თენგიზ ფხალაძე - თუ საქართველო პროცესს სწორად წარმართავს, დიდი შანსი გვაქვს, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ

საგარეო საკითხებში ექსპერტი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ თუ საქართველო პროცესს სწორად წარმართავს, დიდი შანსი გვაქვს, ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განმარტა, ამ პერიოდში საქართველო გულზე ხელდაკრეფილი არ უნდა ელოდოს იმას, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ბრიუსელში, არამედ სწორი პოლიტიკა წარმართოს.

„ახლა გადაწყვეტილების მიღება არის ევროკავშირის პარტნიორებზე. ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რას ვაკეთებთ. არავითარ შემთხვევაში, არ უნდა წარმოვიდგინოთ, გულზე ხელდაკრეფილი ველოდოთ იმას, ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. იმ კითხვარში ისეთი განსაკუთრებული არაფერი არის, ჩვენმა პარტნიორებმა რომ არ იცოდნენ. ისინი ჩვენგან ობიექტურ შეფასებებს ელოდებიან და რაც მთავარია იმას, თუ როგორ აღვიქვამთ რეალობას, პრობლემებს, ხარვეზებს, რომელიც გვაქვს. მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღება ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან ადეკვატურად აღვიქვამთ და მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ და ის გამოწვევები, რომელიც ჩვენს წინაშე არსებობს, დავძლიოთ.

დაახლოებით 2 თვე, სანამ სამიტისთვის გადაწყვეტილება გამოცხადდება, მაქსიმალურად აქტიურები უნდა ვიყოთ, რაც რამდენიმე რამეს გულისხმობს- საგარეო პოლიტიკის კონტექსტში ეს გულისხმობს ინტენსიურ, ყოველდღიურ და ყოველწუთიერ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან. აბსოლუტურად ყველა წევრ ქვეყანასთან იმისთვის, რომ თითოეულის მათგანის ხმა გვჭირდება. თითოეული მათგანი უნდა დავარწმუნოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. თავისთავად ცხადია, მუშაობა ევროკომისიასთან და ზოგადად, ევროპულ სტრუქტურებთან. მეორე ნაწილი გახლავთ შიდა სამუშაო, რომ ჩვენ ვაჩვენოთ, საქართველო უბრალოდ კი არ ელოდება გადაწყვეტილებას, არამედ ის უკვე აქტიურად მუშაობს იმ რეფორმებზე, რომელიც მას კანდიდატის სტატუსთანაც აახლოებს. თუ საქართველო პროცესს სწორად წარმართავს, დიდი შანსი გვაქვს, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ“,-განაცხადა ფხალაძემ.

მისი შეფასებით, საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც აუცილებლად სწორად უნდა გამოიყენოს.

„ეს არის ისტორიული შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ამ „უნდა“-ს ალტერნატივა არ აქვს იმიტომ,რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება იმხელა ტრაგედია იქნება ქვეყნისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის, ამაზე საუბარიც არ მსურს. ამიტომ, რაც არის საჭირო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“,-განაცხადა ფხალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ბრიუსელში ესმით, რომ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი სჭირდებათ. ამასთან, თენგიზ ფხალაძის თქმით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ძლიერი პოლიტიკური და მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება რუსეთისთვისაც.

„დღეს ობიექტურად ყველას ესმის ბრიუსელში და არა მხოლოდ, რომ არც უკრაინა, არც საქართველო და მოლდოვა, კანდიდატის სტატუსისთვის, როგორ ეს მათ წარმოუდგენიათ, არცერთი მზად არ ვართ, მაგრამ იმ პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, როდესაც ამ ქვეყნებიდან ერთი ღია ომშია, მეორეში ოკუპაცია მიმდინარეობს, მესამეში კი ფარული ომი ხორციელდება. ამიტომ, მათ ესმით, რომ ამ ქვეყნების მიმართ მიდგომა არ უნდა იყოს ისეთი, როგორც თავის დროზე“,-განაცხადა ფხალაძემ.

მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არის გზა, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს.

„ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ ნატოსთვის გაცილებით უფრო მზად ვართ, ვიდრე ევროკავშირისთვის იმიტომ, რომ ეს გულისხმობს ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ რეფორმებს და სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების იმ დონეზე აყვანას, რაც ევროკავშირისთვის დიდი ტვირთი არ იქნება. მესმის, როდესაც დღეს ევროკავშირის ქვეყნები საუბრობენ იმაზე, რომ პროცესს წლები დასჭირდება, რადგან აქ საუბარია სასამართლო რეფორმაზე, გამჭვირვალობაზე, კორუფციაზე და ა.შ“,- განაცხადა ფხალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ განსაზღვრულ ვადაზე ადრე შეავსო.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს