ირაკლი კობახიძე უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე - სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა ცალმხრივია, თუმცა, ჩვენ მაინც მზად ვართ, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ

ბრალდებები არის ძალიან მძიმე მოვლენა. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა ცალმხრივია, თუმცა, ჩვენ მაინც მზად ვართ, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს ინფორმაცია არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებისა და ნაბიჯების გაგრძელება, რაც უახლოეს წარსულში ვიხილეთ, "მათ შორის ელჩის გაწვევის სახით".

„ამ ყველაფერს აქვს ერთი მარტივი მიზეზი, რაც უკვე არაერთხელ ვთქვით, ადამიანები, რომლებიც აქ რადიკალურ ოპოზიციაში არიან, იქ ხელისუფლების ნაწილი არიან. იგივე სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ამგვარი ალოგიკური ნაბიჯები არის აბსოლუტურად ლოგიკური, ეს არის სამწუხარო რეალობა. რაც შეეხება ამ ბრალდებას, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა ცალმხრივია, თუმცა, ჩვენ მაინც მზად ვართ, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ უკრაინელი ხალხის, სახელმწიფოს, ქვეყნის ინტერესების რეალიზებას.

როდესაც ერთ მხარეს არის ადამიანი, ერთ ქვეყანაში რადიკალურ ოპოზიციაში და მეორე ქვეყანაში არის ხელისუფლების ნაწილი, ნებისმიერი ალოგიკური ნაბიჯი ასეთ დროს არის მოსალოდნელი, ეს არის სამწუხარო უნიკალური მოცემულობა, რაც დღევანდელ რეალობას ახასიათებს. ჩვენ წლების განმავლობაში ვთხოვდით უკრაინის ხელისუფლებას, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ყველგან რევენ ვითარებას, სადაც კი შეუძლიათ და ამ შემთხვევაში უკრაინაში, არ უნდა ყოფილიყვნენ, იდეალურ შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლების ნაწილი, თუმცა, სამწუხაროდ, დღესაც არიან. მათ შორის სააკაშვილიც, დღემდე ფორმალურად თუ არაფორმალურად რეფორმირების საბჭოს ხელმძღვანელია უკრაინის ხელისუფლებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, როგორც ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ასევე თავად უკრაინისთვის, მისი უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ ეს ადამიანები არ ყოფილიყვნენ უკრაინის ხელისუფლების ნაწილი, თუმცა, უკრაინის ხელისუფლებამ სხვა არჩევანი გააკეთა.

„ეს პროდუქტი, რაზეც უკრაინის ხელისუფლება საუბრობს, უნდა შევიდეს საიდანღაც საქართველოს გავლით და როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს პროდუქტი უკავშირდება იმ ქვეყნებს, რომლებიც სანქციებს აწესებენ რუსეთის მიმართ. აქედან გამომდინარე, ალოგიკურობის ჯაჭვია. ეს არის მარტივი აბსურდი, ყველანაირი წითელი ხაზია გადაკვეთილი, თუმცა, მაინც არ გვაქვს უფლება უკრაინის ხელისუფლებას უხეშად დავუპირისპირდეთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს ხელისუფლება ომის მდგომარეობაშია და ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენი ალოგიკური ნაბიჯის შედეგი და რეაქცია ჩვენი უნდა ყოფილიყო დემარში, მაგრამ ამას არ გავაკეთებთ ისევ და ისევ უკრაინელების ინტერესიდან გამომდინარე. რაც შეეხება ბრალდების დამტკიცება არ დამტკიცებას, ეს არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. დამბრალებელმა თვითონ უნდა დაამტკიცოს რამდენად არის მისი განცხადება სიმართლე. ხელისუფლების პოზიცია არის მარტივი, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს წყარო და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ წყაროს და მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენენ, რადგან ეს არის აბსურდი“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა