საქართველოს მთავრობა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტსა და ირაკლი ღარიბაშვილთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს მთავრობა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტსა და საქართველოს მთავრობის მეთაურთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილი პოლონელ კოლეგა მათეუშ მორავიეცკის ბათუმში უმასპინძლებს.

„პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები ერთობლივად გახსნიან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლს, რომელიც ახალ ბულვარში დაიდგა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს თავად პოლონეთის მთავრობაც. მათი ცნობით, შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრები განიხილავენ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებებს უკრაინაში, ასევე, კიევში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შედეგებს.

ამასთან, პოლონეთის პრემიერის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრები განიხილავენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, კერძოდ, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ახლახან წარდგენილ განცხადებას.

გარდა ამისა, პოლონეთის მთავრობის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფართო პაკეტის განხორციელებაში საქართველოს ჩართულობაზე ისაუბრებს. ასევე განიხილება ეკონომიკური სანქციების გავლენა ქვეყნებზე, რომლებიც გმობენ რუსეთის აგრესიას და მიმდინარე მიგრაციულ ვითარებას.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება