, სახალხო წინააღმდეგობას სახელმწიფო, რომლის ძირითადი დეკლარირებული მიზანი უკრაინასთან და დასავლეთთან დისტანცირების ფონზე „ნებისმიერი გზით მშვიდობის მიღწევა“ და „ომის არდაშვებაა“?

ცნობილია, რომ ვერც ჯარი და ვერც მთავრობა, მოსახლეობის მაღალი საბრძოლო სულისკვეთების გარეშე სახელმწიფოს ვერ დაიცავს.

რუსეთის დამარცხების პირობებშიც კი პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, სიფრთხილის გამო არგადადგმული სავალდებულო ნაბიჯების ფონზე, ხომ არ მოხდება ჩვენი დისტანცირება ცივილიზებული სამყაროსაგან და ბუნებრივად ხომ არ აღმოვჩნდებით „რკინის ფარდის“ ბნელ მხარეს?

რუსეთის დამარცხების პირობებშიც კი პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, სიფრთხილის გამო არგადადგმული სავალდებულო ნაბიჯების ფონზე, ხომ არ მოხდება ჩვენი დისტანცირება ცივილიზებული სამყაროსაგან და ბუნებრივად ხომ არ აღმოვჩნდებით „რკინის ფარდის“ ბნელ მხარეს?

ამ მასშტაბის კრიზისი რუსეთის აგრესიის ქვეშ მყოფი ქვეყნებისათვის შესაძლებლობების ახალ ფანჯარას ხსნის. მსოფლიო ჩვენს თვალწინ იცვლება და ახლა ალბათ აქტიური დიპლომატიის დროა, რათა საქართველომ მისთვის საჭირო მოდელი თავად შეიმუშაოს დასავლელ პარტნიორებთან და ასპირანტ ქვეყნებთან კოორდინაციის გზით.

პარტიული უთანხმოებების გადაღვრა უკრაინასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მასთან პოლიტიკური უთანხმოების გაღრმავება კონტრპროდუქტიული და მეტად სახიფათო ქმედებაა.

- ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას. მიზეზად სხვადასხვა მოსაზრებები სახელდება.

ერთნი ამბობენ, რომ ასეთი დამოკიდებულებით შესაძლოა საქართველომ იხეიროს ეკონომიკურად და ფინანსურად. მხედველობაში აქვთ, ის, რომ ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ფინანსებს დააბანდებენ, ზოგი ბინებსაც შეიძენს, რაც სამშენებლო ბიზნესს წაადგება. ამგვარ მოწოდებებს ხშირად წააწყდებით სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტში.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ აშკარად არათანმიმდევრულობას ვავლენთ. თან ისეთს, როცა ჭირს გაგება ქართული საზოგადოებრივი აზრი უკრაინისკენ და ცივილიზებული სამყაროსკენაა, თუ კრემლისკენ.

ფაქტია, შექმნილ ვითარებაში ჭკუა და სიფრთხილე გვმართებს, საზოგადოებაში რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივება არც სწორი იქნებოდა და არც კარგი იმ საქართველოსთვის, რომელსაც ევროპული ქვეყანა უნდა ააშენოს.

მაგრამ, როცა ახლა რუსეთს ლამის მთელი სამყარო უპირისპირდება პოლიტიკურად, ფინანსურად, სამხედრო შესაძლებლობებით, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ასეთ ვითარებაში ფიქრი იმაზე, რომ საქართველომ ჩვენთან ჩამოსული რუსი მოქალაქეებისაგან ფინანსურად და ეკონომიკურად იხეიროს, როგორც მინიმუმ, გაუგებარია.

კარგია, რომ „საქართველოს ბანკმა“ რუსი მოქალაქეებისთვის ვიდრე მათ მიეცემათ შესაძლებლობა ამ ბანკში ანგარიშის გაცემის საშუალება, შეავსონ პოლიტიკური შინაარსის კითხვარი.

კითხვართან კითხვები არ შეიძლება გვქონდეს, მართლაც კარგადაა შედგენილი, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ამ კითხვარზე ხელის მოწერის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა ისინი გულწრფელად შეავსეს და გმობენ არა მარტო იმას, რასაც ახლა კრემლი უკრაინაში აკეთებს, არამედ იმასაც, რომ მოსკოვს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აქვთ ოკუპირებული.

რას ეტყოდით მათ, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ შექმნილ ვითარებაში საქართველო უნდა შეეცადოს ქვეყანამ ნახოს ეკონომიკური და ფინანსური სარგებელი და რუსეთის ის მოქალაქეები, ვინც „საქართველოს ბანკის“ კითხვარს შეავსებს, აღარ იფიქრებენ უკრაინისა და საქართველოს ოკუპაციაზე?

- ბანკების მხრიდან კითხვარების დაწესება უფრო თვითშემოქმედება, პოზიციის გამომხატველი ნაბიჯი იყო, ვიდრე პრაქტიკული ბერკეტი. ბუნებრივია, იმ რისკების პრევენცია, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, არანაირ კავშირში არ არის ამგვარ მოქმედებებთან.

ზოგადად, კრიზისებისათვის სახელმწიფო წინასწარ ემზადება ხოლმე. უსაფრთხოების საბჭო და სხვა სათათბირო ორგანოები წინმსწრებად უნდა აანალიზებდნენ და ახდენდნენ მოდელირებას, რა რისკები შეიძლება ახლდეს თან რუსეთის მოქალაქეების მიერ უცხოური ვალუტის დიდი რაოდენობით გატანას ან საქართველოში ეკონომიკური სუბიექტის რეგისტრაციას და სანქციების გვერდის ავლით სხვადასხვა ბიზნეს-სქემის რეალიზაციას.

კრიზისებისათვის სახელმწიფო წინასწარ ემზადება ხოლმე. უსაფრთხოების საბჭო და სხვა სათათბირო ორგანოები წინმსწრებად უნდა აანალიზებდნენ და ახდენდნენ მოდელირებას, რა რისკები შეიძლება ახლდეს თან რუსეთის მოქალაქეების მიერ უცხოური ვალუტის დიდი რაოდენობით გატანას ან საქართველოში ეკონომიკური სუბიექტის რეგისტრაციას და სანქციების გვერდის ავლით სხვადასხვა ბიზნეს-სქემის რეალიზაციას

უსაფრთხოების არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა განსაზღვრულიყო, რუსეთის, ბელარუსის ან თუნდაც უკრაინის მოქალაქეთა ქვეყანაში ყოფნის საფუძველი, მიზანი და ვადები, უძრავი ქონების, ბიზნესის შეძენისა და ბიზნეს-აქტივობების მარეგულირებელი ნორმები.

ბუნებრივია, საქართველოს მიმართ ამ ქვეყნების დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფოს მიდგომებიც სხვადასხვა იქნებოდა. ბანკების შემთხვევაში საჭიროა ეროვნული ბანკის მიერ ნათლად გაწერილი ინსტრუქცია, როგორ მოიქცეს კომერციული ბანკი რუსეთის მოქალაქის მიერ ტრანზაქციის განხორციელებისას ან ანგარიშის გახსნისას.

ამგვარ პრევენციულ ღონისძიებებში დისკრიმინაციული არაფერია - სავიზო რეჟიმი, დამატებითი მოთხოვნები ეკონომიკურ თუ სამეწარმეო საქმიანობაზე სრულად თავსებადია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან.

ბოლოსდაბოლოს, სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიო უყოყმანოდ ემორჩილებოდა პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს გადაადგილებაზე, ოჯახის წევრთა მონახულებასა თუ საზოგადოებრივ შეკრებებზე.

რაც შეეხება კანონის მიერ შეზღუდვებს, როგორც რუსეთის მიერ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების რეალიზების, შესაძლო აგრესიული ქმედებების მიზეზს, უკრაინაში ბოლო ინვაზიამ ცხადყო, რომ კრემლს ამისათვის მიზეზი სულაც არ სჭირდება.

თუ მაინცდამაინც მიზეზზეა საუბარი, რისკის შემცველი სწორედ თვითდინებაზე მიშვებული პროცესია - ოკუპირებულ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეთა გაუფილტრავი ნაკადის ამგვარი შემოდინების ფონზე, სულაც არ არის რთული კონფლიქტური სიტუაციის ბუნებრივად წარმოქმნა ან პროვოცირება.

თუ მაინცდამაინც მიზეზზეა საუბარი, რისკის შემცველი სწორედ თვითდინებაზე მიშვებული პროცესია - ოკუპირებულ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეთა გაუფილტრავი ნაკადის ამგვარი შემოდინების ფონზე, სულაც არ არის რთული კონფლიქტური სიტუაციის ბუნებრივად წარმოქმნა ან პროვოცირება

კიდევ ერთი - ნებისმიერი კრიზისული ვითარება სტრატეგიული კომუნიკაციის ინტენსივობას მოითხოვს. რამდენიმე დღეა სოციალური ქსელით ან კერძო კომუნიკაციით ვრცელდება ინფორმაციები „ათასობით რუს მოქალაქეზე“, „ბანკომატებთან რიგებზე“, „გადავსებულ ჯავშნებზე“ და სხვა, ოფიციალური ინფორმაცია კი არ არსებობს.

ბოლოსდაბოლოს, საქართველოს მოქალაქეები უფლებამოსილნი არიან იცოდნენ, რა მასშტაბების მოვლენასთან გვაქვს საქმე, რამდენად ადეკვატურია შექმნილი სტრესული ვითარება და რა ნაბიჯებს დგამს ან გადადგამს მის მიერ დაქირავებული მთავრობა ამ მიმართულებით.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთისათვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება, რუსეთი საქართველოს სანქციებს უხსნის.

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის სამსახურმა, განაცხადა, რომ შეამცირებს საქართველოზე ზეწოლას. იმავე ინფორმაციით რუსეთის ვეტერინარულმა სამსახურმა მოლაპარაკებები გამართა ბელორუსის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან და მხარეები შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ შეთანხმება მას შემდეგ შევა ძალაში, რაც რუსეთი ამ თემაზე საკითხს ევრაზეს-ის პარტნიორებთან ფორმალურად შეათანხმებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ევროკავშირში წევრობის კანდიდატობაზე განცხადების შეტანის მიუხედავად, ევროპასთან პარტნიორობას ევრაზესთან პარტნიორობას ვარჩევთ.

ფაქტია, რომ ეს შეუმჩნეველი არ დარჩება ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს. ვითარებაში, როცა მთელი ევროპა და აშშ რუსეთთან სანქციების რეჟიმზეა გადასული, ხოლო საქართველო აგრძელებს რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასეთ ვითარებაში რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ევროპამ სანქციები საქართველოს დაუწესოს?

- ის, რომ რუსეთი ეკონომიკას, საკუთარ ბაზარზე დაშვება-არდაშვებას ზეწოლის ერთ ერთ ბერკეტად იყენებს, საქართველომ უკვე მრავალჯერ იწვნია საკუთარ თავზე. რუსული ბაზარი უკიდურესად პოლიტიზებულია, ხოლო რუსულ ბიზნესსა და კრემლს შორის საზღვარი მეტად პირობითი.

საკმარისია აღინიშნოს, რომ რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება ევროპული ძლიერი ეკონომიკების თავზეც კი დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. ამ პირობებში ქართული ბიზნესის დამოკიდებულების ზრდა რუსულ ბაზარზე ან საქართველოში ჩამოსულ რუს კლიენტზე მეტად სახიფათოა, რადგან ამ კავშირის პოლიტიკური მოტივებით განპირობებული წყვეტის შემთხვევაში ჩვენი სახელმწიფო ბევრ პრობლემურ აქტივსა და რუსეთზე „მიბმულ“ ბიზნესებს იღებს.

ქართული ბიზნესის დამოკიდებულების ზრდა რუსულ ბაზარზე ან საქართველოში ჩამოსულ რუს კლიენტზე მეტად სახიფათოა, რადგან ამ კავშირის პოლიტიკური მოტივებით განპირობებული წყვეტის შემთხვევაში ჩვენი სახელმწიფო ბევრ პრობლემურ აქტივსა და რუსეთზე „მიბმულ“ ბიზნესებს იღებს

რაც შეეხება საქართველოს სანქცირებას დასავლეთის მხრიდან, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს უკანასკნელი ყოველთვის საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. ეკონომიკურ სანქციებამდე საქმე, სავარაუდოდ არ მივა, თუმცა, სახელმწიფოსთან, ხელისუფლებასთან ურთიერთობების გაცივება ამ რისკებით და პირდაპირი მუქარებით დატვირთულ პერიოდში საქართველოსთვის მეტად სახიფათო უსაფრთხოების გარემოს ქმნის.

ეკონომიკურ სანქციებამდე საქმე, სავარაუდოდ არ მივა, თუმცა, სახელმწიფოსთან, ხელისუფლებასთან ურთიერთობების გაცივება ამ რისკებით და პირდაპირი მუქარებით დატვირთულ პერიოდში საქართველოსთვის მეტად სახიფათო უსაფრთხოების გარემოს ქმნის

განსაკუთრებით კონტრპროდუქტიულია ამგვარი დისტანცირება ევროპის კავშირის წევრობაზე განაცხადის განხილვის პროცესში - ევროპამ გადაწყვეტილება მიიღო, საკუთარი კეთილდღეობის რისკის ფასად მძიმე სანქციებს შეუერთდეს და ამ დროს ნებისმიერი ფორმით ამ სანქციების გვერდის ასავლელ სქემებში ჩართულობა სერიოზულად დააზიანებდა ჩვენს რეპუტაციას და ურთიერთობებს დასავლურ სამყაროსთან.

- ფაქტია, შექმნილ ვითარებაში ჭკუა და სიფრთხილე გვმართებს, საზოგადოებაში რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივება არც სწორია და არც კარგი იმ საქართველოსთვის, რომელსაც ევროპული ქვეყანა უნდა ააშენოს.

ვხედავთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე აქტიურობას აგრძელებენ აშკარად პრორუსული ძალები. სხვა ძალებისგან ხშირად გაიგონებთ მოწოდებებს ცხინვალსა და სოხუმზე იერიშის მიტანაზე. ორივე ქმედება რომ აშკარად პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, ფაქტია.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ჩვენში ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ დასავლეთმა იძულებული გახადა პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომი დაეწყო. უკრაინაში იმის დაწყებამდე იმპერიული განწყობებით გამორჩეული რუსი გენერალ-პოლკოვნიკი ივაშოვი აცხადებდა, რომ ნატოელებთან ყველა მოლაპარაკებების მონაწილეა და იცის, რომ ნატოს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

სამწუხაროა, მაგრამ როგორც გაირკვა, პრეზიდენტ პუტინს ქართულ საზოგადოებაშიც საკმაოდ ჰყავს მომხრეები. ჩვენში ბევრი ამტკიცებს, რომ დასავლეთმა რუსეთი პროვოკაციაში ჩაითრიაო.

და ეს მაშინ, როცა 2007 წლიდან მოყოლებული პრეზიდენტი პუტინი აცხადებდა, რომ სსრკ- დაშლა უდიდესი გეოპოლიტიკური შეცდომა იყო. მეტიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პუტინმა თქვა, რომ მას არა სსრკ-, არამედ 1917 წლამდე რუსეთის იმპერიის,, ანუ რუსული სამყაროს აღდგენა სურს.

რას ეტყოდით მათ, ვინც აღარც მალავს რომ პუტინს გულშემატკივრობს, იმათაც, ვინც პირდაპირ ვერ ამბობს, მაგრამ ლატენტურად პუტინის რუსეთს უჭერს მხარს?

- რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოსთვის გაკეთებული „სიკეთეებს“ რომ არ გადავწვდეთ, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს კარგად ახსოვს, რომ რუსეთმა აფხაზეთის ოკუპაცია, ქართველების ეთნიკური წმენდა და გენოციდი სწორედ მაშინ განახორციელა, როდესაც საქართველოს დასავლური კურსი არც კი ჰქონდა დეკლარირებული.

დეოკუპაციაზე რომ არ ვისაუბროთ, იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული დაბრუნებისთვის ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს იმ პირობებშიც კი, როდესაც საქართველო დსთ-ში შევიდა და მთავრობის მეთაურმა „ძალოვან“ მინისტრებად პირდაპირ მოსკოვის ხელდასმული კადრები დანიშნა.

სხვათა შორის, არც რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას აღუმაღლებია ხმა ილორის, ბედიის შეურაცხყოფასა თუ ქართველი სამღვდელოების დევნაზე, რიგ შემთხვევებში - პირდაპირ მკვლელობაზე.

ეს ფაქტები უტყუარად ადასტურებს, რომ რუსეთს საქართველოს კურსი, დასავლური ორიენტაცია კი არ აწუხებს, არამედ, მის საზღვრებთან დემოკრატიულ წყობას ვერ ეგუება და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მიტაცება უნდა. ასეთ დროს კრემლის კურსის მხარდაჭერა პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, აქედან გამომდინარე ყველა მორალური თუ სამართლებრივი შედეგით.

რუსეთს საქართველოს კურსი, დასავლური ორიენტაცია კი არ აწუხებს, არამედ, მის საზღვრებთან დემოკრატიულ წყობას ვერ ეგუება და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მიტაცება უნდა. ასეთ დროს კრემლის კურსის მხარდაჭერა პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, აქედან გამომდინარე ყველა მორალური თუ სამართლებრივი შედეგით

სხვათა შორის, ყბადაღებული ჰიბრიდული ომი კრემლმა გენერალი გერასიმოვის მიერ ფურცელზე აღწერამდე დიდი ხნით ადრე, სწორედ საქართველოში დაიწყო - მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, გენერალი გრაჩოვი ქართველებს მოიერიშე თვითმფრინავების გადაღებვასა და სოხუმზე ავიადარტყმებში ადანაშაულებდა.

ყველას ახსოვს აფხაზეთში მიმდინარე ბრძოლებისას რუსეთის რეგულარული არმიის გადაცმული ჯარისკაცები, რუსული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ჩრდილოკავკასიელი „ოპოლჩენცები“ და დღევანდელი „მწვანე კაცუნების“ სხვა ადრეული სახესხვაობები.

დღეს, კრემლის მიერ წარმოებული აგრესია სწორედ იმ პროცესების გაგრძელებაა - დღეს პუტინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ამბობს, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს სარაკეტო დარტყმა თავად მიაყენეს და ხარკოვსაც თავად ასწორებენ მიწასთან, რუსეთი კი მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე ახორციელებს იერიშებს, თანაც ადამიანის უფლებათა განუხრელი პატივისცემის ფონზეო.

ჩვენმა სპეცსამსახურებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მკვეთრად პრორუსული პარტიების მიერ პარტიული ინფრასტრუქტურის თვალსა და ხელს შუა ჩამოყალიბებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

ჩვენმა სპეცსამსახურებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მკვეთრად პრორუსული პარტიების მიერ პარტიული ინფრასტრუქტურის თვალსა და ხელს შუა ჩამოყალიბებას მთელი საქართველოს მასშტაბით

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პარტიას ყველა ატრიბუტი საინფორმაციო საშუალებები, კარგად ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები, პარტიული ინფრასტრუქტურა, არადეკლარირებული ფინანსები, გააჩნია იმისათვის, რომ მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ მის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები კრემლისათვის ხელსაყრელ დროს.

აგრესორი ოკუპაციის პირობებში სწორედ ამგვარ ძალას იყენებს დასაყრდენად და საოკუპაციო რეჟიმის განსახორციელებლად.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა