ჯეიმს აპატურაი - იმაზე უარესი, რაც უკრაინაში ახლა ხდება, იქნება საერთო ომი მთელს ევროპაში და ჩვენ ამ შესაძლებლობასთან მიახლოებაც კი არ გვსურს

საქართველო უკვე არის იმის დასტური, რომ რუსეთის ერთადერთი სამიზნე არ არის უკრაინა. აღნიშნული შეფასება ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა. მისი თქმით, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ნატო-ს მიერ შემუშავებულ რამდენიმეპუნქტიან სტრატეგიაში საქართველოს მსგავსად იმ ქვეყნების დახმარებაც შედის, რომლებიც აგრესიის პირდაპირი საფრთხის ქვეშ არიან.

რა დახმარების გამოყოფას აპირებს ნატო უკრაინისთვის და როგორ აფასებს უკრაინის მხრიდან გაჟღერებულ კრიტიკას უსაფრთხოების სისტემების, მათ შორის ნატო-ს მიმართ, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ჯეიმს აპატურაიმ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

- საკმაოდ ბევრი დრო გავიდა საქართველოში თქვენი ბოლო ვიზიტის შემდეგ. მე შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ თქვენი საქართველოში ჩამოსვლა გარკვეულწილად უკავშირდება უსაფრთხოების მიმართულებით გაზრდილ გამოწვევებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე. შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ და უფრო მეტი გვითხრათ თქვენი ვიზიტის მიზნებზე?

- მას შემდეგ, რაც საქართველოში ვიყავი, პოზიცია გამოვიცვალე და ახლა აღარ ვარ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი. ახალი სამუშაო მაქვს, რომელიც უფრო მეტად ფოკუსირებულია გამოვლენილი უსაფრთხოების გამოწვევებზე - ეს მოიცავს კიბერუსაფრთხოებას, მოიცავს ახალ ტექნოლოგიებს, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტი, ეს გულისხმობს ჰიბრიდულ უსაფრთხოებას, ეს გულისხმობს, ასევე, ენერგოუსაფრთხოებას, რაც ძალიან რელევანტურია საქართველოსთვის. კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ახლა აქ ვარ, არის ის, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც ცოტა ხნის წინ შეხვდნენ, გადაწყვიტეს, რომ ნატო-მ მეტი უნდა გააკეთოს ყველა ამ მიმართულებით ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან. აქ ვარ, რომ გვქონდეს ძალიან პრაქტიკული კონკრეტული დისკუსიები, რათა ვნახოთ ერთად კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია.

- სწორედ ამას ეხება ჩემი მეორე კითხვა - ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თითქმის ყველა თავის განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ გაზრდილი საფრთხის ფონზე საქართველომ და სხვა ქვეყნებმა უნდა მიიღონ მეტი დახმარება ნატო-სგან. რა სახის დახმარებაზეა საუბარი, განსაკუთრებით ამ ვითარებაში, როდესაც საქართველო არის რუსეთის მხრიდან პირდაპირი საფრთხის ქვეშ?

- ნატო-ს საერთო მიდგომა, რათა უპასუხოს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე, ძირითადად 4 ელემენტისგან შედგება. ერთი არის ზეწოლის განხორციელება რუსეთზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ სანქციების საშუალებით, მეორე არის უკრაინის დახმარება, როგორც პოლიტიკურად, ასევე იარაღის მიწოდებით მოკავშირე ქვეყნების მიერ. მესამე არის ნატო-ს უსაფრთხოება და ამასაც ვაკეთებთ, მაგრამ მეოთხე არის იმის არ დავიწყება, რომ სხვა ქვეყნებიც არის ევროპაში, რომლებიც პოტენციურად რისკის ქვეშ არიან. ამიტომ ჩვენ გვინდა ჩართულები ვიყოთ ასევე საქართველოში, რომელიც ცალსახად უკვე განიცდის დიდ სირთულეების რუსეთის მხრიდან. საქართველოში უკვე ბევრი ნატო-ა, თუმცა გვინდა უფრო მეტი ნატო შემოვიტანოთ საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში. არის ნატო -საქართველოს არსებითი პაკეტი, რომლის იმპლემენტირებასაც მრავალი წლის განმავლობაში ვახორციელებთ, რომელიც შეიცავს ელემენტებს, რომელიც თავის მხრივ მოიცავს კიბერუსაფრთხოებას და ბევრი რამე უკვე გაკეთებულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამეა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების მიმართულებითაც. ის, რაც რუსეთმა გააკეთა უკრაინაში კრიზისამდე და კრიზისის განმავლობაში, მოიცავდა კიბერთავდასხმებსაც მთავრობის საბაზისო ფუნქციონირებაზე, ფინანსურ სისტემებზე, შეიარაღებულ ძალებზე და უკრაინამ აჩვენა მდგრადობის მაღალი ხარისხი. მიზეზი იმისა, რატომ შეძლო უკრაინამ ამხელა წინააღმდეგობის გამოვლენა, არის ის, რომ ქვეყანა წლების განმავლობაში აშენებდა ამას და ისინი გადიოდნენ პრაქტიკას, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ თუ თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ. ახლა საკმაოდ ბევრი რამეა უკრაინაში დანერგილი, საიდანაც კარგი გაკვეთილი შეგვიძლია მივიღოთ და შესაძლოა, გაუმჯობესებულად გამოვიყენოთ საქართველოში ნატო-ს დახმარებით, მოკავშირეების დახმარებით. ეს ის საკითხებია, რომელთა განხილვაც გვსურს.

- ხედავთ რაიმე მინიშნებებს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება იყოს გარკვეული პროვოკაციები საქართველოში? ჩვენ გვესმის გარკვეული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი არ დაკმაყოფილდება უკრაინით და რომ რუსეთის ერთადერთი სამიზნე არ არის მხოლოდ უკრაინა?

- მე ვფიქრობ, საქართველო უკვე არის იმის დასტური, რომ რუსეთის ერთადერთი სამიზნე არ არის უკრაინა, იმიტომ, რომ საქართველო უკვე 2008 წელს იყო რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და ეს დღემდე გრძელდება. ვფიქრობ, ყველას ინტერესებში შედის აღიაროს, რომ რუსეთის ამბიციები სცდება უკრაინას და ამის დასტურია ის „დოკუმენტი“, ულტიმატუმი, რომელიც პრეზიდენტ პუტინმა გაუგზავნა ნატო-ს და რომელიც ყველას შეუძლია ნახოს ინტერნეტში. ეს ულტიმატუმი მოიცავს პუნქტებს, რომ უკრაინა უნდა იყოს დემილიტარიზებული, ნეიტრალური და ა.შ. თუმცა ის ასევე შეიცავდა პუნქტებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები ევროპიდან და ნატო უნდა დაუბრუნდეს მის 1997 წლის მდგომარეობით არსებულ საზღვრებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივატოვოთ წევრები, რომლებიც ალიანსის აღმოსავლეთით არიან. ასე რომ, რუსეთისა და პრეზიდენტ პუტინის ამბიციები ძალიან ცხადია და ისინი საკმაოდ სცდება უკრაინას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით უკრაინას, ჩვენ, ასევე დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები არ გაფართოვდეს უფრო მეტად, ვიდრე ის ახლა არის.

- საქართველოს მისწრაფებებზეც მინდა გკითხოთ, ნატოს კარი ჯერ კიდევ ღიაა ჩვენი ქვეყნისთვის?

- დიახ, მე შემიძლია გაგცეთ ძალიან მოკლე პასუხი- დიახ, რა თქმა უნდა, ნატო-ს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, ვინც ესწრაფვის ალიანსის წევრობას. ეს არის ცხადი პოლიტიკა და ცხადი პოლიტიკაა, როდესაც საქმე ეხება საქართველოს და ვფიქრობ, ამას ნახავთ სამიტის დოკუმენტშიც, რომელიც ივნისის ბოლოს გამოვა.

- დღეს უკრაინაში ომის 56-ე დღეა და იწყება ომის მეორე ტალღა ქვეყნის აღმოსავლეთით. უკრაინა ითხოვს მეტ იარაღს დასავლეთისგან. რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს ამ ვითარებაში და რისი გაკეთება შეუძლია კონკრეტულად ნატო-ს მათ შორის შეიარაღების მიმართულებით?

- ნატოს მოკავშირეებმა უკრაინას არსებითი რაოდენობის იარაღი უკვე მიაწოდეს. მოკავშირეები აწვდიან მათ კიდევ უფრო მეტ იარაღს, ისინი აწვდიან უფრო მეტ ძლიერ სისტემებს, მათ შორის უფრო ძლიერ საჰაერო დაცვის სისტემებს. ასე რომ, ისინი აკეთებენ აბსოლუტურ მაქსიმუმს, რისი გაკეთებაც შეუძლიათ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან აქტიური დისკუსიაა მოკავშირეებს შორის ყოველ დღე იმასთან დაკავშირებით თუ კონკრეტულად რამდენად მეტის მიწოდება შეუძლიათ მათ შემდგომში და რამდენად სწრაფად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იარაღის მიწოდება მოხდეს სწრაფად და პრეზიდენტი ზელენსკი ძალიან ცხადია ამ განცხადებაში.

თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, რომ ტემპი იზრდება და უნარიანობაც იზრდება იმ მიმართულებით, რისი მიწოდებაც მოკავშირეებს შეუძლიათ უკრაინისთვის.

- ჩვენ ვნახეთ, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, არაერთი ქვეყნის პრეზიდენტი, ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ უკრაინას. რამდენად შეიძლება უახლოეს პერიოდში ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტიც ვნახოთ ?

- არ ვფიქრობ, რომ ეს იგეგმება, ყოველ შემთხვევაში მე არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი გეგმავდეს უკრაინაში ვიზიტს. რაც თქვენ ნახეთ გასული რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში, არის ის, რომ ნატო ცდილობს გაიაროს ძალიან დელიკატურ ხაზზე და დაიცვას ბალანსი, რადგან რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლება და პრეზიდენტ პუტინი ნატო-ს ინსტრუმენტალიზებას ახდენს მის კომუნიკაციაში და ნატო ცდილობს ალიანსის დაცვას და მხარდაჭერით უზრუნველყოს პარტნიორები. პირდაპირი დახმარება უკრაინას მიეწოდება ნატო-ს მოკავშირეებისგან და სხვა ქვეყნებისგან, მაგრამ არა ნატო-სგან, როგორც ალიანსისგან. ჩვენ არ გვსურს რუსეთის ხელისუფლებას მიზეზი მივცეთ, რომ ნატო რამენაირად ერევა ამ კონფლიქტში. იმაზე უარესი, რაც ახლა ხდება უკრაინაში, იქნება საერთო ომი მთელს ევროპაში და ჩვენ ამ შესაძლებლობასთან მიახლოებაც კი არ გვსურს.

- ახლა მსოფლიოში არათუ არ მუშაობს, არც არსებობს არავითარი გარანტიები და უსაფრთხოების სისტემები, - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა გააკეთა. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კიევი გამოხატავს უკმაყოფილებას უსაფრთხოების არსებული სისტემების მიმართ. მეტიც, უკრაინაში უსაფრთხოების ახალი სისტემების შექმნის საკითხზე საუბრობენ და უსაფრთხოების ახალი გარანტიების მიღების შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციაზე საერთოდ უარი თქვან. რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ უსაფრთხოების ახალი სისტემების შექმნა და რამდენად ფიქრობთ, რომ ნატო-ს აღარ შესწევს ძალა დაიცვას ევროპა და მისი მოკავშირეები?

- ვფიქრობ, რაც ამ კონფლიქტმა სინამდვილეში აჩვენა, არის ის, რომ ნატო-ს საკმაოდ კარგად შეუძლია მისი წევრების დაცვა. მაგრამ მე მესმის პრეზიდენტ ზელენსკის იმედგაცრუების, გაერო სრულიად პარალიზებულია ამ საკითხთან მიმართებით, ეუთო აბსოლუტურად პარალიზებულია - შეიარაღების კონტროლის შეთანხმება არ მუშაობს, რუსეთი გამოვიდა ან დაარღვია ყველა ინსტრუმენტი, ბუდაპეშტის მემორანდუმი და უკრაინის მიმართ აღებული ვალდებულებები დარღვეულია. ასე რომ, მე რომ კიევში ვიჯდე, თავს ზუსტად ისევე ვიგრძნობდი, როგორც პრეზიდენტი ზელენსკი. რა მოხდება ომის შემდეგ მე არ ვიცი, მაგრამ ევროპაში იქამდე, სანამ არ იქნება რუსეთი, რომელიც შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, დაემორჩილება ვალდებულებებს და არ იძალადებს მეზობლებზე, ჩემთვის ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, რა სახის სისტემა შეიძლება იყოს ეს. მე ვფიქრობ, უკრაინის შემთხვევაში მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც გამყარებული იქნება კონკრეტული შესაძლებლობებით და სწორედ ამაზე ესაუბრება პრეზიდენტი ზელენსკი ბევრ ქვეყანას, თუმცა ჩემთვის რთული წარმოსადგენია როგორი არქიტექტურის უნდა იყოს ეს იმ რუსეთის პირობებში, რომელიც ახლა არის.

- რუსეთის სამხედროების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ სიმხეცეზეც მინდა გკითხოთ - იმაზე, რაც მსოფლიომ იხილა ბუჩასა და ზოგადად კიევის რეგიონში. ფაქტი, რომ რუსი სამხედროები ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, სექსუალურად ძალადობენ ქალებსა და ბავშვებზე, შეგვიძლია შევაფასოთ როგორ გენოციდი?

- ვფიქრობ, ამ დისკუსიას პოლიტიკოსებსა და უფლებადამცველებს დავუტოვებ. ის, რაც შეიძლება ცხადად ვთქვათ, არის ის, რომ უკრაინაში მასობრივი მასშტაბის ომის დანაშაული არის ჩადენილი.

სალომე აბულაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით