უკრაინაში და უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე, იმაზე სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში „ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციური მოდელირების სააგენტოს დირექტორს, ვიტალი ბალას ესაუბრა.
- ბატონო ვიტალი, როგორ შეაფასებთ ვითარებას უკრაინაში მას შემდეგ, რაც 40 დღეზე მეტია რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო?
- დიახ, 40 დღეზე მეტია გრძელდება რუსული აგრესია უკრაინაში. თუ ომის დაწყების პირველ და მეორე კვირაში ხალხი იბრძოდა გადარჩენისთვის, დღეისთვის ომის მთავარი შედეგია ის, რომ უკრაინის მოსახლეობის 90%-ზე მეტი დარწმუნებულია რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებაში.
დღეისთვის ომის მთავარი შედეგია ის, რომ უკრაინის მოსახლეობის 90%-ზე მეტი დარწმუნებულია რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებაში
ეს კი შედეგია უკრაინის მოსახლეობის არნახული ერთიანობისა და თავგანწირვის, არა მხოლოდ იმისთვის მზაობა რომ ებრძოლათ, არამედ დაღუპულიყვნენ თავისი ქვეყნის დასაცავად. როგორც ჩანს, ამან გააჩინა ხალხში რწმენა, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს.
- ჩვენი საუბარი მინდა გავაგრძელოთ რუსული სახელმწიფო სააგენტო „რია-ნოვოსტიში“ გამოქვეყნებული სტატიით უკრაინაზე და რომელსაც ხელს კრემლის პოლიტტექნოლოგი აწერს.
კრემლთან მისი სიახლოვე იმაზე მიუთითებს, რომ სტატიაში უკრაინასთან დაკავშირებით კრემლის გეგმები სრულად არის შეთანხმებული პრეზიდენტ პუტინთან. როგორც ჩანს, ეს სტატია უკრაინასთან დაკავშირებით კრემლისთვის პროგრამულია.
მასში საუბარია იმაზე, რომ რუსეთმა უნდა გაანადგუროს უკრაინული არმია, დაიკავოს უკრაინის რაც შეიძლება მეტი ტერიტორია, გააუქმოს უკრაინა როგორც სახელმწიფო და უკრაინა დარჩეს მხოლოდ დასავლეთ უკრაინის საზღვრებში.
რუსეთის მიერ დაკავებულ უკრაინის ტერიტორიაზე დაიწყოს დენაციფიკაციის პოლიტიკის სრულად გატარება; ხალხმა უნდა დაივიწყოს უკრაინის სახელმწიფოს არსებობა და არსებული სახით არ უნდა არსებობდეს უკრაინული ეთნოსი.
მესმის, რომ საომარი მოქმედებების გამო შესაძლოა ახლა უკრაინაში „რია-ნოვოსტის“ საკითხავად ალბათ ბევრი ვერ იცლის, მაგრამ დარწმუნებული ვარ თქვენ ამ სტატიას გაეცნობოდით.
ამიტომ გკითხავთ, როგორ აღიქვა უკრაინულმა საზოგადოებამ უკრაინასთან დაკავშირებით კრემლის გეგმები?
- ამ თემებზე მე ომის დაწყებამდეც ხშირად ვსაუბრობდი. ვგულისხმობ იმას, რომ უკრაინის სახელმწიფოს არსებობა რუსეთისთვის საფრთხეა ერთი უბრალო მიზეზის გამო და ეს მიზეზი გახლავთ ის, რომ უკრაინის სახელმწიფოს არსებობა საფრთხეს უქმნის რუსული სახელმწიფოს იდენტობის სწორად გაგებას, რადგან მისი ისტორიის მიმართ ისმის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა - საიდან წარმოიშვა იგი? და რეალურად ვისი მემკვიდრეა რუსეთი?
რუსებმა იციან, რომ უკრაინელებს მოჰპარეს ისტორია და მიითვისეს. ჩემი აზრით, რუსებმა უკრაინელებს რელიგიაც მოჰპარეს. ესაა მიზეზი იმისა, რომ უკრაინელებზე საუბრისას პუტინი საუბრობდა როგორც ერთიან ხალხზე. თითქოს კიევის მთავარი ვლადიმერი რუსი მთავარია და ცდილობდა ემტკიცებინა, რომ დღევანდელი რუსეთი კიევის რუსეთის მემკვიდრეა.
ჩემთვის კარგა ხანია ცხადი იყო, რომ უკრაინის პრობლემა მხოლოდ პუტინი არ იყო. ასე ფიქრობს რუსეთის საზოგადოება. უკრაინის პრობლემა ისაა, რომ რუსები უარს ამბობენ თავად შეიტანონ კორექტივები უკრაინისადმი თავის დამოკიდებულებებსა და თავიანთი ისტორიის გაგებაში.
ეს თემები მათთვის ძალიან მტკივნეულია, რადგან რუსები თავის თავს სლავებს ეძახიან. მაგრამ, არა მარტო ჩემი აზრით, მათ სლავებთან არანაირი კავშირი არ აქვთ. აღმოსავლეთ სლავები უკრაინელები არიან და არა რუსები. ეს რომ ასეა, მათ თავადაც კარგად იციან, და ამიტომაა მათთვის უკრაინის არსებობა საფრთხე და გამოწვევა.
ამიტომ ამტკიცებენ, რომ უკრაინა როგორც ქვეყანა არ არსებობს, უკრაინელი ხალხი არ არსებობს და ასე შემდეგ. ამგვარი მსჯელობები თეორიული საფუძველია იმისა, რასაც რუსეთი უკრაინაში ახლა აკეთებს.
თუ არც უკრაინა, როგორც სახელმწიფო და არც უკრაინელი ერი არ არსებობს, როგორც ამას პუტინი აცხადებს, საინტერესოა 24 თებერვლიდან რომელ სახელმწიფოსა და რომელ ერს ებრძვიან რუსები უკრაინის ტერიტორიაზე?
თუ არც უკრაინა, როგორც სახელმწიფო და არც უკრაინელი ერი არ არსებობს, როგორც ამას პუტინი აცხადებს, საინტერესოა 24 თებერვლიდან რომელ სახელმწიფოსა და რომელ ერს ებრძვიან რუსები უკრაინის ტერიტორიაზე?
იმის გამო, რომ კრემლის განწყობები ჩვენს მიმართ ჩვენ ვიცით, ამიტომაცაა რომ არ გვიკვირს იმ ბარბაროსობის, რასაც ისინი ჩვენს ტერიტორიაზე სჩადიან. მძიმე სანახავია ეს ყველაფერი, მაგრამ, ვიცით რომ უნდა გაუძლოთ და ვიბრძოლოთ თუ გვინდა გადავრჩეთ და შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა. ომის დაწყებისთანავე ჩვენ ვაცნობიერებდით რომ უნდა გადავრჩენილიყავით. ახლა ვიცით რომ თუ გვინდა გადავრჩეთ, უნდა ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ.
ომის დაწყებისთანავე ჩვენ ვაცნობიერებდით რომ უნდა გადავრჩენილიყავით. ახლა ვიცით, რომ თუ გვინდა გადავრჩეთ, უნდა ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ
- ბევრი თვლის, რომ ეს სტატია „რია-ნოვოსტიში“ იმის გამო გაჩნდა, რომ რუსეთში მომზადდეს საზოგადოებრივი აზრი ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის სასარგებლოდ. თუ ხალხს უნდა ტოტალური ომი უკრაინასთან, ამისთვის საჭიროა ტოტალური მობილიზაციის გამოცხადება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინაში, კერძოდ, დონბასში დიდი ომისთვის ემზადება. რუსეთი არც მალავს, რომ ამისთვის ემზადება.
რა შანსები აქვს უკრაინას წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს დონბასში?
- ამის მზაობა უკრაინაში არის. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ამ ომში გამარჯვება გვინდა და გამარჯვებისთვის გვჭირდება არა თავდაცვითი, არამედ შეტევითი სამხედრო ტექნიკა. მათ შორის მძიმე ტექნიკა, ტანკები, თვითმფრინავები. ასეთი ტექნიკის გარეშე შეტევაზე გადასვლას აზრი არ აქვს.
გამარჯვებისთვის გვჭირდება არა თავდაცვითი, არამედ შეტევითი სამხედრო ტექნიკა. მათ შორის მძიმე ტექნიკა, ტანკები, თვითმფრინავები. ასეთი ტექნიკის გარეშე შეტევაზე გადასვლას აზრი არ აქვს
დონბასში უკრაინა ახლა თავდაცვით ომს აწარმოებს. ომში ისევე როგორც ფეხბურთში, თუ სულ დაცვაში ხარ, მოწინააღმდეგე გოლს ადრე თუ გვიან აუცილებდა გაგიტანს.
- დასავლეთის ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინა მიიღებს დახმარების სახით სამხედრო ტექნიკას...
- დიახ, აქეთკენ მიმყავდა საუბარი. დასავლეთი გამოთქვამს მზაობას დაგვეხმაროს სამხედრო ტექნიკით. უკრაინის ძალები მზად არიან ეს ტექნიკა გამოიყენენონ. მადლობა ღმერთს, უკრაინას კარგი სამხედრო ხელმძღვანელობა ჰყავს. ეს მათ უკვე ბევრჯერ გვანახეს, ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული დასავლელი პარტნიორები როგორ სამხედრო იარაღს მოგვაწოდებენ. თუ უკრაინამ პარტნიორებისგან კარგი შეიარაღება მიიღო, რუსებს დონბასში უკრაინაზე გამარჯვების არანაირი შანსი არ ექნებათ.
ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული ჩვენი დასავლელი პარტნიორები როგორ სამხედრო იარაღს მოგვაწოდებენ. თუ უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან კარგი შეიარაღება მიიღო, რუსებს დონბასში ჩვენზე გამარჯვების არანაირი შანსი არ ექნებათ
უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის ჩრდილოეთიდან რუსების მიერ გაყვანილი ძალები მათ დონბასში ახლა არ გამოადგებათ, რადგან ისინი რომ ბრძოლისუნარიანები გახდნენ, ამას დრო სჭირდება. მხედველობაში მაქვს მათი ახალი ჯარისკაცებით დაკომპლექტება. რაც შეეხება ტექნიკას, მათი ტექნიკის უდიდესი ნაწილი ან განადგურებულია, ან ბრძოლის ველზეა დატოვებული.
თუ კრემლი საყოველთაო მობილიზაციის გზას დაადგა, მაშინ უნდა თქვან, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. მოსკოვი დღემდე აცხადებს, რომ უკრაინაში სპეცოპერაციას ატარებს.
იმის გათვალისწინებით რომ რუსეთი არა დიადი, არამედ ტერიტორიით დიდი ქვეყანაა, მას ჯარისკაცების რესურსების თვალსაზრისით პრობლემა არ ექნება. რუსეთის მოსახლეობა უკრაინის მოსახლეობაზე სამჯერ მეტია. მიუხედავად ამისა, მათ მაინც არ აქვთ უკრაინასთან შედარებით ტოტალური უპირატესობა.
თუ კრემლი საყოველთაო მობილიზაციის გზას დაადგა, მაშინ უნდა თქვან, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. მოსკოვი დღემდე აცხადებს, რომ უკრაინაში სპეცოპერაციას ატარებს
ასეა იმის გამო, რომ უკრაინელები თავის ქვეყანას იცავენ და უფრო მოტივირებულები არიან. ასე რომ, ახლა პრობლემა მხოლოდ სამხედრო ტექნიკაშია. ვიმეორებ, თუ უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან შესაბამისი ტექნიკა მიიღო, უკრაინა შეძლებს დონბასის იმ ტერიტორიების გათავისუფლებას, რომელიც 8 წელია რუსებს აქვთ დაკავებული.
- გასაგებია, რომ რუსეთს არ აქვს რესურსი აიღოს კიევი, პუტინისთვის ახლა დონბასის აღება არა მარტო პრესტიჟის, არამედ მისი პოლიტიკური მომავლისა და ხელისუფლების შენარჩუნების საკითხია.
თუ დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინას საკმარისი სამხედრო ტექნიკა მიაწოდეს, თქვენი აზრით, რა შანსები აქვს უკრაინას როგორც მინიმუმ კონტროლი აღადგინოს იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც თქვენ ომის დაწყებამდე, ანუ 24 თებერვლამდე აკონტროლებდით?
- თუ დასავლელმა პარტნიორებმა იარაღი მოგვაწოდეს, ჩემი აზრით, უკრაინას ექნება შესაძლებლობა სრულად გაათავისუფლოს დონბასი.
უკრაინის რუსეთისაგან გათავისუფლების სამამულო ომს რამდენიმე ეტაპი ექნება. პირველ ეტაპზე რუსეთმა თავის მიზნებს ვერ მიაღწია, მეორე ეტაპი იქნება ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთის ტერიტორიებზე იმ პოზიციებზე დაბრუნება, რომელიც უკრაინას 24 თებერვლამდე გვქონდა, მხედველობაში მაქვს რუსების განდევნა ხერსონის ოლქიდან.
მესამე ეტაპი იქნება დონბასის გათავისუფლება და მასზე უკრაინის ხელისუფლების სრული კონტროლის დამყარება. მეოთხე ეტაპი იქნება ყირიმის დაბრუნება. ეს პროცესი ცოტა გაგვიგრძელდება, მაგრამ უკრაინა მაინც დაიბრუნებს კონტროლს ყირიმზე.
მესამე ეტაპი იქნება დონბასის გათავისუფლება და მასზე უკრაინის ხელისუფლების სრული კონტროლის დამყარება. მეოთხე ეტაპი იქნება ყირიმის დაბრუნება. ეს პროცესი ცოტა გაგვიგრძელდება, მაგრამ უკრაინა მაინც დაიბრუნებს კონტროლს ყირიმზე
მე ამ თემაზე ვსაუბრობ არა როგორც სამხედრო ექსპერტი, არამედ, როგორც ადამიანი, რომელიც პოლიტტექნოლოგიებში გარკვეულია. ვფიქრობ, უკრაინის ხელისუფლებას ასეთი გეგმა ექნება იმისათვის, რომ გაუმკლავდეს რუსულ აგრესიას. არ გამოვრიცხავ, რომ მოსკოვმა კიევს დაწყებული მოლაპარაკებების ფარგლებში სხვადასხვა შეთანხმებები შესთავაზოს.
- კარგ თემას შეეხეთ. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელმა თქვა, რომ ახლა ოფიციალური კიევი ელოდება მოსკოვისგან წერილობით თანხმობას სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებაზე შეთანხმებულ პუნქტებზე.
იმ განწყობების გათვალისწინებით, რომელიც რუსეთში უკრაინის საკითხზე არსებობს, ასევე თუ რა განცხადებებს აკეთებენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, ძნელი წარმოსადგენია, რომ კრემლი დათანხმდეს მხარეებს შორის სტამბოლში შეთანხმებულ პუნქტებზე.
თქვენ როგორ შეაფასებთ ომის ფონზე კიევსა და მოსკოვს შორის წარმოებულ მოლაპარაკებას და მის სავარაუდო შედეგებს?
- ის, რაც ამ მოლაპარაკებების შედეგებზე გაჟღერდა არ მოსწონთ არა მხოლოდ მოსკოვში. მე შემიძლია გითხრათ, რომ რაც ითქვა, უკრაინული საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამს.
ამ თემაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, - სიტუაცია იცვლება და კიევის მიდგომებიც იცვლება. მე ჩემი მხრივ დავამატებდი - ის რაც მისაღები იყო გუშინ, შესაძლოა დღეს აღარ იყოს მისაღები კიევისთვის. უკრაინის საზოგადოებამ, პოლიტიკურმა კლასმა საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა მოლაპარაკებების ის შედეგები, რაზეც თუნდაც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები გუშინწინ საუბრობდნენ.
უკრაინის საზოგადოებამ, პოლიტიკურმა კლასმა საკმაოდ კრიტიკულად შეაფასა მოლაპარაკებების ის შედეგები, რაზეც თუნდაც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები გუშინწინ საუბრობდნენ
აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია უკრაინის უსაფრთხოების გარანტორებს შორის იყოს რუსეთი, რომელიც იმავდროულად აგრესორი ქვეყანაა. ასევე კრიტიკულად და უკიდურესად ნეგატიურად შეხვდა საზოგადოება ყირიმის სტატუსის 15 წლით გადადების იდეას.
მესმის, რომ ამ საკითხებზე ასევე ნეგატიური რეაქციები და დამოკიდებულებაა რუსულ საზოგადოებაში. რუსული საზოგადოება ხომ კრემლს დაქვემდებარებული რუსულ ტელევიზიების ტყვეობაშია.
რუსეთში დღემდე სჯერათ, რომ რუსეთი უკრაინაში კიევის ხელისუფლების მშვიდობის იძულების სპეცოპერაციას ატარებს. ის კი არავის მოსდის აზრად, რომ რუსული ჯარია შესული სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ანადგურებს ქალაქებსა და მოსახლეობას. სხვათა შორის, ისეთ ქალაქებსაც კი, რომლის მოსახლეობა პრაქტიკულად რუსულენოვანია.
რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობით კიევი ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მას მშვიდობა უნდა. მაგრამ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ იმავდროულად თქვა - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ვაჭრობის საგანი ვერანაირად ვერ იქნება. უკრაინა არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს, რომ ყირიმი და დნრ-ი და ლნრ-ი არაა უკრაინის ნაწილი
მე კი მინდა, რომ მხარეებს შორის მართლაც მიმდინარეობდეს რეალური მოლაპარაკებები, მაგრამ, ჩემი აზრით, მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი მხოლოდ მოლაპარაკებების წარმოებისთვის ტარდება. მე ვერ ვხედავ, რომ მხარეებს შორის რომელიმე საკითხში ჰქონდეთ აზრთა თანხვედრა.
გარდა ამისა, იმ საკითხებზე, რომელზეც მხარეები თითქოს შეთანხმდნენ, მოითხოვს უკრაინის პარლამენტის მიერ გაზიარებას და დამტკიცებას. ეს ეხება უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებებსაც. ეს პარლამენტი რომ ამ თემებზე თანხმობას არ მისცემს, ესეც ცხადია.
ჩემი აზრით, რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობით კიევი ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მას მშვიდობა უნდა. მაგრამ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ იმავდროულად თქვა - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ვაჭრობის საგანი ვერანაირად ვერ იქნება. უკრაინა არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს, რომ ყირიმი და დნრ-ი და ლნრ- ი არაა უკრაინის ნაწილი.
- სამწუხაროდ, კიევისთვის მომგებიან პოზიციებზე ომის მშვიდობიანად დასრულების პერსპექტივები რეალურად არ ჩანს...
- დიახ, ასეა. ვიცი, რომ ასე ფიქრობს სამხედროების და საზოგადოების უდიდესი ნაწილი. ვიმეორებ, ჩემი აზრით, რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობით უკრაინა ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მას სურს მშვიდობა.
არის ასეთი გამოთქმა - მშვიდობას აქვს ორი სახე ან იმარჯვებ, ან კაპიტულაციას აცხადებ. ის, რაზეც ახლა კრემლი კიევს მოლაპარაკებებზე ესაუბრება და უკრაინას შესთავაზა, სხვა არაფერია, თუ არა კაპიტულაციის ვითომ რბილი ვარიანტი, მაგრამ მაინც კაპიტულაცია.
ის, რაზეც ახლა კრემლი კიევს მოლაპარაკებებზე ესაუბრება და უკრაინას შესთავაზა, სხვა არაფერია, თუ არა კაპიტულაციის ვითომ რბილი ვარიანტი, მაგრამ მაინც კაპიტულაცია
- მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, მსოფლიო მნიშვნელოვნად შეიცვალა. განსაკუთრებით ევროპა. 24 თებერვლამდე ევროპელ ლიდერებს პუტინთან ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდათ. ახლა ვხედავთ, რომ ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილია.
ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ ევროპული უსაფრთხოების სისტემაში სერიოზული კორექტივები იქნება შეტანილი. ამ თემაზე პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის სხვა ლიდერები საკმაოდ ბევრს საუბრობენ.
სავარაუდოდ, რა კორექტივები შეიძლება შევიდეს ევროპული უსაფრთხოების სისტემაში და სავარაუდოდ, როგორ შეიძლება იგი შეეხოს უკრაინას?
- მე არა ერთხელ მითქვამს და დამიწერია, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები უკრაინის ნეიტრალურ სტატუსსა და იმას, რომ უკრაინა არცერთ სამხედრო ბლოკში არ იყოს. ასეთ შემთხვევაში უკრაინა უსაფრთხოების ვერანაირ გარანტიებს ვერ მიიღებს. უსაფრთხოების სისტემების ეს მექანიზმები მეოცე საუკუნეში მეტ-ნაკლებად მუშაობდა.
დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული და მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემაში სერიოზული და მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. ვიდრე რუსეთი ისეთ აგრესიულ ქვეყნად რჩება, როგორც ის დღესაა, ნებისმიერი სახით უკრაინის ნეიტრალური სტატუსი ვერანაირად ვერ იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტია. მითუმეტეს, თუ მისი ნეიტრალიტეტის ერთ-ერთი გარანტორი რუსეთი იქნა.
ვიდრე რუსეთი ისეთ აგრესიულ ქვეყნად რჩება, როგორც ის დღესაა, ნებისმიერი სახით უკრაინის ნეიტრალური სტატუსი ვერანაირად ვერ იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტია. მითუმეტეს თუ მისი ნეიტრალიტეტის ერთ-ერთი გარანტორი რუსეთი იქნა
უკრაინის უბლოკო სტატუსი, ანუ უკრაინა ნატოს გარეთ, ვერ იქნება უკრაინის უსაფრთხოების გარანტია. უფრო მისაღებია უკრაინას ჰქონდეს დიდ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობები სამხედრო სფეროში. ვთქვათ, ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინა. მაგრამ, გარეთ ახლა 21-ე საუკუნეა და ვფიქრობ, რომ უკრაინის უსაფრთხოებისთვის არც ეს იმუშავებს სრულფასოვნად. მიკვირს, რატომ აკეთებს უკრაინის ხელისუფლება ამაზე აქცენტს. 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმმა გვანახა, რომ ეს ფორმაც არ მუშაობს.
რუსეთთან მოლაპარაკებების შედეგები მიუღებელია როგორც უკრაინული საზოგადოებისთვის, ისე სამხედროებისთვის და იმათთვის, ვინც ახლა ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს.
უკრაინამ ბევრი გააკეთა თავისი სუვერენიტეტის დასაცავად. ახლა ყველა ქალაქ ბუჩის ტრაგედიაზე საუბრობს, უკრაინის გენპროკურორმა თქვა, რომ უარესი მდგომარეობაა ქალაქ ბოროდიანკაში. დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იქნება მარიუპოლსა და ხარკოვის რაიონებში.
გასაგები იყო, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ცდილობდა ნაკლები ყოფილიყო მსხვერპლი, ამიტომ თანხმდებოდა ცეცხლის შეწყვეტას, ჯარების გაყვანას, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი ამგვარ ნაბიჯებს მოწინააღმდეგის მხოლოდ სისუსტედ აფასებს.
ვიდრე ბრძოლის ველზე უკრაინა არ გაიმარჯვებს, ჩვენი აგრესიული მეზობელი სულ ეცდება იყოს აგრესიული. შესაძლოა დროებით დათანხმდეს მშვიდობას, მაგრამ, როგორც კი საშუალება მიეცემა, ისევ შეეცდება უკრაინაზე კონტროლის დამყარებას და ამისთვის მასზე თავდასხმას.
ვიდრე ბრძოლის ველზე უკრაინა არ გაიმარჯვებს, ჩვენი აგრესიული მეზობელი სულ ეცდება იყოს აგრესიული. შესაძლოა დროებით დათანხმდეს მშვიდობას, მაგრამ, როგორც კი საშუალება მიეცემა, ისევ შეეცდება უკრაინაზე კონტროლის დამყარებას და ამისთვის მასზე თავდასხმას
თუ უკრაინამ რუსეთი დონბასში არ დაამარცხა, რუსეთი აგრესორ ქვეყნად დარჩება არა მარტო უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და სსრკ-ს სხვა ყოფილი ქვეყნებისთვისაც. პუტინმა პირდაპირ თქვა, რომ უნდა რუსეთის იმპერიის აღდგენა 1917 წლის საზღვრებში. ამიტომაცაა, რომ დასავლეთს მოსთხოვა არ მიიღონ ნატოში უკრაინა და საქართველო.
ამაზე ომის დაწყების პირველ დღეებში პრეზიდენტი დარია გრიბაუსკაიტე ამბობდა - არავითარი მოლაპარაკებები რუსეთთან. უკრაინის უსაფრთხოების საკითხის რუსეთთან გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ბრძოლის ველზე.
თუ უკრაინამ რუსეთი დონბასში არ დაამარცხა, რუსეთი აგრესორ ქვეყნად დარჩება არა მარტო უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და სსრკ-ს სხვა ყოფილი ქვეყნებისთვისაც
საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია გვასწავლის, რომ ნეიტრალური სტატუსის მიღებას მოითხოვენ აგრესორი ქვეყნისგან. ახლა რომ უკრაინისგან ნეიტრალურ სტატუსს ითხოვენ ნონსენსად გამოიყურება, რადგან უკრაინა აგრესიის მსხვერპლი ქვეყანაა. უცნაურია, რომ მსხვერპლისგან ითხოვენ ნეიტრალურ სტატუსს.
- ამბობენ, რომ კიევში საკმაოდ ბევრი დივერსანტი აღმოჩნდა. უკრაინელი სამართალდამცავების აქტიური მუშაობის შედეგად საკმაოდ ბევრი დივერსანტი იქნა დაკავებული. ისინი კიევში 2-3 თვით ადრე იყვნენ ჩასული და ელოდნენ რუსული ჯარის კიევში შესვლას.
- დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უკრაინაში საკმაოდ ბევრი დივერსანტი აღმოჩნდა. ხდება მათი დაკავება. საუბარია არა მარტო იმათზე, ვინც 2-3 თვით ადრე ჩამოვიდა რუსეთიდან კიევში, არამედ იმათზე, ვინც კიევსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში წლობით ცხოვრობდა.
ჩემი დაკვირვებით, უკრაინაში რუსეთიდან დივერსიული ჯგუფების გაჩენა უკავშირდება იმ პერიოდს, როცა 2014 წელს რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია. დივერსიულ ჯგუფებში არიან ისინი, ვინც თავის დროზე ყირიმში „მწვანე კაცუნები“ იყვნენ. როგორც ჩანს, მოსკოვში ჩათვალეს, რომ მთელი უკრაინის მშვიდობიანად ანექსირება შეეძლოთ.
რუსეთი უკრაინაში ომამდე საინფორმაციო პროექტებში, აგენტურის აქტიურობაზე საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავდა. ომამდე, ტელევიზიებში კარგად ჩანდა ვინ იყო რუსეთის აგენტი, ვინ ცდილობდა არ შეემჩნიათ, რომ აგენტი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ისინიც რუსულ საქმეს აკეთებდნენ
რაც შეეხება კიევში დაკავებულ დივერსანტებს. აღმოჩნდა, რომ ისინი ომის წინ ჩამოვიდნენ კიევში უკრაინის თითქმის ყველა რეგიონებიდან. როგორც ჩანს, ომის დაწყებამდე რუსეთმა მოახდინა თავისი აგენტურის დიდი რაოდენობით კიევში თავმოყრა. ეს იმასაც ნიშნავს, რომ რეგიონებში, რომლებიც რუსებმა არა ერთხელ დაბომბეს, რუსეთის აგენტურა იქაც მრავლადაა.
საერთოდ, ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთი უკრაინაში ომამდე საინფორმაციო პროექტებში, აგენტურის აქტიურობაზე საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავდა. ომამდე, ტელევიზიებში კარგად ჩანდა ვინ იყო რუსეთის აგენტი, ვინ ცდილობდა არ შეემჩნიათ, რომ აგენტი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ისინიც რუსულ საქმეს აკეთებდნენ. მოკლედ, რუსეთმა უკრაინაში ხალხის გადასაბირებლად დიდი ფული დახარჯა. დრომ აჩვენა, რომ სულ ტყუილად.
- რადგან თქვენ სიტუაციური მოდელირების სააგენტოს ხელმძღვანელობთ, კითხვას ასე დავსვამ - იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა უკრაინა იმყოფება, რამდენად აქვს უკრაინას შესაძლებლობა ოპტიმისტურად ხედავდეს მომავალსა და რუსულ აგრესიასთან გამკლავების პერსპექტივას?
- რაც ახლა უკრაინაში ხდება, უკრაინის გათავისუფლების მხოლოდ დასაწყისია. გამარჯვებამდე ჯერ შორია, მაგრამ დღეისათვის არსებული ვითარება ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად იძლევა.
ჩვენ არც ის გვაშინებს თუ პუტინმა რუსეთში საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. უკრაინაში რამდენიმე ასი ათასი ადამიანი გადის სამხედრო მომზადებას იმისთვის, რომ რუს აგრესორებს ღირსეულად გავუმკლავდეთ და გავათავისუფლოთ რუსების მიერ ოკუპირებული რეგიონები
ჩვენ ყველაფერი გვაქვს შეტევითი სამხედრო იარაღის გარდა. თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ასეთ იარაღს მოგვაწვდიან, დარწმუნებული ვარ, ამ ეტაპზე ჯერ დონბასში რუსეთის აგრესიას დავასრულებთ. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის, თუ როგორი მოტივირებულები არიან უკრაინის მოქალაქეები.
ჩვენ არც ის გვაშინებს თუ პუტინმა რუსეთში საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. უკრაინაში რამდენიმე ასი ათასი ადამიანი გადის სამხედრო მომზადებას იმისთვის, რომ რუს აგრესორებს ღირსეულად გავუმკლავდეთ და გავათავისუფლოთ რუსების მიერ ოკუპირებული რეგიონები.
"ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი