სააკაშვილის ადვოკატის საქმეზე ბრალდებული პენიტენციური სამსახურის ყოფილი ინსპექტორი - 50 წლის ვარ, შეიარაღებული ძალების ოფიცერი ვარ, არასდროს ვყოფილვარ ბრალდებული, თუ არის შესაძლებელი, არ დამაპატიმროთ

50 წლის ვარ, შეიარაღებული ძალების ოფიცერი ვარ, არასდროს ვყოფილვარ ბრალდებული, ამ ქვეყნის სამსახურში ვიყავი 18 წლიდან, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის საქმეზე ბრალდებულმა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილმა ინსპექტორმა, გიორგი გიუაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ის პროკურატურის შუამდგომლობას მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით არ დაეთანხმა.

„პროკურორების არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მივიმალები, სიმართლეს არ წარმოადგენს, ინციდენტი თვენახევრის წინ მოხდა და მიმალვა არ მქონია მიზნად, გუშინ დამიბარა პროკურატურამ, აქამდე მივიმალებოდი, მიმალვა ჩემ ინტერესებში არ შედის, პირიქით, ჩემ ინტერესშია სიმართლის დადგენა.

რაც შეეხება მოწმეებზე ზემოქმედებას, ჩამოთვლილი მოწმეებიდან მხოლოდ ერთი გახლავთ ჩემი თანამშრომელი, დანარჩენი მხოლოდ გამარჯობით ვიცი, აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ მექნება მათზე ზემოქმედება, ვინაიდან დღემდე არ მქონია.

მტკიცებულებების განადგურებას რაც შეეხება, ჩემ ინტერესებში არ შედის, ფიზიკურ შეხებას ადგილი არ ჰქონია, ამას ამბობს ყველა და ეს ჩანს კადრებში, მტკიცებულებების განადგურება კი არა, ნეტა მეტის მოპოვება შეიძლებოდეს.

50 წლის გახლავარ, შეიარაღებული ძალების ოფიცერი ვარ, არასდროს ყოფილა გიორგი გიუაშვილი ბრალდებული, ამ ქვეყნის სამსახურში ვიყავი 18 წლიდან, ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, რომ პატიმრობაში უნდა ვიყო, ვერ მივიღებ. მოწმეთა ჩვენებებიც ადასტურებს, რომ ფიზიკურ შეხებას არ ჰქონია ადგილი. ახალ დანაშაულს რატომ ჩავიდენ, პირიქით, ყველანაირად ვცდილობ, ეს უფრო ბევრი ადამიანისთვის გახდეს ცნობილი, როგორც სასამართლოთი, ასევე მედიით. ბოდიში, მე იურისტი არ გახლავართ", - განაცხადა გიუაშვილმა.

მან მოსამართლეს სთხოვა, არ დაეკავებინათ და გირაოს მინიმალური ოდენობა გამოეყენებინა.

„თუ არის შესაძლებელი, არ დამაპატიმროთ, თუ შეუძლებელია, მინიმალური გირაო გამოიყენეთ",- განაცხადა გიუაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი გიუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, პროკურატურამ რეაგირების მიზნით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა