პაატა დავითაია - ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და არა სხვების მოწოდებით

უკრაინული მხარის გარკვეული წარმომადგენლების განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის მოწოდებაა, რაც დაუშვებელია - ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების დაწყება ჩვენი სახელმწიფო ინტერესი არ არის, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და თუკი, ჩვენ საბრძოლო მოქმედებებს გადავწყვეტთ, ეს სახელმწიფოს გადაწყვეტილება იქნება და არა სხვების მოწოდებები.

„ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხებზე, ამერიკელები ხშირად იყენებენ ფრაზას - ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენც ასევე უნდა ვიმოქმედოთ. მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს სახელმწიფო ინტერესი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების დაწყება არ არის. პირიქით, ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობასთან საერთო უნდა გამოვნახოთ. ეს არის, როგორც ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროექტები, ასევე, სამართლებრივი გზა, რომელიც საქართველოს სახელმწიფომ სამართლებრივი დევნის დასაწყებად უნდა აწარმოოს იმ სეპარატისტების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციურ წყობას არღვევენ. ჩვენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ამ გზით უნდა მოვახერხოთ. ეს არის პრინციპული საკითხი.

ომში, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს, ქართველი მეომრები იბრძვიან. ჩვენი ყოფილი თავდაცვის მინისტრი, როგორც რიგითი ჯარისკაცი, უკრაინაში იბრძვის. ამ ომში ქართველები დაიღუპნენ, რომლებიც როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტს იცავდნენ. ჩვენი მოქალაქეები ჩართული არიან ჰუმანიტარულ აქციებში, სახელმწიფო ყველა საერთაშორისო დოკუმენტს შეუერთდა, რითაც უკრაინას მხარი დაუჭირა.

ჩვენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი ამ წლების განმავლობაში ვართ ჩართული. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში პირველი მსხვერპლი საქართველომ გაიღო - ეს იყო 9 აპრილი, სახელმწიფო ენის დაცვა, პირველი დისიდენტური მოძრაობა საბჭოეთის წინააღმდეგ, ეთნიკური წმენდა, რაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთსა და ცხინვალში ჩაატარა. რუსული აგრესიის ტვირთი ჩვენ წლები ვატარეთ და დასაძრახი არავისგან არ ვართ. არც ვაჟკაცობის და გმირობის მაგალითები გვაკლია. თუ ჩვენ საბრძოლო მოქმედებებს გადავწყვეტთ, გადავწყვეტთ მაშინ, როდესაც ეს სახელმწიფოს გადაწყვეტილება იქნება და არა სხვების მოწოდებები“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს