IDFI - 2022 წლის მარტში საქართველოში შემოვიდა უკრაინის 16,669, რუსეთის 43,152 და ბელარუსის 19,898 მოქალაქე

2022 წლის მარტის თვეში საქართველოში შემოვიდა უკრაინის 16,669 მოქალაქე, რუსეთის 43,152 მოქალაქე და ბელარუსის 19,898 მოქალაქე. 2022 წლის მარტში საქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) უკრაინის 8,151 მოქალაქე, რუსეთის 17,201 მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 14,030 მოქალაქე. (2022 წლის მარტში საქართველოში ჯამში დარჩა 31,231 რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე), - ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკის მონაცემების თანახმად, 2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში დარჩენილი (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) უკრაინის მოქალაქეების რიცხვი 8,657-ით, რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 14,593-ით, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების 14,047-ით გაიზარდა.

მათივე ცნობით, 2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში დარჩენილი (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 559 %-ით არის გაზრდილი.

„2022 წლის 25 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის და ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, მილიონობით უკრაინის მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და თავი შეეფარებინა სხვადასხვა ქვეყნისთვის. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის დატოვების მსურველთა რიცხვი. რუსეთის მოქალაქეების მიერ საკუთარი ქვეყნის დატოვების მიზეზად აქტიურად განიხილება ერთი მხრივ , რუსეთისათვის დაწესებული სანქციების თავის არიდების სურვილი, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში პოლიტიკურად მიუღებელი განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დევნის გაძლიერება და მისგან მომდინარე საფრთხეების შიში. რუსეთის მხარდამჭერი პოლიტიკის და მისგან მომდინარე მსგავსი გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი, ასევე იზრდებოდა ბელარუსში.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის სტატისტიკას აწარმოებს და ყოველთვიურად პროაქტიულად აქვეყნებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს მიერ ყოველთვიურად გამოქვეყნებული ანგარიშები, მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები არ იძლევა ცალკეული ქვეყნის მოქალაქეების მიხედვით სხვადასხვა მახასიათებლების (ასაკი, სქესი, სასაზღვრო პუნქტი, საზღვრის კვეთაზე უარის თქმის და ა.შ.) დეტალურ სტატისტიკას. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამუშავებული მონაცემები არ იძლევა ვიზიტის მიზნობრიობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. შესაბამისად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემომსვლელთა მხოლოდ რიცხობრივი მაჩვენებლების ტენდენცია შესაძლებელია არ იძლეოდეს რეალურ სურათს მომდინარე გამოწვევების შესახებ. ამასთან, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ყოველი წლის მარტის თვეში არსებობდა განსხვავებული გარემოებები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენდა ქვეყანაში ვიზიტორთა რიცხვზე. მაგალითად, 2022 წლის მარტში კვლევის ობიექტი ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად შესაძლებელია განხილულ იქნას რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე საფრთხეები, მაშინ როდესაც 2021-2020 წლების მარტის თვეებში პანდემიის გათვალისწინებით არსებობდა საზღვრის კვეთაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვები“, - ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ 2022 წლის მარტის თვეში საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქეების შემოსვლის მაჩვენებელს (16,923 საზღვრის კვეთა, 16,669 უნიკალური ვიზიტორი) აღემატება როგორც რუსეთის (45,068 საზღვრის კვეთა, 43,152 უნიკალური ვიზიტორი) ასევე, ბელარუსის (20,029 საზღვრის კვეთა, 19,898 უნიკალური ვიზიტორი) მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის მაჩვენებლები.

„წინა წლის მარტის თვესთან შედარებით, სამივე ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თუმცა 2020-2021 წლებში კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ტენდენციების თვალსაზრისით უფრო საინტერესოა 2019 წლის მარტის თვესთან მიმართებით არსებული მდგომარეობა. 2019 წლის მარტის თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოში შემომსვლელთა ბელარუსის მოქალაქეების რიცხვი. მაგალითად, 2022 წლის მარტში 2019 წლის მარტის თვესთან შედარებით, ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი 555%-ით გაიზარდა, უკრაინის მოქალაქეების 17%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთის მოქალაქეების 61%-ით შემცირდა.

რუსეთის უკრაინის შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებლის 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირება სავარაუდოდ დაკავშირებულია ვიზიტის მიზნებთან, რაც ვერ გამოდგება აღნიშნული ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეების საპირწონედ. რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ განპირობებული იყო ამ ქვეყნის მოქალაქეების საქართველოსადმი მაღალი ტურისტული ინტერესით, რასაც ხელს უწყობდა საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების არსებობა. 2019 წლის 21 ივნისს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების (“გავრილოვის ღამე”) საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები გააუქმა, რაც თავის მხრივ აისახა ქვეყანაში შემომსვლელთა მაჩვენებელზე. რუსეთ უკრაინის ომის დაწყებამდე, ქვეყანაში შემომსვლელთა და ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არ შეიმჩნეოდა. მაგალითად, 2019 წლის მარტში რუსეთის 108,422 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო გავიდა დაახლოებით 2%-ით ნაკლები 105,814 მოქალაქე. 2022 წლის მარტის თვეში შემოვიდა 43,152 რუსეთის მოქალაქე ხოლო გავიდა დაახლოებით 40%-ით ნაკლები 25,951 პირი. შედეგად 2022 წლის მარტში 2019 წლის მარტთან შედარებით, ქვეყანაში დარჩენილი (შემოსულ და გასულ პირებს შორის სხვაობა) რუსეთის მოქალაქეების მაჩვენებელი 559 %-ით არის გაზრდილი. ბელარუსის მოქალაქეების შემთხვევაში 2019 წლის მარტში საქართველოში დაახლოებით იმდენი პირი შემოვიდა რაც გავიდა, ხოლო 2022 წლის მარტში 71%-ით (14,029 პირით მეტი) მეტი შემოვიდა ვიდრე გავიდა“, - ნათქვამია კვლევაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც რუსეთის ასევე ბელარუსის მოქალაქეების 2022 წლის მარტში ქვეყანაში შემოსვლის და გასვლის მაჩვენებლებს შორის სხვაობა აღემატება უკრაინის მოქალაქეების მაჩვენებელს. კერძოდ, 2022 წლის მარტში საქართველოში შემოვიდა უკრაინის 8,151-ით მეტი მოქალაქე ვიდრე გავიდა, რუსეთის 17,201-ით მეტი მოქალაქე შემოვიდა ვიდრე გავიდა, ხოლო ბელარუსის 14,030-ით მეტი მოქალაქე ვიდრე გავიდა. ამავე კვლევის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში შემოსული უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით.

„მაგალითად, 2022 წლის მარტში საქართველოში შემოსული რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების დაახლოებით 60% , ხოლო უკრაინის მოქალაქეების მხოლოდ 40% არის მამრობითი სქესის. აღნიშნული სხვაობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა ქვეყანაში შემოსული სრულწლოვანი მოქალაქეების შემთხვევაში. კერძოდ, 2022 წლის მარტში საქართველოში შემოსული სრულწლოვანი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების ასევე 60%, ხოლო უკრაინის მოქალაქეების მხოლოდ 35% არის მამრობითი სქესის. საქართველოში შემოსული მამრობითი სქესის მოქალაქეებს, შორის რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მხოლოდ 10%-ია 18 წლამდე ასაკის, ხოლო უკრაინის მამრობითი სქესის მოქალაქეებს შორის 39% არის არასრულწლოვანი. 18-დან 60-წლამდე მამაკაცების წილი საქართველოში 2022 წლის მარტში შემოსული უკრაინის მამრობითი სქესის მოქალაქეებში შეადგენს 54%-ს, რუსეთის მოქალაქეებში 85%-ს, ხოლო ბელარუსის მოქალაქეებში 89%-ს“, - ნათქვამია კვლევაში.

ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის მარტში საქართველოში რუსეთის ყველაზე მეტი მოქალაქე შემოვიდა თბილისის აეროპორტიდან (34%) , ყაზბეგის (28%) და სადახლოს (20%) სასაზღვრო პუნქტებიდან. უკრაინის მოქალაქეების ყველა დიდი წილი სარფის (28%) და ყაზბეგის (23%) სასაზღვრო პუნქტიდან, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების ყველაზე დიდი წილი თბილისის აეროპორტიდან (53%) და ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტიდან (20%).

„რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის და დარჩენის არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები, მნიშვნელოვან გამოწვევად შესაძლებელია შეფასდეს ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით. აღნიშნულ ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასაზღვრო გამშვები პუნქტების ეფექტიან კონტროლს და საფრთხის შემცველი პირების ქვეყანაში შემოშვების პრევენციას. IDFI-მ წინამდებარე ანალიზის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ასევე გამოითხოვა ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის სტატისტიკური მაჩვენებლები. როგორც ირკვევა 2022 წლის მარტის თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რუსეთის 340 მოქალაქეს, უკრაინის 65 მოქალაქეს, ხოლო ბელარუსის მხოლოდ 16 მოქალაქეს. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, ქვეყანაში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ 0,75%-ს ეთქვა უარი, უკრაინის მოქალაქეების 0,38%-ს, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების მხოლოდ 0,08%-ს.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2022 წლის მარტში როგორც რაოდენობრივად, ასევე პროცენტულად ქვეყანაში შემოსვლაზე უფრო მეტი უარი ეთქვა უკრაინის მოქალაქეებს ვიდრე ბელარუსის მოქალაქეებს. ასევე, ბოლო 4 წლის შესაბამის პერიოდებში უკრაინის მოქალაქეებზე 65 უარის შემთხვევა (მსურველთა 0,38%) ყველაზე მაღალი პროცენტია“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ცნობით, 2022 წლის მარტში უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის 65 შემთხვევიდან 38 იყო მამრობითი სქესის, ხოლო 27 მდედრობითი. ამასთან, ერთ შემთხვევაში უარი ეთქვა არასრულწლოვანს, კერძოდ, 7 წლის ბავშვს, ხოლო 3 შემთხვევაში 60 წელს გადაცილებულ პირს. უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის ყველაზე მეტი შემთხვევა სადახლოს სასაზღვრო პუნქტზე დაფიქსირდა.

„სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ მონაცემებში, მოთხოვნის შესაბამისად არ იყო მითითებული ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები. შესაბამისად, ამ კუთხით დამატებითი დასკვნების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, IDFI-ს ინტერესის საგანს ასევე წარმოადგენდა ისეთი შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები წინა წლებში იმყოფებოდნენ საქართველოში, თუმცა ომის დაწყების შემდეგ უარი ეთქვათ საქართველოს საზღვრის კვეთაზე. აღნიშნული მოთხოვნის პასუხად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ IDFI-ს განუმარტა რომ მსგავსი სახით სტატისტიკის წარმოებას არ ახორციელებდა. რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილია რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში დარჩენის მაჩვენებლები (2022 წლის მარტში საქართველოში დარჩა 30 ათასზე მეტი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე).

რუსეთის და ბელარუსის საქართველოში დარჩენის მაჩვენებლები აჭარბებს უკრაინის მოქალაქეების საქართველოში დარჩენის შემთხვევებსაც, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული არიან დატოვონ საკუთარი საცხოვრებელი. სამწუხაროდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემთა ბაზა არ იძლევა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში ვიზიტის მიზნობრიობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, შესაბამის ამ კუთხით არსებული გამოწვევების სრულფასოვანი შეფასება მნიშვნელოვნად გართულებულია. თუმცა, სტატისტიკურ მონაცემებზე, მათ შორის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევებზე, დაყრდნობით IDFI მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რუსეთის და მისის მოკავშირე ქვეყნის მოქალაქეების დარჩენის მზარდი ტენდენცია სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რაც საჭიროებს შესაბამისს ღონისძიებებს მსგავსი რისკების შემცირების კუთხით“, - ნათქვამია კვლევაში.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა