სერგეი უტკინი - რუსეთმა უკრაინაში ბევრი წითელი ხაზი გადაკვეთა, მაგრამ ბირთვული იარაღი ის წითელი ხაზია, რომელსაც იგი არ გადაკვეთს

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოსკოვში 9 მაისს სავარაუდოდ როგორი სამხედრო აღლუმი ჩატარდება, როგორია რუსეთის საზოგადოების დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით და სავარაუდოდ, რაა მიზეზი იმისა, რომ რუსულ საზოგადოებას ფაქტიურად სძულს დასავლეთი და დასავლური ცივილიზაცია, რომელსაც დღეს იგი უპირისპირდება, “ინტერპრესნიუსი“ „ინტერპრესნიუსი“ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის თანამშრომელს, სერგეი უტკინს ესაუბრა.

- ბატონო სერგეი, 9 მაისი და მოსკოვში ჩასატარებელი გამარჯვების აღლუმი ახლოვდება. როგორი იქნება იგი ახლა ბევრი ამ თემაზე მსჯელობს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პუტინი სწორედ 9 მაისს გამოაცხადებს საყოველთაო მობილიზაციას და ომს გამოუცხადებს ომს, მაგრამ კრემლის პრესსამსახურმა ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის ალბათობა გამორიცხა.

ვითარებაში, როცა ევროპა და აშშ რუსეთს უკრაინაში ომისა გამო ვანდალიზმში, ბარბაროსულ ქმედებებში და ფაშიზმთან გაიგივებულ რაშიზმში ადანაშაულებს, სავარაუდოდ, როგორი იქნება 2022 წლის 9 მაისის აღლუმი მოსკოვში?

- 9 მაისს მოსკოვში ჩასატარებელ აღლუმის თემაზე საკმაოდ ბევრი სპეკულაციები იყო, მაგრამ, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, სახელისუფლებო პროპაგანდა თუ როგორ ამზადებს საზოგადოებას ამ დღისადმი, ცხადად ჩანს, რომ ამ თემაზე ხელისუფლების ძირითადი გზავნილი ასეთია - ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ყველაფერი ნორმალურადაა და მოქალაქეებს შეუძლიათ დაკავდნენ თავისი პრობლემებით.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე 9 მაისისთვის ხელისუფლების გზავნილი - ყველაფერი კარგადაა, არა მოსახლეობის მობილიზებაზე, არამედ მოქალაქეების უფრო დემობილიზაციაზე მუშაობს. ხელისუფლების ეს გზავნილი ასევე იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ხალხს მოუწოდებს არ დაუჯერონ ზოგიერთ პანიკიორებს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გარკვეულ უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე 9 მაისისთვის ხელისუფლების გზავნილი - ყველაფერი კარგადაა, არა მოსახლეობის მობილიზებაზე, არამედ მოქალაქეების უფრო დემობილიზაციაზე მუშაობს

ხელისუფლება ცდილობს 9 მაისი ისევ ჩვეულებრივ ფორმატში ჩაატაროს, როგორც წინა წლებში. ამით ხელისუფლებას სურს ვითარება დაამსგავსოს ისეთ ვითარებას, როცა ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყო. ასეა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით ასევე არსებობს სხვა მოსაზრებები.

წლევანდელი 9 მაისს იქნება ჩვეულებრივი აღლუმი, პრეზიდენტ პუტინის გამოსვლა და ასე შემდეგ. გასაგებია, რომ პუტინის გამოსვლაში იქნება მკაფიო ნოტები, მაგრამ, უცნაურიც კი იქნებოდა კრემლის მხრიდან, რომ სწორედ 9 მაისს გაკეთებულიყო განცხადებები ახალ პოლიტიკურ გეგმებზე, მათ შორის საყოველთაო მობილიზაციაზე.

რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების სავარაუდო გეგმებზე განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა. უფრო სწორად, მან თქვა, რომ მას არ გაუკვირდებოდა თუ პუტინი ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებდა. ამან გამოიწვია მედიაში ამ თემაზე ტალღა.

- თუ სწორად ვხდები თქვენ 9 მაისს პუტინის მიერ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას გამორიცხავთ?

- პუტინის მიერ 9 მაისს რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება წინააღმდეგობაში მოვიდოდა იმასთან, თუ რის თქმას და ხალხში რა განწყობების შექმნას ცდილობს ხელისუფლება.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამხედრო თვალსაზრისით გაუგებარია, როგორ წაადგებოდა რუსეთს უკრაინისთვის ომის გამოცხადება და საყოველთაო მობილიზაცია.

პუტინის მიერ 9 მაისს რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება წინააღმდეგობაში მოვიდოდა იმასთან, თუ რის თქმას და ხალხში რა განწყობების შექმნას ცდილობს ხელისუფლება

ახლა უკრაინაში უპრეცედენტო ამბები ხდება და გაუგებარი რჩება როგორ წაადგებოდა საყოველთაო მობილიზება უკრაინაში მიმდინარე ამბებს. ფაქტია, რომ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება საზოგადოებაში გამოიწვევდა როგორც მეტ გაუგებრობას, ისე აზრთა სხვადასხვაობას.

- უკრაინაში ქმედებების გამო ევროპასა და აშშ-ში რუსეთის მისამართით არსებული ბრალდებების ფონზე წარმოუდგენელია წლევანდელ 9 მაისის აღლუმს ევროპელი ლიდერებიდან ვინმე დაესწროს. არა მგონია წლევანდელ აღლუმს გერმანიის ექს-კანცლერი შრედერიც კი დაესწროს...

- პირველი წელი არაა, რაც მოსკოვში 9 მაისის აღლუმებს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ბევრი ვინმე არ ესწრებოდა. თუ ესწრებოდნენ, ისიც, ძალიან ცოტა. ამის გათვალისწინებით თუ წელსაც ბევრი არ დაესწრება, ეს გასაკვირი ნამდვილად არ იქნება.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის კირიენკოს მარიუპოლში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ძეგლის გახსნა.

საუბარია იმაზე, რომ გამარჯვების სიმბოლო აღმოჩნდეს მოხუცი ბებიის ძეგლი, რომელსაც ხელში საბჭოთა დროშა ეჭირება...

- ამგვარი რამ სრულად ჯდება ხელისუფლების პროპაგანდისტულ თამაშებში. ასევე იმ სატელევიზიო კონტექსტში რომელსაც სახელისუფლებო პროპაგანდა ქმნის. როგორც ჩანს, ეს ძეგლი უნდა იყოს იმ სახალხო მხარდაჭერის სიმბოლო, რომელიც რუსეთს უკრაინაში გარკვეულ წრეებში აქვს.

ვიცით, რომ რუსეთს უკრაინაში სახალხო მხარდაჭერა არ ჰქონია, მაგრამ, უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ უკრაინაში რუსეთს გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდა. ამის მცდელობები ოფიციალურ პროპაგანდას ექნება. ვხედავთ, რომ რუსეთის მოქალაქეების გარკვეულ ნაწილზე ამგვარი პროპაგანდა მუშაობს.

- გასაგებია რასაც ამბობთ, მაგრამ გაუგებარი სხვა რამაა - უკრაინაში ომის დაწყებამდე პრეზიდენტი პუტინი აცხადებდა, რომ მას სურს 1917 წლამდე არსებული რუსული იმპერიის აღდგენა.

ახლა იგეგმება მარიუპოლში ძეგლის გახსნა, რომლის მთავარი ატრიბუტი იქნება მოხუცი ბებია საბჭოთა დროშით ხელში. პუტინს რა უნდა - 1917 წლამდე არსებული რუსული იმპერიის აღდგენა თუ საბჭოთა იმპერიის აღდგენა?

- კითხვას სწორად სვამთ, მაგრამ, რეალურად საქმე გვაქვს გარკვეულ ორაზროვნებასთან. ეს ორაზროვნებაც ახალი არაა, რადგან 90-იანების დასაწყისში რუსეთის პოლიტიკური ელიტის კონსერვატიული ნაწილის მიმართ ხშირად გამოიყენებდნენ ტერმინს „წითელ-ყავისფერს“.

ამიტომ ახლა გასაკვირი არაა, რომ ხელისუფლება ცდილობს პროპაგანდისთვის გამოიყენოს როგორც იმპერიული, ისე საბჭოთა სიმბოლიკა. ცხადია, რომ უკრაინის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში ეს სიმბოლიკა პოზიტიური განწყობების მატარებელია.

რეალურად მართლაც არსებობენ უკრაინაში ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ სსრკ-ს დროს კარგად ცხოვრობდნენ და აქვთ საბჭოთა პერიოდის მიმართ ნოსტალგია. როგორც ჩანს, ამისთვის შეირჩა საბჭოთა და არა იმპერიული სიმბოლიკა, რომელიც მათთვის არც არაფერს ნიშნავს.

რეალურად მართლაც არსებობენ უკრაინაში ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ სსრკ-ს დროს კარგად ცხოვრობდნენ და აქვთ საბჭოთა პერიოდის მიმართ ნოსტალგია. როგორც ჩანს, ამისთვის შეირჩა საბჭოთა და არა იმპერიული სიმბოლიკა, რომელიც მათთვის არც არაფერს ნიშნავს

- ვხედავთ, რომ უკრაინაში დაწყებულმა ომმა რუსულ საზოგადოებაში სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. არიან როგორც ომის მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები.

რუსი ისტორიკოსის პივოვაროვის დაკვირვებით - „ახლა ომი რუსული საზოგადოების თავებშია“. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა რა კორექტივები შეიტანა რუსეთის მოქალაქეების განწყობებში?

- სოციოლოგიური კვლევები, რომლებიც იმსახურებენ ყურადღებასა და ნდობას, მხედველობაში მაქვს „ლევადას“ მიერ ჩატარებული კვლევები ამბობს იმას, რომ უკრაინაში დაწყებულ ომთან დაკავშირებით ხელისუფლებამ შეძლო უზრუნველყო საზოგადოებრივი მხარდაჭერა, მაგრამ მარტ-აპრილში საკმაოდ გაზრდილია იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც, რაც ახლა უკრაინაში ხდება არ ესმით.

უკრაინაში დაწყებულ ომთან დაკავშირებით ხელისუფლებამ შეძლო უზრუნველყო საზოგადოებრივი მხარდაჭერა, მაგრამ მარტ-აპრილში საკმაოდ გაზრდილია იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც, რაც ახლა უკრაინაში ხდება არ ესმით

გარდა ამისა, ფაქტია, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილია სტატისტიკური ცდომილების მაჩვენებელი. იგი სავარაუდოდ 15-19% შეადგენს. მართალია, ეს მაჩვენებელი ჯერ კრიტიკულად დიდი არაა, მაგრამ, ფაქტია, რომ გაზრდილია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც, იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება არ არიან მზად მიიღონ.

ადამიანები, რომლებიც ამ თემის საჯარო განხილვაში მონაწილეობენ, მათ შორის სხვაგვარი სტატისტიკაა. კვლევებს ეტყობა ის, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით საკანონმდებლო დონეზეა ძალიან ბევრი შეზღუდვები. მხედველობაში მაქვს ის, რომ ახლა არც ისე მარტივია საკუთარი აზრის დაფიქსირება.

შესაძლოა, ამის გამოა, რომ ის ადამიანები, ვინც თავიდან ცდილობდა არ შეემჩნია უკრაინაში მიმდინარე ამბები, ახლა მათაც ესმით, რომ ასეთ პოზიციაზე დარჩენა არ გამოდის.

გახშირდა შემთხვევები, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ოჯახებშია დიამეტრულად განსხვავებული მოსაზრებები. ადამიანთა ნაწილი გაგებით ეკიდება იმას, რასაც ტელევიზორი ჰყვება, მაგრამ ნაწილი ასე არ ფიქრობს და ასე სულაც არაა განწყობილი.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ომი უკრაინაში პუტინისთვის მისი ხელისუფლების სტაბილიზაციის ფორმაა,“ მეორე ნაწილი კი თვლის, რომ „უკრაინაში ომი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის დაკვეთაა არა მხოლოდ რუსეთის სიდიადეზე, არამედ რუსეთის იმპერიულობაზე.“

გამოდის - რუსული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის პუტინი რუსული იმპერიულობის სიმბოლოა და მისი ხელისუფლებაში ყოფნა რუსული იმპერიის აღდგენის სურვილს უკავშირდება. თქვენი დაკვირვებით რაა მიზეზი იმისა, რომ უკრაინაში დაწყებულ ომთან დაკავშირებით რუსული საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს?

- რუსეთის იმპერიული მისწრაფებები გახლავთ ის, რაზეც რუსეთის მეზობლები ხშირად საუბრობენ. ასეთი განწყობებია პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში. ამ ქვეყნებში თვლიან, რომ რუსი ლიბერალები ავლენენ იმპერიულობას ისეთ თემებში, რომელიც იგივე პოლონეთს, თუ ბალტიის ქვეყნებს ეხება.

იმპერიული განწყობები რუსულ საზოგადოებაში არის, მაგრამ რაც ახლა უკრაინაში ხდება, არ ვთვლი, რომ პროცესების ასე განვითარება გარდაუვალი იყო და იგი შედეგია იმის, რომ რუსეთის საზოგადოება მთლიანობაში იმპერიულია.

იმპერიული განწყობები რუსულ საზოგადოებაში არის, მაგრამ რაც ახლა უკრაინაში ხდება, არ ვთვლი, რომ პროცესების ასე განვითარება გარდაუვალი იყო და იგი შედეგია იმის, რომ რუსეთის საზოგადოება მთლიანობაში იმპერიულია

უკრაინაში ახლა ექსტრაორდინალური მოვლენები ხდება, რომლებსაც კავშირი აქვთ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან, რომელიც ერთმა კონკრეტულმა პიროვნებამ მიიღო. როცა ეს ადამიანი ამ გადაწყვეტილებას იღებდა, მასზე ზეწოლას საზოგადოება არ ახდენდა. არ იყო ისე, თითქოს მთელ რუს საზოგადოებას უნდოდა ამგვარი გადაწყვეტილებები ყოფილიყო მიღებული.

სხვა საქმეა, რომ ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებისთვის საფუძველი იყო მომზადებული. საზოგადოებას ისღა დარჩენოდა მიეღო ისინი. შეიძლება იმის თქმა, რომ ამ გადაწყვეტილებაში ბევრია ისეთი მომენტი, რომელიც საზოგადოებში არსებულ განწყობებს უკავშირდებოდა, მაგრამ შეიძლებოდა ამ განწყობების ადამიანებთან მუშაობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის სურვილი ხელისუფლებაში ბევრს არ ჰქონდა. ამიტომ, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებაზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებზეა, ვინც ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო.

- ვფიქრობ, რომ კრემლს დაქვემდებარებული ტელევიზიების მეშვეობით ხელისუფლება დიდი ხანი აღვივებდა რუსულ საზოგადოებაში იმპერიულ განწყობებს და ამზადებდა ომისთვის უკრაინაში.

გვახსოვს, თუ როგორ ამზადებდა კრემლი რუსულ საზოგადოებას 2008 წლის ომისთვის საქართველოსთან. იმავე „ლევადას“ კვლევებით საქართველო ხან 50 მილიონიანი ქვეყანა იყო, ხან მუსლიმანური ქვეყანა, ხანაც ყველა კვლევებით შედიოდა რუსეთის მტრების სამეულში.

არა ვარ დარწმუნებული რომ რუსეთში ტელევიზიის მაყურებლებს აქვთ სრული ინფორმაცია რუსეთის ჯარისკაცების მიერ უკრაინაში ჩადენილ ვანდალურ ფაქტებსა და დანაშაულობებზე.

თქვენი დაკვირვებით რუსეთის საზოგადოებამ იცის რას სჩადიან და რით არიან დაკავებული რუსი ჯარისკაცები უკრაინის ტერიტორიაზე?

- რუსეთის მოსახლეობა სხვადასხვაგვარად აკვირდება და ეცნობა ამბებს იმაზე, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ისინი სხვადასხვა წყაროებიდან იღებენ ინფორმაციას. ჩვენთან ტელეგრამზე, რომელიც ჯერჯერობით დაბლოკილი არაა, განსხვავებული ინფორმაციის მიღება შეიძლება.

ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით რუსეთში საკანონმდებლო პრობლემები არსებობს, კერძოდ, თუ ესა თუ ის ინფორმაცია ოფიციალური წყაროების მიერ არაა დადასტურებული, სარისკო მდგომარეობაში აყენებს იმ ადამიანს, ვინც ამ ტიპის ინფორმაციებს არა მარტო ეყრდნობა, არამედ მათზე იწყებს საუბარსა და მსჯელობას. ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებები რუსეთის კანონებში უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ იქნა მიღებული.

თუ ესა თუ ის ინფორმაცია ოფიციალური წყაროების მიერ არაა დადასტურებული, სარისკო მდგომარეობაში აყენებს იმ ადამიანს, ვინც ამ ტიპის ინფორმაციებს არა მარტო ეყრდნობა, არამედ მათზე იწყებს საუბარსა და მსჯელობას. ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებები რუსეთის კანონებში უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ იქნა მიღებული

ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ ადამიანები არაკომფორტულად გრძნობენ თავს, როცა უწევთ იმის აღიარება, რომ ჩვენი მოქალაქეები უკრაინაში, როგორც მინიმუმ რაღაცაში მართლები არ არიან, ხოლო მაქსიმუმ იქ დანაშაულებს ჩადიან.

ამის აღიარება ბევრს უჭირს და შესაბამისად ადამიანების ერთი ნაწილი გაურბის ამ თემაზე საუბარს და მსჯელობას. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ წინააღმდეგობრივი ინფორმაციები ვრცელდება და საჭიროა ამ თემებზე გამოძიებების ჩატარება.

ის, რომ რუსული საზოგადოება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სხვადასხვა წყაროებიდან იღებს ინფორმაციას, ეს ბუნებრივად ქმნის განსხვავებულ სურათს საზოგადოების აღქმებში იმაზე, რაც უკრაინაში ხდება.

- უდავოა, რომ კრემლი წლების მანძილზე ქმნიდა რუსულ საზოგადოებაში ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ. ანტილიბერალურ განწყობებს.

როცა ამ თემაზე მიწევს ფიქრი, მახსენდება აწგარდაცვლილი გენიალური იუმორისტი ჟვანეცკი. მისი სიტყვებია - „ჩვენ ხალხს უყვარს საზღვარგარეთ გამოშვებული მანქანები, ენდობა საზღვარგარეთ წარმოებულ წამლებს, უყვარს საზღვარგარეთ წარმოებული ტექნიკა, კომპიუტერები, ტელეფონები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პარფიუმერია, საჭმელ -სასმელი, განსაკუთრებით უყვართ დოლარები, მაგრამ ძალიან არ უყვართ დასავლეთი, ევროპა და განსაკუთრებით აშშ.“

სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ რუსული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას სძულს დასავლეთი და დასავლური ცივილიზაცია?

- არ ვიცი რამდენად სძულთ რუსეთში დასავლეთი, მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება რომ როცა რუსეთში დასავლეთზე საუბრობენ, გულისხმობენ იმას, რომ რუსეთი დასავლეთის ნაწილი არაა. ეს ეხება სხვადასხვა თემებზე გადაწყვეტილებების მიღებასაც. გამოდის, რომ რუსეთი სადღაც უკანა პლანზეა, საერთო პროცესებისაგან გარიყულია. შესაძლოა ეს იყოს დასავლეთისადმი ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი.

გამოდის, რომ რუსეთი სადღაც უკანა პლანზეა, საერთო პროცესებისაგან გარიყულია. შესაძლოა ეს იყოს დასავლეთისადმი ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი

არის ისეთი განცდა, ჩვენ გვქონდა სსრკ-ს პროექტი, ვცდილობდით მსოფლიოს დარწმუნებას, რომ ჩვენი მოდელი უკეთესია, შემდეგ ეს ყველაფერი ბანკროტად იქცა, დასავლეთი პირიქით, აღმოჩნდა გამარჯვებულის პოზიციაზე.

ისინი არიან ყველაზე კარგები, მათ იციან რა და როგორ უნდა გაკეთდეს. აკონტროლებენ ყველა ფინანსურ ნაკადებს. რატომ? რატომ არიან ისინი ასეთი კარგები? ჩვენ კი არასაკმარისად კარგები? ხომ არ უკავშირდება ეს იმას, რომ ისინი სხვებს სხვაზე უკეთ ატყუებენ? მხედველობაში მაქვს, მათ მიერ კოლონიების ძარცვა.

დაახლოებით ამგვარი რესენტიმენტების იმპროვიზაციიდანაა რუსული საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ.

- უკრაინაში ომის დაწყებამდე პუტინისა და კრემლის გზავნილი დაახლოებით ასეთი იყო - „აშშ და დასავლეთი უნდა მოელაპარაკოს რუსეთს რუსეთის პირობებზე.“

სურვილი გასაგებია, მაგრამ, როცა ტექნოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან ჩამორჩენილი ქვეყანა ხარ, მმართველობის ფორმა აშკარად არქაული და არაეფექტური გაქვს, რატომ უნდა მიიღოს დასავლეთმა რუსეთისაგან მასთან მოლაპარაკებების პირობები?

- რუსეთს აქვს სამხედრო პოტენციალი, რომლის იგნორირება არ გამოდის. გარდა ამისა, რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი და ბირთვული იარაღის სფეროში აშშ-სა და რუსეთს განსაკუთრებული პოზიცია უჭირავთ. ამ თემებზე მხარეებს მუდმივად აქვთ დიალოგი.

რაც შეეხება ეკონომიკას და ეკონომიკურ განვითარებას, რუსეთს გარკვეულ წინად აქვს სისუსტეები დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკებთან შედარებით. ეს აისახება იმაზე, თუ როგორ ელაპარაკებიან რუსეთს და არ სურთ მასთან არაფერზე მოლაპარაკება.

რუსეთს გარკვეული სისუსტეები აქვს, დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკებთან შედარებით. ეს აისახება იმაზე, თუ როგორ ელაპარაკებიან რუსეთს და არ სურთ მასთან არაფერზე მოლაპარაკება

- ბრძანეთ, რომ რუსეთი ბირთვული ქვეყანაა. დიახ, ეს რომ ასეა კრემლმა რამდენიმეჯერ შეახსენა მსოფლიოს. მეტიც, უკრაინასთან ომის კონტექსტში ბირთვული იარაღითაც დაიმუქრა.

თავიდან ამგვარი მუქარა დასავლეთმა შანტაჟად აღიქვა, მაგრამ ამ თემაზე მოსკოვში გახშირებულმა განცხადებებმა რომ ყველაფერს გადააჭარბა ფაქტია.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს?

- ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა განიხილება, მაგრამ მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარება უკიდურესად სარისკოა ორივე მხარისთვის.

ბევრად და გაცილებით მეტია იმ ჯოჯოხეთზე, რასაც ვადევნებთ თვალს. რუსეთმა უკრაინაში ბევრი წითელი ხაზი გადაკვეთა, მაგრამ ბირთვული იარაღი ის წითელი ხაზია, რომელსაც იგი არ გადაკვეთს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია