პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და 6 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ბ. ხ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „TT“-ს ფირმის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 1 მჭიდი და 8 ცალი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ღ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა კასპის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა.

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ. ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენისა და შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, გადაჭრილი თოფი - ე.წ. "აბრეზი" და 9 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული თ.ზ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა სოფელ ბაკურციხეში, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის ზუგდიდში დააკავეს 1964 წელს დაბადებული რ.პ. სამართალდამცველებმა, მისი ავტომობილის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

აბაშის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული დ.მ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის დააკავა. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო - ხელყუმბარა და ტროტილის 3 ცალი კოჭა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა