ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2022

მამუკა არეშიძე - “ვინ მუშაობს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების ძირის გამოთხრისთვის?!”

ომის მეორე ფაზა დაიწყო - დარტყმის სამი მთავარი მიმართულება და საბრძოლო მოქმედებების სავარაუდო სცენარი

ვახტანგ ძაბირაძე - “ნაცმოძრაობის” ქმედება აუხსნელი და სულელურია”

ეპიდემიის დასრულების სავარაუდო თარიღი - საავადმყოფოებში მხოლოდ 340 ინფიცირებული დარჩა და დადებითობა 1%-ს ჩამოცდა

პაატა ზაქარეიშვილი - “რუსეთის არჩევანი არ არის გამარჯვება, მან უნდა აირჩიოს, როგორ დამარცხდება”

* * *

მამუკა არეშიძე - “ვინ მუშაობს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების ძირის გამოთხრისთვის?!”

“დასანანია ის ვითარება, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ ელიტაშია. რასაკვირველია, უკრაინაში ვიზიტი დაგვიანებულია, საქართველოდან მხარდასაჭერად ოფიციალური დელეგაცია გაცილებით ადრე უნდა ჩასულიყო. საპარლამენტო დელეგაციის გამგზავრებას წინ უძღოდა კინკლაობა, ურთიერთბრალდებები, რაც ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველოში ძალაუფლებისთვის გააფთრებული ბრძოლა მიდის ორ პოლიტიკურ ჯგუფს - “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, თან ამ ბრძოლის ბევრი ნიუანსი საზოგადოებამ არ იცის. ამის აღქმა ძალიან რთულია განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორებისთვის, რომლებსაც გულწრფელად სურთ, რომ საქართველო შედგეს როგორც სახელმწიფო. ეს არანაკლებ მძიმედ გასააზრებელია ქართველი საზოგადოებისთვისაც, მაგრამ ის, როგორც იქცევა პოლიტიკური ელიტა, ძალზე მძიმედ აისახება ჩვენს ახალგაზრდობაზე, მომავალ თაობაში ინერგება პოლიტიკური ტყუილი, როგორც წესი, ჩნდება ნიჰილიზმი ქვეყნის მშენებლობაზე, პატრიოტიზმსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. ახალგაზრდობას ქვეყნიდან გაქცევისკენ უჭირავს თვალი, რადგან ამ პოლიტიკურ რაკურსში საკუთარ მომავალს ვერ ხედავენ”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვინ მუშაობს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების ძირის გამოთხრისთვის?!

“სუს-ის განცხადებაზე, რომ თითქოს იგეგმებოდა უკრაინაში ქართული დელეგაციის წინააღმდეგ “გარკვეული პროვოკაცია”. გამიჭირდება კომენტარის გაკეთება, რადგან ამ საკითხზე არაფერი ვიცი. რა საფუძველს ემყარება, ტყუილია თუ მართალი, რთული სათქმელია. ისე, ვერაფერს გამოვრიცხავთ ისეთი ვითარებაა. რაც შეეხება იმას, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ასეთი საქმეები მართლაც მრავლად აქვს თაროზე შემოდებული, აბსოლუტურად მართალი ხართ. მერამდენე წელიწადია ვსაყვედურობთ ხელისუფლებას ამის გამო. ჩემი აზრით, ჯერ კოჰაბიტაციის ის ფორმა იყო დიდი შეცდომა, რა ფორმითაც წარიმართა ეს პროცესი. ამასაც რომ დავანებოთ თავი, მიმაჩნია, რომ წინა ხელისუფლების ზოგიერთი წევრის დანაშაულების საქმე არ იქნა ბოლომდე მიყვანილი. ბუნებრივია, ხალხში ჩნდება განწყობა, რომ ეს ორი ძალა გარიგებულია. ყველაფერი ისეა აზელილი ერთმანეთში, რომ რიგით მოქალაქეს, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს, პოლიტიკური სპექტრის მიმართ უნდობლობა და უარყოფითი დამოკიდებულება უჩნდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებების ფორმა ნამდვილად არასწორი იყო. ვერ ვხვდები, რატომ, რას ემსახურება ყოველივე ეს. საქართველო შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს, გარდა ორმხრივი სანქციებისა, რისი მიზეზების ახსნაც კარგად შეიძლებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად მოვისმინეთ ისეთი განცხადებები, რომ უკრაინაში ლამის ჰგონიათ ჩვენ საერთოდ უარი ვთქვით რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, რაც არასწორია. არ ვიცი, ეს შეიძლება პოლიტიკური გამოუცდელობის, დიპლომატიის ნაკლებობის ბრალია. იმის თქმა, რომ ამის უკან რაიმე მიზანმიმართული პოლიტიკა დგას, გამიჭირდება. ისიც უნდა ვთქვათ, რომ უკრაინის ხელმძღვანელობამაც ზედმეტის უფლება მისცა თავს. გასაგებია, შეიძლება განაწყენდნენ, მაგრამ დანილოვის ან თუნდაც კულებას განცხადებები, ვფიქრობ, ძალიან არასწორი იყო. მოკლედ, ვნახეთ ურთიერთობის ძალიან არასწორი ფორმა. ამის მოგვარება გაცილებით ადრე შეეძლო ჩვენს ხელისუფლებას, განსაკუთრებით კონტრაბანდულ არხად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებაზე განცხადების შემდეგ. ვიცით, რომ უკრაინის ხელისუფლებაში თანამდებობებზე არიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და გარკვეული გავლენაც აქვთ, მაგრამ დაზვერვის სამსახურის განცხადება, ვფიქრობ, მათ გავლენას ბევრად გაცდენილი იყო. არ გამოვრიცხავ, სულ სხვა ჯგუფები მუშაობდნენ იმაზე, რომ საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ეჭვქვეშ დადგეს”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“სამწუხაროდ, ომი გრძელდება, ხალხი იღუპება და ამას ბოლო არ უჩანს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რუსეთში, ბოლოს და ბოლოს, გაერკვნენ, რისი რესურსი და შანსი აქვთ. ჩემი და არა მარტო ჩემი აზრით, კრემლს აქვს მხოლოდ ერთი სერიოზული შეტევის რესურსი. ამის მეტად მას აღარც ხალხის და აღარც სამხედრო აღჭურვილობის რესურსი აღარ ეყოფა. ფსიქოლოგიური რესურსიც განახევრებულია, რაც ეტყობა იმ პერიპეტიებს, რომელიც მოსკოვში ხდება. ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა თანამდებობიდან, მათ შორის სამხედრო პირთა გათავისუფლებისა და ზოგჯერ დაკავების თაობაზეც. იქ კლანების სასტიკი ომი დაიწყო, სწორედ იმიტომ, რომ სამხედრო მოქმედებების ხელმძღვანელობაში ერთმა ჯგუფმა ვერ გაამართლა და ახლა პირველის მოცილების ხარჯზე პროცესში მეორე ჯგუფი ჩაერთო. სულ გაქრა რადარებიდან გენშტაბის უფროსი გერასიმოვი, შინაპატიმრობაშია პუტინის ყოფილი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი... ასევე დააპატიმრეს რამდენიმე გენერალი, მათ შორის ეფ-ეს-ბეს მაღალჩინოსანი, რომელიც ერთხანს საქართველოს მიმართულებას კურირებდა და ძალიან ბევრი ცუდი რამ, რაც ჩვენთან მოხდა, ამ კაცის `დამსახურებაა~. ეს არის გენერალი ბესედა”, - განაგრძობს ექსპერტი.

“ერთი სიტყვით, რუსეთის ხელისუფლებაში მეტად რეზონანსული და საინტერესო ამბები ხდება... მაგალითად, დაზვერვაში არასწორად დახარჯული თანხების გამო დაიწყო გამოძიება. სხვათა შორის, კითხვები გაჩნდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასთან. ის ცენტრალური ფიგურა არ იყო, მაგრამ სანამ აფხაზეთში ამ თანამდებობას დაიკავებდა, სურკოვის მოადგილე გახლდათ და დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულების სწორედ იმ საკითხებს კურირებდა, რასაც ე.წ. “რუსკი მირის” ფასეულობების დამკვიდრება ჰქვია ამ რეგიონებში. ამისთვის დიდძალი ფული დაიხარჯა, მათ შორის ქალაქ მარიუპოლშიც. მათი მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე პუტინი დარწმუნებული იყო, რომ უკრაინაში ყვავილებითა და დროშებით დახვდებოდნენ რუსულ არმიას. ასევე დააკავეს სხვადასხვა სამხედრო პირი და ეფ-ეს-ბეს ოფიცრები. შოიგუზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ინფარქტი აქვს და საქმეს ჩამოშორდაო, მაგრამ ასე არ არის. როგორც ვიცი, მან თავისი პოზიცია უფრო გაიმყარა. მოკლედ, რუსეთის ხელისუფლებაში დიდი ბრძოლა მიდის. რაც შეეხება უკრაინას, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მისი სამხედრო რესურსები ბოლო დროს ძალიან გაიზარდა. დასავლური ქვეყნებიდან არაერთი სახეობის იარაღი შევიდა, მათ შორის ანტისარაკეტო და ანტისაჰაერო სისტემები. უნდა ვთქვათ ისიც, რომ რუსეთის სამხედრო ავიაციაც ვეღარ არის იმ მდგომარეობაში, როგორიც ომის დაწყებამდე იყო. რუსეთმა სამხედრო ტექნიკის გაუგონარი ზარალი ნახა”, - თვლის მამუკა არეშიძე.

“მგონი, საბჭოთა არმიამ მეორე მსოფლიო ომის დროს უკან დახევისას რომ დაკარგა შეიარაღება, ალბათ, პროცენტულად იმას შეიძლება გავუტოლოთ ახლანდელი დანაკარგი, თან ლაპარაკია ძვირად ღირებულ შეიარაღებაზე. კრემლისთვის უდიდესი დანაკარგია სარაკეტო კრეისერ `მოსკვას~ აფეთქება და ჩაძირვა, რაც ნამდვილად სიმბოლური გამოდგა როგორც მისი სახელის გათვალისწინებით, ასევე კუნძულ ზმეინისთან მომხდარის გამოც, როდესაც სწორედ ეს გემი უკრაინელმა მესაზღვრემ სამ ასოზე გაუშვა. შეგახსენებთ, ეს გემი 2008 წელს მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ ომშიც და ამჟამადაც იგივე კაპიტანი ჰყავდა. როგორც ცნობილია, ის დაიღუპა. “მოსკვას” ჩაძირვა არ არის ჩვეულებრივი ამბავი და როგორც ამბობენ, 2 რაკეტა ამხელა კრეისერს, წესით, ვერ ჩაძირავდა. იქ კიდევ რაღაც მოხდა. ამიტომაც არის, ალბათ, რომ შავი ზღვის ფლოტის სარდალი უცებ გაქრა... სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, მათ შორის ისიც, რომ დააპატიმრეს, თუმცა დანამდვილებით თქმა ძნელია. ფაქტია, გემის დაღუპვამ კრემლში დიდი ბაკქანალია გამოიწვია. ამბობენ, როდესაც მისი დაზიანების ამბავი შეიტყვეს, მოსკოვიდან გაიგზავნა ბრძანება, რაც გინდათ, ის ქენით, ოღონდ ხომალდი გადაარჩინეთო. ამით აიხსნება ეკიპაჟის ამხელა დანაკარგი, გემი ამდენი ხნის განმავლობაში წყლის ზედაპირზე იყო, მაგრამ მაინც ამდენი ადამიანი დაიღუპა”, - ამბობს რესპონდენტი.

“ოფიციალური მოსკოვისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ დაზიანებული გემი პორტამდე როგორმე მიეყვანათ, რაც ვერ მოახერხეს. ეს არის დიდი დარტყმა რუსეთის პრესტიჟსა და საზოგადოდ, მის სამხედრო-საზღვაო ძალებზე. გარდა ამისა, უკრაინელებმა თვითმფრინავები ჩამოუყარეს ისეთი, წესით, რომ ვერ უნდა ჩამოეყარათ... ვფიქრობ, რუსები ჯერ შეტევას მიიტანენ დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებებზე. უდავოა, უკრაინელებიც ემზადებიან კონტრშეტევებისთვის. ასე რომ, წინ მძიმე დღეები გველის - ეს ომი, სამწუხაროდ, მალე არ დასრულდება. რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ გარკვეული წარმატების დემონსტრირება მოახდინოს. ეს მას შიდა მოხმარებისთვის სჭირდება. ვფიქრობ, რუსეთის მცირე წარმატების შემთხვევაშიც კი დაიწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი. პუტინს წარმატება მოლაპარაკებაში მყარი პოზიციისთვისაც სჭირდება”, - დასძენს არეშიძე და შეკითხვაზე - “ბოლო დროს ისევ გააქტიურდა ლაპარაკი ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების საფრთხეზე...” - პასუხობს:

“გააჩნია, როგორ წარიმართება ომი. პუტინი მარცხის შემთხვევაში განწირულია როგორც პოლიტიკურად, ისე პიროვნულად, რაც კარგად იცის. ამიტომაც ჩიხში მოქცეული რას იზამს, ძნელი სათქმელია, თან, როგორც ირკვევა, კრემლში კოლექტიური გადაწყვეტილებები აღარ მიიღება. ეს ქვეყანა კლასიკურ ტოტალიტარულ სახელმწიფოდ იქცა, ყველაფერს ერთი კაცი წყვეტს. მან მოშალა არაერთი ცენტრი, მაგალითად, გენშტაბი, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებს. როგორც ამბობენ, მის ბრძანებებს აღარ ასრულებს მარიუპოლის ფრონტის მიმართულების ხელმძღვანელი. დვორნიკოვიც, რომელიც ახლა პუტინმა სამხედრო ოპერაციად წოდებული ომის სარდლად დანიშნა, არაფრად აგდებს არც გენშტაბს და არც არავის. მას მხოლოდ ორი ხელმძღვანელი ჰყავს: პუტინი და შოიგუ. მოკლედ, უკიდურესად დაძაბული ვითარებაა როგორც კრემლში, ისე არმიასა და ფრონტის ხაზზე. აქედან გამომდინარე ვარაუდობენ ექსპერტები, რომ უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილმა პუტინმა შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენებაზე იფიქროს, თუმცა, ჩემი აზრით, ამის შესაძლებლობა ძალიან მცირეა”.

ომის მეორე ფაზა დაიწყო - დარტყმის სამი მთავარი მიმართულება და საბრძოლო მოქმედებების სავარაუდო სცენარი

“ბოლო ორი დღეა რუსი ოკუპანტები მასიურად ბომბავენ კიევს, ხარკოვსა და მათ გარშემო მდებარე მცირე ქალაქებს. მნიშნელოვნად გაიზარდა ბრძოლების ინტენსივობა მარიუპოლში, სადაც პრაქტიკულად ყველა ქუჩისთვის და ცალკეული შენობისთვის სისხლისმღვრელი შეტაკებები ხდება. სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს ომის მეორე ფაზის დაწყებას ნიშნავს, რომელიც, სავარაუდოდ, პირველზე უფრო მასშტაბური და ხანგრძლივი იქნება.სამშვიდობო მოლაპარაკება კი შეწყვეტილია და მისი განახლების პერსპექტივა ჯერ არ ჩანს. ანალიტიკოსები ომის გაგრძელების სხვადასხვა შესაძლო სცენარებს განიხილავენ და გამოყოფენ 3 ძირითად მიმართულებას, სადაც გადამწყვეტი შეტაკებებია მოსალოდნელი. განსაკუთრებული მნიშნელობა კი ისევ მარიუპოლს ენიჭება და როგორც ჩანს, ამ ქალაქისთვის ბრძოლის შედეგს დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც წმინდა სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ამაზე მიუთითებს თუნდაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება - რომ თუკი მარიუპოლი დაეცა, უკრაინისათვის საშვიდობო მოლაპარაკება აზრს კარგავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ომის მეორე ფაზა დაიწყო - დარტყმის სამი მთავარი მიმართულება და საბრძოლო მოქმედებების სავარაუდო სცენარი.

“მძიმე ბრძოლებია მარიუპოლში. რუსული წყაროების ცნობით, რუსულმა სარდლობამ მარიუპოლის მცველებს, რომლებიც მეტალურგიულ ქარხანას “აზოვსტალში” გამაგრებული, შუადღის 1-ლ საათამდე დანებებისკენ მოუწოდა და სიცოცხლის შენარჩუნებას დაპირდა. ამ შეთავაზების თანახმად, მხარეებს ინფორმაციის გაცვლის მიზნით დილის 5 საათზე კომუნიკაცია დაემყარებინათ. 17 აპრილის დილის 5:30-დან ოკუპანტებს “დუმილის რეჟიმი” უნდა გამოეცხადებინათ. “დუმილის რეჟიმზე” თანხმობა მხარეებს ყველა საკონტაქტო არხით უნდა დაედასტურებინათ, უკრაინელ ჯარისკაცებს კი ტერიტორიის დასატოვებლად და იარაღის დასაყრელად დრო 13:00-მდე ჰქონდათ. უკრაინელმა მებრძლებმა ამაზე უარი თქვეს და ქალაქზე კონტროლისათვის გააფთრებული ბრძოლები ისევ გრძელდება. მარიუპოლის შენობების დაახლოებით 95% დანგრეულია, 1 მარტიდან კი ოკუპანტების ალყაშია, თუმცა მტერი მის სრულად აღებას მაინც ვერ ახერხებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დარტყმების ქვეშაა ხარკოვიც. რუსმა ოკუპანტებმა გასული დღის განმავლობაში ოლქის მიმართულებით 23 საარტილერიო და სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. 17 აპრილის ღამის განმავლობაში თითქმის მთელი უკრაინის მასშტაბით ისმოდა განგაშის სირენების ხმა. არანაკლებ საფრთხის ქვეშაა კიევი, უკვე მეორე დღეა დედაქალაქთან აფეთქებების ხმა ისმის. კიევთან ახლოს, ქალაქ ბროვარიში რაკეტა ჩამოვარდა. ქალაქის მერის ოგირ საპოჟკოს ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმამ ქალაქის ინფრასტრუქტურა დააზიანა. როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, მეორე ფაზა პრაქტიკულად უკვე დაიწყო, ცხელი წერტილები კი უკრაინის ცენტრალური და სამხრეთ რაიონები იქნება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ვამბობდი, რომ ომის მეორე ეტაპი 15 აპრილის მერე დაიწყებოდა. სამწუხაროდ, პროგნოზი მართლდება და მე მგონი მეორე ფაზა უკვე დაიწყო. მთავარი დარტყმები სამხრეთ უკრაინისა და ცენტრალურ მხარეებზე იქნება. ძირითადად კი დარტყმები ხარკოვი-დნეპრი, მარიუპოლი-ავდეევკა, სლავიანსკი-კრამატორსკის მიმართულებით იქნება, ასევე ხერსონიდან ნიკოლაევი-ოდესა და მერე ნიკოლაევიდან კრივოი როგის მიმართულებით. მეორე ფაზისთვის სამი ძირითადი მთავარი დარტყმის მიმართულებები იქნება. ახლა მთავარი იდეა ექნებათ, რომ როგორმე ოპერატიულ სივრცეზე გაჭრა შეძლონ და კიევს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დაარტყან. ღმერთმა არ ქნას და თუ რუსებმა ხარკოვი, დნეპრი და ნიკოლაევი დაიკავეს, მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, რომ კიევის მიმართულებით გავიდნენ. მარიუპოლის აღების ინტერესი რუსებს პირველ ფაზაში ჰქონდათ. მარიუპოლის აღება რუსებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მასზე საკმაოდ დიდი პორტი მოდის და აქედან უკრაინის შემოსავლის 20% შესდიოდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ასევე ესაა ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის აღების დასრულების ვარიანტი. ეს იგივეა, რაც ჩვენთან სოხუმი და გაგრაა. სამწუხაროდ, თუ მარიუპოლი აიღეს, ეს მათთვის სერიოზულ წარმატებად ჩაითვლება. აქ 14-ათასიანი უკრაინული დაჯგუფებაა, ასევე საკმაო რაოდენობის შეიარაღება და უცხოელი მოხალისეები არიან. ეს რუსებისთვის შეიძლება პირველი ფაზაში დამარცხების კომპენსაციად ჩათვალონ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახლა სჭირდებათ, რომ ის პოზიციები გაამყარონ, საიდანაც რუსეთი უტევს. იმედია, რომ ოკუპანტები მეორე ფაზაში მიზანს ვერ მიაღწევენ. მავარია, რომ დონბასში უკრაინელების ოპერატიული ჯგუფი “თავისუფლება” ალყაში არ აღმოჩნდეს და 2014 წლის “ილოვაისკის ტომარა” არ განმეორდეს. ისინი უკრაინული ე.წ. “მანერჰეიმის ხაზის” გასწვრივ არიან, ეს დაახლოებით სლავიანსკიდან ალდეევკას მიმართულებაა. 80 ათასამდე კარგად შეიარაღებული და გამოცდილი სამხედრო მოსამსახურეა და რუსების მიზანია მათი ალყაში მოქცევა და განადგურება, რომ მათი ამოცანები გაადვილდეს. მეორე ფაზა საკმაოდ დიდხანს, ორი თვეზე მეტს გაგრძელდება. თუმცა მთავარია უკრაინამ საშიში მიმართულები დროზე მოიგერიოს და კონტრშეტევაზე გადავიდნენ”, - დაასკვნის მაისაია.

“მარიუპოლში უკრაინელი ჯარისკაცების მკვლელობა რუსეთთან მოლაპარაკებებს ბოლოს მოუღებს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და დაადასტურა, რომ უკრაინელი სამხედროები ბლოკირებული არიან მარიუპოლში და მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ წყალი და მედიკამენტები, მაინც აგრძელებენ გმირულად თავდაცვას. ზელენსკიმ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საპასუხოდ ასევე თქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება შედგებოდეს ორი დოკუმენტისგან. ერთი, უკრაინის პრეზიდენტის აზრით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს უნდა შეეხოს, ხოლო მეორე - უშუალოდ რუსეთთან ურთიერთობას. ხოლო მოსკოვს, ზელენსკის თქმით, სურს, რომ მხარეებმა ხელი მოაწერონ ერთ დოკუმენტს. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების ბედი მარიუპოლზეა დამოკიდებული, რადგან თუ ქალაქი დაეცა, ზელენსი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, რადგან ეს ფაქტთან შეგუება იქნება”, - დასძენს გამოცემა.

“ამ შემთხვევაში მოლაპარაკებების ჩაშლა უკრაინას უფრო უნდა აწყობდეს. განაცხადა კიდეც, რომ მარიუპოლზე შეტევის შემთხვევაში მოლაპარაკებები აზრს დაკარგავს. ღმერთმა არ ქნას და თუ მარიუპოლი დაეცა, ეს დროებითი ოკუპაცია იქნება, რადგან რუსეთი დიდი ხანი ვერც მარიუპოლის და ვერც სხვა ოკუპირებული რეგიონების შენარჩუნებას ვერ შეძლებს, ეს ხერსონი იქნება თუ სხვა, რადგან იქ მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვს, ასევე სანქციებიც შედეგს გამოიღებს. თუ მაიუპოლი დაეცა და უკრაინა მოლაპაკების მაგიდასთან დაჯდა, ეს ნიშნავს, რომ ის მის დაცემას ეგუება. რუსეთს მოლაპარაკებები აწყობს, რადგან შემდგომში სპეკულაცია და პოლიტიკური ვაჭრობა წარმართოს, რომ უკრაინა ნეიტრალური სტატუსს დათანხმდეს, სადაც უსაფრთხოების გარანტი რუსეთიც იქნება. ამ შემთხვევაში შეიძლება ჯარი გაიყვანოს ხერსონიდან და იგივე მარიუპოლიდან”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“თუ რუსეთი მარიუოლს ვერ აიღებს, მლაპარაკებების გაგრძელებას უკრაინის მხრიდან აზრი მაინც არ აქვს, რადგან ჯერ რუსეთი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას არ აპირებს. მოლაპარაკებას შეიძლება აზრი ჰქონდეს, თუ ცეცხლის შეწყვეტა მოხდება და შემდგომში სამშვიდობო შეთანხმება შედგება. ჯერ, სამწუხაროდ, ამის წინაპირობები არაა. მოლაპარაკება მოლაპარაკებებისთვის და იმისთვის, რომ რუსეთმა თავი წარმოიჩინოს, რომ დიალოგის მომხრეა, ასე მიზანშეწონილი არ იქნება. მგონია, რომ რუსეთი ფაქტის წინაშე უნდა დააყენონ და მოლაპარაკებები მაშინ აწარმოონ, როცა უპირატესობა უკრაინის და საერთაშორისო დემოკრატიული ძალების მხარეს იქნება”, - მიიჩნევს ჩიტაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - “ნაცმოძრაობის” ქმედება აუხსნელი და სულელურია”

“ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ასეთი უცნაური ქცევა სიახლე არ არის, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, სახელმწიფოებრივი ინტერესების ნაცვლად საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ, მათი ქმედებებიც შესაბამისია. წესით, მმართველ გუნდს ცოტა ადრე უნდა ეზრუნა უკრაინასთან ურთიერთობის მოგვარებაზე, მაგრამ რას ვიზამთ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. საქართველო-უკრაინის ურთიერთობის გაცივების თემა ახალი არ არის, ეს ომის შემდეგ არ დაწყებულა, უფრო ძველი მდგომარეობაა, შორიდან დაიწყო და საკმაოდ ცივი ურთიერთობა იყო საქართველოს ხელისუფლებასა და უკრაინას შორის, უბრალოდ, ომმა გაამწვავა. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ ვიზიტი სწორად გადადგმული ნაბიჯია. ვერავინ გაერკვევა ჩვენს ურთიერთობაში, თუ ჩვენ, როგორც უკრაინულმა, ისე ქართულმა მხარემ, თავად არ მოვისურვეთ. უკრაინის თემა, როგორც ბევრი სხვა რამ, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის არაჯანსაღ ურთიერთობასა და არასახელმწიფოებრივ მიდგომებზე მეტყველებს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ნაცმოძრაობის” ქმედება აუხსნელი და სულელურია” / მარგველაშვილი დიდ გაუგებრობაშია მოყოლილი, ძალიან უცნაურ განცხადებებს აკეთებს. არა მგონია, ეს ნაბიჯი მისთვის მომგებიანი იყოს.

“სისულელე იყო, როცა “ქართულმა ოცნებამ” უკრაინას პრეტენზიები წაუყენა და მით უმეტეს, როცა პრეტენზიები დაკავშირებული იყო საკადრო საკითხთან, რაც პირდაპირი ჩარევაა სხვა ქვეყნის საშინაო საქმეში. არავინ ეკითხება საქართველოს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს, ვის რა თანამდებობაზე დანიშნავენ უკრაინაში. მიუხედავად ყველაფრისა, მთლად გამართლებულად არ მიმაჩნია, რომ უკრაინამ ასეთი საჯარო პრეტენზიები წამოაყენა, ვგულისხმობ კონტრაბანდის ბრალდებას. უკრაინას სიფრთხილე უნდა გამოეჩინა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რა დღეში არიან უკრაინელები - იქ ომია და ყველა მხრიდან ხიფათი ელანდებათ. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება უნდა ყოფილიყო უფრო ლოიალური ამ საკითხზე დამოკიდებულებაში. ასეა თუ ისე, როგორც იქნა, ვიზიტი შედგა და ეს ძალიან კარგია, ყველაფრის მიუხედავად. ამ შემთხვევაში ოპოზიციის, კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებაა აუხსნელი, გაუგებარი და სულელური. როგორ შეიძლება ასეთ ვითარებაში უარი თქვა დელეგაციაში მონაწილეობაზე? ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. უკრაინაში “ქართული ოცნების” კი არა, საპარლამენტო დელეგაცია წავიდა. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ უხელმძღვანელებს დელეგაციას. მაშინ დატოვონ პარლამენტი, რადგან იმ დარბაზშიც “ქართული ოცნებაა”. ეს გადაწყვეტილება არასწორი იქნება, მაგრამ, თუ ლოგიკაზეა საუბარი, ეს ყველაზე სწორი და ლოგიკური იქნება - მიუღებელი, მაგრამ მაინც ლოგიკური”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“სამწუხაროდ, მარგველაშვილი ძალიან დიდ გაუგებრობაშია მოყოლილი, ძალიან უცნაურ განცხადებებს აკეთებს. არა მგონია, ეს ნაბიჯი მისთვის მომგებიანი იყოს. რაც შეეხება მელია-ნაყოფია-ხერხეულიძის ტრიოს, მათი ქმედება რას ნიშნავს? “ნაცმოძრაობა” ოპოზიციას გაემიჯნა?! ძალიან კარგი, თუ ასეა. იქნებ ამ ამბავმა მაინც მოიყვანოს ჭკუაზე ოპოზიციონერი ლიდერები და მიხვდნენ, რომ “ნაციონალებისგან” განსხვავებული გზა არის მოსაძებნი. იქნებ ახლა მაინც შექმნან დამოუკიდებელი გაერთიანება”, - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ირაკლი კობახიძემ, ბაკურიანში პოლიტიკური პარტიების, ენჯეოებისა და ჟურნალისტების შეკრებას “შულავერის კომიტეტის” სხდომა უწოდა... მართლა რევოლუციის მოწყობის მცდელობასთან გვაქვს საქმე?” - პასუხობს:

“რევოლუციებისა და შეთქმულების საკითხებს სასტუმროში გამართულ კონფერენციებზე არ განიხილავენ. თუ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ჩანაცვლებაზე იყო საუბარი, ეს კანონით არ არის აკრძალული, არც მშვიდობიანი საპროტესტო აქციებია დანაშაული. დღეს საქართველოში არ არის რევოლუციისთვის მზაობა. როგორი სპეციალისტებიც უნდა დაიქირაოს “ნაცმოძრაობამ” და ვინც უნდა ჩამოიყვანოს ამერიკიდან, არაფერი გამოუვა. რაც შეეხება წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებას, ეს რა დასამალია? ან ვინ მალავს?! თავის დროზე, ამას “ოცნებაც” ცდილობდა და მოახერხა კიდეც ხელისუფლების შეცვლა. თუმცა საზოგადოება მაშინ მზად იყო ამისთვის, დღეს არ არის და ამას ვერანაირი კონფერენციები ვერ უშველის...”

“ხალხი ვერ ხედავს ოპოზიციაში იმის პერსპექტივას, რომ ხალხის საკეთილდღეოდ შეუძლია ვითარების შეცვლა. დავაკვირდეთ ოპოზიციურ სპექტრს, განსაკუთრებით “ნაცმოძრაობას”, და ვნახავთ, რომ ეს პოლიტიკური გუნდი 2012 წლის შემდეგ თვისებრივად არ შეცვლილა. იგივე დარჩა, რაც იყო. ხალხის დიდი ნაწილი ოპოზიციას ხელისუფლების კრიტიკაში ხშირად ეთანხმება, მაგრამ როცა საქმე არჩევანზე მიდგება, სხვა შედეგი დგება. არსებული პოლიტიკური ელიტა გაკოტრებულია, მესამე პოლიტიკური ძალა ვერ იქნება, იმიტომ, რომ წვრილ-წვრილი პარტიები ერთმანეთთან დალაპარაკებას ვერ ახერხებენ. ყველა მათგანში იგრძნობა შიში იმისა, რომ მომავალ არჩევნებს დამოუკიდებლად ვერ გადალახავენ, მაგრამ იმას კი არ ცდილობენ ერთმანეთთან გაერთიანდნენ, “ნაციონალების” ორბიტაზე მოხვედრა სურთ. როცა ამომრჩეველი ხარ და ხედავ, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას ძალიანაც არ მოსწონს “ნაცმოძრაობა”, მაგრამ საკუთარი თავის გადასარჩენად იძულებულია კომპრომისზე წავიდეს, შენც გეკარგება ნდობა მის მიმართ”, - განმარტავს ანალიტიკოსი.

“სინამდვილეში “ოცნებას” არ ეშინია რევოლუციის და მით უფრო “ნაციონალების” მოწყობილის. ამ პოლიტიკურ გუნდს საკმარისი რესურსი აქვს კვლევების ჩასატარებლად და დარწმუნებული ვარ, ჩატარებულიც ექნება, თანაც არაერთხელ. შესაბამისად, ისიც ეცოდინებათ, ქვეყანაში რევოლუციური განწყობა რომ არ არის. “ოცნებას” ასეთი ბრალდებები შიდა მოხმარებისთვის სჭირდება. მის ბრალდებებს ოპოზიციის ბრალდებები მოჰყვება - მმართველ გუნდს რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებენ და იწყება უსაფუძვლო კინკლაობა. ოპოზიცია ვერ ხვდება, რომ ეს “ოცნებას” ხელს აძლევს. რატომ? იმიტომ, რომ ამ უსაფუძვლო ბრალდებებში ყველაფერი ერთმანეთშია არეული, ხალხი ვეღარ იგებს, ვინ არის სინამდვილეში მეხუთე კოლონა და იქმნება უმიზნო, უშინაარსო დღის წესრიგი, რეალურ პრობლემებზე კი აღარავინ საუბრობს. საზოგადოება ისევ ბრაზობს ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე, საბოლოოდ კი პოლიტიკური სპექტრისადმი ჩნდება უნდობლობა, ხოლო, როცა საზოგადოება მთლიან პოლიტიკურ სპექტრს არ ენდობა, მოგებული რჩება ხელისუფლება. მას უამრავი ბერკეტი აქვს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ოპოზიცია კი მხოლოდ ხალხის მხარდაჭერის იმედზეა. თუ ხალხს არც ხელისუფლება მოსწონს და არც ოპოზიცია, ძალაუფლება ხელისუფლებას რჩება. აი, ამას ვერ ხვდება ოპოზიცია”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

ეპიდემიის დასრულების სავარაუდო თარიღი - საავადმყოფოებში მხოლოდ 340 ინფიცირებული დარჩა და დადებითობა 1%-ს ჩამოცდა

“გასულ შაბათს, პირველად დიდი ხნის განმავლობაში, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 1%-ს ჩამოცდა. ზოგადად აპრილი კოვიდ სტატისტიკა მკვეთრად გაუმჯობესდა. კერძოდ, 17 აპრილის მონაცემებით დადასტურებულია 115 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 272 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 3. ეს ყველაფერი ეპიდემიის დასრულეაზე მიუთითებს და სპეციალისტები უკვე ასახელებენ სავარაუდო ვადას, თუ რამდენ ხანში გამოცხადდება ოფიციალურად ეპიდემია დასრულებულად. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მედიკამენტი “პაქსლოვიდია”, რომლის ეფექტურობაც 90%-ია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ეპიდემიის დასრულების სავარაუდო თარიღი - საავადმყოფოებში მხოლოდ 340 ინფიცირებული დარჩა და დადებითობა 1%-ს ჩამოცდა.

“ქვეყანაში სტაბილური ეპიდვითარებაა. ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის დინამიკა შემცირებისკენ მიდის. 16 აპრილის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებლი, დიდი ხნის განმავლობაში პირველად ჩამოცდა 1%-ს. მიუხედავად იმისა, რომ ტესტების რაოდენობა პარასკევს 23 ათასამდე იყო, დადებითობის მაჩვენებელი 1%-ზე დაბალი გვაქვს”, - აღნიშნა გამყრელიძემ. მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორზე და ტვრითვა პრაქტიკულად უკვე მინიმალურია. “ახალი შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 100-სა და 300-ს შორის. ყველა ინდიკატორი არის გაუმჯობესებული. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეპიდსიტუაცია სრულად ემორჩილება კონტროლს. საავადმყოფოებში დღეს წევს მხოლოდ 340 პაციენტი”, - ამბობს ის, თუმცა დასძენს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის დასრულების გამოცხადების საკითზე მაინც ფრთხილობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ფრთხილად უდგება ამ საკითხს. საუბრობენ, რომ დიახ, შესაძლებელია ეს წელს იყოს. ასევე მყარად საუბრობენ, რომ პანდემიის მწვავე ფაზა დასრულებულად მიიჩნიონ, თუმცა ჯერ არ ჩქარობენ პანდემიის დასრულების გამოცხადებას. მე მაინც ვფიქრობ, რომ წელს “ჯანმო” პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს. ვფიქრობ, ვირუსის ცირკულაცია ძირითადად გადავა სეზონურ ანუ ენდემურ რეჟიმში, როდესაც როგორც გრიპოზული ინფექცია, წლის გარკვეულ პერიოდში გვექნება და დაგვჭირდება პრევენციული აცრები, ისევე, როგორც გრიპის საწინააღმდეგოდ გვჭირდება”, - აცხადებს გამყრელიძე. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდსიტუაცია და ხელი შევუწყოთ ვირუსის დასრულებას გამყრელიძემ ისაუბრა იმ რეკომენდაციებზეც, რომელიც სააღდგომოდ მოსახლეობამ უნდა დაიცვას”, - განაგრძობს გამოცემა.

“დახურულ სივრცეებში აუცილებლად უნდა ვატაროთ პირბადე, განსაკუთრებით ტაძრებში, სადაც ბევრი ადამიანი იქნება. არავინ აკრძალავს მიცვალებულებისთვის პატივის მიგებას და არავინ იტყვის, რომ არ გავიდეთ სასაფლაოებზე, მაგრამ თუ შესაძლებელია, იქნებ თავი ავარიდოთ იქ კვებას და ალკოჰოლის მიღებას, რადგან ამ დროს მარტივად ხდება ვირუსის გავრცელება, ისევე, როგორც დიდ წვეულებებსა და შეკრებებზე“, - თვლის ამირან გამყრელიძე. ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ პანდემია გამოცხადება დასრულებულად, როდესაც ზედიზედ დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ინფიცირების არც ერთი მაჩვენებელი არ იარსებებს”, - დასძენს გამოცემა.

“პანდემია დასრულდება მაშინ, როდესაც ინფიცირების რაოდენობა არ იქნება, რადგან ნებისმიერ ერთ პაცინეტს შეუძლია 10 ადამიანი დააინფიციროს. აქედან გამომდინარე, მოსაზრება, რომ ერთი ინფიცირების მაჩვენებელია და პანდემია დასრულდა, არასწორია. შესაძლოა თავიდან არ გამოცხადდეს პანდემია, როდესაც ერთი ან ორი პაციენტი დაფიქსირდა, მაგრად, როდესაც პანდემია იყო და დასასრულისკენ მიდის, მაშინ აუცილებლად არც ერთი ინფიცირების მაჩვენებელი არ გვქონდეს. პანდემიის დასრულება არ არის დამოკიდებული სიკვდილიანობის მაჩვენებელზე, აქ საუბარია ვირუსის გადადებაზე და არა სიკვდილიანობაზე. დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში არც ერთი შემთხვევა არ უნდა გამოვლინდეს, შემდეგ კი პანდემია დასრულდება. თუ ამ დროის განმავლობაში 2-3 ინფიცირება ამოვარდა, არაუშავს. დასრულების ზუსტ თარიღს ვერავინ იტყვის, რადგან შესაძლოა დასრულებული გვეგონოს, მაგრამ შემდეგ რამდენიმე ერთეული ინფიცირება გამოვლინდეს. პანდემია დასრულდება, როდესაც პაციენტი არ იარსებებს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

პაატა ზაქარეიშვილი - “რუსეთის არჩევანი არ არის გამარჯვება, მან უნდა აირჩიოს, როგორ დამარცხდება”

“ყველაფერი დაიწყება მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და უკრაინა გაიმარჯვებს, მაგრამ მსოფლიოს არ აწყობს რუსეთის დაშლა, ამიტომ წაუყენებენ პირობებს: რუსეთმა უნდა შეასრულოს უკრაინის მოთხოვნები და ხელისუფლებიდან წავიდეს პუტინი. დაშლილი რუსეთი კატასტროფა იქნება, უპირველესად, საქართველოსათვის. მთავარი ნაწილი იქნება ჩრდილოეთ კავკასია, სადაც მუდმივად ფეთქებადი სიტუაციაა. ახლა, შეიძლება ითქვას, რუსეთი ფულით აცემენტებს ჩრდილოეთ კავკასიას, ტონობით ფულს ყრის, რომ იქ სიმშვიდე იყოს, რუსეთის დაშლის შემდეგ კი დაიწყება ერთმანეთს შორის შუღლი, ტერიტორიებისთვის ბრძოლა, სერიოზული დაპირისპირება სხვადასხვა ხალხსა და რეგიონს შორის და ეს გავლენას მოახდენს საქართველოზეც. ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლეობა, ძირითადად, მუსლიმია და მათი კულტურული სამშობლო სამხრეთითაა, ანუ თურქულ, ირანულ, არაბულ სამყაროში, ამიტომ ისინი დაიწყებენ ძაფების გაბმას შესაძლო მოკავშირეებთან, საქართველოს კი მოუწევს ამ გამოწვევებთან გამკლავება”, - აცხადებს კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთის არჩევანი არ არის გამარჯვება, მან უნდა აირჩიოს, როგორ დამარცხდება” / “რუსეთმა ყველა ზღვარი გადალახა. ის ან უკრაინასთან დამარცხდება, ან გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს და მაშინ მას მსოფლიო დაამარცხებს”.

“ჩვენ ჯერჯერობით ჩვენს მუსლიმებთან ვერ მოგვიგვარებია საქმე - დროდადრო დაძაბულობა იჩენს თავს დმანისში, ბუკნარში, დღემდე ვერ ჩამოვყალიბდით, ბათუმში უნდა იყოს თუ არა მეჩეთი, რუსეთის დაშლის შემდეგ კი უამრავი ახალი პრობლემა იჩენს თავს, რაც დღევანდელი ხელისუფლების ხელში სერიოზული გამოწვევა იქნება. ჩვენს პარლამენტში ჩრდილეთ კავკასიის საკითხთა კომიტეტიც კი გაუქმდა, რადგან ფული არ ჰქონდათ... საქართველო ყოველთვის კავკასიის ცენტრი იყო და ეს სტატუსი უნდა დაიბრუნოს, “ოცნებას” კი ეს არ ესმის. გარდა ამისა, დაიწყება დეცენტრალიზაციის პროცესი ცენტრალურ აზიაში. ყაზახეთს ისედაც ეშინია რუსეთის, ამიტომ დაიწყებს რუსეთისგან დისტანცირებას და მოკავშირის ძებნას ჩინეთში. ჩინეთი გაძლიერდება, როგორც ცენტრალურ აზიაში, ისე ციმბირში. მას გავლენაც აქვს და ფულიც, რათა ესა თუ ის რეგიონი დააინტერესოს, ხაბაროვსკისთვის კი პეკინი უფრო ახლოსაა, ვიდრე მოსკოვი... ევროპულ რუსეთში პრობლემები იქნება. იქ არის ისლამური ფაქტორი - სათათრეთი, ბაშკირეთი, უდმურტეთი... სათათრეთი მუსლიმურია, იქ თავის დროზე ძლიერი იყო სეპარატისტული მოძრაობა და თუ ვინმე წამოყოფს თავს, ეს უპირველესად სათათრეთი იქნება. ამასთან, ეს თურქულენოვანი რეგიონია და დაიწყება გზების ძიება თურქეთსა და ცენტრალური აზიის რესპუბლიკებთან ურთიერთობის დასამყარებლად. შეიძლება გამოყოფა არ მოინდომონ, მაგრამ მოითხოვენ მეტ დამოუკიდებლობას, მეტ ავტონომიას, მეტ უფლებას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“დღეს მსოფლიოში არის ოთხი დიდი სახელმწიფო: აშშ, კანადა, ჩინეთი და რუსეთი. აშშ და კანადა დემოკრატიული სახელმწიფოებია და დეცენტრალიზაცია იქ ძალიან ძლიერია. აშშ-ის შტატები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია და სხვადასხვა კანონები მოქმედებს. ზოგიერთ შტატში სიკვდილით დასჯაა, ზოგიერთში აკრძალულია. ასევეა კანადაშიც. ზოგიერთ შტატში კონტინენტური სამართალია, ზოგიერთში - პრეცედენტული, ზოგან ინდიელების კანონებიც მოქმედებს. სახელმწიფო ენებიც კი სხვადასხვაა. არის რეგიონები, სადაც სახელმწიფო ენა ფრანგულია... ანუ დემოკრატიულ სახელმწიფოებში სერიოზული დეცენტრალიზაცია ხდება. ჩინეთში პირიქითაა, მაგრამ იქ ეკონომიკა ვითარდება და ფულით ხერხდება სიტუაციის მართვა. რუსეთში არც დემოკრატიაა, არც ფული, ამიტომ რუსეთს, თუ დემოკრატიისკენ წავა, დეცენტრალიზაცია მოუწევს. მაგრამ არიან კი ამისთვის მზად? ეჭვი მეპარება, იქ სერიოზული რყევა დაიწყება, ამიტომ ჩვენი ხელისუფლება მზად უნდა იყოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ყველაფერს გააკეთებს (და ამაში ჩვენც უნდა ვიყოთ ჩართული), რომ რუსეთში დაიწყოს დემოკრატიული პროცესები: დეცენტრალიზაცია, ხალხთა ინტერესების დაცვა, ფინანსების განაწილება, რათა რუსეთმა ერთიანობა შეინარჩუნოს... არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთის ბირთვული არსენალიც. როგორ განაწილდება ის? უკრაინის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ზოგიერთმა რეგიონმა შეიძლება არც კი მოინდომოს ბირთვული იარაღის დაკარგვა... რუსეთმა ყველა ზღვარი გადალახა. ის ან უკრაინასთან დამარცხდება, ან გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს და მაშინ მას მსოფლიო დაამარცხებს. რუსეთის არჩევანი არ არის გამარჯვება, მან უნდა აირჩიოს, როგორ დამარცხდება... როგორც კი რუსეთში დემოკრატიული პროცესები დაიწყება, უკრაინასთან ყველაფერი მოგვარდება და პუტინი ხელისუფლებიდან წავა, მსოფლიო ამ ქვეყანას სანქციებს მოუხსნის. ამ შემთხვევაში ყველა ეცდება, პირიქით, დაეხმაროს რუსეთს, რომ ის მართლა არ დაიშალოს. თავის დროზე ელცინმა რუსეთი დეცენტრალიზაციით გადაარჩინა. მან მეტი უფლება მისცა რეგიონებს, თუმცა ზოგს ეს სისხლის ფასად დაუჯდა, მაგალითად, ჩეჩნეთს. მერე მოვიდა პუტინი, ყველაფერი უკან წაიღო და მივიღეთ დღევანდელი ვითარება, მაგრამ ასეთი ცენტრალიზება იკუმშება, იკუმშება და აუცილებლად ფეთქდება. რუსეთს მოუწევს, დაუბრუნოს უფლებები რეგიონებს”, - დაასკვნის კონფლიქტოლოგი.

“უკრაინამ მსოფლიოს დაანახა, რომ რუსეთი არც ისეთი ძლიერია, ამიტომ ყველა გაუთამამდება, უპირველესად კი - თურქეთი. მეორე იქნება ჩინეთი. ჩვენ ახლა თურქეთთან უნდა ვმუშაობდეთ, იქ უნდა იჯდეს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, მოლაპარაკება უნდა მიმდინარეობდეს ნატოში გაწევრებაზე, თურქეთის მხარდაჭერაზე, კავკასიაში მისი გავლენის გაფართოებაზე... ჩვენ გარშემო კლიმატი იცვლება, ჩვენ კი შორტით ვსხედვართ ზამთარში და აზრზე არ ვართ, რა ხდება მსოფლიოში! გასათვალისწინებელია ავღანეთის ფაქტორიც. თუ იგრძნობენ, რომ რუსეთი შესუსტდა, თალიბანი მოსკოვში არ შეიჭრება, მაგრამ ტაჯიკეთში მას დიდი ინტერესები აქვს და ეცდება რუსული ჯარის შევიწროებას. რუსეთს მოუწევს ჯარის გადაყვანა უკან, ზურგში, ანუ ის დაკარგავს ცენტრალურ აზიას ორ კვირაში რუსეთმა უნდა განახორციელოს შეტევა. ის აგროვებს ჯარს. უკრაინა კი დაიწყებს კონტრშეტევას. ორ თვეში სულ სხვა რეალობა უნდა იყოს უკრაინის სასარგებლოდ. წესით, ამ პერიოდში რუსეთს მოუწევს, ხელი მოაწეროს უკრაინის სასარგებლო ხელშეკრულებას, თუმცა არ შეეხებიან ყირიმს, ამ საკითხს გადაიტანენ მოლაპარაკების მაგიდასთან. შეიძლება უკრაინამ ისეთი კონტრშეტევა განახორციელოს, რომ დონეცკი და ლუგანსკი მოასუფთაოს”, - მიიჩნევს ზაქარეიშვილი.

“პუტინი უნდა წავიდეს. რა თქმა უნდა, ვერავინ შეიჭრება მოსკოვში და მას ვერ დააპატიმრებს, ის არც თავს მოიკლავს, ამიტომ გაუშვებენ, როგორც გორბაჩოვს, ხრუშჩოვს, ანუ პენსიაზე. დამალავენ. შეიძლება ჰააგაში ჩატარდეს სასამართლო, მაგრამ პუტინს იქ არავინ ჩაიყვანს. არა მგონია, რუსეთში ისეთი რეფორმები განხორციელდეს, რომ პოლიციამ პუტინი დააპატიმროს და ჰააგაში გაუშვას. მოვა ვიღაც სხვა, ვინც შეასრულებს უკრაინის პირობებს, აღიარებს შეცდომებს, მოითხოვს სანქციების მოხსნას და რუსეთში დაიწყება დემოკრატიული რეფორმები. გამოუშვებენ ციხიდან ნავალნის, შესთავაზებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. ნავალნი აიღებს, ალბათ, ხმების 20%-ს და პარლამენტში შეიქმნება ფრაქცია... შეიძლება გამოცხადდეს ვადამდელი არჩევნები, როგორც ელცინმა გააკეთა. პუტინმა კი თქვას, ავად ვარო, ისედაც ყველა ამბობს, ავად არისო და დამსახურებულ პენსიაზე გავიდეს, მანამდე კი გამოაცხადებს ვადამდელ არჩევნებს”, - ამბობს რესპონდენტი.

“დააბრუნებენ ყველა ოპონენტს, გახსნიან ტელევიზიებს, პრესა არ იქნება დევნილი და დაიწყება დემოკრატიული პროცესი, რომელიც წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან რუსეთში დემოკრატია ვერასდროს გაიმარჯვებს, მაგრამ შეიქმნება შედარებით უფრო დემოკრატიული გარემო. რუსეთის მოსახლეობა არის ქვევრი, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს. ვისაც ეტყვიან, იმას მისცემს ხმას. ახლა პუტინია პოპულარული, მაგრამ როგორც კი შეიცვლება ვითარება, ისინიც შეიცვლიან დამოკიდებულებას. მათთვის მთავარია, საჭმელი ჰქონდეთ და პროდუქტი იაფი იყოს. რუსი ხალხი ქუჩაში გამოვა მხოლოდ მაშინ, თუ იქნება საშინელი სიძვირე და სიღარიბე. დემოკრატიის მოთხოვნით არავინ გამოვა... რუსეთ-უკრაინის ომის პირველ ნაწილს შეიძლება დავარქვათ “პუტინის ჰალუცინაცია”. მას ეგონა, რომ უკრაინა დანებდებოდა. ამ აზრს უმყარებდა გარემოცვაც, მაგრამ სასტიკად მოტყუვდნენ. მეორე ნაწილს კი უნდა ვუწოდოთ “სასტიკი გამოფხიზლება”. მესამე იქნება ან ხელშეკრულების ხელმოწერა, ან ბირთვული ომი. მეორე ნაწილის ფინალი ასეთია: რუსეთი ხვდება, რომ მარცხდება და აზრი არ აქვს ბირთვული იარაღის გამოყენებას, ამიტომ ჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან. უკრაინა თანხმდება, რომ არ შედის ნატოში და ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს. ყირიმის თემა 15-წლიანი ვადით გადაიდება, 15 წლის განმავლობაში კი იპოვიან საერთო ენას - თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რუსეთის დამარცხება რა შედეგს მოუტანს საქართველოს?” - პასუხობს:

“იმედი მაქვს, რომ არჩევნებში, 2024-ში იქნება თუ უფრო ადრე, “ოცნება” დამარცხდება. საქართველოში იქნება მრავალპარტიული სისტემა, პარლამენტში არ იქნება მაჟორიტარული მმართველობის ნაწილი, ამიტომ შევლენ სუფთა სიებით და ბევრ პარტიას ექნება იქ მოხვედრის საშუალება. არ ვიცი, როგორი იქნება ბარიერი. არა მგონია, “ოცნება” მის დაწევას დათანხმდეს. პარლამენტში ოთხი-ხუთი პარტია მაინც მოხვდება და ამოქმედდება მრავალპა­რტიული სისტემა. ამ შემთხვევაში `ოცნება~ ვეღარ იქნება მმართველი ძალა, მას მოუწევს სხვას გაუნაწილოს ხელისუფლება. შეიძლება კოალიციური მმართველობა იყოს. ვერც მთავრობას, ვერც ბიუჯეტს მარტო ვერ დაამტკიცებენ და მოუწევთ თანამშრომლობა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. საქართველოში ამოქმედდება ევროპული მართვის სტილი, ეს კი ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და ნატოში ჩვენს გაწევრებას. უახლოესი 10 წელიწადი მსოფლიოში და საქართველოში იქნება ცვლილებების ხანა”.

“თუ უკრაინამ ნეიტრალიტეტი აირჩია, მაშინ გაჩერდება, მაგრამ თუ ეს თავიდან აიცილა, შესაძლოა, თურქეთსა და საქართველოსთან ერთად შეკრას კავშირი შავ ზღვაში. ჩვენ გვაქვს კავშირი აზერბაიჯანსა და თურქეთთან. ამავე ტიპის ურთიერთობა შეიძლება დამყარდეს უკრაინასთან, რაც სერიოზული გამოწვევა იქნება რუსეთისთვის - თუ საქართველო, თურქეთი და უკრაინა იპოვიან საერთო ენას შავ ზღვაში და საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი - კავკასიაში, თურქეთი ორივეგან წამყვანი მოთამაშე იქნება. ის ძლიერდება კავკასიაში. ჩვენს რეგიონში ან თურქეთია ძლიერი, ან რუსეთი. თუ უკრაინის ომის შემდეგ რუსეთის ჯარი დარჩა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ეს დიდი ხნის პრობლემად დაგვრჩება. მსოფლიო გვეტყვის, როცა საქმე იყო გასაკეთებელი, ხმა არ ამოგიღიათ, ახლა კი რუსეთს სანქციები მოვუხსენით და ხელახლა ვეღარ დავუწესებთო. ამიტომ საჭიროა, საქართველო სანქციებს მიუერთდეს, რათა მერე მოითხოვოს, რომ ისინი რუსეთს არ მოეხსნას, სანამ საქართველოს ტერიტორიაზე ჯარი ჰყავს და დაუყოვნებლივ მოითხოვოს მისი გაყვანა... მაგრამ როცა ხმას არ ვიღებთ და სანქციებს არ ვუერთდებით, რა სინდისით უნდა მოვთხოვოთ ვინმეს, საქართველოს გამო რუსეთს სანქციები არ მოუხსნას?! უცნაური პოლიტიკა აქვს არჩეული “ოცნებას” და არ მესმის, თუ ეს არ არის პრორუსული პოლიტიკა, მაშ, რა არის?!” - დასძენს ზაქარეიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა