დიდი ბრიტანეთის ელჩი - ჩემი პასუხი არის ის, რომ არსებობს სანქციების უპრეცედენტო პაკეტი და საქართველო თავის როლს ასრულებს მის დაცვაში

უკრაინა რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ დახმარებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნისგან იღებს, თუმცა ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელმწიფო, რომელიც ომში მყოფ ქვეყანას უზარმაზარ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს, დიდი ბრიტანეთია. რამ განაპირობა სხვა გავლენიან ევროპულ ქვეყნებთან შედარებით გაერთიანებული სამეფოს მიერ ოფიციალური კიევისადმი აღმოჩენილი ასეთი დიდი დახმარება? უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ფლობს თუ არა ბრიტანული დაზვერვა ინფორმაციას საქართველოში რუსეთის მიერ დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ ან იმ გეგმების თაობაზე, რომ რუსეთი ხელახლა აპირებს ამ ქვეყანაში შემოჭრას? უკრაინის მსგავსად, დიდი ბრიტანეთიც ფიქრობს თუ არა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება და როგორია ლონდონის რეაქცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთთან შეერთების შესახებ დაგეგმილ ე.წ რეფერენდუმთან დაკავშირებით, ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა ისაუბრა.

- ნება მომცით, თავდაპირველად რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით გკითხოთ. ვხედავთ, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის მიმართ უზარმაზარ მხარდაჭერასა და სოლიდარობას აჩვენებს. იმასაც ვხედავთ, რომ თქვენი ქვეყანა სიმამაცესა და რეალურ მონდომებას იჩენს რუსეთის შეჩერების მიზნით. სულ რამდენიმე დღის წინ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პარლამენტს მიმართა. ის მსოფლიო ლიდერთაგან პირველია, ვინც უკრაინის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ომის დაწყების შემდეგ სიტყვით გამოვიდა. გარდა ამისა, პრემიერი ჯონსონი „დიდი შვიდეულის“ პირველი ლიდერია, რომელიც კიევში მას შემდეგ ჩავიდა, რაც კონფლიქტი დაიწყო. კრემლმა თქვენი პრემიერ-მინისტრი „ყველაზე აქტიურ ანტი-რუს ლიდერადაც“ კი შერაცხა. მოკლედ, თქვენი ქვეყანა გაცილებით დიდ მხარდაჭერას ავლენს, ვიდრე სხვა გავლენიანი ევროპული ქვეყნები. რამ განაპირობა სხვა ევროპულ ძალებთან შედარებით დიდ ბრიტანეთის მიერ უკრაინისადმი ასეთი დიდი მხარდაჭერა და სოლიდარობა?

- ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა თავად უკრაინელი ხალხია, რომელიც გამბედაობასა და შეუპოვრობას ავლენს. მე აბსოლუტურად აღფრთოვანებული ვარ და პატივს ვცემ მათ გამბედაობას, მათ სიმამაცეს და მათ მსხვერპლშეწირვას რუსეთის მხრიდან სრულიად არაპროვოცირებული თავდასხმის წინაშე. ეს მართლაც მნიშვნელოვანი რამაა, რომ ხაზი გავუსვათ. ვფიქრობ, მეორე, რასაც ვიტყოდი, არის ის, რომ ყოველთვის კარგად ვაცნობიერებ, რამდენად მგრძნობიარეა უკრაინის კონფლიქტი საქართველოსთვის საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე. ყოველთვის ვაცნობიერებ, რამდენად რეალურად შეიგრძნობენ ამ ყველაფერს აქ, იმის გათვალისწინებით, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა. დიდ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ნამდვილად მკაფიოა. ჩვენ რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმის აბსოლუტურად წინააღმდეგი ვართ, რომელიც გაეროს ქარტიის სრული დარღვევაა. ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოვალეობაა მხარი დავუჭიროთ უკრაინას აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უმაღლეს რადაში ნამდვილად მკაფიო იყო. ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ეს ეხება თავისუფალი, სუვერენული, დემოკრატიული ქვეყნის მხარდაჭერას, რომ მან შეძლოს საკუთარი სუვერენული არჩევანის დაცვა, არაპროვოცირებული აგრესიის წინაშე. ვფიქრობ, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. მე ვამაყობ იმით, რაც დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა.

გაერთიანებულმა სამეფომ მკაფიო ნაბიჯები გადადგა. ჩვენ უკრაინას მხარდაჭერის მართლაც ფართო პაკეტს ვუწევთ და აქედან გამომდინარე, საფასურს ვუწესებთ რუსეთს, მაგრამ ჩვენ ამას მარტო არ ვაკეთებთ. ეს არ არის შეჯიბრი. ჩვენ ამას, „დიდი შვიდეულის“ პარტნიორებთან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მოკავშირეებთან და ნატო-ს დანარჩენ წევრებთან აბსოლუტური სოლიდარობითა და ძალიან მჭიდრო კოორდინაციით ვაკეთებთ.

- დიდი ბრიტანეთი, რუსეთის მსგავსად, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. ოფიციალური მოსკოვი საერთაშორისო სამართალს არღვევს და ბოროტად იყენებს ვეტოს უფლებას, რათა როგორმე თავიდან აირიდოს საერთაშორისო საზოგადოებისგან დასჯა. უნდა ველოდოთ, რომ თქვენი მთავრობა მხარს დაუჭერს უშიშროების საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას ან თუნდაც მის გარიცხვას? ეს შესაძლებელია?

- ჩვენ ადრეც გვქონდა ამის გამოცდილება და მიმაჩნია, რომ არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელია გაეროს უშიშროების საბჭოში ვინმეს წევრობის შეჩერება ან გაუქმება. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ამ გზით წასვლა, ყურადღების გადატანა იქნება. ვგონებ, რომ ეს ძალიან ნათელია და როგორც ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, ცხადია, რომ ცივი ომის შემდგომი არქიტექტურა წარუმატებელი აღმოჩნდა და დამტკიცდა, რომ ის მოლოდინები, რაც ცივი ომის დასრულების შემდეგ გვქონდა- მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის ახალი პერიოდი ყველასთვის, ჯერ არ გამართლებულა. ამიტომ ქალბატონი ტრასი ახალი მიდგომის მოწოდებით გამოვიდა. რაც ცხადია, მიუხედავად გაეროს უშიშროების საბჭოში აქტიურობისა თუ აქტივობის ნაკლებობისა, ვგონებ, საერთაშორისო საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულების სიძლიერე და სიღრმე იმის მიმართ, რაც რუსეთმა გააკეთა, აშკარაა. გაეროს გენერალური ასამბლეის თანმიმდევრულ რეზოლუციებში უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის წინააღმდეგ ხმა 140-ზე მეტმა სახელმწიფომ მისცა. მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ეს საკმაოდ მკაფიო გმობის და უკმაყოფილების გამოხატვის სიგნალია. რაც ასევე ნათელია და რასაც, რა თქმა უნდა, მივესალმები, არის ის, რომ საქართველომ ამაში სრული როლი ითამაშა და მოლოდინი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მართლაც მტკიცე საერთაშორისო პასუხის მხარდაჭერას მომდევნო თვეებში.

- დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო საკმაოდ აქტიურია უკრაინასთან დაკავშირებით სადაზვერვო ინფორმაციის ყოველდღიურად განახლებასა და გასაჯაროებაში. მაინტერესებს, თქვენს სადაზვერვო სამსახურებს აქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია საქართველოში რუსეთის მიერ დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ ან იმ გეგმების თაობაზე, რომ რუსეთი ხელახლა აპირებს ამ ქვეყანაში შემოჭრას?

- სადაზვერვო ინფორმაციების დეტალებში არ შევალ, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის. ამის ნათელი მაგალითია, ის რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება ათასობით რუსი ჯარისკაცი. ეს ჩვენთვის მიუღებელია. ეს არ არის ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის მისაღები. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი აბსოლუტურად მტკიცე და თანმიმდევრულია თავის პოზიციებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მოწყვლადია და მის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებიან, ამ წუთას რაიმე გარდაუვალი საფრთხის შესახებ მინიშნებები მე არ მინახავს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ძალიან კარგად აკონტროლებს სიტუაციას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან და მის ირგვლივ და იდენტიფიცირებას ახდენს, თუმცა ალბათ, უმჯობესია ამის შესახებ მათ გაესაუბროთ.

მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ რუსეთი აგრძელებს ზეწოლას და საფრთხეს უქმნის საქართველოს. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ კიბერშეტევების გაძლიერებას, დეზინფორმაციის მომძლავრების, მუდმივი ავტორიზაციის მცდელობებს, ადმინისტრაციულ საზღვრებთან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებს და სხვა მოქმედებებს. დიდი ბრიტანეთი მუშაობს საქართველოსთან ერთად, რათა ებრძოლოს და დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენს სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად.

- ამჟამად საქართველოსა და უკრაინას შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობებია. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოდან გაიწვია. მან მოგვიანებით განაცხადა, რომ არ ესმის საქართველოს მთავრობის პოზიცია რუსეთის მიმდინარე შეჭრასთან დაკავშირებით. აპრილში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთი კონტრაბანდის ერთგვარ არხს აყალიბებს საქართველოს ტერიტორიის გავლით და საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საკუთარი უშიშროების სამსახურებს დაავალა, არ ჩარეულიყვნენ რუსი კონტრაბანდისტების საქმიანობაში, სულ ახლახან კი, ახალი ბრალდებები გაისმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მხრიდან, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის სავარაუდო მოლაპარაკებებს შეეხება მესამე ქვეყნებში რუსული საქონლის რეექსპორტის საკითხზე. ამ ბრალდებებს საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს და უკრაინული მხარისგან მტკიცებულებებს ითხოვს. აქვს თუ არა დიდ ბრიტანეთს უკრაინის მსგავსი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება?

- პირდაპირ პასუხს გაგცემთ - არა, არ გვაქვს. რა თქმა უნდა, რის გაკეთებასაც დიდი ბრიტანეთი, „დიდი შვიდეულის“, ევროკავშირის, ნატო-ს მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ცდილობს, არის რუსეთისთვის მაქსიმალური საფასურის დაწესება და პუტინის სამხედრო შესაძლებლობებისთვის მათთვის საჭირო დაფინანსების წყაროების ჩამორთმევა ამ უკანონო ომის საწარმოებლად. კონფლიქტის დაწყების შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა რუსული ბანკებიდან 900 მილიარდ ფუნტზე მეტი აქტივები გააყინა. ჩვენ ვიმუშავეთ სხვებთან ერთად, რათა ისინი SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან გამოგვერიცხა. ჩვენ გავყინეთ 260 000 000 ფუნტ სტერლინგზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვი. გარდა ამისა, ჩვენ დავაწესეთ სანქციები 1600-ზე მეტ პირის წინააღმდეგ და შევზღუდეთ რუსეთთან ვაჭრობა კონკრეტულ სექტორებში. ეს ყველაფერი გამიზნულია ამ არაპროვოცირებული შეჭრის საფასურის დაწესებისა და პუტინის ომის მანქანისთვის სახსრების ჩამორთმევის მიზნით.

საქართველო თავის როლს ასრულებს ამ პაკეტში. მე გავეცანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და სპეკულაციებს ამის შესახებ, მაგრამ ასევე ყურადღებას გავამახვილებ ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე. რაც ვნახე, საქართველოს ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების თავიდან აცილების ადგილად. ჩვენ ვნახეთ მართლაც სწრაფი ქმედება.

მაგალითად, ვითიბი ბანკი, სანქციების შესაბამისად, რამდენიმე დღეში დაიხურა. საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილნი და ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ფინანსური სანქციები უზრუნველყონ. და ბოლოს, როდესაც საქმე ეხება ვაჭრობასა და სანქცირებული საქონლის შეზღუდვებს, ვიცი, რომ ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროსთან და თქვენს საბაჟო სამსახურთან ერთად, მუშაობს იმისთვის, რომ არ იყოს გაჟონვა და ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმაც განაცხადა. ასე რომ, ვფიქრობ, ჩემი პასუხი არის ის, რომ არსებობს სანქციების უპრეცედენტო პაკეტი და გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ამ ომისთვის პუტინისთვის უპრეცედენტო ხარჯების დაკისრებას. როგორც ვხედავ, საქართველო თავის როლს ასრულებს ამის დაცვაში და რა თქმა უნდა, ჩვენი იმედია, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა საქართველო არ გახდეს სანქციებისგან თავის არიდების ადგილი.

- უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და უკრაინამ ახალი სამმხრივი ალიანსი ჩამოაყალიბეს. ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა გამოთქვა ინტერესი, რომ საქართველო ამ ახლადშექმნილ ალიანსში ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ყოფილიყო. აქვს თუ არა ამ ალიანსს ე.წ ღია კარის პოლიტიკა? შეიძლება თუ არა საქართველოს მიწვევა ამ ალიანსში? ეს განიხილება?

- საქართველოში ამის მიმართ დიდი ინტერესი იყო. მას მრავალი სხვადასხვა რამ დაარქვეს, ხოლო რასაც ჩვენ ვუწოდებთ, არის შეთანხმება უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ. ბევრი თვალსაზრისით, ეს არის გაფორმება, თუ გნებავთ, არსებული მართლაც ძლიერი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობისა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს ჰქონდა როგორც პოლონეთთან, ასევე უკრაინასთან. ამ შეთანხმების შესახებ საუბრის დაწყებიდან მალევე მოხდა უკრაინაში შეჭრა და შესაბამისად სიტუაცია შეიცვალა და ჩვენ ახლა თანამშრომლობის სრულიად განსხვავებულ ფაზაში ვართ. საქართველოს მთავრობამ შეისწავლა ჩვენთან ამ შეთანხმების მონახაზი ლონდონში თქვენი საელჩოს მეშვეობით. ვფიქრობ, ახლა უკრაინასთან დაკავშირებით, ჩვენ სხვა ფაზაში ვართ. დიდი ბრიტანეთის და სხვა მოკავშირეების მთელი ძალისხმევა უკრაინის მხარდაჭერაზეა მიმართული. ახლახან, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა უკრაინისთვის 300 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი, რითაც ჩვენს მიერ საერთო ჯამში, გაწეული დახმარება 750 000 000 გირვანქა სტერლინგის ოდენობას შეადგენს. ვფიქრობ, რომ დრო მოვა და დავუბრუნდებით ამ შეთანხმებას, მაგრამ ამ მომენტში სხვა ვითარებაში ვართ. მიმაჩნია, რომ ეს გარკვეულწილად სხვა მოვლენებმა გადაასწრეს ამას.

- რუსეთის მიერ ოკუპირებული სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. როგორია დიდი ბრიტანეთის რეაქცია ამ შესაძლო რეფერენდუმთან დაკავშირებით?

- სიტუაციას ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. მიჭირს იმის დანახვა, თუ როგორ შეიძლება საერთოდ რაიმე ლეგიტიმაცია ჰქონდეს სამხრეთ ოსეთში უახლოეს მომავალში ჩატარებულ ნებისმიერ რეფერენდუმს. მას საქართველოს მთავრობა არ უჭერს მხარს. ჩვენ არ ვაღიარებთ არც სამხრეთ ოსეთის და არც აფხაზეთის დამოუკიდებლობას. როგორც უკვე ვთქვი, დიდი ბრიტანეთის პოზიცია მკაფიოა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ეს მოიცავს სრულ კონტროლს ამ ტერიტორიებზე.

- და თუ უახლოეს მომავალში რუსეთთან შეერთების შესახებ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი ჩატარდება, უნდა ველოდოთ თუ არა დიდი ბრიტანეთის მხრიდან რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ამ უკანონო კენჭისყრის გამო?

- ვფიქრობ, ჩვენი სანქციების სიგანე და სიღრმე ისეთია, რომ რუსეთი, როგორც ვთქვი, უკვე უპრეცედენტო სანქციების ქვეშაა. ჩვენ უნდა შევხედოთ ზუსტ სიტუაციას, დროს და მის ბუნებას, მაგრამ ამ მომენტში მიჭირს იმის დანახვა, თუ როგორი სანდოობა ექნება სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ნებისმიერ რეფერენდუმს.

- 27 აპრილს საქართველომ და დიდმა ბრიტანეთმა დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი აღნიშნეს. ბოლო 30 წლის განმავლობაში რა მიღწევებია ორმხრივ ურთიერთობებში? ზოგადად, როგორ შეაფასებთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სამხედრო სფეროებში?

- ნამდვილად ვფიქრობ და ეს ვთქვი მაშინაც, როდესაც გასულ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილს შევხვდი, გულწრფელად ვფიქრობ, რომ ურთიერთობები არასდროს ყოფილა უკეთესი. ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მტკიცე, მრავალფეროვანი და სიღრმისეულია. ჩემი აზრით, ეს განსაკუთრებით ჩანს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. იქნება ეს ორმხრივი თანამშრომლობის თუ ნატო-ს წევრი ქვეყნის მანდატის ფარგლებში, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს თავდაცვის ძალებთან, ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს და ნატო-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის პაკეტის შექმნას და მის წარმატებულ მუშაობას. ჩვენ გვყავს ბრიტანელი ოფიცრები, რომლებიც ნატო-ს სტრუქტურებში საქართველოში მუშაობენ, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და მის თავსებადობას.

ნატო-ს ამ პაკეტში ჩვენი თანამშრომლობა ასევე მოიცავს დეზინფორმაციასთან ბრძოლას; საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას და სხვა. ასევე, ჩვენ საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან და საქართველოს მთავრობასთან კონფლიქტების მოგვარების საკითხებში აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შერიგების საკითხზე. ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი ურთიერთობა პოლიტიკურ სპექტრთან, საქართველოს პოლიტიკურ და დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით. ამის ნაწილია წარმატებული და მოცულობითი პროგრამები, რომლებსაც პარლამენტთან ერთად ვახორციელებთ და ძალიან საამაყო პირადად ჩემთვის, არის ის სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ როგორც განათლების და კულტურის კუთხით, რასაც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საბჭო უწყობს ხელს. ის განათლების სამინისტროსთან მუშაობას ინგლისური ენის სწავლის სტანდარტების ამაღლებაზე და ა.შ. მაგრამ ასევე, ამ კალათაშია ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებიც, რომელიც განაგრძობს ზრდას. COVID-ის მიუხედავად, ის 15%-დან 20%-მდე გაიზარდა და ვაჭრობის ოდენობა £140,000,000 შეადგენს. ის ჯანსაღ მდგომარეობაში.

თორნიკე კაკალაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა