ვინც დადის და ძირს უთხრის, ის არ უნდა იყოს ევროკავშირის კითხვარის შევსებაში ჩართული, ვინც არ დადის და არ უთხრის სახელმწიფოს ძირს, ის, ბუნებრივია, კითხვარის შევსებაში იქნება ჩართული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, გასაჯაროვდება თუ არა კითხვარი და პასუხები, ამაზე საქართველო ევროკავშირთან უნდა შეთანხმდეს.
„სალომე ზურაბიშვილის ციტირებას მოვახდენ „ისინი დადიან და ძირს უთხრიან“. ვინც დადის და ძირს უთხრის, ის არ უნდა იყოს კითხვარის შევსებაში ჩართული, ვინც არ დადის და არ უთხრის სახელმწიფოს ძირს, ის, ბუნებრივია, კითხვარის შევსებაში იქნება ჩართული. რაც შეეხება ხელისუფლების ჩართულობას, ხელისუფლების ჩართულობა იქება ძალიან ფართო და აქედან გამომდინარე ყველა გავიზიარებთ პასუხისმგებლობას იმ დოკუმენტზე, რომელიც შედგება. რაც შეეხება გასაჯაროებას, ევროკავშირთან კონსულტაციების საფუძველზე შეიძლება იქნას ეს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, როგორია ამ შემთხვევაში სტანდარტი. გამჭვირვალობის კუთხით ჩვენ რეალურად არანაირი პრობლემა არ გვაქვს.
ამ კითხვარის შევსებაში, ზოგადად, შეიძლება ჩაერთოს ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ძირს არ უთხრის სახელმწიფოს. შეიძლება ჩავრთოთ ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც არ მოქმედებს ანტისახელმწიფოებრივი განზრახვით და რომელიც არის დაინტერესებული ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციით“, - განაცხადა კობახიძემ.