ლადო პაპავა - დღეს უკვე აშკარაა, რომ მსოფლიო ვეღარ დარჩება ისეთი, როგორიც ის უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო

უკრაინასა და უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე, როგორ აისახა უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ასევე ეკონომიკაზე, სავარაუდოდ, რა შანსები აქვს საქართველოს იმისათვის, რომ უკრაინის მსგავსად მიიღოს მარშალის გეგმა საქართველოსათვის, „ინტერპრესნიუსი“ პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა აგრესიამ მსოფლიო შეცვალა. როგორც ჩანს, კრემლი აშკარად არ ელოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ უპრეცედენტო ეკონომიკურ სანქციებს, უკრაინის მიმართ დასავლეთის სოლიდარობას და უკრაინელი ხალხის გმირულ ბრძოლას აგრესორების წინააღმდეგ.

რუსეთის ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ უკრაინაში მათი მიზანი ამ ქვეყნის დენაციფიკაციაა, მაგრამ ვხედავთ, რომ მათ უკრაინაში არც ბლიცკრიგი გამოუვიდათ და არ აქვთ პერსპექტივა გააკონტროლონ ის დაკავებული ტერიტორიები, სადაც მათ მცირე უპირატესობა აქვთ მოპოვებული.

ვხედავთ თუ როგორი ერთიანია უკრაინული არმია და ხალხი აგრესორთან ბრძოლაში. ვითარება უკრაინის ფრონტებზე სწრაფად იცვლება, მაგრამ უკვე ჩანს, რომ რუსეთს წაგებული აქვს საინფორმაციო ომი, სანქციების გამო ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება უარესდება.

ვხედავთ იმასაც, რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო-ტექნოლოგიურ ომს აგებს, უმოწყალოდ კი ანგრევს ქალაქებს, მაგრამ ახლა დრო უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს. ამის დასტურია ის, რომ როგორც ჩანს რუსებმა უარი თქვეს ოდესის შტურმზე და რუსული ხომალდები ყირიმისკენ დაიძრნენ, ასევე რუსეთის საზღვრისკენ დაიწყო მოძრაობა უკრაინულ ქალაქ სუმთან მდგომმა რუსულმა სამხედრო კოლონამ.

როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება, მხედველობაში მაქვს ერთი მხრივ რუსული აგრესია, მეორე მხრივ უკრაინელების გმირული ბრძოლა და მესამე მხრივ ამ პროცესებზე აშშ-სა და კოლექტიური დასავლეთის რეაქცია და უკრაინის მხარეს ყოფნა?

- აშშ-ის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ბევრს (და, მათ შორის, მეც) ეგონა, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომს არ დაიწყებდა. ყველაზე დიდი რისი წარმოდგენაც შეიძლებოდა, იყო ის, რომ რუსეთი შემოიფარგლებოდა სამხედრო ოპერაციით დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მიმართ, რომელთა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობაც მოსკოვმა აღიარა.

სამწუხაროდ, გამართლდა ამერიკელების პროგნოზი და რუსეთის ჯარი სხვადასხვა მხრიდან შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. საბედნიეროდ, მოსკოვს ბლიცკრიგი არ გამოუვიდა, არც აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა დახვედრია რუს სამხედროებს ყვავილებით, და არც პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობა გაქცეულა კიევიდან. უკრაინელი ხალხი დიდი შემართებით უწევს წინააღმდეგობას რუსული არმიის შეტევებს.

სამწუხაროდ, გამართლდა ამერიკელების პროგნოზი და რუსეთის ჯარი სხვადასხვა მხრიდან შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. საბედნიეროდ, მოსკოვს ბლიცკრიგი არ გამოუვიდა, არც აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა დახვედრია რუს სამხედროებს ყვავილებით, და არც პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობა გაქცეულა კიევიდან. უკრაინელი ხალხი დიდი შემართებით უწევს წინააღმდეგობას რუსული არმიის შეტევებს

ხშირად ევროპელი პოლიტიკოსები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, თუ როგორ გააერთიანა ევროპა რუსეთის აგრესიულმა თავდასხმამ უკრაინაზე. იმავდროულად, გაერთიანდა თავად უკრაინაც, რომლის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ეთნიკური რუსების გამო ეს ქვეყანა ითვლებოდა ორად გახლეჩილად - დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინად.

დღეს კი ვხედავთ, თუ რა გააფთრებულ და თანაც წარმატებულ წინააღმდეგობას უწევს რუსულენოვანი ხარკოვი რუსული არმიის აგრესიას.

- რუსეთი ამტკიცებდა, რომ ჯერ სურდა უკრაინის დენაციფიკაცია და უკრაინის რუსულ სამყაროში მოქცევა, მაგრამ მას შემდეგ რაც დაინახეს რომ ეს შეუძლებელი იყო, ახლა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ თითქოს უკრაინას ქიმიური იარაღი აქვს.

კრემლის ამ პროპაგანდის რომ მსოფლიოში აღარავის სჯერა, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ რუსეთს მოუწევს უკრაინიდან გასვლა. დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება მოსაზრებაში, რომ ეს მხოლოდ დროის ამბავია.

როგორადაც არ უნდა მოხდეს ეს, უკვე ცხადია, რომ მსოფლიო ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც ის 24 თებერვლამდე, ანუ რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე იყო.

იმედია უკრაინაში ომი მალე დასრულდება, მაგრამ მერე უმთავრესი საკითხი იქნება როგორი იქნება მსოფლიო უკრაინაში რუსული აგრესიის დასრულების შემდეგ?

- დენაციფიკაციაზე საუბარი, თუ ქიმიური იარაღის საფრთხეზე აქცენტების გაკეთება ეს უფრო საბაბია, რათა მოსკოვმა გაიმართლოს თავი იმ დანაშაულებრივი ქმედების გამო, რაც უკრაინაში ომის შედეგია.

ღმერთმა ქნას, რომ ომი მალე დასრულდეს, თუმცა რამდენ დროსაც არ უნდა გასტანოს მან, დღეს უკვე აშკარაა, რომ მსოფლიო ვეღარ დარჩება ისეთი, როგორიც ის ამ ომის დაწყებამდე იყო. ამის თქმის საფუძველს იძლევა ის ეკონომიკური სანქციები, რომლებიც დასავლეთმა და მისმა მოკავშირე ქვეყნებმა დაუწესეს რუსეთს. თანაც ამ სანქციების გაუქმება უშუალოდ იქნება დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ გამოვა ამ ომში გამარჯვებული.

შიდასახელმწიფოებრივი მოხმარებისთვის მოსკოვი ყოველთვის გააპიარებს იმას, რომ ომი ნებისმიერ შემთხვევაში მოიგო. სანქციის დამწესებლებისთვის კი ომის დასრულებულად ჩაითვლება, თუ უკრაინა სრულად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო ომში გამარჯვებად მოსკოვისთვის ამის გასაღება თუნადაც ძლიერი პროპაგანდისტული მანქანის გამოყენებით პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. თავის მხრივ, ომში დამარცხების აღიარებამ შესაძლოა გამოიწვიოს რუსეთის როგორც ერთიანი სახელმწიფოს ჩამოშლა.

არც ის ვარიანტი უნდა იქნეს გამორიცხული, რომ ომის სწრაფად დასრულების მიზნით მიღებულ იქნას რაღაც შუალედური გადაწყვეტილება, რითაც დასავლეთი თავს მოიტყუებს, რომ თითქოსდა ყველაფერი კარგადაა, რაც მოსკოვს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, რათა მომავალი პოტენციური აგრესიისათვის უკეთ მოემზადოს... მოკლედ, მომავლის სცენარები ბევრია და დღეს მათი რეალურობის შეფასება სპეციალურ კვლევას საჭიროებს.

დღევანდელი გადასახედიდან ვერ გეტყვით, რომ რუსეთში მიმდინარე სავალუტო-ფინანსური კრიზისის ფონზე საქართველოში 2022 წელს ეკონომიკური კრიზისი დაიწყება. თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება კი აშკარად გაჭირდება

- ვხედავთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები მუშაობს.

რუსულ ეკონომიკას პრობლემები აქვს და როგორც ჩანს, ამ პროცესს შეუქცევადი ხასიათი ექნება.

არადა, ფაქტია, ომამდე რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი იყო თურქეთის შემდეგ. აშკარაა, რომ რუსეთიდან საქართველოში ჩვენი თანამოქალაქეების გზავნილებიც შემცირდება.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქვეყნიდან 200 დასახელების პროდუქციის გატანა აკრძალა

კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ შეცდომა იყო საქართველოს რუსეთის ბაზარზე იმ დოზით მიბმა, როგორც ეს უკანასკნელ წლებში მოხდა.

ცალკე და დიდი საუბრის თემაა თუ როგორ აისახება უკრაინაში რუსეთის ქცევა საქართველოზე, კრემლის მიერ აღიარებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე, ამ თემებზე საუბრის დროც მალე დადგება. მაგრამ ახლა ყველაზე აქტუალური საკითხია როგორ აისახება რუსეთის ეკონომიკის ვარდნა საქართველოს ეკონომიკაზე, ქართული ლარზე?

- რუსეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი 1998 წლის რუსეთის სავალუტო კრიზისამდე იყო, რომლის შემდეგ მას პირველობაში თურქეთი „ეცილებოდა“. პირველ-მეორე ადგილებზე ამ ქვეყნების მონაცვლეობა გაგრძელდა 2006 წელს საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის მიერ სასურსათო აკრძალვების შემოღებამდე.

დღეისათვის რუსეთი საქართველოს საგარეო-სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა. ძნელი სათქმელია, რომ რუსულ ბაზრებზე ქართული პროდუქციის დაბრუნება შეცდომა იყო. ჩემი აზრით შეცდომა ის იყო, რომ აქცენტი მხოლოდ ამ დაბრუნებაზე კეთდებოდა, რადგანაც რუსულ ბაზარზე ხარისხის მოთხოვნა ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ეს ევროსტანდარტებითაა გათვალისწინებული.

ფაქტია, რომ რუსეთში უკვე დაიწყო სავალუტო კრიზისი და რუბლის ნახტომისებური გაუფასურების ფონზე რუსეთის ბაზრებზე საქართველოდან პროდუქციის შეტანა ყოველგვარ აზრს კარგავს. თანაც მოსკოვმა აკრძალა სავალუტო გადარიცხვები, რაც რუსეთში მიღებული შემოსავლების რეპატრიაციას უცხო ქვეყნის ბიზნესმენებისთვის შეუძლებელს ხდის.

თავისთავად 200 რუსული კომპანიის საქართველოში დაფუძნება არ უნდა იყოს პრობლემა, თუ კი ისინი მაღალხარისხიან პროდუქციას გამოუშვებენ და, რაც მთავარია, მათი საქმიანობა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს არ დაუპირისპირდება. ეს უკანასკნელი კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაშია და, არ გამოვრიცხავ, ამ სამსახურს დიდი დატვირთვით მოუწიოს მუშაობა

იმავე მიზეზით შეუძლებელი გახდება რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების განხორციელება. მართალია, ბოლო პერიოდში ფულადი გზავნილების ჯამურ ოდენობაში რუსეთის წილი 15-დან 20 პროცენტამდე (შედარებისთვის 2008 წლეს ეს მაჩვენებელი სულ ცოტა 3-ჯერ მეტი იყო) მერყეობადა, მაგრამ ეს მაინც დიდი ოდენობაა.

გასათვალისწინებელია აგრეთვე რუსეთიდან და უკრაინიდან ტურისტული ნაკადების შემცირებაც. ყოველივე ეს კი აისახება ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებაზე, რაც აგრერიგად მნიშვნელოვანია ლარის სტაბილურობისთვის.

2021 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის უნდა ჩაითვალოს წარმატებულად, რადგანაც ჯერ კიდევ პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობამ მიაღწია საქართველოს ეკონომიკის 10,5 პროცენტიან ზრდას.

დღევანდელი გადასახედიდან ვერ გეტყვით, რომ რუსეთში მიმდინარე სავალუტო-ფინანსური კრიზისის (რომელიც აუცილებლად გადაიზრდება ეკონომიკურ კრიზისში) ფონზე საქართველოში 2022 წელს ეკონომიკური კრიზისი დაიწყება, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება კი აშკარად გაჭირდება.

რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან საქართველოს მიერთება იქნებოდა დიდი შეცდომა

რაც შეეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, მოსკოვმა უკვე განაცხადა, რომ შექმნილი ეკონომიკური სირთულეების ფონზე იმ მასშტაბის დაფინანსების შენარჩუნება მათთვის, რაც მოსკოვის მიერ მათი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ იყო, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

ძნელი წარმოსადგენია, რომ საქართველოს ამ ორმა ძირძველმა მხარემ თავისი ეკონომიკური შესაძლებლობებით შეინარჩუნონ ის ეკონომიკური დონე, რაც მათ ჰქონდათ მაშინ, როცა მოსკოვის „ფინანსურ ნემსზე ისხდნენ“. აქ კი განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, რაც ამ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მიმზიდველად უნდა გავხადოთ.

- ფაქტია, რომ ამ პროცესების ფონზე რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების ნაკადმა საგრძნობლად იმატა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში 200 რუსული კომპანია დარეგისტრირდა.

ვიდრე რუსეთი თავად აკრძალავდა ქვეყნიდან 200 დასახელების პროდუქტის გატანას, გამოითქმოდა ვარაუდი, რომ რუსეთი შეეცდებოდა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გასატანად.

ახლა გამოითქმის ვარაუდი, რომ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიები შეეცდებიან საერთაშორისო ბაზრებზე იმ პროდუქტების, განსაკუთრებით ტექნიკისა და ქიმიური პროდუქციის შეძენას, რომლებზე ახლა ხელი რუსულ კომპანიებს არ მიუწვდებათ.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენში აქტიურად საუბრობენ რუსეთში რძის პროდუქტების გატანაზე, ქართული საავიაციო ტრანსპორტის გამოყენებაზე რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსაყვანად, გამორიცხული არაფერია.

მით უმეტეს იმ ფონზე, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ანტალიაში ვიზიტისას კითხვაზე თუ როგორ აპირებს რუსეთი გაუმკლავდეს ეკონომიკურ სანქციებს თავდაჯერებულად განაცხადა - „მოვძებნით გზებს, რომ დაწესებული სანქციების გამო გაჩენილი პრობლემები დავძლიოთ“.

თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია საქართველოში 200 რუსული კომპანიების დარეგისტრირების შესახებ, იმაზე, სავარაუდოდ რა სფეროებში სურთ მათ საქმიანობა?

- სულ ცოტა ღიმილისმომგვრელია იმაზე საუბარი, რომ მოსკოვი აპირებდეს დაკისრებული სანქციებით გამოწვეული სირთულეებს საქართველოს ხარჯზე გამკლავებას. ეს პრინციპულადაა შეუძლებელია, რაც საკმაოდ მარტივადაა დასანახი, თუ კი რუსეთის ეკონომიკის მასშტაბს და საქართველოს ეკონომიკისას შევადარებთ.

თავისთავად 200 რუსული კომპანიის საქართველოში დაფუძნება არ უნდა იყოს პრობლემა, თუ კი ისინი მაღალხარისხიან პროდუქციას გამოუშვებენ და, რაც მთავარია, მათი საქმიანობა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს არ დაუპირისპირდება. ეს უკანასკნელი კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაშია და, არ გამოვრიცხავ, ამ სამსახურს დიდი დატვირთვით მოუწიოს მუშაობა.

რა თქმა უნდა, რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლას ახლავს მთელი რიგი საფრთხეები. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მათ შორის იყვნენ პროვოკატორები ან, თუნდაც, დივერსანტებიც კი. მაგრამ, ეს კომპეტენტური ორგანოების მიერ შესასწავლი თემაა

წარმოუდგენელია სერიოზულად განვიხილოთ საქართველოდან რუსეთში რძის პროდუქტების გატანაზე - ნეტა ამდენს რას ვაწარმოებთ?! საქართველოს შიგა მოხმარებასაც კი ვერ ვფარავთ...

რაც შეეხება ავიაკომპანიის მიერ ბილეთების რუსულ რუბლზე გაყიდვას, ამის შესახებ თავად ამ კომპანიის ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება და მე მის გამეორებას არ შევუდგები.

- დამკვირვებელთა ნაწილის მტკიცებით, დასავლეთის წამყვანი ქვეყნები გაგებით მოეკიდნენ იმას, რომ საქართველო რუსეთის წინაღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ მიერთებია, მაგრამ ახლა იგივე ქვეყნები, განსაკუთრებით აშშ ყურადღებით მიადევნებენ თვალს საქართველოს მთავრობის მოქმედებას ისეთ საკითხში როგორიცაა რუსეთისთვის ხელშეწყობა საქართველოში დარეგისტრირებული კომპანიების მიერ ისეთი პროდუქტების შეძენაზე, რომელზეც რუსულ კომპანიებს ხელი არ მიუწვდებათ და შემდეგ ისინი შეეცდებიან საქართველოდან რუსეთში გატანას.

თუ იმ კომპანიებმა, რომლებიც საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების სურვილით დარეგისტრირდნენ მართლაც დაიწყეს ამგვარი საქმიანობა, გაქვთ განცდა, რომ ამას ქვეყნის ხელისუფლება არ დაუშვებს? და თუ დაუშვა, ეს რისი ნიშანი იქნება?

- რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან საქართველოს მიერთება იქნებოდა დიდი შეცდომა, რადგანაც ამით საქართველო უფრო დაზარალდებოდა, ვიდრე რუსეთი.

თქვენი კითხვის მეორე ნაწილს კი მე უკვე გავეცი პასუხი. კერძოდ, ის, თუ რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაარსებული კომპანიების საქმიანობა რამდენად შეუქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემას, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციაა. მე კი ამ დარგის სპეციალისტი ნამდვილად არ გახლავართ.

მთავარია საქართველოს მთავრობა არ აჰყვეს პროვოკაციებს და ამ რთულ პერიოდში სამშვიდობოს გაიყვანოს ქვეყანა

თქვენ კითხვაში ასევე დაფიქსირებულია ეჭვი იმის შესახებ, ხომ არ ჰყავს საქართველოს დღეს ქვეყნის მოღალატე მთავრობა. ჩემთვის საკითხის ამგვარი დასმა პრინციპულად მიუღებელია - ეს ხომ ზოგიერთი ექსტრემისტულად განწყობილი ოპოზიციური ძალების მიერ შექმნილი ნარატივია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვის ინტერესებს ემსახურება.

ღალატის და მოღალატის თემა კაცობრიობის ისტორიაში არახალია, და თუ ასეთი აღმოჩნდა ვინმე, დარწმუნებული ვარ, ქართულ სახელმწიფოს შესწევს იმის უნარი, რომ მოღალატე გამოავლინოს და კანონის შესაბამისად დასაჯოს.

- რუსეთიდან საქართველოში უამრავი რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა. როგორც ამბობენ ამ ნაკადების შემოსვლა არ წყდება. ვხედავთ, რომ ოკუპანტი ქვეყნიდან ამდენი მოქალაქის ჩამოსვლის გამო საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი აღშფოთებას არ მალავს.

გასაგებია, რომ მათ მიმართ ჩვენი მოქალაქეების მეორე ნაწილი ლოიალურადაა განწყობილი. კარგია, რომ მათთან დაკავშირებით ექსცესები არ მომხდარა და იმედია არ მოხდება. მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის ამდენი ფულიანი მოქალაქის საქართველოში ჩამოსვლას აშკარად ახლავს საფრთხეები.

ფაქტია, რომ ხელისუფლებამ დროულად არ მოახდინა რუსეთთან უვიზო რეჟიმის პირობებში კორექტივების შეეტანა. კარგი იქნებოდა, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეების მოწვევით შემოსულიყვნენ და ჩვენი მოქალაქეები იქნებოდნენ მათზე პასუხისმგებელი, მაგრამ ასე არ მოხდება.

ფაქტია, რომ საქართველოში ამდენი რაოდენობის რუსეთის მოქალაქის ჩამოსვლა საფრთხეები ახლავს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური შემადგენელი.

ჯერ ეკონომიკურ საფრთხეებზე ვისაუბროთ. რა და როგორი ტიპის ეკონომიკური საფრთხეების შემცველია ასეთი დიდი რაოდენობით საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა?

- ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც უკვე წლებია ცხოვრობენ და საქმიანობენ რუსეთში. ჩვენი მხრიდან რაიმე შეცდომის დაშვება რუსეთის მოქალაქეების მიმართ მყისიერად გამოიწვევს მოსკოვის აგრესიას რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ.

რა თქმა უნდა, რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლას ახლავს მთელი რიგი საფრთხეები. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მათ შორის იყვნენ პროვოკატორები ან, თუნდაც, დივერსანტებიც კი. მაგრამ, ეს კომპეტენტური ორგანოების მიერ შესასწავლი თემაა.

ნამდვილად არ ვთვლი, რომ საქართველოს პოზიცია დღეს უხერხემლოა. სინამდვილეში ის ფრთხილია, იმის გათვალისწინებით თუ რა გადაიტანა ქვეყანამ 2008 წელს და რა შედეგებით დასრულდა რუსეთ-საქართველოს ომი

არ უნდა გამოვრიცხოთ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაც, მაგრამ ამას ყოველმხრივი დეტალური შესწავლა ესაჭიროება და გადაწყვეტილება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს მხოლოდ ემოციებსა და ჭორებზე დამყარებული...

- რაც შეეხება ამ თემის პოლიტიკურ ნაწილს და პოლიტიკურ საფრთხეებს, ამაზე რას იტყოდით?

- საქართველომ უკვე წარადგინა განაცხადი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს არის ჩვენი სამშობლოს უმთავრესი პოლიტიკური მისწრაფება. ის, რომ რუსეთი საქართველოს მეგობარი სახელმწიფო არ არის, ამას დიდი მტკიცება არ ესაჭიროება, როგორც კი გაიხსენებ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, თბილისიდან 40 კილომეტრში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზას...

ამის ფონზე, ვიღაცა, ვინც მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს, მაინც იტყვის საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავსო. მთავარია საქართველოს მთავრობა არ აჰყვეს პროვოკაციებს და ამ რთულ პერიოდში სამშვიდობოს გაიყვანოს ქვეყანა.

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის - „საქართველოს ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში ჩვენი ბედიც წყდება და უკრაინის გამარჯვება ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია - უკრაინის გამარჯვება ანადგურებს რუსეთის იმპერიის აღდგენის პროექტს

მეორე ნაწილის აზრით - „საქართველომ საკუთარი ტკივილის შესახებ გაცილებით მეტად უნდა ილაპარაკოს, არგაღიზიანების პოლიტიკა, რომელიც გარდა იმისა, რომ უბრალოდ სამარცხვინოა, ყოვლად უშედეგოა“.

ეს მოსაზრებები იმიტომ გავიხსენებ, რომ ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს უკრაინის ომთან, უკრაინის გამო დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებისას საქართველოს ხელისუფლების რბილად რომ ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში გაუგებარ, ანაც უხერხემლო პოზიციების გამო.

როცა მსოფლიოში ისტორიული მასშტაბის ცვლილებები ხდება, ისეთი მოწყვლადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სიფრთხილე გასაგებია, მაგრამ ახლა ისეთი ვითარებაა, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ჩვენს ხელისუფლებას უფრო მკაფიო პოზიცია უნდა ჰქონდეს თუნდაც იმის გამო, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.

ახლა ბევრს საუბრობენ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივებზე. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ სულ ტყუილად, რადგან ფაქტია, რომ ევროკავშირის წევრობისათვის კოპენჰაგენის სამი კრიტერიუმიდან არც ერთ ამ ქვეყანას არ აქვს. არც - მყარი დემოკრატია, არც - მყარი ეკონომიკა და არც - ევროპული სამართალი.

ასე კარგა ხანს იქნება, ვიდრე ამ ქვეყნებში ეკონომიკა იმ დღეში იქნება, რომელშიც ახლაა. უკვე ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა უკრაინისთვის მარშალის გეგმას მიიღებს. ცუდია, რომ ახლა არავინ საუბრობს საქართველოსთვის მარშალის გეგმაზე.

რა უნდა გააკეთოს საქართველომ რომ უფრო ხმამაღლა და ყველასთვის გასაგებად ისაუბროს თავის ტკივილზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და ქვეყნის განვითარებისთვის ისეთივე მარშალის გეგმაზე, რომელსაც უკრაინა ალბათ მალე მიიღებს?

- ნამდვილად არ ვთვლი, რომ საქართველოს პოზიცია დღეს უხერხემლოა. სინამდვილეში ის ფრთხილია, იმის გათვალისწინებით თუ რა გადაიტანა ქვეყანამ 2008 წელს და რა შედეგებით დასრულდა რუსეთ-საქართველოს ომი.

ისიც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ დასავლეთის მხრიდან საქართველოსადმი ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლა და მოსკოვის წინააღმდეგ არანაირი სანქცია არ ყოფილა შემოღებული. დასავლეთმა, მართალია ძირითადად „უკბილო“, მაგრამ მაინც ეკონომიკური სანქციები რუსეთს მხოლოდ 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო დაუწესა.

ევროკავშირის წევრობისთვის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს არა მარტო საქართველო, არამედ არც მოლდოვა და არც ცეცხლის ალში გახვეული უკრაინა აკმაყოფილებენ. დღეს ბრიუსელში განაცხადის წარდგენა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ დააჩქარა.

უკეთეს შემთხვევაში ეს პროცესი უნდა დასრულდეს წევრების კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, რაც უკვე იქნება დიდი გამარჯვება. რაც შეეხება სრულფასოვან წევრობას, ამას კი ნამდვილად დასჭირდება დრო, რათა წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა წევრობისათვის საჭირო რეფორმები წარმატებით გაატარონ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო